GE

ტრანსფორმაციული მმართველობის სამოქმედო პლატფორმის შეხვედრა – ESG თემების კომუნიკაცია შიდა დაინტერესებულ მხარეებთან

18 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ტრანსფორმაციული მმართველობის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე – „მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის ინტეგრირება კომპანიის საქმიანობაში – ESG თემების კომუნიკაცია შიდა დაინტერესებულ მხარეებთან“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, თუ როგორ შეუძლიათ კომპანიებს ეფექტიანი შიდა კომუნიკაციის მეშვეობით, გააძლიერონ პასუხისმგებლობა, ჩართულობა და მმართველობის ხარისხი მდგრადი განვითარების მიმართულებით. დისკუსიის დროს, მთავარი აქცენტი გაკეთდა მსხვილი კომპანიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე და იმ პროცესზე, თუ როგორ იწყება ESG თემების ინტეგრირება ორგანიზაციის შიგნით და როგორ აისახება ეს ყოველდღიურ ოპერაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

კომპანიაში და მის ფარგლებს გარეთ ESG თემების კომუნიკაციის შესახებ ისაუბრეს მაკა ბოჭორიშვილმა – თიბისი ბანკის ESG კოორდინატორმა, ხათუნა ტუღუშმა – აჭარა ჯგუფის ადამიანური კაპიტალის დირექტორმა და თათია ხორბალაძემ – თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარმა ოფიცერმა. სპიკერებმა გააზიარეს პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ მოხდა სხვადასხვა მიმართულების, გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი, ინტეგრირება ESG დღის წესრიგის განხორციელებაში.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა შიდა საინფორმაციო სესიების, ტრენინგ პროგრამებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მნიშვნელობა, როგორც ESG კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ არის ESG ინტეგრირებული ბიზნეს ოპერაციებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და როგორ გარდაიქმნება იგი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან ნაწილად.

ღონისძიება ორგანიზებული იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

გააზიარე: