„იკეას“ მდგრადი განვითარების სტანდარტები

იკეა – პასუხისმგებლიანი კომპანიების საზრუნავს დღეს, რესურსების მოპოვებასთან ერთად, ამ რესურსების ზრდა, შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.

ისინი ახერხებენ თავიანთი საქმიანობა გარემოს დაბინძურების გარეშე წარმართონ და, მეტიც, გარემოს სასარგებლოდ დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობა.

ამ კომპანიებს შორისაა „იკეა“ – ავეჯისა და სხვა საოჯახო აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი ბიზნესოპერაციები მთლიანად გარდაქმნა და ისინი უფრო მდგრადი გახადა. ეკომეგობრული ბიზნესმოდელი, ნარჩენების გადამუშავება- „იკეას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკვანძო ელემენტებია.

ამ კომპანიებს შორისაა „იკეა“- ავეჯისა და სხვა საოჯახო აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი ბიზნესოპერაციები მთლიანად გარდაქმნა და ისინი უფრო მდგრადი გახადა. ეკომეგობრული ბიზნესმოდელი, ნარჩენების გადამუშავება- „იკეას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკვანძო ელემენტებია.

კომპანიის მიერ მოხმარებული ბამბის 100% წარმოებულია ისეთ ფერმებში, რომლებიც მოიხმარენ ნაკლებ წყალს, ენერგიასა და ქიმიურ პესტიციდებს. ინგკა ჯგუფს, რომელიც არის კომპანიის ყველაზე დიდი საცალო მოვაჭრე, 935,000 მზის პანელი აქვს დამონტაჟებული მაღაზიებში და საწყობებში.

შვედური კომპანია “იკეას” ისტორია 1943 წელს იწყება. მისმა დამფუძნებელმა ინგვარ კამპრადიმ კომპანიაში საქმიანობა ავტოკალმებით ვაჭრობით დაიწყო, ავეჯის რეალიზაციაზე კი „იკეა“ შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ გადავიდა.

კომპანიის მფლობელმა 40-იანი წლების ბოლოს ყურადღება მიაქცია ერთ ფაქტს: იმ პერიოდში შვედეთში ავეჯი იმდენად ძვირი იყო, რომ, ფაქტობრივად, ფუფუნების გამოხატულებად მიიჩნეოდა. ახალგაზრდა ბიზნესმენმა თავისი მაღაზიაში გასაყიდად ყველაზე იაფი ავეჯი შეიტანა.

დაბალ ფასთან ერთად, მთავარ განსხვავებას წარმოადგენდა ის, რომ „იკეას“ ავეჯი იშლებოდა და მოსახერხებელი იყო ტრანსპორტირებისათვის. ავეჯს აწყობის ინსტრუქცია მოჰყვებოდა, რისი საშუალებითაც, მისი სახლში აწყობა იოლი იყო. ეკონომიური,  მრავალფეროვანი დიზაინის, მარტივი ასაწყობი, იაფი ავეჯი – დღემდე ასეთია „იკეას“ პროდუქცა, რომელმაც დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახების ცხოვრება უკეთესი გახადა.

1963 წელს „იკეა“ სხვა ქვეყნების ბაზარზე გავიდა. მაღაზია გაიხსნა ნორვეგიაში, შემდეგ დანიაში, მოგვიანებით- შვეიცარიაში. ევროპის გარეთ პირველი ქვეყანა, სადაც „იკეა“ გამოჩნდა, იაპონია იყო.  1990-იან წლებში კომპანია აშშ-ში შევიდა. 1980-იანი წლებიდან “იკეამ“ საოჯახო ნივთების წარმოებაც დაიწყო, როგორიცაა სარკეები, სათავსოები, ჭურჭელი, სამზარეულოს სხვადასხვა აქსესუარი და ა.შ.

დღეს „იკეა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა მდგრადი განვითარების მკაფიო სტანდარტებით.

 „იკეას“ ხედვის საკვანძო კომპონენტია, შექმნას უკეთესი ყოველდღიურობა ადამიანებისთვის. რაც მოიაზრებს კომპანიის ბიზნესსაქმიანობის გავლენის შესწავლას როგორც მომხმარებლებზე, ასევე იმ ადამიანებზეც, რომლებიც „იკეაში“ მუშაობენ. კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს თანასწორი, მრავალფეროვანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, იზრუნოს ბავშვებზე და დაუცველ ადამიანებზე.

ცირკულარული ეკონომიკა და კლიმატზე ზრუნვა

 „იკეაში“ ამბობენ, რომ კოვიდ 19-მა კომპანიას დაანახა პანდემიის გრძელვადიანი ეფექტი, ასევე კლიმატის ცვლილებასთან და ბიომრავალფეროვნების დაკარგვასთან დაკავშირებული საფრთხეები. 

კომპანიის მიზანია, 2030 წლისთვის კლიმატზე ზრუნვის მაჩვენებლის მაქსიმალური ნიშნულის მიღწევა. ამისთვის „იკეა“ გადადის ცირკულარულ ბიზნეს მოდელზე. ეს ნიშნავს მეტი განახლებადი და გადამუშავებული მასალის გამოყენებას, ნარჩენების აღმოფხვრისკენ მიმართულ ძალისხმევას. კომპანია მზადაა რესურსების რეგენერაციისთვის, ეკოსისტემების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესებისთვის.   

„იკეას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის ნაწილია ტყეებზე ზრუნვა ბიომრავალფეროვნების გასაძლიერებლად, ტყეებზე დამოკიდებული ადამიანების საარსებო წყაროს მხარდასაჭერად და კლიმატის ცვლილების შესამცირებლად. საამისოდ „იკეა“ მასალად იყენებს ხეს უფრო მდგრადი წყაროებიდან: შვედური კომპანიის მიერ ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული ხის მასალის 98% FSC სერტიფიცირებულია ან გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული.

კლიმატზე ზრუნვა „იკეას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის საკვანძო ნაწილია. ეს გულისხმობს სათბურის გაზების ემისიების შემცირებას, გლობალური დათბობის 1.5°C-მდე შეზღუდვის ხელშეწყობას. „იკეა,“ გარემოსდამცველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს საზოგადოებაზე ზრუნვაში სუფთა ჰაერით, სუფთა წყლით, გაუმჯობესებული ჯანმრთელობით, გამძლე ეკოსისტემებით, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებით.

2022 წლის სექტემბრის მონაცემებით,  „იკეა“ აერთიანებს:

  • კომპანიის 250,000 თანამშრომელსა და მათ ოჯახებს
  • 1 მილიარდზე მეტ მომხმარებელსა და მათ ოჯახებს 63 ბაზარზე (თითქმის 775 მილიონი ვიზიტი „იკეას“ 468 მაღაზიაში და 5 მილიარდი ვიზიტი „იკეას“ ვებ-საიტზე გასულ წელს)
  • ათასობით მომმარაგებელსა და მომსახურების მიმწოდებელს და მათ ოჯახებს მთელს მსოფლიოში. „იკეას“ მსოფლიო ქსელში მილიონობით ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ აწარმოოს და გადაიტანოს კომპანიის პროდუქცია
  • საზოგადოებას, სადაც „იკეა“ ოპერირებს

„იკეას“ მდგრადობის სტრატეგია 2030 წლისთვის ასე გამოიყურება:

  • შთააგონოს და შესაძლებლობა მისცეს 1 მილიარდზე მეტ ადამიანს მთელს პლანეტაზე, გახადონ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი
  • ხელი შუწყოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლას, კლიმატზე ზრუნვასა და რესურსების აღდგენას
  • იზრუნოს სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნაზე 

„იკეას“ პროდუქციის შესაქმნელად მრავალი სახის მასალა გამოიყენება. მასალები „იკეას“ ღირებულებათა სისტემაში 52.2%-ს იკავებს. სწორედ ამიტომ, კომპანიაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ფოკუსირებას ისეთ ელემენტებზე, რაც არსებით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. ესაა: ხე, ლითონები, ქაღალდი, ტექსტილი, პლასტმასი. ისინი ერთად წარმოადგენენ მასალებზე “იკეას” მოთხოვნის დაახლოებით 90%-ს, ხოლო მათ შორის ხის ბაზაზე დამზადებული მასალები (wood-based materials) ყველაზე დიდ წილს- 60%-ს- იკავებს.

ლამინირებული ვინირის ხე (LVL) ის მასალაა, რომელიც ბუნებრივი ხის გამოყენებას 40%-მდე ამცირებს. ეს არის თანამედროვე მასალა, რომელიც საკმარისად გამძლეა და შეუძლია ლითონიც კი შეცვალოს გარკვეულ კომბინაციებში, რაც დიდწილად ამცირებს გარემოზე არასასურველ ზემოქმედებას. „იკეა“ ამ ახალ ტექნოლოგიას  ეფექტიანად იყენებს იმისთვის, რომ შექმნას მაქსიმალურად მდგრადი პროდუქტი მინიმალურ ფასად.

2019 წელს „იკეაში“ საუბრობდნენ კომპანიის მიზნებზე 2020 წლის ბოლოსთვის პოლიესტერის 100%-ით რეციკლირებასთან დაკავშირებით. 2020 წლისთვის კომპანიამ  რეციკლირებული პოლიესტერი გამოიყენა წარმოებული ტექსტილის 90%-ში. „იკეას“ მიზანია ეს მაჩვენებელი 100%-სს გაუტოლდეს.

მდგრადი იკეა

„იკეა“ 2028 წლისთვის სამომხმარებლო შეფუთვიდან ეტაპობრივად ამოიღებს პლასტმასს.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა სახის პროდუქტის შეკეთება, ხელახალი წარმოება, ხელახალი გამოყენება და საბოლოოდ გადამუშავება შესაძლებელია, „იკეამ“ შეიმუშავა   პროდუქციის ცირკულარული დიზაინის პრინციპები, რომლითაც ის ამ პროცესს წარმართავს. კომპანიამ შეაფასა 9 500-ზე მეტი პროდუქტი, რათა განესაზღვრა, რამდენად კარგად აკმაყოფილებს ეს პროდუქცია კომპანიის ცირკულარული დიზაინის პრინციპებს. ამან „იკეას“ საშუალება მისცა განესაზღვრა სამოქმედი სქემა, რომლის საშუალებითაც კომპანია 2030 წლისთვის მთლიანად ცირკულარული იქნება.

ცირკულარული დიზაინი გულისხმობს იმას რომ „იკეას„ მიერ წარმოებული პროდუქცია ორიენტირებულია ხანგრძლივ და პრაქტიკულ გამოყენებაზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია საწოლები, რომლებიც ზომის რეგულირების საშუალებას იძლევა- ფაქტობრივად, „იზრდება“ ბავშვთან ერთად და საშუალებას იძლევა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე მრავალი წლის განმავლობაში იყოს ფუნქციური და კომფორტული.  

„იკეაში“ მიიჩნევენ, რომ კომპანიის წარმატება დიდწილად მომხმარებელზეა დამოკიდებული, მასთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაზე- რამდენადაც ეს ქმნის მომავალს. საამისოდ კომპანიაში მუდმივად მუშაობენ ახალ ბიზნესმოდელებსა და კონცეფციებზე. კომპანიის სურვილია, შთააგონოს მომხმარებელი იმისთვის, რომ მან „იკეას“ პროდუქტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს- შეიძინოს, მოუაროს და გაავრცელოს ეს ნივთები ცირკულარული ფორმით.

 „იკეას“ წარმომადგენლობების სულ უფრო მზარდი რაოდენობა უკან იძენს „იკეას“ ავეჯს იმ მომხმარებლებისგან, რომლებსაც ის აღარ სჭირდებათ და ხელახლა ახდენს ამ ხარისხიანი მეორეული ნივთების რეალიზაციას. მაგალითად, შვედეთში, „იკეას“ ერთ-ერთი მაღაზია მთლიანად მეორეული პროდუქციითა დაკომპლექტებული, რაც კომპანიის ცირკულარული ხედვის თვალსაჩინო მაგალითია. 

რესურსების მდგრადი მოხმარებით, კლიმატის ცვლილებისა და მზარდი უთანასწორობის გამოწვევების დაძლევის მცდელობით, სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვით, ადამიანის უფლებების პატივისცემით, „იკეა“ ისწრაფვის უფრო მდგრადი მომავლისკენ. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ „იკეას“ პარტნიორები,  თანამშრომლები და მომხმარებლები.

გააზიარე: