შეხვედრა – ღირსეული სამუშაო გარემო
2025 წლის 30 აპრილს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე „ღირსეული სამუშაო გარემო“. შეხვედრა ჩატარდა ღირსეული შრომის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის არსებული საერთაშორისო სტანდარტებისა და ინსტრუმენტების განხილვას, ასევე კომპანიების გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიება გახსნა აკაკი კუხალეიშვილმა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა. მან ისაუბრა ღირსეული შრომის კონცეფციასა და მნიშვნელობაზე, გაეროს გლობალური შეთანხმების შრომის პრინციპებზე, ასევე იმ ჩარჩო მექანიზმებზე, რომლებიც კომპანიებს ეხმარება შრომითი სტანდარტების დანერგვასა და განხორციელებაში.
ანი კვანტიძემ, EY საქართველოს გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტმა, წარმოადგინა კომპანიის მიდგომები შრომის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისა და შესრულებაში დახმარების მიმართულებით. მან ასევე ხაზი გაუსვა ორგანიზაციული გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის, როგორც თანამედროვე სამუშაო გარემოს აუცილებელი ელემენტების მნიშვნელობას, .
ფარნა დვალმა, Concept of Safety-ის თანადამფუძნებელმა, ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე და ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი ინტეგრირება შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის (OSH) პოლიტიკაში.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარ კომპანიებში დანერგილი პრაქტიკები, გამოწვევები და მიღებული შედეგები გაუზიარეს.
ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ქსელი წევრ კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სამუშაო პლატფორმასა და აქსელერაციის პროგრამებს, რომლებიც მათ მდგრადი და პასუხისმგებლიანი ბიზნესის პრინციპების დანერგვაში უწყობს ხელს.