კომპანიის გარდაქმნის შვედური მოდელი

ავტორი: ნინო კვანტრიშვილი

მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი

ტერმინი „მდგრადი ბიზნესი“ აღნიშნავს კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, გარემოზე ან ეკონომიკაზე.

შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც დაიწყო მუშაობა მდგრადობის მიმართულებით. 1990-იანი წლების დასაწყისში მთავრობამ დაიწყო დისკუსია მდგრადი განვითარების მიმართულებით. იმ დროისთვის ყურადღება მახვილდებოდა მდგრადობის ეკოლოგიურ განზომილებაზე. 

მრავალი კომპანიისთვის მდგრადობა აუცილებლობა და ძირითადი ბიზნესის შემადგენელი ნაწილია, სხვებისთვის კი იგი არასასიამოვნო გამოწვევას წარმოადგენს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს წუხილი მოგების შემცირებასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობის დონეზე ვალდებულების აღების საჭიროება ან უბრალოდ მდგრადობის შესახებ ცოდნის ნაკლებობა. თუმცა, იმის მიუხედავად, კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ეწევა საქმიანობას, თუ მხოლოდ შვედეთით შემოიფარგლება, მდგრადობა გრძელვადიანი მომგებიანობის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ღირებული ინვესტიცაა.

შვედეთი და შვედური კომპანიები დიდი ხანია მოწინავე როლს ასრულებენ მდგრადი განვითარების მიმართულებით, ბიზნესებს კი საკუთარი წვლილი შეაქვთ დადებით განვითარებაში მდგრადობასთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და პროგრამების დახმარებით იმ ქვეყნებში, სადაც ეწევიან საქმიანობას. მომავალზე ორიენტირებული ბიზნესის ლიდერები იყენებენ მეთოდებს, პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესმოდელებს და, ამავე დროს, აქტიურ როლს ასრულებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რამაც შვედური კომპანიები მიმზიდველად აქცია საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ბიზნესპარტნიორებისთვის.

დღეს მრავალი შვედური კომპანია წარმატებით ახდენს ბიზნესისადმი მდგრადი მიდგომის ინტეგრირებას სტრატეგიებსა და ყოველდღიური მართვის პროცესში. შვედურ კომპანიებს ამ სფეროში აქტიური მუშაობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი ბიზნესი?

მდგრადი ბიზნესი აუცილებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ გრძელვადიანი ღირებულების შექმნა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული კომერციული რისკებისა და შესაძლებლობების მართვა. ეს ასევე მნიშვნელოვანია, რათა საწარმო წარმოადგენდეს ძლიერ, პოზიტიურ ძალას, რომლის აქტიური ძალისხმევა მიმართული იქნება მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად. საწარმოები და მათი საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის. მათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რაც გულისხმობს არსებული კანონებისა და რეგულაციების ფარგლებში პროდუქტებისა და მომსახურებების წარმოებას, განაწილებასა და ღია ბაზარზე გაყიდვას. შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ისინი შეუცვლელნი არიან საზოგადოების მდგრადი ეკონომიკური წინსვლის, კეთილდღეობისა და დასაქმების მისაღწევად. ზოგიერთი საწარმოს საქმიანობა უარყოფითადაც შეიძლება აისახოს საზოგადოებაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია კომპანიის მუშაობა ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და რისკების შესამცირებლად. ეს განსაკუთრებით მიზანშეწონილია დღეს არსებული გლობალიზებული სამყაროს პირობებში, როდესაც კომპანიები ყველა ბაზარზე ეწევიან საქმიანობას, სადაც ხვდებიან გამოწვევებს, ხოლო მრავალი ქვეყნის საჯარო ადმინისტრაციული შესაძლებლობები არ შეესაბამება ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების ამოცანას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.

რატომაა მდგრადი ბიზნესი მნიშვნელოვანი შვედეთის მთავრობისთვის?

მდგრადი ბიზნესი აძლიერებს როგორც ღირებულების შექმნის გრძელვადიან პროცესს, ასევე ჩვენს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას.

  • შვედეთის საწარმოები, რომელთაც კარგი ურთიერთობა აქვთ დაინტერესებულ მხარეებთან და, ზოგადად, მსოფლიოსთან, აძლიერებენ რისკების მართვის პროცესებს და უფრო მიმზიდველნი ხდებიან საერთაშორისო დონის ბიზნესპარტნიორებისთვის.
  • სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას გარემო, ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს კარგი სამუშაო პირობები და ხელი შეუწყოს ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას. კომერციულ საწარმოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ მიერ საზოგადოებაზე მოხდენილ ზემოქმედებასთან დაკავშირებით ამ საკითხებთან მიმართებით.
  • მდგრადი ბიზნესი წარმოადგენს ღირებულებებს, რომელთა დაცვა და მხარდაჭერა შვედეთის სახელმწიფოსა და შვედეთის საზოგადოების მიზანია.
  • საბოლოო ჯამში, გრძელვადიანი, მდგრადი ბიზნესმოდელის მქონე კომპანიებს გადარჩენის უფრო მაღალი ალბათობა აქვთ.
  • მდგრადი ბიზნესი განამტკიცებს კომპანიების გრძელვადიან საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.
  • საწარმოები, რომელთაც ღირებულების შექმნის გრძელვადიანი ხედვა აქვთ, უფრო მარტივად მოიზიდავენ ყველაზე მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას. ამ საწარმოების დაფინანსების ხარჯები უფრო დაბალია შემცირებული რისკების  გამო ბიზნესოპერაციებთან დაკავშირებით.

საერთაშორისო რეიტინგები

ევროპის ინოვაციური რეიტინგის (European Innovation Scoreboard) წლევანდელი მონაცემებით შვედეთი დასახელებულია, როგორც ყველაზე ინოვაციური ქვეყანა ევროკავშირში. აქცენტი კეთდება შემდეგ ძლიერ მხარეებზე: გაციფრულება, კვლევა, სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.  2015-დან 2022 წლამდე ევროკავშირის გლობალური პოზიცია ინოვაციურ მუშაობაში გაუმჯობესდა და იგი მიუახლოვდა ისეთ სხვა ინოვაციურ ქვეყნებს, როგორიცაა ავსტრალია, კანადა, სამხრეთი კორეა და აშშ. ევროპის ინოვაციურ რეიტინგს ყოველწლიურად წარადგენს და ახორციელებს ევროკომისია.

მდგრად ინვესტიციებზე სპეციალიზებული საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის „RobecoSAM“ შეფასებით, შვედეთი მეორე ადგილზეა 150 ქვეყნიდან RobecoSAM-ის ქვეყნის მდგრადობის რეიტინგით (ბოლო განახლება 2022 წლის აპრილში), გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) ინდიკატორების შესაბამისად.

საერთაშორის მასშტაბით, შვედეთი კვლავ წარმატებულია ენერგეტიკისა და ეკოლოგიური ტექნოლოგიების მიმართულებით და 180 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს 2022 წლის  ეკოლოგიური საქმიანობის ინდექსის შესაბამისად.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული სხვაობის გლობალური ანგარიში აფასებს და ერთმანეთს ადარებს ქვეყნებს შორის გენდერულ სხვაობებს ეკონომიკური, პოლიტიკური, გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის დაცვის კრიტერიუმების მიხედვით. 2022 წლის ანგარიშში, შვედეთმა 146 შეფასებულ ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა და მას გაუსწრეს ისლანდიამ, ფინეთმა, ნორვეგიამ და ახალმა ზელანდიამ.

მსოფლიო ბანკმა კორუფცია განსაზღვრა, როგორც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე. შვედეთი მეოთხე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2021 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შესაბამისად (გამოქვეყნდა 2022 წელს), ნორვეგიასა და სინგაპურთან ერთად – ხოლო სამი ქვეყანა – დანია, ფინეთი და ახალი ზელანდია იყოფენ ყველაზე მაღალ პოზიციებს. ინდექსი აფასებს 180 ქვეყანასა და ტერიტორიას საჯარო სექტორში კორუფციის აღქმული დონეების შესაბამისად.

მდგრადი ინიციატივების ხელშეწყობა

შვედეთის მთავრობა მოელის, რომ ყველა შვედურმა კომპანიამ, იქნება იგი კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში, დაიცვას ადამიანის უფლებები ყველა ოპერაციის ფარგლებში. იგი წაახალისებს კერძო სექტორს, რათა კომპანიებმა იხელმძღვანელონ ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო მითითებებით მულტინაციონალური საწარმოებისთვის, გამოიყენონ გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი და მისდიონ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ .

ამასთან, შვედეთის მთავრობის მიზანია წაახალისოს კომპანიები, რათა მათ გაზარდონ მუშაობა მდგრადობის მიმართულებით. ამისათვის იგი მოთხოვნებს უყენებს საკუთარ საწარმოებს და, ზოგადად, ხელს უწყობს მდგრადობის ინიციატივებს. შვედეთის მთავრობის საკუთრებაშია სხვადასხვა სიდიდის 46 კომპანია, რომელთაგან ორი კვოტირებულია საფონდო ბირჟაზე. 2007 წელს შვედეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სახელმწიფო საწარმოებისგან მოითხოვა მდგრადობის ანგარიშგება. ანგარიშგება უნდა აკმაყოფილებდეს გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სახელმძღვანელო მითითებებს.

2012 წელს შვედეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სახელმწიფო საწარმოებს რამდენიმე მდგრადი განვითარების მიზნის დასახვა დაავალა. მიზნები უნდა განისაზღვროს კომპანიის საბჭოების მიერ და ისინი ფოკუსირებული უნდა იყოს მრავალფეროვნებაზე, გარემოს დაცვის საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, სამუშაო პირობებზე, ანტიკორუფციულ ღონისძიებებზე, ბიზნესის ეთიკასა და გენდერულ თანასწორობაზე. ამასთან, მიზნები უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის საქმიანობას, იყოს გაზომვადი და კონკრეტული.

შვედეთი ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც 1991 წელს შემოიტანა CO2-ის გადასახადი, რაც დღემდე წარმოადგენს შვედეთის კლიმატის პოლიტიკის ქვაკუთხედს.

მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, მდგრადი ბიზნესის პრაქტიკას უნდა განსაზღვრავდეს და მისი თანაზიარი იყოს კერძო სექტორი, როდესაც თითოეული კომპანია გადაწყვეტს, იმუშავებს თუ არა და როგორ იმუშავებს იგი მდგრადობასთან მიმართებით. შვედეთის მთავრობის მიზანია მართოს მაგალითების დახმარებით და მას შექმნილი აქვს სპეციალური პლატფორმა საერთაშორისო მდგრადი ბიზნესისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დიალოგს საზღვრებს მიღმა და მიაღწიოს პოზიტიურ ცვლილებებს. ამასთან, შვედეთის მთავრობას ასევე ჰყავს მდგრადი ბიზნესის ელჩი.

მდგრადი ბიზნესის განსხვავებული ასპექტები

ამჟამად შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ინოვაციების, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისა და ექსპორტის საკითხებში, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მშენებლობა, ნარჩენების გადამუშავება და ურბანული დაგეგმარება.

გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და ცოდნის მაღალი დონისა და მკაცრი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ერთობლიობამ შვედეთის კომპანიების ეკოლოგიური ინოვაციურობა და ოპერაციების ეფექტიანობა გამოიწვია. ხშირად ხორციელდება დაბალი ზემოქმედების მქონე წარმოების ტექნიკის სხვა ქვეყნებში ექსპორტი, განსაკუთრებით ინდუსტრიულ წარმოებაში.

განვიხილოთ, თუ როგორ აისახა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობა შვედეთის ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებზე. ამჟამად შვედეთის ენერგიის წარმოების 54%-ზე მეტი განახლებად წყაროებზე მოდის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ნარჩენების მართვის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების 99.2%-ის მეორადი გამოყენება და გადამუშავება (2019). დიდი რაოდენობით ნარჩენები გამოიყენება ბიოსაწვავის წარმოების, ცენტრალური გათბობის, ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით და ქალაქის მრავალი ავტობუსი მუშაობს ბიოგაზზე, რომელიც მიღებულია ნარჩენებისა და მუნიციპალური კანალიზაციისგან. ბოლო წლებში ადგილი ჰქონდა თბური ტუმბოების გამოყენების ზრდას, რაც კიდევ უფრო ზრდის განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილს. ელექტროენერგეტიკის სექტორში ჰიდროელექტროენერგია განახლებადი ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში შვედეთში განხორციელდა უზარმაზარი ინვესტიციები ხმელეთსა და ღია ზღვაში განთავსებულ ქარის ელექტროსადგურებში.

ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მდგრადობის საკითხებთან დაკავშირებით შვედეთში მიმდინარე მრავალ საინტერესო მოვლენას შორის. მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში შვედეთის წარმატებული გამოცდილება და ცოდნა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, სადაც აუცილებელია მოსახლეობის ზრდადი საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების გამოწვევების გადალახვა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.

მდგრადი ბიზნესი მომგებიანი ბიზნესია

გრძელვადიანი მდგრადი ზრდა მიიღწევა მხლოდ ამბიციით და მოქმედების გზით. მკაფიო მდგრადი ხედვის მქონე გრძელვადიანი ამბიციური მიზნები უნდა გაერთიანდეს ვიწროდ ლოკალურ მოკლევადიან გადაწყვეტილებებთან და მოქმედებებთან. ეს იქცა შვედეთის ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად ახალი ინდუსტრიებით, ინოვაციებითა და სამუშაო ადგილების შექმნით. და ასევე მოხდება თქვენი ბიზნესის შემთხვევაშიც: მხოლოდ რამდენიმე უპირატესობა რომ დავასახელოთ, მდგრად განვითარებაში ინვესტიციების ჩადება ამცირებს ნარჩენებს (და ხარჯებს), ქმნის ახალ ბიზნესმოდელებს, შემოსავლების ნაკადებს და ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას და ერთგულებას.

ეჭვგარეშეა, რომ ბიზნესის კეთების შვედური მოდელი არის „მართებული ქმედება“ და შვედურ მიდგომას ბევრი თუ მიბაძავს, ვიცხოვრებთ უფრო ინკლუზიურ, ჯანმრთელ და ბედნიერ სამყაროში.

წყაროები:

გააზიარე: