Enter Swedish Lagom – შვედეთის გზა მდგრადობისკენ
Lagom is a Swedish word meaning “just the right amount” or “not too much, not too little”.ლაგომ შვედური სიტყვაა. ითარგმნება, როგორც „ზუსტი რაოდენობა“, „ზომიერება“, “ბალანსი“.
შვედეთი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და შესაბამისად, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. 2022 წლის მონაცემებით, მდგრადი განვითარების მიზნების ინდექსით, ფინეთი, დანია და შვედეთი ლიდერობენ.
მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების მიზეზი ქვეყანაში არსებული დემოკრატიული და მშვიდობიანი გარემო, მდგრადი განვითარების ამბიციური დღის წესრიგი, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, ასევე, ჯანსაღი და დინამიური ბიზნეს კლიმატია. ამ ყველაფერმა კი მდგრად განვითარებას და კეთილდღეობას მძლავრი ფუნდამენტი შეუქმნა.
ქვეყნის 2030 წლის დღის წესრიგში ხაზგასმულია ხელისუფლებას, ბიზნესს, კვლევით ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ურთიერთკავშირზე პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებას შორის, სადაც მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ყოველ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს საფუძვლიანი ანალიზი მდგრადი განვითარების პოტენციური გავლენის შესახებ.
შვედეთს კარგად აქვს გააზრებული, რომ მდგრადი განვითარების კუთხით გარდაქმნას გლობალურ, ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე აქტიური ქმედება სჭირდება.
2020 წელს შვედეთის პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის კანონპროექტი, რომელიც მიზნად 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას ისახავს. შვედეთი 2030 წლის დღის წესრიგს ახორციელებს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების მისაღწევად, თანმიმდევრული ეროვნული და საგარეო პოლიტიკის მეშვეობით. იმპლემენტაცია ხორციელდება დღის წესრიგის „Leave No One Behind“ (არავინ დარჩეს განვითარების პროცესის მიღმა) პრინციპის მიხედვით.
აღნიშნული პრინციპის მთავარი ფუნდამენტი ინდივიდია. თითოეული ადამიანის უფლება, სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ასახულია 2030 წლის დღის წესრიგში და აუცილებელი პირობაა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის დაჩქარებული პროცესისთვის აუცილებელია, არსებობდეს საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე ადამიანის უფლებებათა დაცვის მექანიზმები.
მდგრადი განვითარება შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობების სტრატეგიული პრიორიტეტია. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა შესაძლებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოების სრული ჩართულობით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზოგადოებრივ ჩართულობასა და ადგილობრივი დემოკრატიის როლს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.
შვედეთს კარგად სტრუქტურირებული გარემოს დაცვითი პოლიტიკა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მკაფიო მიზნები აქვს. ამ კუთხით, შვედეთის ხელისუფლება, სხვა ორგანიზაციებსა და ცენტრალურ სააგენტოებთან ერთად, სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა.
როგორ გახდა შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანა
შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანაა. განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და ნახშირბადის დაბალი ემისიების კუთხით, შვედეთი მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ქვეყნების სიის სათავეშია. 2045 წლისთვის, შვედეთში ნახშირბადის ემისიები 85%-დან 100%-მდე შემცირდება. ამისი მიზეზი კი ელექტრო ავტობუსების, ჭკვიანი გზებისა და ურბანული მეურნეობის მიმართ მაღალი ინტერესია. ეკო-ტურიზმი შვედეთში ყოველთვის მოწინავე დარგი იყო. არქტიკული აბანო, რომელიც შვედეთის ლაპლანდიაში მდებარეობს, ხეზე განთავსებული სასტუმრო – TreeHotel და მდგრადობაზე ორიენტირებულის ხვა სასტუმროები ქვეყნის მასშტაბით უხვადაა.
ამას გარდა, შვედეთში ენერგიის უმეტესობა განახლებადი წყაროებიდან იწარმოება. ელექტროავტობუსების, ჭკვიანი გზების, ურბანული მეურნეობის, ნაგვის გადამუშავების სისტემების, ნარჩენების გადამუშავების სისტემების, Food Banks და სხვა რესურსების მეშვეობით, შვედეთი ხელს უწყობს მოსახლეობას, იცხოვრონ მდგრადი განვითარების პირობებში.
მდგრადი ცხოვრება (Sustainable Living)
მოქალაქეების აქტიური ჩართულობა მთავარი მიზეზია, რის გამოც შვედეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ქვეყნად ითვლება. შედეგად, ჰაერის დაბინძურება შვედეთში კუბურ მეტრზე 10.2 მიკროგრამს შეადგენს (შედარებისთვის, ეკონომიკური ჩართულობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ დადგენილი საშუალო ნორმა 20.1-ია).
ევროპული კომისიის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ შვედეთის მოსახლეობის 40%, ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, თვეში ყველაზე მეტ ეკომეგობრულ პროდუქტს მოიხმარს.
მეორადი გამოყენების სამოსის ბაზარი შვედეთში ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა. ვინტაჟური მოდა იმდენად ტრენდული გახდა, რომ მეორადი სამოსის ქსელური მაღაზიები კონკურენციას უწევენ მცირე ზომის ვინატჟურ ბუტიკებს, რომლებიც მეორად ნივთებს ყიდიან.
შვედები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან სასმელების კონტეინერების გადამუშავების საკითხს. ალუმინის ქილებისა და პლასტმასის ბოთლების მიზნობრივი 90%-იდან უკვე 88% გადამუშავდება.
საგზაო რუკა 2050
შვედეთის მიზანია, მსოფლიოში პირველი წიაღისეული საწვავისგან თავისუფალი ქვეყანა გახდეს. ამ მიზნის მიღწევას კი ქვეყანა 2050 წლის საგზაო რუკით აღებული ვალდებულებების მეშვეობით გეგმავს.
პირველი ნაბიჯი 1990 წლის დონესთან შედარებით, სათბური აირების ემისიების 40%-ით შემცირებაა. ასევე, 2030 წლისთვის წიაღისეული საწვავისგან ტრანსპორტის გათავისუფლება.
ნახშირბადის გადასახადი
1995 წელს შვედეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნახშირბადის გადასახადი დააწესა. აღნიშნული გადასახადი დაწესდა ნახშირბადით მდიდარ ისეთ საწვავზე, როგორიცაა ზეთი და ბუნებრივი აირი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა შვედეთის დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე. ნახშირბადის გადასახადის შემოღება ნახშიროჟანგის ემისიების შემცირების ხარჯთეფექტური გზაა.
შვედეთის ხელისუფლება ნახშირბადის დიოქსიდის ემისიების შემცირების გეგმას მეტად სერიოზულად ეკიდება. მაშინ, როდესაც ევროკავშირი ნახშირბადის დიოქსიდის ემისიების შემცირებას 2020 წლისთვის 1990 წელთან შედარებით, 20 %-ით გეგმავდა, შვედეთი ნახშირბადის დიოქსიდის ემისიების შემცირებას 2020 წლისთვის, 2008 წლის მონაცემთან შედარებით, 20%-ით აპირებდა. ქვეყანა გეგმავს, ნახშირბადის დიოქსიდის ემისიები სრულად 2050 წლისთვის აღმოფხვრას.
განახლებადი ენერგია
განახლებადი ენერგიის 52%-ით ენერგოპორტფოლიოში, რომლის უმეტესობასაც ჰიდრორესურსი და ბიოსაწვავი შეადგენს, შვედეთს ევროკავშირში განახლებადი ენერგიის ყველაზე მაღალი პროცენტი აქვს.
„პასიური სახლები“(Passive Houses)
„პასიური სახლები“ მეტწილად ადამიანის სხეულის მიერ გამომუშავებული სითბოთი, ელექტროტექნიკით და მზის შუქით თბება. ენერგოეფექტური პასიური სახლები შვედეთის სხვადასხვა რეგიონში აშენდა.
მდგრადობა და განვითარება მხარდამხარ
შვედური მწვანე მოდელი ბიზნესისა და მდგრადობის ურთიერთინტეგრაციას გულისხმობს. მეზობელ ქვეყნებთან – ნორდიკულ სახელმწიფოებთან ერთად, შვედეთმა გააკეთა განაცხადი, რომ ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით მწვანე ზრდას მეტი გარდაქმნის მოტანა შეუძლია, ვიდრე რისკის.
ეს მოიცავს საზოგადოების ადაპტაციას, გაუმკლავდეს უკვე მიმდინარე ცვლილებებს გარემოს დაცვის კუთხით. ადამიანის მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა ნიშნავს, რომ მომავალ საუკუნეში ტემპერატურა, მინიმუმ, 2 გრადუსით მოიმატებს და ისეთი საკითხები, როგორიცაა საკვების უსაფრთხოება, ექსტრემალური ამინდი და ეკონომიკური რყევები მთელი მსოფლიოსთვის საუკუნეების მანძილზე საგრძნობი იქნება.
მდგრადი საცხოვრებელი (Sustainable housing)
სტოკჰოლმში, სამეფო საზღვაო ნავსადგურის სიახლოვეს მდებარე ახალი „ეკო-უბანი“ ძველ ქარხანას იყენებს საკვები ნარჩენებისგან წარმოებული ბიოგაზით აღჭურვილი ეკომეგობრული სახლების ასაშენებლად, ასევე, უზრუნველყოფს ელექტრო მანქანების დამტენების წარმოებას და ტრამვაის ახალი ხაზის დაგეგმვას, თუმცა, ნამდვილი ინოვაცია კედლებს მიღმა და მიწის ქვეშაა.
შვედები საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, სამჯერ მეტ ენერგიას მოიხმარენ ცივ კლიმატთან საბრძოლველად და მაღალტექნოლოგიური გარემოს უზრუნველსაყოფად, თუმცა, დიდ ქალაქებში ცხოვრება, პოტენციურად, მეტად ენერგოეფექტიურიცაა. სტოკჰოლმის სამეფოს საზღვაო ნავსადგური ეწ. საცდელი მოედანია გლობალური, ინოვაციური ჭკვიანი ენერგო ქსელისთვის, ენერგეტიკულ კომპანიებთან, უნივერსიტეტებთან და მშენებლებთან თანამშრომლობით.
მომავლის ტრანსპორტი (Future transport)
ურბანული ინოვაციები შვედეთის სხვა რეგიონებშიც იკიდებს ფეხს. ქვეყნის სამხრეთით მოსახლეობა უკვე სატვირთო ელექტრო ველოსიპედებს იყენებს სატვირთო ავტომანქანების ნაცვლად. ამ გადაწყვეტილებას ორი მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს – ეკომეგობრულია და ბავშვებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხოა.
სტოკჰოლმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეში, დაახლოებით, 850 ათასამდე ადამიანი იყენებს. მეტროს სისტემა სრულად მწვანე ელექტროენერგიაზე მუშაობს. 2017 წლის შემდეგ ავტობუსები განახლებადი საწვავით მარაგდება, რაც 2025 წლისთვის იყო დაგეგმილი.
გამოწვევა ახლა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაა, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს შვედეთისა და ზოგადად, ევროპის ურბანული მოსახლეობის სწრაფ ზრდაზე.
მომხმარებლის ქცევის შეცვლა (Changing consumer behaviour)
აღნიშნული მიდგომა თანაბრად ახდენს ფოკუსირებას როგორც პროდუქტზე, ასევე, მომსახურებაზე. მდგრადი ეკონომიკის მისაღწევად საკვანძო ფაქტორი არის ის, თუ როგორ იკმაყოფილებენ ადამიანები საკუთარ სამომხმარებლო საჭიროებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პროდუქტს საკუთარი სასიცოცხლო ციკლი აქვს და რომ მყიდველი მისი მომხმრებელი ხდება და არა მეპატრონე. 2015 წელს შვედეთის ხელისუფლებამ ცირკულარული ეკონომიკა მისი ყოველწლიური საპარლამენტო მიმართვის ნაწილად აქცია.
რესურსების ეკონომიიდან ბიოეკონომიკამდე (From resource economy to bioeconomy)
შვედეთის ეკონომიკური გარდაქმნის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ემისიების შემცირებასთან ერთად, ენერგიისა და ინდუსტრიული საქონლის წარმოების ბუნებრივი პროცესის აქტიური გამოყენებაა. აღნიშნული ე.წ. ბიოეკონომიკა იმაზე მეტია, ვიდრე გარემოს დაცვა. შვედეთი პიონერია ბუნებრივი მასალების გამოყენების კუთხით, რომელთა გადამუშავება შესაძლებელია. შვედეთი მდიდარია მდგრადი ბუნებრივი რესურსებით. მოხმარებული ენერგიის უმეტესობა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მოდის. შვედეთის ტყე ხის პროდუქციით ევროკავშირის მთავარი მომმარაგებელია.
ბიოეკონომიკა თამაშის წესებს ცვლის
შვედეთის სატყეო მრეწველობის ფედერაციის მიხედვით, ქვეყნის ტყის ბიოეკონომიკას 14,2 მილიარდი ევროს ოდენობის საექსპორტო ღირებულება გააჩნია და წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიას, სადაც ათასობით ადამიანია დასაქმებული.
ბიოეკონომიკა საკვანძოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შვედეთის ეკონომიკური მომავლისთვის, არამედ ის ცვლის მსოფლიოს მიერ ნედლეულის წარმოებისა და გამოყენების გზას.
გამოწვევები
მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, გამოწვევები რჩება. გლობალურმა პანდემიამ პროგრესი შეაფერხა და არსებული გამოწვევები გაამწვავა. გაიზარდა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა. შვედეთს აქვს გამოწვევები მდგრადი მოხმარებისა და წარმოების, ასევე, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით.
სამომავლო გეგმები
შვედეთი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების კუთხით ლიდერობას და მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერება და ეკოსისტემების აღდგენა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მთავარი წინაპირობაა და შესაბამისად, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი შვედეთისთვის. ქვეყანამ გაზარდა დაფინანსება კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების დასაცავად. გლობალური ჯანდაცვის, მათ შორის, ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის, მათ შორის, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ასევე რჩება შვედეთისთვის პრიორიტეტული მიმართულებებად.
სტატიის მომზადებისას, გამოყენებულია შემდეგი წყაროები:
- https://www.cairn.info/revue-l-europe-en-formation-2009-2-page-157.htm
- https://sweden.se/climate/sustainability/sweden-and-sustainability
- https://sustainabledevelopment.un.org/memberstates/sweden
- https://www.adecesg.com/resources/blog/how-sweden-became-the-world%E2%80%99s-most-sustainable-country-top-5-reasons/
- https://www.government.se/493982/contentassets/3097642c99fc4259a4d218b49be01049/the-2030-agenda-and-sweden–a-summary.pdf