თრეველ გაიდმა მდგრადი მოდის პლატფორმა „გარაჟი“შექმნა
„გარაჟი“ სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფია, რომელიც მდგრადი მოდის/slow fashion პლატფორმას წარმოადგენს. ჯგუფში წარმოდგენილია ვირტუალური მაღაზია, სადაც მომხმარებელებს შეუძლიათ გაყიდონ და შეიძინონ როგორც ახალი, ისე მეორადი ტანსაცმელი და შესძინონ ტანსაცმელს „მეორე“ სიცოცხლე „გარაჟულ“ ფასად.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ჯგუფს დღეში 30 000-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მომხმარებლების 100% ქალია. 1000-მდე ქალი მცირე ბიზნესს ფლობს და შესაბამისად, ჯგუფს აქტიურად იყენებს. “გარაჟი” განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა, როდესაც ბევრი ქალი სამსახურის გარეშე დარჩა და ბიზნეს საქმიანობა აღნიშნულ პლატფორმაზე განაგრძო. ამასთან, ჯგუფი მათ პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებთან გამკლავებაში (ონლაინ გაყიდვა, პროდუქტის რეკლამა) დაეხმარა. პლატფორმას მართავს კომპანიის გუნდი, რომელიც მომხმარებლებს წარუდგენს სპეციალურ შეთავაზებებს, რათა პროდუქცია უფრო სწრაფად და მარტივად გაყიდონ.
SDG 5 გენდერული თანასწორობა
“თრეველ გაიდი” და მისი პლატფორმა „გარაჟი“ ხელს უწყობს ქალებს ბიზნეს საქმიანობის წარმოებაში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. ამდენად, აღნიშნული პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანს.
SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება
გარდა გენდერული თანასწორობისა, პლატფორმა „გარაჟი“ მნიშვნელოვანია მდგრადი მოხმარებისა და ცირკულარული ეკონომიკის წახალისებისთვის. ამდენად, აღნიშნული ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას.