AI-ს როლი საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიების საქმიანობაში
ეისითი კვლევისა და საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც სამ კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში, მხარს უჭერს კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში. კომპანიაში ამბობენ, რომ ისევე, როგორც სხვა საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიების საქმიანობაში, ეისითის შემთხვევაშიც ხელოვნურ ინტელექტს სულ უფრო მზარდი დატვირთვა აქვს. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ეისითი წარმატებით იყენებს როგორც პროექტების მართვის პროცესში, ისე გარკვეული პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციისთვისაც.
იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს AI-ს ციფრულ ტრანსფორმაციაში და როგორ შეუძლია ბიზნესს მისი გამოყენება ინოვაციისა და კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად, ეისითის უფროსი პარტნიორი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე სოფო ჩაჩანიძე საუბრობს.

რას სთავაზობს და როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესს? როგორია ეისითის მაგალითი ამ კუთხით?
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე ბიზნესში და განსაკუთრებით, საკონსულტაციო და კვლევით კომპანიებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი გამოყენება არსებითია არა მხოლოდ ორგანიზაციის პროცესების გამართვის და ეფექტიანობის ზრდისთვის, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს პროდუქტებისა და სერვისების განვითარების და ზოგადად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ხელოვნური ინტელექტი გარკვეული პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის საშუალებას იძლევა, რაც ამარტივებს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის საჭირო ინფორმაციის ანალიზს და შესაბამის პროგნოზირებას. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება მნიშვნელოვანია პროექტების მართვის პროცესშიც, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა კომპანიას უწევს გლობალური, მრავალსუბიექტიანი პროექტების მართვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.
ადმინისტრაციული და მართვის რესურსების ოპტიმიზაცია პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხსა და კლიენტებისთვის შექმნილ ღირებულებაზე. ხელოვნური ინტელექტი თავად გვთავაზობს მოქნილ ინსტრუმენტებს უშუალოდ კვლევითი და საკონსულტაციო პროდუქტების დიზაინის შექმნასა და სერვისების მიწოდებაში. მონაცემთა ავტომატიზებული ანალიტიკური ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად და სწრაფად დავამუშავოთ მონაცემთა დიდი მასივები, მოვახდინოთ სცენარების მოდელირება და სიმულაციები. საბოლოო ჯამში კი, გვეძლევა შესაძლებლობა, მოვამზადოთ დასაბუთებული რეკომენდაციები და დავეხმაროთ კლიენტებს კერძო და საჯარო სექტორში უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.
უკვე წლებია, ეისითიში ვიყენებთ ციფრულ და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, თუმცა, 2024 წლიდან ამ პროცესს სისტემური სახე მიეცა და შევქმენით გუნდი, რომელიც სწავლობს კომპანიის საჭიროებებს, აანალიზებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და სამუშაო პროცესში ადაპტირებულ ინსტრუმენტებს ნერგავს. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია მონაცემთა ანონიმიზაციის სისტემა, რომელიც ინფორმაციის დაშიფვრის გზით საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ ჩვენი მომხმარებლების საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზები პერსონალურ და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის გარეშე. ვნერგავთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ქართულენოვანი ხმოვანი და წერილობითი ტექსტების ანალიზის ავტომატიზაციისათვის, რაც საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო საქართველოში მომუშავე ან ქართული კონტენტით დაინტერესებული ორგანიზაციებისათვის. ვნერგავთ AI ანგარიშგების სისტემებს როგორც პროექტების მართვის მიზნებისათვის, ისე მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული პროდუქტის მიწოდების მიზნით.
ამ პროცესს დამატებითი სირთულეები ახლავს საკონსულტაციო ბიზნესში, რადგან სამუშაო პროცესი, შესაძლოა, არ იძლეოდეს სრულყოფილი სტანდარტიზაციის საშუალებას. ხელოვნური ინტელექტი პროცესების ვარიაციების ანალიზის და ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასების ეფექტიანი საშუალებაა. ის ერთ სივრცეში უყრის თავს სფეროში არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას და ხელმისაწვდომს ხდის მას მენეჯერებისთვის.
უკვე ყველა თანხმდება, რომ ორგანიზაციები, რომელებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, უფრო მოქნილები არიან, სწრაფად ადაპტირდებიან ცვალებად გარემო პირობებთან და შედარებით უმტკივნეულოდ პასუხობენ ბაზრის ახალ გამოწვევებს.
გარდა რუტინული პროცესების მართვისა, ბაზრის დინამიკის მუდმივი მონიტორინგის, რისკების შეფასებისა და ადაპტაციურობის ხელშეწყობით, ხელოვნური ინტელექტი ინოვაციებისა და ახალი ბიზნესმოდელების დანერგვაში გვეხმარება.
ჩვენ კლიენტებს დახმარებას ვუწევთ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში და სწორედ ასე ვუდგებით საკუთარ ორგანიზაციას: ვაუმჯობესებთ სამუშაო გარემოს და ჩვენი მომხმარებლის გამოცდილებას, ვართ მეტად ინფორმირებულები, ავტომატიზებული მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით ვმართავთ რისკებს და მუდმივად ვცდილობთ ინოვაციების დანერგვას.
რა შესაძლებლობები და გამოწვევებია საქართველოში იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ AI-ის დანერგვას?
საქართველოს ციფრული ეკოსისტემა საკმაოდ განვითარებული და კონკურენტუნარიანია, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. თუ ადრე ციფრული ინსტრუმენტებით სარგებლობა ხელმისაწვდომი იყო ექსკლუზიურად კონკრეტული სექტორებისათვის, ეკოსისტემის განვითარებამ და ცნობიერების ამაღლებამ ახალი შესაძლებლობები გააჩინა. დღეს ალბათ რთულად მოიძებნება ორგანიზაცია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რაიმე ინსტრუმენტს არ იყენებდეს მუშაობის პროცესში – თუნდაც გაუცნობიერებლად.
და მაინც, ციფრული ინსტრუმენტებისა და ხელოვნური ინტელექტის ხელმისაწვდომობა არათანაბარია გეოგრაფიული, სექტორული და ბიზნესების შესაძლებლობების მიხედვით. ერთის მხრივ, არსებობს ცნობიერების დეფიციტი, მეორე მხრივ კი, შრომის ბაზარზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ საკმაოდ მზარდია მოთხოვნა სფეროს სპეციალისტებზე.
საქართველოს კონტექსტში დამატებით გამოწვევას წარმოადგენს მონაცემთა ხელმისაწვდომობა და ხარისხი. ამ დანაკლისის შესავსებად მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორის კოორდინირებული ძალისხმევა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გამოყენებით.
პროცესი, ალბათ, ბუნებრივად განვითარდება. თუმცა, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი – საკონსულტაციო სფეროს როლი: ხელი შევუწყოთ კერძო და საჯარო სექტორის უკეთ მომზადებას ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვისათვის , დავეხმაროთ, დაიწყონ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება თუნდაც ღია და მარტივად ხელმისაწვდომი პლატფორმებიდან.
პროცესს, ალბათ, ისიც უწყობს ხელს, რომ ამ სერვისების მოთხოვნა-მიწოდება არ არის ლოკალიზებული და გლობალური ოპერირების დიდ შესაძლებლობა იძლევა – ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული პროექტი განვახორციელოთ პარალელურად სამ კონტინენტზე ადგილზე წარმომადგენლობის გარეშე. სწორედ ინტელექტუალური სერვისების ექსპორტის სპეციფიკამ მოგვცა საშუალება, ვიმუშაოთ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
AI უკავშირდება მონაცემთა უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოებას. რა სტანდარტები უნდა დაიცვან კომპანიებმა, რათა AI-ის გამოყენება იყოს ეთიკური და უსაფრთხო?
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ, ამავე დროს, მოითხოვს მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ახლებურად გააზრებას. ესეც საკმაოდ კომპლექსური და მუდმივი პროცესია, რომელშიც ბიზნესმა და სახელმწიფომ ეფექტიანად უნდა ითანამშრომლონ.
მონაცემთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვას ემსახურება გასულ წლებში მიღებული გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ სამუშაოა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, როგორც ორგანიზაციებში, ისე, ზოგადად, მოსახლეობაში.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვასა და მონაცემთა გამოყენების ეთიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ეისითის საქმიანობაში. მონაცემთა დაშიფვრა, ანონიმიზაცია, წვდომის კონტროლი და მუდმივი ტესტირება – ეს ის სტანდარტებია, რომლებიც ყოველთვის გვიქმნიდა კონკურენტულ უპირატესობას და გზას გვიხსნიდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისათვის.
ახლაც ვცდილობთ, ორგანიზაციაში დავნერგოთ ციფრული უსაფრთხოების სტანდარტები, რომლებიც მორგებულია ადგილობრივ რეგულაციებზე და ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. ვცდილობთ, ამ სტანდარტების მიღწევაში ჩვენს მომხმარებლებსაც დავეხმაროთ.
როგორ შეიძლება, ბიზნესმა უზრუნველყოს, რომ AI-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი?
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის, თუმცა, მნიშვნელოვანია ჩვენი სამუშაო პროცესი, ეფექტიანთან ერთად, იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის, პირველ რიგში, ნებისმიერი ციფრული გადაწყვეტილება ახსნას უნდა ექვემდებარებოდეს – საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს, შესაბამისი წვდომის დაშვების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს პროცესის გააზრება და კონკრეტული გადაწყვეტილებების უკან მდგომი ნაბიჯების დანახვა.
მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების მუდმივი დოკუმენტირება, ტესტირება და მონიტორინგის სისტემის არსებობა. ეს გვიცავს ჩვენც და ჩვენს მომხმარებლებსაც ინფორმაციის არაეთიკური ან მიკერძოებული გამოყენებისაგან.
ხელოვნური ინტელექტის გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოყენება ადამიანის ჩართულობით უნდა იყოს უზრუნველყოფილი (Human-in-the-Loop მიდგომა). საბოლოო ჯამში, სწორედ პროფესიონალთა გუნდია პასუხისმგებელი პროცესების მართვაზე და კრიტიკულ მომენტებში ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე.