BDO საქართველოს სტრატეგია: ადამიანები ადამიანებისთვის

BDO ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ბიზნესს სთავაზობს დივერსიფიცირებულ მომსახურებას მათი საჭიროებების შესაბამისად. კომპანიის მომსახურება მოიცავს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. BDO-ს  გლობალური ქსელი 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 111, 307 თანამშრომელსა და 1,803 ოფისს. BDO საქართველო ამ საერთაშორისო ქსელის ნაწილია.

კომპანიის სერვისებზე, მდგრადობის პრიორიტეტებზე და ევროპასთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე BDO საქართველოს პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი მაია ხაჩიძე საუბრობს.

რა სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს BDO საქართველო? როგორია კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია? რა პრიორიტეტები გაქვთ დასახული ამ სტრატეგიის მიხედვით?

ჩვენ ვემსახურებით გლობალურ ეკონომიკას, გამორჩეული გუნდითა და ინოვაციური მიდგომებით ბიზნესს ვთავაზობთ საუკეთესო გადაწყვეტილებებს.

კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფინანსური აუდიტი, საგადასახადო კონსულტაციები; ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება, რომელიც მოიცავს კორპორაციულ ფინანსებთან და გარიგებებთან დაკავშირებულ მრავალფეროვან კონსულტაციებს;  ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულება, რომელიც აერთიანებს BDO აკადემიასა და ელექტრონულ სწავლებას; იურიდიული მიმართულება – BDO ლეგალი; ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი და ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების მიმართულება BDO დიჯიტალი.

2021 წლიდან BDO გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერია. კომპანიის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია მოიცავს გაცხადებულ პასუხისმგებლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების თვალსაზრისით და ამ მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს, ისევე, როგორც საზოგადოების ინფორმირებას, ინსპირაციასა და ადვოკატირებას მდგრადობის საკითხებზე.

ჩვენ მიერ შერჩეული რვა მიზნის შესაბამისად, კორპორაციული მდგრადობის ნაწილში ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას განათლების, სიღარიბის დაძლევის, ნარჩენების მართვისა და მავნე აირების შემცირების და სხვა მიმართულებებით.

2021 წელს, BDO-ს მხარდაჭერით, ბარისახოში ფშავ-ხევსურეთის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თემის განათლებისა და ეკოტურისტული განვითარების პროექტებისთვის არის გათვალისწინებული. ამას მოჰყვა დაინტერესებულ ადგილობრივ მცხოვრებთათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, რაც დაცლის პირას მყოფი სოფლების გაცოცხლებისა და ადგილობრივი თემის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული.

მდგრადი მოხმარების პროცესის ნაწილია BDO-ში პლასტმასის ნარჩენების, ქაღალდისა და გამოყენებული ელემენტების შეგროვება და მიწოდება მეორეული გადამუშავებისა თუ სპეციალური განადგურებისთვის.  2023 წლის აპრილის მდგომარეობით,  300 კგ-ზე მეტი პლასტმასა შევაგროვეთ და მივმართეთ მეორად გადამუშავებაზე.

BDO-ს გლობალური ქსელი წარმოადგენს Net-Zero Financial Service Providers Alliance (NZFSPA)-ის და იღებს პასუხიმგებლობას მისი საქმიანობის შედეგად გარემოში გამოყოფილი მავნე აირების შემცირებასა და განეიტრალებაზე 2050 წლამდე ან უფრო ადრე. შესაბამისად, ქსელის ყველა წევრი კომპანია ვიღებთ ვალდებულებას, შევაგროვოთ მონაცემები ჩვენი წილი სათბური აირების ემისიების შესახებ. ეს არის კომპლექსური, ჩვენთვის ახალი პროცესი, რომლის სწორად წარმართვაში მხარდაჭერას გვიწევს BDO-ს გლობალური ოფისი.

BDO მხარდაჭერას სთავაზობს ბიზნესებს, რომელთაც სურთ, მდგრადი განვითარება თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ.

ჩვენი მომსახურებები მდგრადობის მიმართულებით მრავალფეროვანია. ვთანამშრომლობთ როგორც კომპანიებთან, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ მდგრად განვითარებაზე გადასვლისთვის, ასევე იმ კომპანიებთან, რომელთაც უკვე ნამუშევარი აქვთ ამ მიმართულებით. დამწყებ კომპანიებს ვეხმარებით, რომ მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების შეფასება უზრუნველყონ, გაითავისონ ამ ტრანსფორმაციის პროცესში რა არის გასაკეთებელი, შეარჩიონ სწორი სტრატეგია, ხოლო შედარებით გათვითცნობიერებულ კომპანიებს ვეხმარებით სხვადასხვა სტანდარტის მიხედვით ანგარიშების მომზადებაში, ანგარიშის აუდიტორული დადასტურების საჭიროების შემთხვევაში ვუწევთ ამ მომსახურებასაც.

2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს წარმატება ქართული ბიზნეს სექტორისთვის? და ასევე, თქვენ, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი, როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს კორპორაციულ მდგრადობას ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით?

კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის ქმნის დამატებითი სარგებლის მიღების პოტენციალს, რამდენადაც ფაქტი პოზიტიური გზავნილი იყო საერთაშორისო ინვესტორებისთვის, დაეწყოთ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, მით უმეტეს, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანა ლიდერია ბიზნესის კეთების სიმარტივითა და დაბალი გადასახადებით. ამასთანავე, სტატუსის მიღება საქართველოში არსებულ ბიზნესებს დამატებით შესაძლებლობას მისცემდა, უფრო აქტიურად ეთანამშრომლათ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ხელს შეუწყობდა ექსპორტს და გაამყარებდა საქართველოს პოზიციას საგარეო ვაჭრობის მიმართულებით.

თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული განუსაზღვრელობის პირობებში, რთულია იმის თქმა, როგორ განვითარდება მოვლენები ამ მხრივ. ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით კორპორაციულ მდგრადობას მნიშვნელოვანი როლი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესები გაიზიარებენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით საკითხებთან დაკავშირებით და გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს, ქვეყანა უფრო მეტად მიუახლოვდება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ქმედით ნაბიჯებში იგულისხმება:

  • მდგრადობის მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა და მათი ინტეგრირება ძირითად ბიზნეს სტრატეგიაში;
  • ინვესტიციები მდგრად ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში;
  • ფინანსური რესურსის მობილიზება მდგრადობის უზრუნველსაყოფად;
  • მდგრადობის ანგარიშების მომზადება საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და ა.შ.;
  • ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დასასრულს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის ფარგლებშიც შეფასდა ქვეყნის მიმდინარე მდგომარეობა მდგრადობის სხვადასხვა ასპექტის მიხედვით – სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ქვეყანამ მიიღო რეკომენდაციები, რომელთა დაკმაყოფილების შედეგად დაჩქარდება ევროინტეგრაციის პროცესი.

რატომ უნდა დანერგონ კომპანიებმა საერთაშორისო სტანდარტები ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით? რამდენად შეძლებენ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები ამ სტანდარტების დანერგვას და არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას?

ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კომპანიებს სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს, მათ შორისაა რისკების შემცირება, ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება, ბიზნესის მდგრადი ზრდა და ა.შ. გარდა იმისა, რომ კომპანიები მიიღებენ ხელშესახებ პრაქტიკულ სარგებელს ამ სტანდარტების დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ რისკების დაზღვევის მიზნით ინვესტორები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კომპანიაში ჯანსაღ კორპორაციულ გარემოს, როდესაც საინვესტიციო გადაწყვეტილებას იღებენ. შესაბამისად, იმისათვის, რომ კომპანიებს მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ინვესტორებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსურ რესურსებზე, მნიშვნელოვანია, გაიუმჯობესონ რეპუტაცია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გზით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას დაეხმარება ევროინტეგრაციაში.

უახლოეს მომავალში, მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისთანავე, კომპანიებს ექნებათ ვალდებულება, მოამზადონ მდგრადობის ანგარიშები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ მზაობა, დააკმაყოფილონ მდგრადობის სტანდარტების მოთხოვნები, იმისთვის, რომ იყვნენ სრულ შესაბამისობაში.

რადგან ამ სტანდარტების დანერგვა მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, სავარაუდოდ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები უფრო მეტად დადგებიან გამოწვევების წინაშე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერებისა და კვალიფიკაციის დეფიციტია და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების კომპონენტის როლი.

საქართველოს კერძო სექტორისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად გამოწვევად რჩება სტანდარტების დაკმაყოფილება. BDO საქართველო მუშაობს განათლების მიმართულებითაც. მოგვიყევით BDO აკადემიის შესახებ, რა არის მთავარი გამოწვევა და რა სახის დახმარებას უწევთ ბიზნესებს ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის? 

BDO Academy დაარსდა 2016 წელს. ჩვენი მიზანია ბაზარზე კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარება, მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებისა და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამების შეთავაზებით, მათ შორის: ფინანსების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის, პიროვნული უნარების, სააღრიცხვო და საოფისე პროგრამების მიმართულებით.

ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მსურველი ქართული კომპანიების უპირველესი გამოწვევაა ევროკავშირის სტანდარტების დაცვა ან გადალახვა. ეს რეგულაციები მოიცავს სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოს მდგრადობის, კორპორაციული მმართველობისა და ფინანსური გამჭვირვალობის წესებს. BDO აკადემია ფოკუსირებულია ამ გამოწვევებზე:

  • მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები: ჩვენი სასერტიფიკატო პროგრამები უზრუნველყოფს ორგანიზაციების მზაობას ევროკავშირის სტანდარტების თითოეული ასპექტის დაკმაყოფილებით;
  • ექსპერტების მიერ ჩატარებული ტრენინგები: ჩვენი ინსტრუქტორები იყენებენ რეალური სამყაროს მაგალითებს, რათა მონაწილეებმა გააცნობიერონ და გამოიყენონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი;
  • მორგებული კორპორაციული ტრენინგები: ჩვენ ვაწვდით მორგებულ სასწავლო პროგრამებს, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევების გადასაჭრელად;
  • ფოკუსირება მდგრად განვითარებაზე: ჩვენ ჩვენს ყველა სასწავლო პროგრამაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) პრინციპების ჩართვით, უზრუნველვყოფთ, რომ კომპანიებმა დაიცვან ევროკავშირის რეგულაციები და განახორციელონ პოზიტიური ცვლილებები საზოგადოებასა და გარემოში;
  • მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება: ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას, რათა ისინი ევროკავშირის ბაზარზე წარმატებული მოთამაშენი გახდნენ;
  • ქალთა გაძლიერება ბიზნესში: BDO-სთვის დივერსიფიცირებული გარემო ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია და  ძლიერი, პროფესიონალი ქალების არსებობა ჩვენს გუნდში აბსოლუტურად ორგანულია, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ციფრულ სერვისებში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს სქესის ნიშნით უპირატესობის სტერეოტიპები საზოგადოებაში. გენდერული ბალანსის მხარდამჭერი ეკოსისტემა BDO-ს გუნდისთვის ეყრდნობა კომპანიის პრინციპულ მიდგომებს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომელთა თანაბარ ხელშეწყობას მუშაობის, სწავლისა, განვითარების და კარიერული წინსვლის პროცესში.

BDO საქართველოს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით

ნულოვანი გამონაბოლქვის თემაზე წლევანდელი ფოკუსიდან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება მომდევნო წელს გარემოზე ზემოქმედების შემცირების კონკრეტულ მიზნებისა და მაჩვენებლების დასახვა SBTi-სთან (Science Based Targets initiative) ერთად. რა საკვირველია, ვაგრძელებთ ფასეულობის შექმნას საზოგადოებისთვის ყველა მიმართულებით, სადაც ვმუშაობთ და დადებითი ცვლილების გამოწვევა შეგვიძლია. BDO-ს მთავარი მამოძრავებელი პრინციპი უცვლელია – ადამიანები ადამიანებისთვის, People Helping People.

გააზიარე: