GE

ღირსეული შრომის სამოქმედო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ღირსეული შრომის სამოქმედო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობის მთავარი თემა იყო დისკრიმინაციის აღმოფხვრა სამუშაო ადგილსა და საქმიანობაში.

მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნინო კვანტრიშვილმა მიმართა. ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა კი შეხვედრაზე დამსწრეებს შრომითი უფლებების სამოქმედო პლატფორმისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ანა კვაჭაძემ სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული მექანიზმის შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს კერძო სექტორის პერსპექტივა თიბისი ბანკის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა და საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ გააცნეს. გაიმართა დისკუსიაც.

2024 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ღირსეული შრომის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, გამართავს 4 სამუშაო შეხვედრას:

  • • დისკრიმინაციის აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე და საქმიანობაში
  • • შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა
  • • საცხოვრებელი ხელფასი
  • • ბავშვთა შრომა

თითოეული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ექსპერტის მოწვევა. ამასთან, მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას სპიკერების რანგში გაუზიარებენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიებს, რომლის დროსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ყველა მონაწილე კომპანიას ექნება.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შექმნილი შრომითი უფლებების სამოქმედო პლატფორმის მიზანია ბიზნეს სექტორის რესურსებით უზრუნველყოფა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რათა მან ღირსეული შრომის სტანდარტების დანერგვა უკეთ შეძლოს.

გააზიარე: