გაეროს გლობალური შეთანხმებისა და “Accenture”-ის ანგარიში – გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გლობალური მიზნებისთვის
მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თარიღის – 2030 წლის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიო დასახულ მიზნებსა და ქმედებას შორის არსებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ეძებს. ამ სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიას წარმოადგენს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (Gen AI) – მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ფლობს პოტენციალს, წაახალისოს პროგრესი სხვადასხვა სფეროში- კლიმატის ცვლილებიდან გლობალურ ჯანდაცვამდე. თუმცა, ნებისმიერი რევოლუციური ტექნოლოგიის მსგავსად, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს თან ახლავს როგორც შესაძლებლობები, ასევე რისკები.
Sustinability Spotlight-თან ინტერვიუში, ტონილინ ლიმი, გაეროს გლობალური შეთანხმების პროგრამების ხელმძღვანელი, განიხილავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გლობალური მიზნების ანგარიშის ძირითად მიგნებებს და განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ ბიზნესებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მდგრადობის გავლენის გაზრდისთვის, ეთიკური და პასუხისმგებლიანი იმპლემენტაციის უზრუნველყოფის პარალელურად. რეალური მაგალითებიდან – მომავალ ინიციატივებამდე, ინტერვიუ ხაზს უსვამს ინოვაციას, მმართველობასა და ადამიანის უფლებებს შორის არსებულ ბალანსს ხელოვნური ინტელექტით მართულ ხანაში.

რა იყო ანგარიშის – „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გლობალური მიზნებისთვის“ ძირითადი მიგნებები?
ანგარიში „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გლობალური მიზნებისთვის“ ნათელს ჰფენს, თუ როგორ შეიძლება გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გახდეს გარდამტეხი ფაქტორი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. რა არის მთავარი დასკვნა? გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, გააძლიეროს პროგრესი სხვადასხვა საკითხებში, კლიმატის ცვლილებიდან სიღარიბის შემცირებამდე – თუ მას პასუხისმგებლობით გამოვიყენებთ. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ კერძო სექტორი, რომელიც მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტს აწარმოებს, საუკეთესო პოზიციაშია ბიზნეს სტრატეგიებში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების ხელმძღვანელობისთვის. თუმცა, ამას ასევე ახლავს მითითება “ფრთხილად მოპყრობის” შესახებ – არსებობს ისეთი რეალური რისკები, როგორიცაა მიკერძოება, კონფიდენციალურობის საკითხები და გარემოზე ზემოქმედება, რომელიც გონივრულ მართვას და მყარ ეთიკურ პრინციპებს საჭიროებს.
ანგარიშში წარმოჩენილია რეალური მაგალითები. გაგვიზიარეთ კომპანიის მაგალითი, რომელმაც წარმატებით გამოიყენა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი მდგრადი ზეგავლენის მისაღწევად?
ერთ-ერთი შემთხვევის კვლევა, რომელიც ანგარიშშია წარმოდგენილი, არის SuperHumanRace-ის მაგალითი, რომელმაც შექმნა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აპლიკაცია ინდოეთში დედათა ჯანმრთელობის გამოწვევების გადასაჭრელად. აპლიკაცია იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს ექიმებისთვის პერსონალიზებული ჯანმრთელობის რეკომენდაციების მისაცემად, რომელიც დედათა ჯანმრთელობის ტენდენციების უზარმაზარ მონაცემთა ბაზებს ეფუძნება. სამუშაო ადგილზე გამოყენებისას, მას შეუძლია, გააუმჯობესოს შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მართვა, ასევე სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.
რა არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი რისკები და რა სტრატეგიები უნდა დანერგონ ბიზნესებმა პასუხისმგებლიანი და ეთიკური იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად?
გენერაციული ხელოვნური ინტელექტი აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა არსებობს ხაფანგები, რომლებშიც მოხვედრის თავიდან აცილებაც აუცილებელია, რათა არ მოხდეს სარგებლის უკუქცევა ან, უარეს შემთხვევაში, მეტი ზიანის მიყენება. ანგარიში მიუთითებს რამდენიმე მნიშვნელოვან რისკზე – როგორიცაა მიკერძოებული შედეგები, პირადი ინფორმაციის გაჟონვა და სამუშაო ადგილების შესაძლო დაკარგვა. ასევე, არსებობს ციფრული უთანასწორობის გაღრმავების საფრთხე, თუ ეს ტექნოლოგია მხოლოდ გარკვეული რეგიონებისა და საზოგადოებებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სიტუაციის სწორად წარმართვისთვის, ბიზნესებს ესაჭიროებათ მყარი სტრატეგიის დანერგვა: დაიწყონ მცირედან, შექმნან ძლიერი მმართველობის ჩარჩოები და უზრუნველყონ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. საქმე ეხება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივების დაბალანსებას ეთიკური პრინციპების წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
როგორ ეხმარება გაეროს გლობალური შეთანხმება ბიზნესებს მდგრადი განვითარების სტრატეგიებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაში, ადამიანის უფლებებთან და ეთიკურ პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფით?
გაეროს გლობალური შეთანხმება ადგენს პასუხისმგებლიანი ბიზნეს საქმიანობის პრინციპებს და უზრუნველყოფს პრაქტიკულ რესურსებს, როგორიცაა ანგარიშში მოცემული სახელმძღვანელო ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი დანერგვისთვის. ეს სახელმძღვანელო კომპანიებს სთავაზობს ყველა საჭირო ინფორმაციას, დაწყებული მმართველობის ჩარჩოების შექმნიდან რისკების შეფასებამდე. ყოველივე ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ხელოვნური ინტელექტი იყოს არა მხოლოდ ჭკვიანი, არამედ, იმავდროულად, უსაფრთხო და ეთიკური.
ჩვენ მოვუწოდებთ კომპანიებს, ხელი შეუწყონ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი პრაქტიკის დანერგვას მათი მიწოდების ჯაჭვების მეშვეობით, რათა შეიქმნას დადებითი ცვლილებების ტალღისებური ეფექტი და თავიდან იქნას აცილებული წვდომისა და უნარების სხვაობის გაღრმავება დიდ და მცირე კომპანიებს შორის, ასევე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის.
გეგმავს თუ არა გაეროს გლობალური შეთანხმება ხელოვნური ინტელექტის პროგრამირების გაფართოვებას და რას წარმოადგენს მისი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში? თუ ასეა, რა ახალ ინიციატივებს ან რესურსებს უნდა ელოდონ ბიზნესები?
გაეროს გლობალური შეთანხმება აგრძელებს პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის ადვოკატირებას პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, გარემოს, შრომის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პატივისცემას და მხარდაჭერას. პასუხისმგებლიანი ბიზნეს პრაქტიკის ამ საბაზისო დონის გარდა, გაეროს გლობალური შეთანხმება კომპანიებს დამატებით მოუწოდებს, გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი 2030 წლის დღის წესრიგში მათი წვლილის მაქსიმალურად გასაზრდელად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, თუ როგორ განავითარონ და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ეთიკურად და პასუხისმგებლობით – ადამიანის და შრომითი უფლებების რისკების შემცირების, კლიმატურ და წყლის რესურსებთან დაკავშირებული რისკების გადაჭრის და კარგი მმართველობის უზრუნველყოფის საშუალებით, ასევე, მხარს ვუჭერთ კომპანიებს, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.
ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ საქმიანობას ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით. ვზრდით ძალისხმევას ახალი რესურსებისა და ინიციატივების დანერგვის გზით, რაც დაეხმარება ბიზნესებს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით ინტეგრირებაში. ეს მოიცავს კონკრეტულ ფოკუსს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და მიწოდების ჯაჭვებში ადამიანის უფლებების სათანადო შემოწმებისთვის.
რა ნაბიჯები უნდა გადადგან კომპანიებმა, რათა მოემზადონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მომავლისთვის, რომელიც მხარს უჭერს მდგრად განვითარებას? როგორ ხედავთ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციულ როლს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის მიმართულებით პროგრესის დაჩქარებაში?
მომავალი ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და ბიზნესებმა უნდა გაუსწრონ მოვლენებს. ეს ნიშნავს მკაფიო მიზნების დასახვას, თანამშრომელთა გადამზადებაში ინვესტირებას და მძლავრი მმართველობის ჩარჩოების შექმნას, რომლებიც გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპს შეესაბამება. გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მრავალი შთამბეჭდავი სამუშაოს შესრულება – ოპერაციების ოპტიმიზაციიდან დაწყებული, ინოვაციების სტიმულირებით დამთავრებული, – მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ის გონივრულად იქნება გამოყენებული. კომპანიებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან ესეთი კითხვა: “როგორ შეგვიძლია გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეალური პრობლემების გადასაჭრელად, ისე რომ ერთგულნი დავრჩეთ მდგრადობის მიზნებისადმი?” სწორად გამოყენების შემთხვევაში, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ის საიდუმლო იარაღი, რომელიც გვჭირდება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში რეალური პროგრესის მისაღწევად. კონკრეტულად კი, ხელოვნური ინტელექტის უნარმა, გამოიყენოს მონაცემთა უზარმაზარი ნაკრებები სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად, ყურადღება გაამახვილოს საჭიროებების ზუსტ სფეროებზე და გააფართოოს ინიციატივები ეფექტიანი ციფრული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, შესაძლოა, შეცვალოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროგრესის არსებული ტრაექტორია.
ანგარიშის სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულის მეშვეობით.