“ბიოდიზელი” – ზრუნვა გარემოსა და ავტომობილზე

მსხვილ ქალაქებში დაბინძურებული ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, რაშიც გადამწყვეტი როლი მიუძღვის ავტომობილის გამონაბოლქვს. ამ პროცესის დარეგულირება და გარემოს გაჯანსაღება ურბანული პოლიტიკის  მნიშვნელოვანი შემადგენელია, რისთვისაც სხვადახვა გზები არსებობს. მათ შორისაა ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, ბიოდიზელის წარმოება, რომელსაც დიდი ხანია იყენებს მსოფლიო. საქართველოში მასზე მუშაობა ოთხიოდე წლის წინ დაიწყო და ამ საქმის პიონერი „ბიოდიზელი ჯორჯია“ იყო.

ბიოდიზელი ბიოლიპიდების (მცენარეული ზეთები, ცხოველური ცხიმები) გადამუშავების შედეგად მიღებული ალტერნატიული, განახლებადი, ეკომეგობრული პროდუქტია, რომელიც არ აბინძურებს გარემოს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში, სადაც ეკოპოლიტიკას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, კარგა ხანია, ნავთობდიზელის ბიოდიზელით ჩანაცვლება მიმდინარეობს. ორივე სახის საწვავის ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები  ანალოგიურია, რის გამოც  შესაძლებელია  მისი გამოყენება ნებისმიერ სფეროში. რაც მთავარია, არ საჭიროებს ძრავის მოდიფიკაციას, რაც მის მოხმარებას აიოლებს. საყურადღებოა, რომ  ბიოდიზელი დადებით ზეგავლენას ახდენს ავტომობილის ძრავზე და მის მუშაობას აუმჯობესებს. ამასთან,  წვის შედეგად არ გამოიყოფა მძიმე მეტალები, გოგირდი და ტყვია, რაც ასე აბინძურებს გარემოს.

„ბიოდიზელი ჯორჯია“ 2017 წელს დაფუძნდა საქართველოში და ქვეყნის მასშტაბით პირველი იყო, ვინც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის წარმოება დაიწყო. შპს „ბიოდიზელი ჯორჯია“ ევროკავშირის ISCC პლატფორმაზე აკრედიტებული კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მუშაობის სტანდარტი და წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ბიოდიზელი ჯორჯია“ 100 პროცენტით ქართული ინვესტიციაა. კომპანიაში დასაქმებულია 50-მდე ადამიანი, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონების მასშტაბით. ჯანსაღ გარემოზე მუდმივი ზრუნვა  კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი განმსაზღვრელია, რასაც თავისი საქმიანობით ადასტურებს კიდეც.

ბიოდიზელის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი ნედლეულია გამოყენებული საკვები ზეთი, რომელიც თხევადი ნარჩენია და გადამუშავებას საჭიროებს. მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული  მოხმარებული საკვები ზეთების შეგროვება,  გადამუშავება და ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც ორმაგ ეკოლოგიურ ეფექტს გვაძლევს: ერთი მხრივ, ხდება მეორადი (მოხმარებული) ზეთის, როგორც ნარჩენის მართვა,  მეორე მხრივ,  ეკომეგობრულ საწვავს ვიღებთ.

ბიოდიზელის გამოყენების სიკეთესა და კომპანიის წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმადაც, დაარსების დღიდან „ბიოდიზელი ჯორჯიამ“  შეაგროვა 1 163 312 ლიტრი მეორადი საკვები (მცენარეული ზეთი) და აწარმოა 492 755 ლიტრი ეკოლოგიური საწვავი, რის შედეგადაც შეიზღუდა 1200 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგის (CO2) ემისია ატმოსფეროში. ერთი კომპანიის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი წვლილია გარემოს გაჯანსაღების პროცესში.

რაც შეეხება კომპანიის პარტნიორებს, „ბიოდიზელი ჯორჯია“ თანამშრომლობს 1200- მდე კვების ობიექტთან, როგორიცაა KFC, BURGER KING, სასტუმრო „ბილტმორი“ და მრავალი სხვა. მათგან მიღებული მეორეული მცენარეული ზეთის შესყიდვა და ტრანსპორტირება ხდება „ბიოდიზელის“  საწარმოში, სადაც უშუალოდ გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს. პარტნიორი კვების ობიექტები გამოირჩევიან მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით და ხელს უწყობენ ნარჩენების სწორად მართვას, რაც, ამავდროულად, ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის კარგი მაგალითია.

პანდემია მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა კომპანიისთვის, თუმცა სირთულეების მიუხედავად, იოლად შეძლო მძიმე ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია. პანდემიისას „ბიოდიზელ ჯორჯიას“ საქმიანობა არ შეუწყვეტია. მუშაობდნენ ჰიბრიდული მოდელით: როგორც ოფისში, ისე – დისტანციურად.  2021 წელს კომპანია ახალ ოფისში გადავიდა, რომელიც ყველა რეგულაციის დაცვით ფუნქციონირებს. თანამშრომლები ერთმანეთისგან დაშორებულ სივრცეებში საქმიანობენ, რაც მათ უსაფრთხოებას უწყობს ხელს. დასაქმებულთა 99 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, რაც  კომპანიის მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

დღესდღეობით „ბიოდიზელი ჯორჯია“ აქტიურად აგრძელებს მუდმივ განვითარებას და წარმოების გაფართოებაზე ფიქრობს, რაც გულისმობს როგორც ადგილობრივი ბაზრის სრულად დაკმაყოფილებას, ისე პროდუქციის ექსპორტს.

„ბიოდიზელ ჯორჯიაში“ მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – დედამიწის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენას, ეკოინოვაციები მნიშვნელოვნად დაეხმარება. კომპანიის მხრიდან, განვითარებასა და ხარისხზე გაკეთებულ აქცენტთან ერთად, ბუნებრივი  რესურსების დაზოგვა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო თაობების წინაშე ეს მათი მოვალეობაცაა და ვალდებულებაც.

გააზიარე: