ეკო-საგანმანათლებლო პროექტი პარკი არ მინდა

ორგანიზაცია პარკია არ მინდა ეკო-საგანმანათლებლო პროექტია, რომლის მისიაა ნარჩენების შემცირება საქართველოში.

ტატიანა რემნევა,  ორგანიზაციის პარკი არ მინდა თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე,ნარჩენების მართვის როლზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.

ტატიანა რემნევა,  ორგანიზაციის პარკი არ მინდა თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიღწევებზე,ნარჩენების მართვის როლზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.

შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია პარკი არ მინდას საოპერაციო საქმიანობის შესახებ?

ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ინფორმაციას, ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებს საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებისთვის.

ჩვენი მისიის მისაღწევად, ვმუშაობთ სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა:

  • ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მედია არხითა და ღონისძიებით
  • კონსულტაცია ნარჩენების შემცირების პრაქტიკის შესახებ ფიზიკური პირებისა და ბიზნესისთვის
  • გადამუშავების რუქის შექმნა და განვითარება
  • ხილისა და ბოსტნეულის მრავალჯერადი გამოყენების ჩანთების წარმოება
  • გადამუშავებადი მასალების შეგროვება თბილისში ეკო-ტაქსით და შემგროვებელი პუნქტებით
  • მონაწილეობა სეპარირებული ნარჩენების შეგროვების ინფრასტრუქტურის განვითარებაში

ჩვენ ვიცით, რომ ცხოვრების სტილისა და ბიზნესის კეთების წესის შეცვლა რთულია, განსაკუთრებით ახლანდელ გამოწვევებით სავსე დროში. ამიტომ, ფოკუსირებულნი ვართ მოტივაციის ჩამოყალიბებაზე და ვაწვდით საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებს.

მტკიცედ გვჯერა პირადი ქმედებებისა და სოციალური წრეების ძალის. ჩვენს პროექტს ვაგებთ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანასწორობისა და პატიოსნების პრინციპებზე.

ჩვენ ვმოქმედებთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ჩარჩოს მიხედვით, განსაკუთრებით კი შემდეგი ორი მიზნის მიღწევაზე – SDG 11: მდგრადი ქალაქები და თემები და SDG 12: პასუხისმგებელი მოხმარება და წარმოება.

როგორ აღიქვამს პარკი არ მინდა ნარჩენების მართვის სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების ფარგლებში?

ნარჩენების და მისი მართვის საკითხი ევროკავშირის ინტეგრაციის რამდენიმე მიზნის კვეთაშია. თუ ვსაუბრობთ მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე და ცირკულარულ პრაქტიკაზე გადასვლაზე, ნარჩენების მართვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია ნარჩენების უკეთ დამუშავებაც და მასში არსებული რესურსების წარმოებაში გამოსაყენებლად აღდგენაც, ციკლის შესაკრავად და მოპოვებითი მრეწველობის ზეწოლის შესამსუბუქებლად. გადამუშავება ვერ გადაჭრის კლიმატის ცვლილებას ან გარემოსდაცვით პრობლემებს, რომელთა წინაშეც ვდგავართ, მაგრამ ეს წარმოების სისტემის ხელახალი დიზაინის აუცილებელი ინსტრუმენტია.

ნარჩენებით დაბინძურება გარემოსთვის რამდენიმე საფრთხეს შეიცავს: გავლენას ახდენს კვების ჯაჭვებზე, ფიზიკურად ემუქრება ბევრ ცოცხალ არსებას და იწვევს რღვევებს მავნე ქიმიკატებისა და მიკროპლასტმასების ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გაჟონვის გამო. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების (განსაკუთრებით პლასტმასის) ამოღებას გარემოდან, შეესაბამება ევროკავშირის დღის წესრიგს მდგრადი და ჯანსაღი მომავლისთვის.

მაგალითად, ჩვენი მიდგომა დასუფთავების მიმართ წარმოაჩენს კომბინირებულ მოქმედებას ორივე მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ გადაგვაქვს ნარჩენები გარემოდან ნაგავსაყრელზე, არამედ პლასტმასის და ალუმინის რაღაც ნაწილს მაინც აღვადგენთ გადასამუშავებლად.

შეგიძლიათ დაწვრილებით გვიამბოთ პარკი არ მინდას მიერ წამოწყებული ყველაზე გავლენიანი საქართველოში ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესების ინიციატივის შესახებ?

აქ მინდა ორი აქტივობა გამოვყო. პირველი, ჩვენი საკუთარი გადამუშავებადი კოლექცია. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მცირე მასშტაბისაა (2023 წელს 100 ტონაზე ცოტა მეტი შევაგროვეთ), ვფიქრობ, ის ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო და ხილვადობის თვალსაზრისით. საქართველოში ნარჩენების ყველაზე ფართო სპექტრის ჩაბარებით ჩვენ ვაჩვენებთ, თუ რამდენ რამეს შეუძლია რეალურად მეორე სიცოცხლის მიღება. შეგროვების გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესის აგების გზით ჩვენ აქტიურად ვებრძვით საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებს (ანუ, რომ საქართველოში არ ხდება გადამუშავება ან, რომ ეს ყველაფერი მაინც ნაგავსაყრელზე მიდის) და ვამყარებთ ნდობას ნარჩენების მართვის სისტემის მიმართ. ეს ნდობა აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე ცალკეული ნარჩენების შეგროვების ფართო მიდგომის დანერგვისთვის მთელს ქვეყანაში.

ეს არის ასევე თემის ჩამოყალიბების პრაქტიკა, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავი იგრძნონ ჯგუფის ნაწილად და შთააგონონ სხვებს, მათაც დაიწყონ. ჩვენი შეგროვების პუნქტები განლაგებულია მარტივ ფარეხებში საცხოვრებელ კორპუსებს შორის. თავდაპირველად, ეს იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი გამოსავალი ფულის თვალსაზრისით, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო შესანიშნავი კონცეფცია, რადგან ის ხილულს ხდის ნარჩენების მოწესრიგებულ შეგროვებას მთელი სამეზობლოსთვის, რაც იწვევს არა მხოლოდ ინტერესს, არამედ მოქმედებებს.

მეორე არის ჩვენი მონაწილეობა საპილოტე პროექტში, რომელიც ცალკე აგროვებს პლასტმასის ბოთლებს თბილისსა და ბათუმში, გაეროს განვითარების პროგრამის აქსელერაციის ლაბორატორიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. პროექტი 2021-2022 წლებში განხორციელდა თბილისსა და ბათუმში და ის ეხებოდა არა მხოლოდ ქუჩებში პლასტმასის ბოთლების ურნების დადგმას, არამედ ქცევის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულ სოციალურ ექსპერიმენტს. ამ პროექტმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ თუ და როცა ქალაქი უზრუნველყოფს კომფორტულ ინფრასტრუქტურას მის შესახებ მკაფიო ინფორმაციით, მოქალაქეები მზად არიან გადამუშავებისთვის. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის განხორციელებიდან ორი წლის შემდეგ ურნების უმეტესობა კვლავ ფუნქციონირებს როგორც თბილისში, ასევე ბათუმში.

რა მნიშვნელოვან გამოწვევებსა თუ დაბრკოლებებს წააწყდა პარკი არ მინდა მისი საოპერაციო მუშაობის დროს და როგორ მოგვარდა ეს გამოწვევები ეფექტურად?

პარკი არ მინდა დაიწყო როგორც მოხალისეობრივი პროექტი. ეს იყო სწავლის პროცესი, რადგან არცერთი დამფუძნებელი და გუნდის წევრი არ იყო ნარჩენების მართვის ექსპერტი, მაგრამ ჩვენ გვქონდა ყველაზე ძლიერი მოტივაცია, შეგვეცვალა სტატუს-კვო და შეგვეთავაზებინა სიცოცხლისუნარიანი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ნარჩენებით დაბინძურება და ნარჩენების არაეფექტური დამუშავება. შესაძლებლობების განვითარება და უფრო ორგანიზებულ სტრუქტურაში ტრანსფორმაცია ადვილი არ იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი შეგროვების ოპერაციების მუდმივი ზრდის თანმდევად, გამოწვევა იყო საჭირო პრაქტიკისა და პროცედურების ეფექტიანად და დროულად შემუშავება. მიუხედავად ყველა გამოწვევისა და უწყვეტი სწავლის პროცესისა, სიამაყით ვამბობ, რომ ჩვენ გვყავს უაღრესად თავდადებული ადამიანების საოცარი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად წინ მიიწევს.

დაფინანსება ჩვენთვის ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევაა და ის ასევე მომდინარეობს პროექტის მოხალისეობრივი საწყისებიდან. ეს არის ალბათ სფერო, სადაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირს. ერთის მხრივ, ჩვენ ვისწრაფვით შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, რათა გავაკეთოთ და ვთქვათ ყველაფერი ისე, როგორც გვინდა, მეორე მხრივ, – ნარჩენების შეგროვებისა და ლოჯისტიკის ფუნქციონირება, გუნდის ზრდა და ზოგადად განვითარება მოითხოვს მნიშვნელოვან თანხებს. ნაწილობრივ ეს მოგვარდა გავლენიანი ინვესტიციების მოზიდვით და კორპორაციული სპონსორობით, რამაც უდავოდ უზრუნველყო საჭირო სტიმული და დაფარა გარკვეული საოპერაციო ხარჯები.

ეკო-ტაქსის სერვისი, მის მხარდაჭერის დამატებითი სერვისების ჩათვლით, უზრუნველყოფს ფულადი სახსრების სტაბილურ ნაკადს. ნარჩენების გაყიდვები ემატება ამ მოცემულობას, მაგრამ ნამდვილად არა იმდენად, როგორც გვსურს და როგორც ბევრი ადამიანი ფიქრობს ინდუსტრიაში. ჩვენ ასევე ვეყრდნობით კერძო შემოწირულებებს.

“ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება მოითხოვს დიდ შინაგან მოტივაციას და თანამოაზრეებთან ურთიერთობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შთაგონებისა და რწმენისთვის, რომ ჩვენი მცირე ქმედებებითაც კი შეგვიძლია სისტემური ცვლილებების მოტანა.”

რა კონკრეტული გზებით უზრუნველყოფს პარკი არ მინდა ნარჩენების მართვის ევროკავშირის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან შესაბამისობას?

ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია კონკრეტული პროცედურები ჩვენი ოპერაციების ევროკავშირის სტანდარტებსა და პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ეს არ ნიშნავს, რომ შესაბამისობა არაა სახეზე. მაღალი ხარისხის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, უზრუნველყოფს, რომ ავტომატურად შევასრულოთ ყველა საჭირო მოთხოვნა.

როგორ ხედავს პარკი არ მინდა ნარჩენების მართვას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც გარემოს მდგრადობას, ასევე ეკონომიკურ წინსვლას საქართველოში?

ნარჩენი არის როგორც ღირებული რესურსი, ასევე გარემოს პრობლემა, როდესაც იგი სათანადოდ არ არის დამუშავებული. ჩვენ ვხედავთ რამდენიმე ძირითად პუნქტს/ეტაპს, რომლებმაც აქტივობებთან ერთობლიობაში შეიძლება გააუმჯობესოს გარემო და უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარება:

  • ნარჩენების უკეთესი მენეჯმენტი, სადაც ყველა მონაწილე ჩართულია თავისი როლის შესაბამისად, შეამცირებს ნარჩენებით დაბინძურებას. დავინახავთ უფრო სუფთა მდინარეებს, ნაკლებ ნარჩენს ზღვაში და მეტ სიმწვანეს, ვიდრე ნაგავს ტყეებსა და ხეობებში. რას ვგულისხმობ, ყველას მიერ თავისი როლის შესრულებაში? როდესაც მთავრობა უზრუნველყოფს საჭირო ინფრასტრუქტურას და ნარჩენების შეგროვებისა და განთავსების სისტემის სათანადო ფუნქციონირებას, როდესაც ბიზნესები და სხვა უფრო დიდი ჯგუფები (როგორიცაა მშენებლები) ნარჩენებს სათანადოდ ათავსებენ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოში ასე ხშირად დაყრილი სამშენებლო ნარჩენებისთვის, და როდესაც მოქალაქეები წყვეტენ ნარჩენების იქ დაყრას, სადაც მოესურვებათ. ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური ნორმის შეცვლა, რომლითაც ნარჩენების პრობლემა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობად აღიქმება. ნარჩენებს აწარმოებს არა მთავრობა, არამედ ცალკეული პირები და ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს პირად ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე.
  • უფრო ფართო მუნიციპალური მასშტაბით ნარჩენების ცალკე შეგროვების განვითარება გადამწყვეტია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. როდესაც ქუჩებში პლასტმასის მეტ კონტეინერს ვხედავთ, ეს ნიშნავს, რომ ნაკლები პლასტმასი აღმოჩნდება ველურ გარემოში ან დაიმარხება ნაგავსაყრელზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ გადამამუშავებელ კომპანიებს ექნებათ მეტი მასალა, გადამუშავებისა და თავიანთი საქმიანობის გასაგრძელებლად. ეს ასევე შეიძლება ნიშნავდეს მეტ რეციკლირებულ მასალას ნებისმიერი პროდუქტისთვის, სადაც მისი გამოყენება შესაძლებელია. მალე დავინახავთ ევროკავშირის მოთხოვნებს შეფუთვაში რეციკლირების დონის შესახებ და ისინი, ვინც წინასწარ დაიწყებენ ამ პრაქტიკის განხორციელებას, უახლოეს მომავალში უკეთ იქნებიან ბაზარზე წარმოდგენილნი. ასევე ხაზს ვუსვამ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პლასტმასის სწორად გამორჩევა და გადამუშავება; ქაღალდისა და ლითონის გადამუშავება თანაბრად მნიშვნელოვანია და ელექტრონული ნარჩენები კი არ უნდა აღმოჩნდეს ნაგავსაყრელებზე. ეს ყველაფერი რთული და ძვირია, მაგრამ უმოქმედობა კიდევ უფრო ძვირი ჯდება.
  • ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე ეფექტური იქნება სისტემის ხელახალი ჩამოყალიბება, რათა თავიდანვე არ წარმოიშვას ნარჩენები. ეს მოითხოვს პოლიტიკის უამრავ ცვლილებას და შემდეგ მათ სათანადო აღსრულებას, ინოვაციებს ახალი პროდუქტებისა და ბიზნეს მოდელების შესაქმნელად და საზოგადოების გარდაქმნას, სადაც მომხმარებლები მოითხოვენ ახალ გადაწყვეტილებებს და თავიანთი ფულს ნარჩენების წინააღმდეგ დადებენ. საბედნიეროდ, არ გვჭირდება აქ „ველოსიპედის გამოგონება“. ყველა გამოსავალი უკვე არსებობს და ზოგიერთი კარგად არის განვითარებული ევროპის ქვეყნებში. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც არ შეიძლება მათი გამოყენება საქართველოში. ჩვენ უბრალოდ უნდა გამოვიკვლიოთ, გამოვცადოთ და განვახორციელოთ რაც შეიძლება მალე. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რაც უფრო ადრე დავიწყებთ, მით მეტია კეთილდღეობის მოპოვების შანსი. ეკო-ტაქსის მაგალითი ადასტურებს, რომ გავლენის მქონე საქმიანობის დაწყება შესაძლებელია ნულიდან, თითქმის ყოველგვარი ინვესტიციის გარეშე. ის მცირე მასშტაბისაა, მაგრამ აჩვენებს ბაზრის პოტენციალს.

პარკი არ მინდას პერსპექტივიდან, რა როლს თამაშობს კერძო სექტორი საქართველოში ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკისკენ წინსვლის კატალიზებაში?

ჩვენ გვჯერა ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომის და რეალისტები ვართ. გვჯერა, რომ ყველა მონაწილე უნდა ჩაერთოს და ბიზნესი ნარჩენების მართვის სისტემის ცვლილებების შეტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ასევე გვესმის, რომ ნარჩენებზე ფიქრი, როგორც წესი, არ არის პრიორიტეტი არცერთი კორპორაციული მენეჯერისთვის. მაგრამ პასუხისმგებლიანი ბიზნესის ასაშენებლად საჭიროა არა მხოლოდ ამაზე ფიქრი, არამედ ზომების მიღება.

ძალიან რთულია პრაქტიკის შექმნა, როდესაც ძალიან ცოტა ინფრასტრუქტურა და არასაკმარისი ინფორმაციაა. ბიზნესები, რომლებიც ამას მაინც აკეთებენ, მაგალითად, აჭარა ჯგუფი ან Efes Georgia ან უფრო პატარა ოფისები და კაფეები, რომლებიც სარგებლობენ ჩვენი შემგროვებელი ყუთებით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, შთაგვაგონებენ პირადად მე და მთელს გუნდს, განვავითაროთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები.

ნარჩენებისადმი თითქმის გაუაზრებელი დამოკიდებულების შეცვლის სურვილი და ცვლილებებისთვის თანამშრომლობა აუცილებელია. ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, ვიხილოთ მეტი თანამშრომლობა კერძო სექტორსა და ადგილობრივ პროექტებსა თუ დამწყებ ბიზნესებს შორის, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას მათ მიერ მოწოდებული სერვისების გამოყენებით და ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნით, რომლებიც ხელახლა გამოიყენებენ ან აღმოფხვრიან ნარჩენებს. მე ვმუშაობდი მარკეტინგულ კომუნიკაციაში 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სანამ პარკი არ მინდას წამოვიწყებდი და დავინახე ბევრი უაზრო მარკეტინგული ხარჯი დიდი კომპანიების მხრიდან. თუ ამ დანახარჯების მინიმუმ მესამედი გადაინაცვლებს სამოქალაქო ეკოლოგიური ინიციატივების სპონსორობაში, ვნახავთ ძალიან სწრაფ ცვლილებას, რადგან ამ ინიციატივებს დიდი მოტივაცია აქვს, მაგრამ არ აქვთ საკმარისი ფული იმ გადაწყვეტილებების განსახორციელებლად, რომლებიც გარემოს ძალიან სწრაფად გააუმჯობესებს. სუფთა გარემოს ბევრი არაპირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს: უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა იწვევს უფრო მაღალ პროდუქტიულობას და კრეატიულობას, რაც შემდგომში შეიძლება ფინანსურად შეფასდეს.

რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ, მით უფრო ვუახლოვდებით 2030 წლის ან სხვა დღის წესრიგის მიღწევას, რომელიც მიგვიყვანს ადამიანებისა და პლანეტის ჯანსაღი ცხოვრებისკენ. ახლა კი საუკეთესო დროა დასაწყებად ან შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად.

ბიზნესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი ნარჩენების უკეთესი პრაქტიკის შემუშავებაში არის ის, რომ ისინი ზემოქმედების მულტიპლიკატორებად გვევლინებიან. ვხედავთ, რომ როდესაც კომპანია ნარჩენების სეპარირებული შეგროვების პრაქტიკას ახორციელებს თავის ოფისში, თანდათან ყველა თანამშრომელი იწყებს თავისი გადამუშავებადი ნივთების სახლიდან მოტანას. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი საწყისი წერტილი არა მხოლოდ ნარჩენების სწორი მართვის, არამედ შესყიდვების განვითარებისთვის.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბიზნესს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს განათლების ხელშეწყობაში ისეთ თემებზე, როგორიცაა ნარჩენების სეპარირება, მათი შემცირება, შეგნებული მოხმარება და ა.შ. მიუხედავად მრავალი ორგანიზაციის მცდელობისა, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე კვლავ დაბალია. ეს განსაკუთრებით ეხება ინფორმაციას პრაქტიკული გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რთულია სოციალური მედიის ალგორითმებისა და უსასრულო ახალი ამბების გარღვევა. კერძო კომპანიების ჩართულობას შეუძლია უზრუნველყოს კრიტიკული წვდომა ახალ აუდიტორიაზე. მესმის, რომ ნარჩენებზე საუბარი არ არის მომხიბვლელი, მაგრამ ეს სწორია და, ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ამ სფეროში უფრო მეტ მოქმედებას ვიხილავთ.

ხშირად გვესმის, რომ არის უფრო გადაუდებელი ან უფრო დიდი პრობლემები, ვიდრე ნარჩენები და რა თქმა უნდა ასეც არის. მაგრამ გვჯერა, რომ როდესაც ადამიანები იწყებენ მეტი ყურადღების მიქცევას თავიანთ ნარჩენებზე, ისინი უფრო აცნობიერებენ თავიანთ საქმეებსა და არჩევანს და ეს შეიძლება გადაეცეს ცხოვრებისა და საზოგადოების სხვა სფეროებსაც უფრო დიდი სიკეთის მისაღებად.

რა არის პარკი არ მინდას სამომავლო გეგმები ან სტრატეგიული მიზნები ნარჩენების მართვისა და მდგრადობის შესახებ?

ახლა რთული დროა გეგმებზე სასაუბროდ. რა თქმა უნდა, გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი შეგროვების პროექტის განვითარება, გავხსნათ ახალი შემგროვებელი პუნქტების. ასევე გვსურს შევქმნათ მრავალფუნქციური ცენტრი, რომელსაც შეეძლება დააკავშიროს ნარჩენების შეგროვება მრავალ განსხვავებულ საგანმანათლებლო და დამხმარე აქტივობებთან, როგორიცაა შეკეთება, შესწორება და მეტი ღირებულების პროდუქტად გადამუშავება. გვაქვს ხედვა, მაგრამ ამის განხორციელების საშუალება ამჟამად არ გვაქვს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ საგანმანათლებლო აქტივობები და ნებისმიერი პროექტი, რომელიც მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლების პროცესს და ქცევის ცვლილებას ნარჩენების შემცირების საბოლოო მიზნის მისაღწევად. ჩვენ გავაგრძელებთ მწვანე ფილმების ფესტივალის ECOCUP Georgia ორგანიზებას საუკეთესო და ყველაზე შთამაგონებელი დოკუმენტური ფილმების ჩვენებით და მათ ირგვლივ დისკუსიის ორგანიზებით.

ასევე გვინდა ვიხილოთ საერთაშორისო თანამშრომლობა მსგავს პროექტებთან სხვა ქვეყნებში. ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება მოითხოვს დიდ შინაგან მოტივაციას და თანამოაზრეებთან ურთიერთობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შთაგონებისა და რწმენისთვის, რომ ჩვენი მცირე ქმედებებითაც კი შეგვიძლია სისტემური ცვლილებების მოტანა.

გააზიარე: