GE

შეხვედრა „ბავშვთა უფლებების გაძლიერება ციფრულ სამყაროში”

2 თებერვალს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, ევროინტეგრაციის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში, პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრა, რომლის თემაც იყო „ბავშვთა უფლებების გაძლიერება ციფრულ სამყაროში“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და UNICEF საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა და უსაფრთხო ინტერნეტის დღეს მიეძღვნა.

ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ონლაინ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვას. სწორედ ამიტომ, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ციფრულ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების გაერთიანება და მათი ძალისხმევის კოორდინაცია.

შეხვედრის გახსნისას მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი და UNICEF საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტი მაია ქურციკიძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საკითხის აქტუალურობასა და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამი მნიშვნელოვანი პრეზენტაცია. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა, აკაკი კუხალეიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ევროკავშირის სტრატეგია “უკეთესი ინტერნეტი ბავშვებისთვის’’ გააცნო. UNICEF საქართველოს წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ ისაუბრა ბავშვთა უსაფრთხო ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფაში კერძო სექტორის მნიშვნელოვან როლზე. კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა გიორგი იაშვილმა კი წარმოადგინა საქართველოში არსებული უსაფრთხო ინტერნეტის კუთხით არსებული გარემოს ანალიზი, რომელშიც განხილული იყო როგორც არსებული გამოწვევები, ისე განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები და თანამშრომლობის მექანიზმები ბავშვებისთვის უსაფრთხო ციფრული გარემოს შესაქმნელად. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კერძო სექტორის როლსა და პასუხისმგებლობას ამ პროცესში.

გააზიარე: