EU Sustainability Navigator: ევროკავშირის ბაზარზე წვდომა და სოციალური მდგრადობა
2026 წლის 4 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობით, გამართა შეხვედრა თემაზე – „წვდომა ევროკავშირის ბაზარზე და სოციალური მდგრადობა: Omnibus I ცვლილებები და ევროკავშირის იძულებითი შრომის რეგულაცია“. ღონისძიება ჩატარდა EU Sustainability Navigator სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში.
ღონისძიების მიზანი იყო იძულებითი შრომის საკითხის განხილვა და ევროკავშირის ახალი რეგულაციების გაცნობა, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროკავშირის ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იძულებითი შრომის არსზე, მის მასშტაბსა და კერძო სექტორში არსებულ რისკებზე.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის ეროვნულმა კოორდინატორმა საქართველოში, ეკატერინე ქარჩხაძემ ისაუბრა იძულებითი შრომის განმარტებაზე, საერთაშორისო მაჩვენებლებზე, ILO-ს მიდგომაზე და საქართველოში არსებულ გამოწვევებსა და რისკის შემცველ სექტორებზე.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა აკაკი კუხალეიშვილმა წარმოადგინა Omnibus I ცვლილებებისა და ევროკავშირის იძულებითი შრომის რეგულაციის (FLR) მიმოხილვა. განხილული იყო რეგულაციის ძირითადი მახასიათებლები, მისი რელევანტურობა საქართველოს კომპანიებისთვის, იძულებითი შრომის რისკები ღირებულებათა ჯაჭვებში, ასევე კავშირი ადამიანის უფლებების სათანადო შეფასების პროცესთან (CSDDD).
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. ასევე, მათ მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები, თუ როგორ გამოიყენონ ახალი რეგულაციური მოთხოვნები როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის, ისე კონკურენტული უპირატესობის გასაძლიერებლად.