ეფეს საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა
ეფეს საქართველო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია. კომპანია პატივს სცემს ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტანდარტებს და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. ამასთან, ეფეს საქართველო მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
ეფეს საქართველო მიზნად ისახავს, მნიშვნელოვნად შეამციროს გარემოზე თავისი ზემოქმედება, რესურსების ეფექტიანად გამოყენების, ნარჩენებისა და ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისა და სახიფათო მასალების შესაბამისად დამუშავების გზით. 2008 წლიდან ეფეს საქართველო ახორციელებს მდგრად პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: საზოგადოების მხარდაჭერა (ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები, სპორტი, ხელოვნება და განათლება), გარემოს დაცვა და ღირსეული სამუშაო გარემო.
ეფეს საქართველოს მდგრადობის პოლიტიკასა და კომპანიის ანტიკორუფციულ პრინციპებზე კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი საუბრობს.
ეფეს საქართველო, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანია, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის ხელმომწერია, მეათე პრინციპი კი მოუწოდებს ბიზნესს, იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ჩათვლით. მოგვიყევით ეფესის საქმიანობის შესახებ ამ პრინციპის დაცვის მიმართულებით.
ეფეს საქართველო, როგორც გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანია, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, მათ შორის, ამ შეთანხმების მეათე პრინციპს, რაც კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პრინციპის შესრულებაზე, რაც გულისხმობს ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას არამხოლოდ კომპანიის შიგნით, , არამედ თანამშრომლების ტრენინგებს კორუფციის ყველა იმ რისკთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს კომპანიაზე, თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე. ტრენინგების დროს განვიხილავთ რეალურ ქეისებს, რაც ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ კორუფციის დადგენისა და პრევენციის გზებს. ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს კომპანიის შიგნით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კულტურის ჩამოყალიბებასა და პასუხისმგებლობის ზრდას.
ყოველივე ეს გაწერილია ეფეს საქართველოს ეთიკის კოდექსში, რომელიც სავალდებულო სახელმძღვანელოა თითოეული თანამშრომლისთვის. ეთიკის კოდექსი, ასევე, მოიცავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ ზომებს და მისი პრინციპები ინტეგრირებულია ჩვენს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.
როგორია ის შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები, რაც ეფეს საქართველოს აქვს დანერგილი? არის თუ არა ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული საჯაროდ? რამდენად მნიშვნელოვანია შიდა ანტიკორუფციული მექანიზმების არსებობა ბიზნესისთვის?
ეფეს საქართველოს დანერგილი აქვს სხვადასხვა შიდა ანტიკორუფციული მექანიზმი, მათ შორის ეთიკის ოფიცერის პოზიცია, რომელიც პასუხისმგებელია ეფეს საქართველოს ეთიკის კოდექსის აღსრულებაზე, რაც ასევე მოიცავს კორუფციის პრევენციის პოლიტიკის აღსრულებას. ასევე, კომპანიაში არსებობს შესაბამისი მექანიზმი, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს კონფიდენციალურობის პრინციპის სრული დაცვით გამოავლინონ შესაძლო კორუფციული ქმედებები. ეთიკის კოდექსში მოცემული ანტიკორუფციული დებულებები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
შიდა ანტიკორუფციული მექანიზმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესისთვის, რადგან ეს ხელს უწყობს არამხოლოდ კორუფციის პრევენციას, არამედ რეგულატორული მოთხოვნების შესრულებას, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს კომპანიის მიმართ საზოგადოების ნდობას, მის დადებით იმიჯს და ხაზს უსვამს კომპანიის სურვილს- თანამედროვე, გამჭვირვალე მიდგომებით მართავდეს ბიზნესს.
ანგარიშვალდებულება გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ამზადებს თუ არა ეფესი კორპორაციული მდგრადობის ანგარიშს და ხელმისაწვდომია თუ არა აღნიშნული ანგარიში ყველა დაინტერესებული მხარისთვის?
ეფეს საქართველო, როგორც ანადოლუ ეფესის ჯგუფის წევრი კომპანია, მონაწილეობს ანადოლუ ეფესის კორპორაციული მდგრადობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადებაში. ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, მოიცავს ანადოლუ ეფესის ჯგუფის ყველა კომპანიის, მათ შორის ეფეს საქართველოს სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი კუთხით მიმდინარე პროცესებს და მიღწევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, რადგანაც იგი ზრდის კომპანიის მიმართ ნდობას და დადებით გავლენას ჩვენი როგორც მდგრადი და პასუხისმგებლიანი კომპანიის რეპუტაციაზე. გარდა ამისა, ეფეს საქართველო დამოუკიდებლადაც ამზადებს კორპორაციული მდგრადობის ანგარიშს, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ეფეს საქართველო გაეროს გლობალური შეთანხმების ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის სამოქმედო პლატფორმის წევრია. რამდენად მნიშვნელოვანია პლატფორმის ფარგლებში გამოცდილების გაზიარება და კერძო სექტორის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა?
კერძო სექტორის მიერ კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისთვის. კორუფციასთან ბრძოლის სამოქმედო პლატფორმა კი თავის მხრივ ქმნის კომპანიებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის საქმეში. ამ პლატფორმის მეშვეობით მონაწილე კომპანიები უფრო კარგად აღიქვამენ და შესაბამისად რეაგირებენ კორუფციის გამოწვევებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მდგრადი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას.
რაც შეეხება კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის როლს ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული პარტნიორობა კერძო სექტორს, სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის?
კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. განსაკუთრებით, მულტისექტორული პარტნიორობა, რომელიც ქმნის კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის სივრცეს, რაც ხელს უწყობს განსხვავებული აზრებისა და გამოცდილებების გაზიარებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით.
როგორ ხედავთ საქართველოს ბიზნეს სექტორის საქმიანობას კორუფციის პრევენციის, შემცირებისა და კორუფციულ ფაქტებზე რეაგირების მხრივ? როგორ შეგვიძლია მეტად შევუწყოთ ხელი ბიზნესის კეთილსინდისიერებასა და კორუფციის პრევენციას საქართველოში?
საქართველოს ბიზნეს სექტორისთვის გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილეობა საუკეთესო მექანიზმია, როგორც კორუფციის პრევენციის ეფექტიანი პოლიტიკისთვის, ასევე თანამედროვე მდგრადი ბიზნესის წარმოების პრაქტიკისთვის. ეს ყოველივე, თავის მხრივ, გულისხმობს ბიზნესის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკაში განხორციელებას.