ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის ანტიკორუფციული ძალისხმევა
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2003 წელს შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში დაარსდა. ის პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში მუშაობს, რათა კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობის ირგვლივ ცნობიერება გაზარდოს. ინსტიტუტის საქმიანობა მიმართულია კარგი მმართველობის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული ძალისხმევისკენ უფრო მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი სამყაროს შექმნის მიზნით.
ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების შესახებ ბაზელის მმართველობის ინსტიტუტის უფროსი სპეციალისტი ერთობლივი ძალისხმევის საკითხებში სკარლეტ ვანენვეტჩი საუბრობს.
როგორ ხედავთ ბაზელის ინსტიტუტის როლს კორუფციასთან ბრძოლის პრინციპების ხელშეწყობაში, განსაკუთრებით კი, კერძო სექტორთან თანამშრომლობით?
როდესაც საქმე ეხება კერძო სექტორთან მუშაობას ისეთ სენსიტიურ საკითხზე, როგორიცაა კორუფცია, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო წარმართონ იმ ორგანიზაციებმა, რომლებსაც ესმით ორივე საკითხი: კორუფცია და არსებული ბიზნეს რეალობა იმ ქვეყანაში, რეგიონსა, თუ სექტორში, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა.
შესაბამისი პროგრესის მისაღწევად, უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, დაეყრდნოთ ამ საკითხებისადმი ერთგულ ორგანიზაციებს, რომლებიც კერძო სექტორთან მუშაობენ. ამ გარემოებამ, შეიძლება, სრულად შეცვალოს თამაშის წესები, რომელთა დახმარებით, კერძო სექტორი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ბევრად მნიშვნელოვანი ლიდერი გახდება.
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი წარმოადგენს წამყვან ხმას, რომელიც კერძო სექტორის ხელმძღვანელობით, ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალური მასშტაბით.
ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური უნარების გარდა, მნიშვნელოვანია ჩვენი დამოუკიდებელ და ობიექტურ მოთამაშედ აღქმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სივრცეში, რომელშიც ვცდილობთ, გავაერთიანოთ კერძო სექტორი, სამთავრობო სტრუქტურები და სამოქალაქო საზოგადოება.
რაც შეეხება ბაზელის ინსტიტუტს, ჩვენ ჩამოვყალიბდით როგორც დამოუკიდებელი შვეიცარიული ფონდი, რომელიც ასოცირდება ბაზელის უნივერსიტეტთან და, შესაბამისად, როგორც დამოუკიდებელი შვეიცარიული ფონდი და უნივერსიტეტთან ასოცირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხაზგასმულად ვეწევით დამოუკიდებელ საქმიანობას ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარის ეფექტიანი ჩართულობა მსოფლიოს ბევრი რეგიონიდან.
რა იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი და რა წვლილი შეიტანა კერძო სექტორმა ამ ინიციატივების განხორციელებაში?
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო სექტორი ერთობლივი ძალისხმევის ცენტრში დგას და ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო ამ საქმეში წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც საქმიანობდა ბიზნესის ერთიანობის გასაძლიერებლად და ყველასთვის თამაშის სამართლიანი და თანაბარი პირობების შესაქმნელად.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმევის ევოლუციისა და მისი წარმატების ამსახველი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა „ერთობლივი ძალისხმევის ჰაბის B20„[1] მონაცემთა ბაზაში ჩანაწერების გადახედვა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 325-ზე მეტ ინიციატივას მოიცავს და რომელთა მოქმედების არეალი ვრცელდება 62-ზე მეტ ქვეყანაში, 28 სექტორზე. ყოველივე ეს ხაზს უსვამს ამ ინიციატივების მრავალფეროვნებასა და მათ გლობალური მასშტაბით დანერგვას, განსაკუთრებით კი ისეთი მაღალი რისკის მქონე სექტორებში, როგორიცაა ნავთობი და გაზი, ინფრასტრუქტურა/მშენებლობა და ა.შ.
გლობალურ დონეზე შემუშავებული ინიციატივების მზარდი რაოდენობის გარდა, ერთობლივი ძალისხმევის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითს სტანდარტების დამდგენი ორგანოების მიერ მათი მიღება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევა, დიდი ხანია, მიჩნეულია სამთავრობო სტრუქტურების მიერ განხორციელებულ საუკეთესო პრაქტიკად, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და უკვე შესულია საერთაშორისო სტანდარტების დოკუმენტებში. აღსანიშნავი მაგალითია ერთობლივი ძალისხმევის ჩართვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)[2] 2021 წლის რეკომენდაციებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოეთხოვებათ ერთობლივი ძალისხმევის ინიციატივებისადმი თავიანთი ვალდებულებებისა და მხარდაჭერის თაობაზე ანგარიშის წარდგენა რაც, პრაქტიკულად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მექრთამეობის საწინააღმდეგო კონვენციის[3] ფარგლებში, მათი ქვეყნის მიერ გაკეთებული შეფასების ნაწილს წარმოადგენს.
ერთობლივი ძალისხმევის ამგვარი ჩართვა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს მთავრობებისა და რეგიონული ორგანოების მიერ ერთობლივი ძალისხმევისადმი გამოხატული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა ერთობლივი ძალისხმევა საუკეთესო პრაქტიკიდან სტანდარტულ პრაქტიკაზე გადავიდეს.
თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებისას რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები, რომელიც დგას კერძო სექტორში დასაქმებული კომპანიების წინაშე და როგორ შეუძლიათ მათ ამ დაბრკოლებების გადალახვა ერთობლივი ძალისხმევის მეშვეობით?
ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც კომპანიები აწყდებიან, არის მათი ცენტრალიზებული მექრთამეობისა და კორუფციის წინააღმდეგ შესაბამისობის (ABC)[4] პოლიტიკის დაბალანსება არსებულ ბიზნეს რეალობასთან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათი საქმიანობა გლობალურად სრულიად განსხვავებულ პირობებში წარიმართება და მიწოდების რთული მექანიზმებითაა განპირობებული. კორუფცია რჩება მოძრავ სამიზნედ, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა ადაპტირებადი უნდა იყოს და ესადაგებოდეს მუდმივად ცვალებად გარემოს, რათა მას ჰქონდეს წარმოქმნილი რისკების ეფექტიანად გამკლავების შესაძლებლობა.
ერთობლივი ძალისხმევა კომპანიებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ, ერთობლივად განიხილონ და დაადგინონ კორუფციასთან დაკავშირებით არსებული რისკები, რათა შემდგომ შემუშავდეს საერთო მიდგომები მათი ბევრად უფრო ეფექტიანად გადაჭრის მიზნით. ყოველივე ეს აძლიერებს ბიზნესის ერთობლივ ძალისხმევას და, ამავდროულად, ამცირებს იმ პოტენციურ რისკებს, რომლებიც ცალკეული კომპანიებისთვის არსებობს. კომპანიებისთვის რისკების ერთობლივად შეფასება ბევრად უფრო ყოვლისმომცველი და მოგებიანი ღირებულების შექმნის საწინდარია.
ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, როგორ ვითარდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და რა როლი შეიძლება შეასრულოს კერძო სექტორთან თანამშრომლობამ აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენებით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით?
ახალი ტექნოლოგიების განვითარება ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმართვის ეფექტიანობის გაზრდას მთელს მსოფლიოში და შეამცირებს ადამიანურ კომპონენტს მრავალ ურთიერთქმედებასა და პროცესში. ამას, სავარაუდოდ, ორი შედეგი მოჰყვება: (1) ყოველივე ეს შეამცირებს კორუფციის არსებობის შესაძლებლობას, განსაკუთრებით კი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება კერძო და საჯარო სექტორებს შორის ურთიერთობას, როგორც ეს უკვე აისახა სახელმწიფო შესყიდვებისა და ლიცენზირების გამჭვირვალობისა და დიგიტალიზაციის მიმართ არსებული ინიციატივების განხორციელებაში. (2) ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს, რათა მათ წარმოაჩინონ თავიანთი ვალდებულება ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმართვის მიმართ. აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ალგორითმები და ხელოვნური ინტელექტი აგებული იყოს მდგრადი ერთსულოვნებისა და კორუფციასთან ბრძოლის ერთიანი პოლიტიკის გატარების პრინციპზე, რაც, თავის მხრივ, ასახული უნდა იყოს უმაღლესი და საშუალო დონის მენეჯმენტის მხრიდან მიღებულ ეთიკურ გადაწყვეტილებაში.
ბიზნესი წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების განვითარების მამოძრავებელ ძალას და, ამავდროულად, იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც, როგორც წესი, ამ ტექნოლოგიების დანერგვის წინა ხაზში დგას იმ დრომდე, სანამ ამ პროცესში სამთავრობო სტრუქტურები არ ჩაერთვებიან. აქედან გამომდინარე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის მიზნით, ის სრულად ჩართული უნდა იყოს ახალ ტექნოლოგიებთან და მათი გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებულ დისკუსიაში.
იმის გათვალისწინებით, რომ კორუფციასთან ბრძოლა მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, როგორ წარმოგიდგენიათ განათლებისა და ტრენინგის როლი ბიზნესის ლიდერებისა და პროფესიონალებისთვის დახმარების გაწევის კუთხით, რათა მათ ჰქონდეთ მდგრადობის სტრატეგიებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების ინტეგრირების შესაძლებლობა?
უმაღლესი და საშუალო დონის მენეჯმენტის მხრიდან განსაზღვრული ტონი აუცილებელია ერთგულების დემონსტრირებისთვის ბიზნესის კეთილსინდისიერად წარმართვის მიმართ და, როგორც ასეთი, ის წარმოადგენს იმ ძირითად ქვაკუთხედს, რომელზეც დაშენებულია მდგრადობის სტრატეგიები. თუ არ არსებობს ნდობა კომპანიის შიგნით და კომპანიასა და მის პოტენციურ მომხმარებლებს შორის, კომპანია, სავარაუდოდ, ნელი ტემპით ვითარდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად იმოქმედებს მის მდგრად განვითარებაზე. ტრენინგი და განათლება კომპანიებში ერთიანობის მძლავრი კულტურის დანერგვისა და მისი განვითარებისთვის საჭირო არსებით ინსტრუმენტს წარმოადგენს და ტრენინგებში ტოპ მენეჯმენტის ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი სიგნალია თანამშრომლებისთვის, რომ ხელმძღვანელობა მზადაა თავისი სიტყვა საქმით დაამტკიცოს. კორუფციისა და კეთილსინდისიერების საკითხები ეხება ორგანიზაციის საქმიანობის ყველა ნაწილს, ამიტომაც ინფორმაციის არაეფექტიანი ნაკადების შემცირება სამუშაო ადგილზე, ასევე, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით. ეს ყოველივე მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ადგილი არ ექნება მთლიანობის ისეთ ხარვეზებს, რომლებიც წარმოიქმნება ამგვარი ინფორმაციის არაეფექტიანი ნაკადების ზემოქმედების შედეგად, მაგალითად, შესაბამისობის ფუნქციასა და აუდიტს შორის, მდგრადობის ფუნქციასა და ორგანიზაციაში მაღალი რგოლის მენეჯმენტის მუშაობას შორის.
[1] B20 Collective Action Hub https://collective-action.com/
[2] Organization for Economic Co-operation and Development (OECD) https://www.oecd.org/en/about.html
[3] OECD Anti-Bribery Convention
[4] Anti-bribery and Corruption Compliance (ABC) Policy/Program