კორუფციასთან ბრძოლის მეათე პრინციპის 20 წლის იუბილე
წინასიტყვაობა
სანდა ოჯიამბო, გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე, მოსალოდნელ გამოწვევებზე და კერძო სექტორის როლის მნიშვნელობაზე გლობალური ანტიკორუფციული დღის წესრიგის წინსვლაში.

სანდა ოჯიამბო, გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი
რა ძირითადი ეტაპები იქნა მიღწეული ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ანტიკორუფციული ინიციატივების ხელშეწყობის კუთხით და რა არის გაეროს გლობალური შეთანხმების ძირითადი მიზნები 2030 წლისთვის?
2024 წლის სექტემბერში, მომავლის სამიტმა და „პაქტმა მომავლისთვის“ მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, ხელახლა გაგვეაზრებია ჩვენი გლობალური სისტემები, პასუხი გაგვეცა არსებულ გამოწვევებზე და დაგვეცვა მომავალი, რომლისკენაც ყველანი მივისწრაფვით. კორუფციის დაძლევა ამ ძალისხმევის აუცილებელ და მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება დაარსდა, კორუფცია ტაბუდადებულ თემად ითვლებოდა. ბიზნეს ლიდერებს უჭირდათ იმის აღიარება, რომ კომპანიები, შესაძლებელია, ყოფილიყვნენ როგორც ამ დანაშაულის მსხვერპლნი, ასევე მისი ჩამდენნი.
თუმცა, გაეროს კორუფციის წინააღმდეგ 2003 წლის კონვენციის (UNCAC) მიღების შემდეგ, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ კერძო სექტორის ლიდერობა და ჩართულობა გადამწყვეტი იყო კონვენციის წარმატებისთვის. ისეთმა განათლებულმა და გამოცდილმალიდერებმა, როგორიცაა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი, გადადგეს კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, რის შედეგადაც, 2004 წელს მიღებულ იქნა ჩვენი მეათე პრინციპი.
დღეს, კერძო სექტორს, თავისი რესურსებით და გამოცდილებით, სულ უფრო მეტი წვლილი შეაქვს ამ ბრძოლაში. მინდა, გამოვყო სამი სფერო, რომელშიც მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.
პირველი – კომპანიებს შეაქვთ წვლილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ დღის წესრიგში.
გასულ წელს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC) თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციაზე (CoSP), პირველად ვუმასპინძლეთ კერძო სექტორის ფორუმს. კონფერენციის მსვლელობისას, წარმოვადგინეთ 91 ქვეყნიდან 500-ზე მეტი კომპანიის მიერ ხელმოწერილი ,,მოწოდება მოქმედებისკენ”, რომელიც მთავრობებს ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებასა და წახალისებისკენ მოუწოდებს. მთავრობებმა ამ გამოწვევას უპასუხეს – 190 ქვეყანამ აიღო ვალდებულება, დანერგოს ბიზნესის კეთილსინდისიერებისათვის ხელშემწყობი და წამახალისებელი ზომები.
მეორე – ერთობლივი ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნორმად იქცა მსოფლიოში. გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ნახევარზე მეტი მოწადინებულია, ჩაერთოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ძალისხმევაში. კომპანია „სიმენსის“ კეთილსინდისიერების ინიციატივის[1] მხარდაჭერით, მათი რიცხვი ბოლო ათწლეულის განმავლობაში გასამმაგდა .
ერთობლივი ძალისხმევა გვაძლევს საშუალებას, ვებრძოლოთ კორუფციას სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ერთობლივი საქმიანობისა და მათ მიერ შექმნილი ალიანსების მეშვეობით, რაც გვაძლევს საშუალებას, მრავალი მხრიდან მიუდგეთ აღნიშნულ პრობლემას და მოვიძიოთ მისი გადაჭრის გზები. ამ ერთობლივი ძალისხმევის საბოლოო მიზანია ბაზრის ყველა მოთამაშისთვის სამართლიანი და თანაბარი საბაზრო პირობების შექმნა და კორუფციით ცდუნების აღმოფხვრა.
და მესამე – ჩვენ შევესწარით ევოლუციას შესაბამისობიდან კეთილსინდისიერებამდე და მის ფარგლებს გარეთ.
დღეს კომპანიები სცილდებიან ტრადიციული კორპორაციული მმართველობის ჩარჩოებს, ან,უბრალოდ, საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობას და მოქმედებენ, როგორც პასუხისმგებლიანი, კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც მიისწრაფიან დადებითი ზეგავლენა მოახდინონ იმ ეკოსისტემაზე, სადაც საქმიანობენ. ამის მისაღწევად, გაეროს გლობალურმა შეთანხმებამ შეიმუშავა მიდგომა ტრანსფორმაციული მმართველობისადმი, რომელიც მოითხოვს კომპანიებისგან, იყვნენ არა მხოლოდ ანგარიშვალდებულნი და ეთიკურად, გამჭვირვალედ წარმართონ თავიანთი საქმიანობა, არამედ გაითვალისწინონ მათი გავლენა საზოგადოებასა და გარემოზედა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის (SDG) შესაბამისად გადადგან კიდევ ერთი ნაბიჯი წინ სამართლიანობის, მშვიდობისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის.
ახლა საუბარია არა მხოლოდ კორუფციასთან დაკავშირებული რისკების, ხარვეზებისა და სავარაუდო ხარჯების – იურიდიულ თუ ფინანსური-ინდივიდუალურ პრევენციასა და შერბილებაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ერთობლივად შემუშავებული და დანერგილი კეთილსინდისიერების ძლიერი კულტურის შესაძლებლობებისა და მიღებული სარგებლის გამოყენებაზე.
ახლა, როდესაც აღვნიშნავთ მე-10 პრინციპის 20 წლის იუბილეს, როგორ ხედავთ გაეროს გლობალური შეთანხმების როლს კორუფციის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის ხელშეწყობაში?
ჩვენი გზა ერთობლივი ძალისხმევისკენ გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმების ფარგლებში, დაახლოებით, 15 წლის წინ დაიწყო „სიმენსის“ კეთილსინდისიერების ინიციატივის მხარდაჭერით. ამდენი წლის პარტნიორობა და დაგროვილი გამოცდილება გარდაიქმნა ოფიციალურ მეთოდოლოგიად, რომელიც წარმოდგენილია სახელმძღვანელოში “გაერთიანება კორუფციის წინააღმდეგ: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის სახელმძღვანელო”[2] და ელექტრონული სწავლების კურსში „ერთობლივი ძალისხმევის განხორციელება კორუფციის წინააღმდეგ“[3], რომელსაც უკვე იყენებენ მონაწილეთა მოსამზადებლად 91 ქვეყანაში.
დღესდღეობით, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების ნახევარზე მეტს ესაჭირობა სახელმძღვანელო მითითებები, რათა საკუთარ ქვეყნებში არსებული გამოწვევების დასაძლევად ჩაერთონ კორუფციის წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევაში. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ამ მნიშვნელოვანი პროგრამების რამდენიმე მაგალითი.
უკრაინის ქსელის ძალისხმევა ბიზნესის კეთილსინდისიერების მხარდასაჭერად ომის დროს მოიცავს უკრაინის აღდგენის ბიზნეს შეთანხმების ხელშეწყობას, ანუ, გამჭვირვალობის ვალდებულებას, რომელსაც 600-ზე მეტმა კომპანიამ მოაწერა ხელი.
მიმდინარე წელს, ბაზელის მმართველობის ინსტიტუტისგან, ბრაზილიის ქსელმა მიიღო ორი საერთაშორისო ჯილდო მისი ანტიკორუფციული ერთობლივი ძალისხმევისთვის და ასევე, მიენიჭა წევრობა გამჭვირვალობის ეროვნულ საბჭოში.
ასევე, ჩვენმა ქსელმა კენიაში, მონაწილეობა მიიღო პოლიტიკის შემუშავებაში ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი საბაზრო პირობების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავდა ქრთამის წინააღმდეგ მიმართულ რეგულაციებს და კენიის კეთილსინდისიერების გეგმას.
[1] Siemens Integrity Initiative
[2] Uniting against Corruption: A Playbook on Anti-Corruption Collective Action