ევროინტეგრაცია როგორც ორიენტირი – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აღრიცხვა – ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველი ორგანოა. რეგულაციები, რომლებსაც სამსახური ამკვიდრებს, მიზნად ბიზნესის საქმიანობაში გამჭვირვალობის კულტურის შექმნას ისახავს. მისი მისიაა ეფექტიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის გამჭვირვალობის, ხარისხისა და სანდოობის ხელშეწყობა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გზით.
სამსახურის სტრატეგიულ მიზნებზე, კორპორაციული მდგრადობის პრიორიტეტებზე და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით კერძო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით მჭედლიძე საუბრობს.
სამსახურის სტრატეგიულ მიზნებზე, კორპორაციული მდგრადობის პრიორიტეტებზე და ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით კერძო სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით მჭედლიძე საუბრობს.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ რომ მოგვიყვეთ.
2016 წლიდან, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა მიმდინარეობს. აღნიშნული რეფორმის განხორციელება, კანონმდებლობით სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს – აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველ ორგანოს დაევალა. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია საწარმოების ანგარიშგებების ვებგვერდის წარმოება, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების/წესების სამოქმედოდ შემოღება; აუდიტორების/აუდიტორული ფირმების, სერტიფიცირებული ბუღალტრების, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრების წარმოება და მათი მონიტორინგი, ანგარიშვალდებულ პირთა სასერტიფიკაციო პროგრამების, საგამოცდო პროცესებისა და განგრძობითი განათლების პროგრამების აღიარება და ამ მომსახურებების განმახორციელებელ პირთა მონიტორინგი. ამასთან, სამსახური აქტიურად უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შესაბამისობაშია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებთან.
სამსახურის ხედვა გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი. ჩვენი მთავარი ღირებულებების შესაბამისად საქმიანობას ვახორციელებთ პატიოსნად, ობიექტურად და მიუკერძოებლად, ყურადღებით ვეპყრობით დაინტერესებულ მხარეებს, თვალს ვადევნებთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ დროულ რეაგირებას. ხელს ვუწყობთ სწავლებას და პროფესიის ხარისხიან განვითარებას, ვიკვლევთ და ვნერგავთ საუკეთესო საზედამხედველო პრაქტიკას. სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ დაწვრილებით ვეცნობით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და ვცდილობთ გავიზიაროთ მათი გამოცდილება. ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობისთვის.
სამსახურის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ევროკავშირის რეგულაციების კანონმდებლობაში ასახვა და ეტაპობრივი დაახლოება. ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ რომ მოგვიყვეთ და ამჟამად რომელ დირექტივებზე მუშაობს სამსახური, რომელიც კორპორაციულ მდგრადობას უკავშირდება?
როგორც სამსახურის წლიურ ანგარიშშიც აღვნიშნე, 2023 წლის განსაკუთრებულ მიღწევად ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიმაჩნია, რაც უდავოდ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და ღირებულ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე. აღსანიშნავია, რომ რეფორმა, რომელსაც სამსახური (SARAS) აღრიცხვა-ანგარიშგების, აუდიტისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ზედამხედველობის მიმართულებით ახორციელებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ სამსახურის გუნდის ენთუზიაზმით მიღწეულმა შედეგებმა, თავისი დადებითი როლი ითამაშა ქვეყნისთვის ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ვინაიდან ასოცირების შეთანხმებით დღის წესრიგში დადგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულება – ეტაპობრივი დაახლოება და დინამიური დაახლოება, სამსახურისათვის ორივე მიმართულება სამოქმედო გეგმას წარმოადგენდა რეფორმის საწყისი ეტაპიდანვე, რათა აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში ევროკავშირის სტანდარტები საქართველოს კანონმდებლობაში დაგვენერგა და არაერთი წარმატებული რეფორმა გაგვეტარებინა. სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში არსებულ დირექტივებსა და რეგულაციებთან დინამიური აპროქსიმაციის საკითხზე, კორპორაციული ინფორმაციის, კერძოდ კი კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტის დანერგვა დინამიური აპროქსიმაციის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობაა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების გზაზე. ამ კუთხით, ერთ-ერთ მიმართულებას მდგრადობის ანგარიშგების საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, დაკავშირებული სტანდარტის სამოქმედოდ შემოღება და ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენს.
საქართველოსთვის მინიჭებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ფარგლებში, დინამიური დაახლოების პროცესი მიმდინარე წელს მეტად მნიშვნელოვანი გახდა, შესაბამისად, სამსახურში დაწყებულია პროცესები კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მოთხოვნების დანერგვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა – Corporate Sustainability Reporting Directive (CSRD) გასულ წლებში შეიმუშავა, რომელიც 2023 წლის 5 იანვრიდან შევიდა ძალაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნულმა დირექტივამ აქამდე არსებული არაფინანსური ანგარიშგების დირექტივა ჩაანაცვლა – განახლებული რედაქციითა და მოთხოვნებით. საწარმოებისთვის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მომზადება შესაბამისი სტანდარტის გამოყენებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სავალდებულო გახდება 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის, რომელსაც ადგილობრივ უწყებებს წარუდგენენ 2025 წლიდან. იმისათვის, რომ საქართველომ ფეხი აუწყოს ევროკავშირის მოთხოვნებს, სამსახურმა დაიწყო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან/ექსპერტებთან, რათა უზრუნველყოს მარეგულირებელ დირექტივასთან დინამიური დაახლოება და კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების საქართველოში დანერგვა. აღნიშნული მიზნით, დაიწყო შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წარმართვა სტანდარტების გამომცემ ორგანოსთან (www.efrag.org). ამასთან, სამსახური ეტაპობრივად უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისა და ანგარიშვალდებული საწარმოების ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული წრეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფას.
საყურადღებოა სამსახურის გაცხადებული ხედვა, რომლის თანახმადაც 2024 წლის განმავლობაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამსახური შეიმუშავებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტს, ხოლო 2025 წლისათვის უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/საქართველოს მთავრობისათვის კანონპროექტის წარდგენას შემდგომი ინიცირების მიზნით.
ახალი მარეგულირებელი ჩარჩო დაეხმარება ინვესტორებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მომხმარებლებს, სხვა დაინტერესებულ პირებს, შეაფასონ კომპანიის მდგრადი განვითარების პოტენციალი. რეფორმის აღნიშნული მიმართულება მიზნად მწვანე ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს.
2018 წლიდან პირველი და მეორე კატეგორიის კომპანიებს, ასევე სდპ-ებს აქვთ ვალდებულება მმართველობის ანგარიშგების მომზადების, რამდენად არის მზად კერძო სექტორი კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად და რა არის მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით?
დიახ, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2018 წელს აუდიტირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგებების წარდგენა ევალებოდათ საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს და პირველი და მეორე კატეგორიის სუბიექტებს. კანონის თანახმად, მმართველობის ანგარიშგება სამ კომპონენტს მოიცავს: საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვის ანგარიშგებას და არაფინანსურ ანგარიშგებას. მას თან უნდა ახლდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტორის მოსაზრება მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობისა და იმავე საანგარიშგებო პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებასთან თანხვედრის თაობაზე. მმართველობის ანგარიშგების მიზანია, დაინტერესებულ პირებს სუბიექტის საქმიანობასთან, განვითარებასა და მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის საშუალება მისცეს. აღნიშნული ანგარიშგების დახმარებით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეაფასონ როგორც საწარმოს სამომავლო პერსპექტივები და ძირითადი რისკები, ასევე, ის, თუ რამდენად წარმატებულად შეასრულა მან დასახული მიზნები.
სუბიექტთათვის მმართველობის ანგარიშგების მომზადების პროცესის გამარტივების მიზნით, სამსახურმა შეიმუშავა „მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო“. სახელმძღვანელო მოქნილი, ფართო გამოყენების, სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტია, რომელიც უახლეს საერთაშორისო და მიმდინარე საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და არ წარმოშობს ახალ სამართლებრივ ვალდებულებებს. ის ადგენს ძირითად პრინციპებს, რომელთა დაცვაც სუბიექტთა ანგარიშგებების სათანადო ფორმით წარმოდგენას და შესადარისობას უზრუნველყოფს. „მმართველობის ანგარიშგების სახელმძღვანელო“ გამოქვეყნდა როგორც სამსახურის საიტზე, ასევე ანგარიშგების პორტალზე და ის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი.
სამსახურმა, მმართველობის ანგარიშგების მომზადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით არაერთი ღონისძიება გამართა, რის ფარგლებშიც, საზოგადოებას მმართველობის ანგარიშგებების მომზადების ძირითადი მიზნების, მოწინავე კორპორაციების საუკეთესო პრაქტიკისა და ისეთი თანამედროვე ტენდენციების გაცნობის საშუალება მიეცა, როგორიცაა, მაგალითად, ინტეგრირებული ანგარიშგება.
არსებული მოცემულობით, მმართველობის ანგარიშგების წარდგენის პრაქტიკის გათვალისწინებით, შეინიშნება დადებითი ტენდენცია – ანგარიშვალდებულ საწარმოთა სრული უმრავლესობა სამსახურს კანონის მოთხოვნების დაცვით შედგენილ ანგარიშგებას წარუდგენს.
როგორც უკვე აღინიშნა, კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება ახალი მოთხოვნებით ანაცვლებს არაფინანსური ანგარიშგების ნაწილს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, როგორიცაა მდგრადობის სათანადო პოლიტიკის დანერგვის მიმართულებით შრომატევადი სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი მაჩვენებლებით ანგარიშგების წარმოება, საწარმოებმა აუცილებელია გააცნობიერონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი პარამეტრების მნიშვნელობა კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და სამომავლო ბიზნეს-სტრატეგიაში. სამსახური დაეხმარება საწარმოებს შესაბამისი ინსტრუქციებითა და სახელმძღვანელოებით, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს დანერგვის პარალელურად, ეტაპობრივად შესთავაზებს ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს.
ახალი ევროდირექტივა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების შესახებ ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემოს შექმნას, საწარმოთა მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას და ასევე გააძლიერებს ინვესტორთა ნდობას. იგეგმება თუ არა ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ამ რეგულაციასთან?
როგორც ზევით აღვნიშნე, 2022 წელს, ევროკომისიამ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD) შეიმუშავა, რომელიც 2023 წლის 5 იანვრიდან შევიდა ძალაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. აღნიშნულმა დირექტივამ აქამდე არსებული არაფინანსური ანგარიშგების დირექტივა ჩაანაცვლა – განახლებული რედაქციითა და მოთხოვნებით. საწარმოებისთვის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მომზადება შესაბამისი სტანდარტის გამოყენებით სავალდებულო 2024 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის გახდება, რომელსაც ადგილობრივ უწყებებს 2025 წლიდან წარუდგენენ.
CSRD-ის თანახმად, კომპანიებმა უნდა მოამზადონ კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგება, თუ ისინი წარმოადგენენ:
(1) მსხვილ საწარმოებს, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი საზოგადოებრივი დაინტერესების პირები;
(2) მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (SME) (გარდა მიკრო-საწარმოებისა), რომლებიც არიან საზოგადოებრივი დაინტერესების პირები;
(3) ევროკავშირის არაწევრ საწარმოებს, რომლებიც ევროკავშირის ფარგლებში ფლობენ ფილიალს ან შვილობილ კომპანიას.
კომპანიებს, რომლებზეც ევროკავშირის მარეგულირებელი კანონმდებლობა ვრცელდება, მოეთხოვებათ გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მათ წინაშე არსებულ რისკებსა და გამოწვევებზე გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები. გარდა ამისა, მათ ასევე უნდა გაამჟღავნონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს თავის მხრივ ბიზნესმოდელი ადამიანებსა და გარემოზე.
სამსახური მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საქართველო მოწინავე ადგილზე იყოს საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის კუთხით. სამსახურისთვის 2024 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ მდგრადობის დირექტივის დანერგვა წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ახალი დირექტივების დანერგვა კომპლექსური საკითხია და ცხადია ეტაპობრივად, დროში გაწერილად მოხდება. პირველადი ხედვით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს ზემოაღნიშნული მოთხოვნები საქართველოში გავრცელდეს პირველი კატეგორიის საწარმოებთან და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებთან (გარდა მეოთხე კატეგორიისა) მიმართებაში და ის ამოქმედდეს 2027 წლიდან, 2026 წლის საანგარიშგებო პერიოდთან მიმართებაში.
რა გეგმები გაქვთ ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის?
ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების, ქვეყანაში ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა ჯანსაღი და სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობაა. ჩვენ მიერ უკვე დაწყებული და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.
სამსახურის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების აღსრულებას დადებითი გავლენა ექნება საწარმოზე, კერძოდ, მეწარმეს ექნება სანდო და გამჭვირვალე ანგარიშგება, რომელიც გაზრდის მის რეპუტაციას და დაეხმარება დაინტერესებული მხარეების, ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში. მდგრადობისადმი ძლიერი ერთგულების დემონსტრირება წარმოაჩენს მეწარმის პასუხისმგებლობის გრძნობას. მდგრადობის ანგარიშგების მომზადების პროცესში საწარმო ადრეულ ეტაპზევე ავლენს შესაძლო რისკებს, როგორებიცაა მარეგულირებელი ცვლილებები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება ან რეპუტაციის დაზიანება. ამ რისკების პრაქტიკულმა მართვამ შესაძლოა შეამციროს ხარჯები და თავიდან აიცილოს ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედება. აუდიტის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, კერძოდ აუდიტორთა განათლება, პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება და ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების მონიტორინგი დადებითად აისახება აუდიტორზე, რომელიც მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულებს სამუშაოს.
ჩვენ გვჯერა, რომ ნდობა ქმნის შესაძლებლობებს, შესაბამისად, ვქმნით გამჭვირვალე ბიზნესგარემოს, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელსდა, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ბიზნესს უკეთ ეცოდინება თავისი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და სწორად დაგეგმავენ სამომავლო პერსპექტივას, ინვესტორები თამამად ჩადებენ ინვესტიციებს საქართველოში და საბოლოო ჯამში რეფორმის შედეგები ხელშესახები იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რეფორმის წარმატებით მიმდინარეობაში, ჩვენი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა, ვინაიდან მათი დახმარებით სრულიად უსასყიდლოდ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი აქტივობა (მათ შორის, საწარმოთა ბუღალტერთათვის და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ტრენერთათვის ტრენინგები) განხორციელდა, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კუთხით. საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, წარმატებულ მაგალითად გამოვყოფდი სამსახურსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას. თანამშრომლობის მიზანია სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის (ESG) ანგარიშგების საკითხებში. ასევე, საქართველოში უკეთესი მდგრადობის შესახებ ანგარიშგების განვითარება, მათ შორის ESG-ის კუთხით.
ასევე, ახლახანს დავესწარით მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) მიერ, ავსტრიაში გამართულ ღონისძიებას, სადაც რეგიონულმა პროექტმა – „აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების პროგრამის გაძლიერება (EAASURE)“ – აიღო სტარტი. ხსენებული პროექტი სამსახურისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მდგრადობის ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით არაერთ ღირებულ დახმარებას გაგვიწევს.