„ევოლუშენის“ სტრატეგია განათლებისა და დასაქმების ხელშესაწყობად

კომპანია „ევოლუშენი“  საქართველოს ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.  კომპანიის მთავარი მიზანი სამუშაოს დაწყების მსურველებისთვის კომფორტული  გარემოს, კონკურენტული ანაზღაურებისა და განვითარების შეთავაზებაა.   

დასაქმების პარალელურად, ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაზღვრავს   „ევოლუშენის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიას. კერძოდ, იმას, რომ ახალგაზრდები კომპანიის დახმარებით არამხოლოდ დასაქმდნენ,  არამედ მათ მიეცეთ იმის საშუალებაც, რომ მიიღონ განათლება, ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტზე, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და შემდეგ გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი.

„ევოლუშენის“ მდგრადობის სტრატეგიაზე ლიკა დგებუაძე გვესაუბრება, „ევოლუშენის“ საქართველოს სტუდიის საოპერაციო ხელმძღვანელი.

გვიამბეთ „ევოლუშენ ჯორჯიას“ საქმიანობისა და პროექტების თაობაზე. რომელია პრიორიტეტული მიმართულებები და ძირითადი სამიზნე ჯგუფები ჩვენს ქვეყანაში?

 „ევოლუშენი“ საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ონლაინ სერვისებისა და ლაივ გადაწყვეტილებების წამყვან პროვაიდერს მსოფლიოს მასშტაბით.  „ევოლუშენი“ თავისი არსითა და სერვისებით  Business 2 Business კომპანიაა და ჩვენს მომსახურებას მომხმარებელი მხოლოდ ლიცენზირებული ოპერატორების გავლით იღებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ევოლუშენი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. კომპანია 7000-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს, რომელთაც სამსახურებრივი გამოცდილების გარეშე შეუძლიათ გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯები მზარდ საერთაშორისო კომპანიაში.

ოპერირების დაწყებიდან დღემდე, კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი და მიმართულება სწორედ დასაქმების ხელშეწყობა და ახალგაზრდების გაძლიერებაა. „ევოლუშენში“ შესაძლებელია როგორც კარიერული, ისე პიროვნული თუ პროფესიული ზრდა, რაც ჩვენს თანამშრომლებს საშუალებას აძლევს დაწინაურდნენ კომპანიაშივე ან მათზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდეს ზოგადად დასაქმების ბაზარზე, რადგან უნარები, რომელთა განვითარებაშიც „ევოლუშენი“ თანამშრომლებს ეხმარება, ღირებული და საჭიროა.

მოგვიყევით „ევოლუშენის“ კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პრიორიტეტების თაობაზე.

ევოლუშენის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საქმის სწორად კეთებაა – Do Right. ამ ღირებულების ქვეშ ჩვენ მოვიაზრებთ არამხოლოდ უშუალოდ საქმიანობისას ყველა შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნისა და პრინციპის დაცვას, არამედ იმ ვალდებულებასაც, რომ საზოგადოებას, რომელშიც ვოპერირებთ, დამატებითი სარგებელი მოვუტანოთ. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში არჩევანი ახალგაზრდების გაძლიერებაზე და განათლების ხელმისაწვდომობაზე შევაჩერეთ. „ევოლუშენის“ კორპორაციული პასუხისმგებლობააარამხოლოდ სამუშაო ადგილები შექმნას, არამედ საქართველოში ახალგაზრდებს მისცეს საშუალება მოემზადონ, მიიღონ განათლება, ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტზე… დაეხმაროს მათ საბაზისო განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და შემდეგ გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი.

გასულ წელს, კონკრეტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, „ევოლუშენმა“ კახეთში, წნორში, მხარი დაუჭირა „ცოდნის კაფეს“ მშენებლობას, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო კერად იქცევა.

ამასთან, ფოთში, ფონდ „Believe”-თან თანამშრომლობით, პროფესიული უნარების ტრენინგები ჩატარდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

2022 წელს, ევოლუშენის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველ 48 ოჯახს ლეპტოპი გადაეცა საჩუქრად და დაუფინანსდა ერთწლიანი ინტერნეტი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის ყველაზე დიდი აქტივობა ჩვენთან ახალ წელს უკავშირდება და ეს ერთგვარი რიტუალია, რომელიც ყველა თანამშრომელს აერთიანებს, რადგან სწორედ მათი ჩართულობით ხდება ორგანიზაციისა თუ ბენეფიციარების შერჩევა.

საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, ჩვენი თანამშრომლების სახელით ვეხმარებით ადამიანებს, ვის ცხოვრებაშიც ამ აქტივობით, გვჯერა, გარდამტეხ ცვლილებებს მოვახდენთ.

ჩვენი ეს ინიციატივა ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მეხუთე პილარს, რომელიც სწორედ განათლების ხელმისაწვდომობაზეა ორიენტირებული.

განათლების ხელმისაწვდომობა ყოველთვის არ გულისხმობს განათლების კონკრეტულ ხარისხს. მსოფლიოში დაახლოებით 103 მილიონი ახალგაზრდა განიცდის საბაზისო ცოდნისა და უნარების დეფიციტს, რაც აუცილებელია მომავალში მათი რეალიზაციისთვის. აქედან 60%  მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. საქართველოში დაახლოებით 78 000  სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი, შესაბამისად, არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სარგებელი და წვდომა საბაზისო განათლებაზე.

ასევე მინდა აღვნიშნო გენდერული თანასწორობის საკითხიც, რომელიც „ევოლუშენისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ვამაყობთ, რომ კომპანიაში ქალთა გაძლიერება ყოველთვის იყო და იქნება ყოველდღიური რუტინის პრიორიტეტული ნაწილი, ამის დასტურია ისიც, რომ „ევოლუშენი“ ინარჩუნებს ჯანსაღ ბალანსს – 50/50-ზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ქალებისა და გოგონებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების სრულყოფას.

ასევე, ვფიქრობ, თითოეული კომპანიის პირდაპირი პასუხისმგებლობაა იზრუნოს ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაზე და ამ გზით იბრძოლოს მსოფლიოში უმუშევრობის წინააღმდეგ.

ჩვენი კომპანიის პირდაპირი მიზანი ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირებაა. საქართველოში არსებული პრაქტიკა, სამწუხაროდ, პირველი სამსახურის დასაწყებად ახალგაზრდებისაგან რთული და ხშირად შესასრულებლად არარეალური პირობების დაკმაყოფილებას მოითხოვდა. „ევოლუშენმა“ საკუთარი Firstjob კონცეფციით საქართველოში უამრავ ახალგაზრდას მისცა საშუალება ყველანაირი სამუშაო გამოცდილების გარეშე, დაეწყოთ მუშაობა საერთაშორისო კომპანიაში.

რა რეკომენდაციები გაქვთ ბიზნესისა და სახელმწიფოს მიმართ კორპორაციულ მდგრადობასა და 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით? რას იტყვით საქართველოს მდგრადი მომავლის თაობაზე? და რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიების მიერ საერთაშორისო სტანდარტების ოპერაციებსა და ბიზნეს სტრატეგიებში ინტეგრირება?

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიებში არის გზა, შევქმნათ უკეთესი სამუშაო პირობები, უკეთესი გარემო, თანაბარი შესაძლებლობები და საბოლოოდ, უკეთესი მომავალი.

ჩვენს დროში, კომპანიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად იქცა ამ პრინციპების გათვალისწინება. კომპანიის როგორც დამსაქმებლის არჩევისას, ჩვენ უკვე არამხოლოდ ძირითად პირობებსა და ბენეფიტებს ვარჩევთ, არამედ გვაინტერესებს მისი  ღირებულებები, სოციალური აქტივობები, კომპანიის როლი მსოფლიოს მდგრად განვითარებაში. მომხმარებლებისთვის თუ პოტენციური მომხმარებლებისთვის  ახლა არამხოლოდ პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხია მნიშვნელოვანი, არამედ ისიც, თუ რა დგას მის უკან, რას აკეთებს კომპანია დამატებით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის შექმნაში, დაიცვას და გააუმჯობესოს საზოგადოება, რომელსაც წარმოადგენს.

ამასთან, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს კომპანიების მხრიდან საწყის პოზიციებზე დასაქმებული ადამიანების გაძლიერებას, მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვას. ჩვენ უნდა გადავხედოთ მოთხოვნებს, რომელსაც ვუყენებთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ სამსახურის დაწყება შეძლონ და, ამასთან, უნდა გადავხედოთ საკუთარ პირობებსა და გაუმჯობესების პერსპექტივებს.

მნიშვნელოვანია მუდმივად თვალი მივადევნოთ იმ ინდიკატორებს, რომლებიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების გაზომვაში გვეხმარება.

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს გარკვეული საკითხების ინტეგრირება, რათა მათი აღსრულება ეფექტიანი იყოს. მსოფლიო  უთანასწორობის პრობლემის წინაშე დგას, რომლის შესამცირებლად, აუცილებელია ეკონომიკურად გაძლიერდნენ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები. გარდა ეკონომიკური თანასწორობისა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსაკუთრებით დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა საკანონმდებლო და პოლიტიკურ დონეზე.

ვალდებულებების ეფექტიან ქმედებებად გარდაქმნის ერთადერთი შესაძლებლობაა, ჩართულმა მხარეებმა, მათ შორის კერძო სექტორმა, აიღონ პასუხისმგებლობები და იმუშაონ კოორდინირებულად საერთო მიზნების მისაღწევად.

გვიამბეთ „ევოლუშენ ჯორჯიას“ სამომავლო გეგმების თაობაზე?

რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ „ევოლუშენი“ გააგრძელებს არჩეულ კურსს. კომპანია ჩვენს ქვეყანაში ზრდას ისევ გეგმავს, თუმცა ბუნებრივია, ზრდის პარალელურად, დამატებით გაჩნდება საჭიროებები ღირსეული სამუშაო გარემოს შესაქმნელად, რომელზე ზრუნვაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მიზანია.

ამასთან, ახალ 2023 წელს ჩვენ ახალი კორპორაციული პასუხისმგებლობით ვხვდებით. ამჯერად, „ევოლუშენის“ სახელით, პლატფორმა სუპერგმირს დავუმეგობრდით და გვინდა, 400-ზე მეტმა ბავშვმა დაბადების დღე განსაკუთრებულად აღნიშნოს.

ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენი თანამშრომელი სუპერგმირია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვთ – წელს ჩვენი ევოლუშენერები/სუპერგმირები ბავშვებს დაბადების დღეების სურვილებს აუსრულებენ. ჩვენი სუპერგმირების სახელით გაწეული დონაცია უკლებლივ 100% -ით ხმარდება ბენეფიციარს და წლის განმავლობაში  ყველა ჩვენს თანამშრომელს ვიდეო თუ ფოტო მასალით ვატყობინებთ მათი ყოვლისშემძლეობის შედეგებს.

ჩვენს სუპერგმირებს კი კეთილი საქმის კეთების მოტივაციისათვის საჩუქარიც გადაეცემათ, რომელიც, თავის მხრივ, ქართული წარმოების გაძლიერებას ისახავს მიზნად და სწორედ ამიტომ დავუმეგობრდით „ალტერსოქსს,“ რომელმაც ჩვენი ჩანაფიქრი რეალობად აქცია.

2023 წლიდან ჩვენი სტუდენტი თანამშრომლებისათვის სპეციალური პროგრამა “ევოს სტიპენდია” ამოქმედდება. პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში და მივცეთ მოტივაცია, გააგრძელონ სწავლა სასურველი მიმართულებით. სამწუხაროდ, ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც უსახსრობის გამო ვერ აგრძელებს სწავლას, ან აქვს უდიდესი სურვილი, თუმცა ვერ იწყებს. ბევრია ადამიანი, ვინც ვერ მოიპოვა ვერც სახელმწიფო და ვერც უნივერსიტეტის დაფინანსება და ჩვენი აქტივობით, გვინდა, ვუთხრათ ჩვენს არსებულ თანამშრომლებს, რომ მათ გვერდით ვართ.

ამასთან ერთად, იზრდება საზოგადოების წინაშე  ჩვენი პასუხისმგებლობა და არსებული ღირებულებების დანერგვის მნიშვნელობა, რაც მოტივაციას გვაძლევს გაეროს მდგრადი განვითარების უფრო მეტ მიზანს დავუჭიროთ მხარი და მათთან შესაბამისობაში წავახალისოთ პარტნიორი ორგანიზაციები, რათა  ერთად შევუწყოთ ხელი ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას. უკეთესი სამუშაო პირობების დანერგვასთან ერთად, გვეამაყება, რომ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას გავაცნობთ კორპორაციული პასუხისმგებლობის პრინციპებს, მათი ჩართულობის მნიშვნელობას და ყოველდღიურობაში დანერგვის გზებს, რაც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას და უკეთესი მომავლისკენ  სწრაფვას შეუწყობს ხელს.

გააზიარე: