ინტერვიუ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა თანამედროვე მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. ცივილიზებული სამყარო ორ ნაწილად გაიყო: აგრესიის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. საბედნიეროდ, ამ უკანასკნელთა რიცხვი  მცირე აღმოჩნდა, რაც  სულაც არ ყოფილა მოულოდნელი. ადამიანები, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს საშინელი ომის შემაძრწუნებელ კადრებს და ყველანაირად – სიტყვით თუ საქმით, ცდილობდნენ, გვერდში დასდგომოდნენ უკრაინას. მათ შორის იყო საქართველოც. 

საქართველო-უკრაინის  გამორჩეულად კეთილგანწყობილი ურთიერთობის ფონზე ქართველი ხალხი, უპირობოდ, მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერთა რიგებში ჩადგა. საომარი მოქმედებების პირველივე დღეებიდან მოსახლეობამ მკვეთრად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია: იმართებოდა სოლიდარობის აქციები, ადამიანები მღეროდნენ უკრაინის ჰიმნს და სახლებიდან ფენდნენ უკრაინის დროშებს, აგროვებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას. როგორ აღიქვა ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლებამ, რა სახის მხარდაჭერას ელის სამომავლოდ  ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსგან და როგორი იქნება ამ ომის ზეგავლენა მდგრად განვითარებაზე,  საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი გვესაუბრება.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი ერთგვარი წყალგამყოფი აღმოჩნდა ცივილიზებული სამყაროსთვის – 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოჭრის შემდეგ   მსოფლიომ მისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაინახა. საბრძოლო მოქმედებებების დაწყებისთანავე საქართველო გვერდში დაუდგა უკრაინას: ხელისუფლებამ, მოსახლეობამ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებულთათვის დაიწყეს ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება. რა სახის იყო ეს დახმარება და რას ელით  ჩვენი ქვეყნისგან შემდგომი მხარდაჭერის თვალსაზრისით?

– საქართველო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე გვერდში დაუდგა ჩვენს ქვეყანას: პირველივე დღეებში დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა. საქართველოში ვგულისხმობ ქვეყნის მთავრობას, ბიზნესს, აქ მცხოვრებ უკრაინელ აქტივისტებსა და მოხალისეებს და, რა თქმა უნდა, რიგით მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში გააგზავნა თვითმფრინავი 80 ტონა პირველადი მედიკამენტებით, სამედიცინო ხელსაწყოებითა და აღჭურვილობით, სისხლის გადასხმის, მათ შორის, ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთებით. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ თბილისში მოხალისეების მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული ცენტრის მეშვეობით, სადაც თავმოყრილია საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ შეგროვებული პროდუქცია, უკრაინაში გაიგზავნა 1 თვითმფრინავი და 36 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა. ჯამში, 530 ტონაზე მეტი. ომის პირველ, ყველაზე კრიტიკულ თვეებში, ასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს მოქალაქეებმა, მთავრობამ და ბიზნესმა უკრაინას „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით მიაწოდა. კერძოდ, უკრაინის მიერ ფოსტით მიღებული ძირითადი ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობით – 520 ტონაზე მეტი (აპრილის ბოლო რიცხვების მონაცემებით), „საქართველოს ფოსტა“ პირველ ადგილზეა.

არ უნდა დავივიწყოთ ფინანსური მხარდაჭერაც: საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე უკრაინის დასახმარებლად 2,5 მილიონ დოლარზე მეტი ჩაირიცხა. თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, საქართველოში წითელი ჯვრისა და სხვა ორგანიზაციების თანხები  სხვადასხვა სახელმწიფო ანგარიშებზე გადაირიცხა.

უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. მტერი აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მათ შორის, საკვებისა და საწვავის საწყობების განადგურებას. სამხრეთ-აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის გაგრძელების გათვალისწინებით, უკრაინას უკიდურესად სჭირდება ტაქტიკური მედიცინა, მედიკამენტები და საკვები. ამ რთულ პერიოდში მადლობელი ვიქნებით ნებისმიერი დახმარებისთვის.

რას ნიშნავს უკრაინის ომი მდგრადი განვითარებისთვის და ჩვენი კოლექტიური მომავლისთვის, გლობალურად და ქვეყნის დონეზე?

– როგორც ომმა დაგვანახა, მდგრადი განვითარების ნებისმიერი მიღწევა შეიძლება ადვილად ჩამოიშალოს ერთი დიდი სახელმწიფოს სურვილით – უკარნახოს თავისი ნება სხვა სუვერენულ სახელმწიფოს – გენოციდისა და სრულად განადგურების გზით. გაეროს უშიშროების საბჭოს ამ მუდმივმა წევრმა ყველას დაავიწყა ხარისხიანი განათლება, გენდერული თანასწორობა, სუფთა ენერგია, ინოვაციები, კლიმატის ცვლილებები, მშვიდობა და სამართლიანობა. უამრავი ადამიანისთვის, პირველ რიგში, შვილებისა და ოჯახების გადარჩენის, მათი საკვებითა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხი დადგა. ასეთი დრამატული ცვლილებები უკრაინაში მხოლოდ 3 თვის განმავლობაში მიმდინარე ომის მსვლელობისას ვიხილეთ.

ამავდროულად, უკრაინის ომი შეიძლება იყოს გადამწყვეტი იმპულსი გლობალურ პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების პარადიგმაში ტექტონიკური ძვრებისა და გლობალური ეკონომიკური ბაზრების, ლოგისტიკური დერეფნებისა და რეინტეგრაციის პროცესების გადანაწილებისთვის. რუსეთის სანქციებმა და მისმა გაძევებამ ნედლეულისა და საწარმოო ჯაჭვიდან, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანას საშუალება მისცეს, მომდევნო ათწლეულში უფრო მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე გადავიდნენ, გახდნენ ორიენტირებულნი მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, მაღალტექნოლოგიური წარმოების გაზრდასა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაზე. „ურთიერთობების რუსული მოდელის“ გავლენის შემცირებამ, რომელიც ზღუდავდა და ზოგჯერ მთლიანად ანადგურებდა სხვა სახელმწიფოებისა და ხალხების ეკონომიკურ და ადამიანურ პოტენციალს, შესაძლოა, მისცეს მათ უფრო ინტენსიური განვითარების ისტორიული შანსი, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ჰქონიათ. და ეს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ ეხება.

რაც შეეხება უკრაინას, მთავარი პრიორიტეტი ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით დამპყრობლების მიერ წარმოებულ ბრძოლის ველზე გადარჩენა და გამარჯვებაა. უპირობო გამარჯვების შემდეგ, არანაკლებ რთული იქნება ქვეყნის აღდგენა და აღმშენებლობა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ შემუშავებული ე.წ. „მარშალის გეგმის“ საფუძველზე. აგრესორი ქვეყნისგან რეპარაციებისა და შენატანის მიღება, ისევე, როგორც ომის დასრულების შემდეგ სანქციების დახმარებით რუსეთის იზოლაციის გაგრძელება, ასევე გადამწყვეტია ამ თვალსაზრისით.

რაც შეეხება მსოფლიოს, მას დასჭირდება  ახალ რეალობასთან ადაპტირება, გლობალური ეკონომიკური ვარდნის, სასურსათო კრიზისისა და გლობალური ლოგისტიკური სისტემის ცვლილებების შედეგების დაძლევით.

რას ნიშნავს უკრაინის ომი ბიზნესისთვის და რა შედეგები მოაქვს ომს ბიზნეს ლიდერებისთვის, რა რისკები უნდა განიხილონ? როგორ უნდა უპასუხონ კორპორაციებმა რუსეთის შემოჭრას?

– უპირველეს ყოვლისა, უნდა გვესმოდეს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ არის  ბარბაროსული და  რუსული არმიის უსაზღვრო სისასტიკის გამოვლინებით მიმდინარეობს. არ არსებობს ომის დანაშაულები ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რაც რუსებს არ ჩაუდენიათ უკრაინაზე თავდასხმის დროს. რუსეთის შეიარაღებულ აგრესიაზე ადეკვატური სამხედრო პასუხის გარდა, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის სრული იზოლაცია ცივილიზებული სამყაროსგან – ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიერ აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმის უპირობო დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა გაიზიარონ ამ რეჟიმის პასუხისმგებლობა და ფინანსური სარგებლის გამო არსებული შეზღუდვების გვერდის ავლას არ შეეცადონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზოგიერთ მთავრობას მოქალაქეებზე ზრუნვის საფარქვეშ არ სურს ასეთი მსხვერპლის გაღება, ჩვენ ველით, რომ ბიზნესი დაიკავებს პროაქტიულ პოზიციას რუსეთის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერისა და მისი ეკონომიკისთვის დახმარების აკრძალვით, რათა სამომავლოდ ასი ათასობით უდანაშაულო უკრაინელის მკვლელობა აღიკვეთოს.

PARIS, FRANCE – FEBRUARY 24: People gather during a demonstration in support of Ukraine, following Russia’s military intervention, on February 24, 2022, in Paris, France. (Photo by Esra TaÅkın/Anadolu Agency via Getty Images)

უკრაინის ომი გამოცდაა ყველა ბიზნესისთვის. როგორ რეაგირებენ მასზე ქართული კომპანიები? როგორ შეაფასებთ ქართული ბიზნესის გამოხმაურებას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად?

– მხარდაჭერა, რომელიც უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა მიიღო საქართველოდან, ქართველი ხალხისა და ბიზნესისგან, მართლაც უპრეცედენტოა და მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას არ მოიცავს. ომს გამოქცეულ უკრაინელთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა, რომლებიც  საქართველოში აღმოჩნდნენ, მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო მათი შვილებისთვის საცხოვრებლის, სამედიცინო მომსახურების, კვების, დასაქმების და საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით (საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით გაიხსნა ორი საგანმანათლებლო სექტორი თბილისსა და ბათუმში.  უკრაინელ ბავშვებს შეეძლოთ საბავშვო ბაღებში სიარულიც).

დღეს საქართველოში 22,5 ათასზე მეტი უკრაინის მოქალაქეა, რომელთა რიცხვი, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კვლავაც იზრდება. ისინი ისევ იღებენ ყველა საჭირო დახმარებას, მათ შორის, ქართული ბიზნესისგან. ველოდებით საქართველოს მთავრობის მომავალ საკანონმდებლო გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინის მოქალაქეებისთვის შემდგომი დახმარების საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტის შესახებ.

უნდა ითქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ქართული ბიზნესის საუკეთესო პასუხი იქნება ყველაზე ტოქსიკურ ქვეყანასთან ვაჭრობის შეზღუდვა და ქართული საქონლისთვის ახალი ბაზრების მოძიება. ეს გაზრდის რუსეთის ეკონომიკის იზოლაციას და  სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს და საქართველოსაც – კერძოდ, აღმოფხვრის  რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას.

დღესდღეობით ყველაზე აქტუალური შეკითხვა როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ  ომის დროს უკრაინას, როგორც ჰუმანიტარული, ისე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით? კიდევ რა უნდა გაკეთდეს შექმნილ ვითარებაში? როგორ შეუძლია ბიზნესს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის დახმარება?

ომის დაწყების შემდეგ ეკონომიკური აქტივობის ძირითადი ნაწილი შეჩერდა: უკრაინის საწარმოების თითქმის 50%  მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს, ხოლო 9%-მა საქმიანობა შეწყვიტა. რუსულმა ჯარებმა ხიდები და გზები დააზიანეს და გაანადგურეს. ბევრმა სამრეწველო ქარხანამ, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარეობს, მუშაობა შეაჩერა. რუსეთი აგრძელებს უკრაინის პორტების ბლოკირებას შავ და აზოვის ზღვებში, რომლითაც უკრაინას ომამდე ტვირთის 70%-ზე მეტი ექსპორტზე გაჰქონდა: ამის გამო ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად 170 მლნ აშშ დოლარს კარგავს. 2022 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრის უახლესი შეფასებით, უკრაინის მშპ შესაძლოა 30-50%-ით შემცირდეს. EBRD-ის პროგნოზით (10 მაისის მდგომარეობით), უკრაინის მშპ 30%-ით შემცირდება. უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ინფლაციამ შესაძლოა, 20%-ს მიაღწიოს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული მთლიანი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ზარალი უახლოეს წლებში 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ომით გამოწვეული ყოველთვიური ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარია.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ წამოწყებული ომი აუცილებლად უნდა შეწყდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ოკუპანტები დაამარცხონ და ეს აგრესია რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.

თავის მხრივ, უკრაინული ბიზნესი და ინდუსტრია საბრძოლო მოქმედებათა ზონის გარეთ აგრძელებს მუშაობას უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად. უკრაინის ხელისუფლების დახმარებით, საომარი ზონიდან გადაადგილება გრძელდება: ეს პროცესი 400-მა კომპანიამ დაასრულა. აქედან 219-მა განაახლა  ახალ ლოკაციებზე მუშაობა, 520 საწარმო კი გადატანის პროცესშია (22 აპრილის მდგომარეობით). უკრაინის პარლამენტი აგრძელებს კანონების მიღებას, რომლებიც მიზნად ისახავს ომის დროს უკრაინული ბიზნესის მხარდაჭერას, მათ შორის, ბიუროკრატიის შემცირებით, საგადასახადო სისტემის გამარტივებით, იმპორტის გადასახადების მოხსნით, საბანკო დეპოზიტების დაზღვევით და ა.შ.

ომის დასრულების კიდევ ერთი მთავარი წინაპირობაა გარე რესურსებისგან რუსეთისა და მისი ეკონომიკის სრული იზოლაცია, ამიტომ დასავლელი პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. დახმარებათა ჩამონათვალი, რომელიც გვჭირდება საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისგან, ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

– საერთაშორისო ბიზნესმა უნდა დატოვოს რუსეთი და შეწყდეს მის ბიუჯეტში გადასახადების გადახდა (უმსხვილესმა უცხოურმა კომპანიებმა 2020 წელს რუსეთის მთავრობას გადაუხადეს 20,2 მილიარდი აშშ დოლარი გადასახადების სახით, რაც რუსეთის წლიური სამხედრო ბიუჯეტის თითქმის 1/3-ია);

– აუცილებელია რუსეთიდან ინვესტიციების გატანა, წარმოების ობიექტების გადატანა და მიმდინარე კონტრაქტების შეწყვეტა;

– უარი რუსული საქონლის ყიდვაზე, რომელიც აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ კრემლის ომის დაფინანსებას (განსაკუთრებით, ნავთობის, გაზის, ოქროსა და მინერალების);

– რუსულ საქონელზე რუსული რუბლით გადახდებისგან თავის შეკავება;

– რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლით კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვა.

ზოგადად, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს არანაირი შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს უცხოური ბიზნესისა და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიის გამოყენებით.

უკრაინის მთავრობამ დააარსა ოთხი ფონდი უკრაინის არმიისა და ჰუმანიტარული დახმარების, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენის (4 აპრილის მდგომარეობით მიღებული 3 მილიარდი დოლარი), მცირე და საშუალო ბიზნესის ხელახალი გაშვების, საგარეო ვალის მომსახურების მხარდასაჭერად. უკრაინის მთავრობის მიერ შეიქმნა პლატფორმა United24 (https://u24.gov.ua) – თანხების მოზიდვის სისტემატური და გამჭვირვალე პროცესის უზრუნველსაყოფად.

ჩვენი საერთო გამარჯვებისა და ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას დასჭირდება დახმარება ომის შედეგად დაზარალებული ქალაქების რეკონსტრუქციისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. 21 აპრილს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ, რაც დააჩქარებს ამ პროცესების დაწყებას.

გააზიარე: