AI როგორც სოციალური მეწარმეობის ინსტრუმენტი

Tene – პირველი ქართული სოციალური საწარმოა, რომელიც მეორადი, გადამუშავებული პლასტმასასგან USB კაბელებს აწარმოებს. პარალელურად, კომპანია მუდმივად მუშაობს გარემოს დაცვის ხელშემწყობი ინოვაციური ეკომეგობრული პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც საქართველოში ნარჩენების მართვის ეფექტიანობას ზრდის. 

Tene-ს მისია, გარემოს პლასტმასათი დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა. ამ მიზნით სოციალური საწარმო სისტემატიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. 

იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია სოციალურ მეწარმეობას გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესში ხელოვნურ ინტელექტს, კომპანია Tene-ს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი საუბრობს.

რა გავლენა აქვს კომპანია ტენეს პროდუქტს და ინიციატივებს პლასტმასის ნარჩენების შემცირებაზე საქართველოში? 

იმისთვის, რომ კონტექსტი უკეთ გასაგები იყოს, ოდნავ შორიდან დავიწყოთ. პირველი, სრულად სინთეტიკური პლასტმასა 1907 წელს შეიქმნა. მან გაამარტივა წარმოების შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ერთჯერადი მოხმარების შეფუთვის ინდუსტრიაშიც კი. 

მოგვიანებით, პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობის გაოთხმაგებასთან ერთად, პლასტმასას უნიკალური მახასიათებლები დედამიწისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა, რადგან პლასტმასა საუკუნეების განმავლობაში ძლებს და 8 მილიარდი ადამიანი მას ერთჯერადი მოხმარების საგნებში იყენებს . 

პლასტმასა არ განიცდის ბიოდეგრადაციას, ის მხოლოდ და მხოლოდ მიკროპლასტმასად იშლება და მიმოფანტულია ყველგან: მდინარეებში, წყლებში, მიწაში… ჯერ დამარხული და შემდეგ გრუნტის წყლებში მოხვედრილი პლასტმასა ჩვენს სასმელ წყლებს ერევა და ორგანიზმშიც ხვდება, შედეგად კი, იწვევს სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ დაავადებას, პათოლოგიებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.  

ჩემი სურვილი იყო, ტენეს მცირე წვლილი შეეტანა ამ პრობლემასთან ბრძოლაში. მინდოდა, წარმოების პროცესში  მთლიანად მეთქვა უარი პირველადი პლასტმასას გამოყენებაზე. არაერთი ექსპერიმენტის შემდეგ, აღმოვაჩინე, რომ შესაძლებელია მეორადი პლასტმასა – ბოთლის თავსახურები – დავფქვა, მივიღო მასალა და გამოვიყენო წარმოებაში. სწორედ ასე შეიქმნა პირველი მწვანე USB კაბელი მსოფლიოში, რომელიც, დიდწილად,  ჰარმონიაშია გარემოსთან. 

გადამუშავებული თავსახურების რაოდენობა და ჩვენი წარმოება არაა დიდი  მასშტაბის, ამიტომ ჩვენს საქმიანობას, გარკვეულწილად, სიმბოლური დატვირთვა აქვს და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. როცა ბოთლის თავსახურების მოგროვება დავიწყეთ, მომხმარებლები ინტერესდებოდნენ, რატომ არ ვაგროვებდით  თვითონ ბოთლებს.  ბოთლებს ჩვენს წარმოებაში ვერ ვიყენებთ, თუმცა, მაინც დავიწყეთ მათი შეგროვება და გადასამუშავებლად სხვა კომპანიებისთვის გადაცემა. ამისთვის ოფისებსა და სხვა დაწესებულებებში სპეციალური მწვანე ურნები განვათავსეთ. ეს არაა მოგებიანი საქმიანობა – მასალის ფასი მიზერულია, სწორედ ამიტომ გამოიყენება ის წარმოებაში ასე ფართოდ. ბოთლების ტრანსპორტირებაც პრობლემური და არარენტაბელურია – როცა ბოთლი გაბერილია, ძალიან ცოტას იწონის და დიდ ადგილს იკავებს. თუმცა, კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში, მაინც ვაგრძელებთ ამ საქმიანობას, ვცდილობთ, მცირედი ეკონომიკური კომპონენტიც დავურთოთ მას, რადგან ბიზნესი სხვანაირად ვერ იარსებებს. ვწერთ საინფორმაციო ვიდეოებს, ვცდილობთ ხალხს დავანახოთ, რა არის პრობლემა, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი, რა უნდა ვიცოდეთ.  

იყენებთ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს თქვენი საქმიანობის პროცესში? 

უშუალოდ წარმოების პროცესში ხელოვნური ინტელექტის კომპონენტი ამ ეტაპზე ჩართული არ გვაქვს, AI-ს შესაძლებლობებს  ვიყენებთ მარკეტინგული ვიდეოგრაფიის წარმოებისას, სოციალური გავლენის ზრდის პროცესში.   

ასევე, ახლახანს გავხდით კომპანია Sparklo-ს პარტნიორები, რომელსაც თავის საქმიანობაში აქტიურად აქვს დანერგილი ხელოვნური ინტელექტი. თანამშრომლობის მიზანია, უფრო მარტივად შევაჩეროთ საქართველოს პლასტმასით დაბინძურების პროცესი, რაც ნარჩენების ევროპული სტანდარტით მართვას გულისხმობს. Sparklo-ს ბოთლიყლაპია აპარატები ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახდენს ბოთლების სეპარირებას იმის მიხედვით, ექვემდებარება თუ არა ისინი გადამუშავებას. აპარატი განსაზღვრავს იმასაც, არის თუ არა ბოთლში სითხე, საჭიროა თუ არა მისი დაცლა. 

როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება ნარჩენების მართვის, გადამუშავებისა და ეკომეგობრული წარმოების პროცესში? გაქვთ თუ არა გეგმები ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ დანერგვასთან დაკავშირებით? 

გეგმა ბევრი გვაქვს. დიდი რაოდენობით ნარჩენის გადამუშავებას დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება. გვსურს, სწორედ ამ ნაწილში გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები. ვფიქრობთ, ამ პროცესის ავტომატიზება მოვახდინოთ. AI ამოცნობის სისტემა კამერებითა და სენსორებით ავტომატურად გადაარჩევს და დაახარისხებს გადასამუშავებელი მასალას. ხელოვნური ინტელექტი ყველა სფეროს მომავალია. ჩვენთვისაც, ეკოლოგიურ კომპონენტში, მდგრადი განვითარების ნაწილია. პლასტმასა დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს და თან მისი მიზერული ფასის გათვალისწინებით, ადამიანური რესურსით მასთან ბრძოლა ძალიან რთული, შრომატევადი და არასარფიანია. ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას, ადამიანური რესურსი ჩანაცვლდეს თუნდაც ამ არამომგებიან მიმართულებებში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ოპერაციულ დანახარჯებს და უფრო რენტაბელურს გახდის ჩვენს საქმიანობას. 

გააზიარე: