მდგრადი მოდა ქართულად და თანამედროვე მოდის ინდუსტრიის თავისებურებები

თანამედროვე მოდის ინდუსტრია საინტერესოდ ვითარდება: ერთი მხრივ, სახეზეა მუდმივი ცვლილებების ტენდენცია და სწრაფი მოდის  ზეიმი, მეორე მხრივ, ჭარბი წარმოებისა და გარემოს დაბინძურების მიმართ ეკოლოგიის დამცველთა პროტესტი. მნიშვნელოვანია, რომ  ამ ყველაფერს თავად მოდის სფეროს წარმომადგენლებიც ეწინააღმდეგებიან და ყურადღების მიქცევას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

აღნიშნულმა ტალღამ  საქართველომდეც მოაღწია. საინტერესოა ონლაინმაღაზია „ფაბერი“-ს კონცეფცია, რომელიც ხარისხიანი სამოსისა და აქსესუარების ხელახლა ყიდვა-გაყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნული პრაქტიკა დიდი ხანია დამკვიდრებულია სხვა ქვეყნებში.  როგორ მუშაობს ეს მოდელი საქართველოში და როგორია მისი როლი მდგრადი მოდის განვითარების პროცესში? „ფაბერის“ თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე და კომპანიის მდგრადი მოდის ელჩი, თაკო ნაცვლიშვილი გვესაუბრებიან  პლატფორმის საქმიანობასა და  სამომავლო გეგმებზე. 

ანანო დოლაბერიძე, ონლაინმაღაზია „ფაბერის“ თანადამფუძნებელი

– დიდი ხანი არ არის, რაც თქვენი პლატფორმა  ონლაინსივრცეში გამოჩნდა, თუმცა უკვე მოახერხა, შეეძინა  ერთგული მომხმარებელი. რა გახდა ამის მიზეზი, რით აღმოჩნდა  „ფაბერის“ კონცეფცია მიმზიდველი?

– საერთაშორისო ბაზარზე „სოციალური შოპინგი“ საკმაოდ პოპულარულია. „ფაბერი“ არის ონლაინპლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია იყიდოს და გაყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის სხვადასხვა საშუალება. აპლიკაციის იდეაა,  ადამიანმა გაყიდოს სამოსი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადა და აღარ სჭირდება. მეორე მხრივ, შეძლოს ასეთივე ნივთების შეძენა. ჩვენი პლატფორმა თითოეულს საშუალებას აძლევს, აქციოს თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად, ჰყავდეს ერთგული მიმდევრები და მყიდველი, „ფაბერი“ კი უზრუნველყოფს გაყიდული ნივთების მიტანის სერვისს, ხარისხის კონტროლს, შეფუთვას, მარკეტინგსა და ონლაინგადახდების სისტემას.

– „ფაბერის“  ერთ-ერთი  მიზანი მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.  რამდენად აქტუალურია ეს საკითხი თანამედროვე მსოფლიოში? რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში და რას აკეთებთ ამ თემის გასააქტიურებლად?

– მოდის ინდუსტრია დაბინძურების მხრივ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კვლევების მიხედვით, ადამიანები თავიანთი გარდერობის დაახლოებით 80 პროცენტს არ იყენებენ. მისი დიდი ნაწილი ხშირად ნაგავსაყრელებზე ხვდება და ყოველწლიურად მილიონობით ტონას შეადგენს. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს მდგრადი მომავლის შექმნაში. მდგრადობა, პირველ რიგში, პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაა –  ყოველდღიურ წვრილმანებში უნდა ვეძებოთ გამოსავალი. მნიშვნელოვანია საზოგადოებამდე სწორი მესიჯის მიტანა –  რომ  ეს არ არის ინდივიდუალური, ლოკალური პრობლემა, რომლის უარყოფითი მხარეები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს ან სფეროს აზიანებს. საკითხი გლობალურია და  საზოგადოების ჩართულობას საჭიროებს. სამწუხაროდ, საქართველოში ეს თემა  ნაკლებად მნიშვნელოვანია. მოსახლეობას ამ კუთხით ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოდის მდგრადი და ცირკულარული მომავლის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

–  „ფაბერის“ სლოგანია reuse,resell, repeat – რაც ხელახალ გაყიდვებს და ბრუნვადი მოდის  კონცეპტს ეფუძნება. როგორ ეხმარება ეს მოდელი   ეკოლოგიის გადარჩენას და რამდენად შეიძლება განვიხილოთ  ეკოინოვაციის  ერთგვარ შემადგენლად? 

– დიახ, ჩვენი მიზანიც ეს არის – „ფაბერის“ მომხმარებლამდე მივიტანოთ სწორი მესიჯი, რას ნიშნავს იყო ცირკულარული მოდის მომავლის მონაწილე და რატომაა მნიშვნელოვანი. ვცდილობთ, ხშირად ვისაუბროთ ამ თემაზე და კონკრეტული მაგალითებით ვაჩვენოთ, რა გავლენა აქვს ერთი შეხედვით, უმნიშვნელო გადაწყვეტილებას ეკოლოგიაზე; რომ  თითოეული ადამიანის მცირედი ძალისხმევა საბოლოო ჯამში, შედეგიანია და აუცილებელია ყოველდღიური ქცევების შეცვლა, დაფიქრება ამაზე.

– ცოტა ხნის წინ ცნობილი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი „ფაბერის“ მდგრადი განვითარების ელჩი გახდა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რა ერთობლივი პროექტები იგეგმება ეკომეგობრული მოდის განხრით მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებლად?

– მდგრადი მოდის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და ეკოაქტივიზმის ხელშეწყობა პრევენციული ქმედებაა, რომელიც აუცილებლად შეცვლის არსებულ სურათს. ამიტომაც დავიწყეთ თანამშრომლობა თაკო ნაცვლიშვილთან. მასთან ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან საინტერესო პროექტებს, როგორიცაა  – Green Round Table Talks, რომელიც მოიცავს აქტუალურ დიალოგებს და ინიციატივებს მოდის მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენი ახალი ინიციატივაა, გარემოსთვის საზიანო პოლიეთილენის პარკის მრავალჯერადი გამოყენების ჩანთით ჩანაცვლება. Phubber x Tako Nats ჩანთების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ტენდენციური დიზაინის აქსესუარი შეგვიძლია ყოველდღიურად სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. ამასთან, არც გარემო დავაბინძუროთ და მოდურებიც ვიყოთ.

– როგორია  თქვენი  გეგმები  – რა მიმართულებით აპირებთ განვითარებას?  როგორ გესახებათ „ფაბერის“ მსგავსი ონლაინმარკეტების მომავალი და რამდენად შეძლებენ ისინი კონკურენცია გაუწიონ სწრაფი მოდის ინდუსტრიას?

– „რისეილი“, ანუ ხელახლა გაყიდვა მსოფლიოში ძალიან აქტუალურია. ბიზნესის კუთხით თუ შევხედავთ, უახლოეს წლებში ეს ბაზარი 64 მილიარდს მიაღწევს და  როგორც სწრაფ, ისე luxury მოდასაც გადაუსწრებს. „რისეილი“  ნელ-ნელა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტრენდი ხდება მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი განვითარება და გეგმებიც იქითაა მიმართული, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს ეს პროცესი მუდმივი და საინტერესო.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს  ტექნოლოგიების განვითარებაზე. უახლოეს პერიოდში „ფაბერში“ ვიხილავთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მომხმარებელს მასზე მორგებულ კატალოგს შესთავაზებს. ვცდილობთ, სხვადასხვა საშუალებით კიდევ უფრო დავხვეწოთ მომხმარებლის გამოცდილება და  არჩევანი გავუადვილოთ. სწრაფ მოდასთან კონკურენცია არ არის მარტივი და ალბათ, ხელახალი გაყიდვები სრულად ვერც ჩაანაცვლებს, მაგრამ ნელ-ნელა რომ შევამციროთ ამ ტიპის პროდუქციის მოხმარება, სწრაფი მოდის წარმოებაც დაიკლებს და უფრო მეტად მიუახლოვდება ისეთ პროდუქტს, რომელიც ნაკლებად დააზიანებს გარემოს, ნაკლებად გამოიყენებს ბუნებრივ რესურსს და ა.შ.

თაკო ნაცვლიშვილი, „ფაბერის“ მდგრადი მოდის ელჩი, მოდელი

– ბოლო პერიოდში სწრაფი მოდისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში ნელ-ნელა  იცვლება.  გარემოზე მზრუნველი ადამიანები ეწინააღმდეგებიან   ამ  ინდუსტრიის მავნე ზემოქმედებას და მისგან მომავალ საფრთხეებს ებრძვიან. როგორია თქვენი, ახალი თაობის მოდელის დამოკიდებულება ამ პროცესების მიმართ?

– რამდენიმე წლის წინ, ჩემი სამოდელო საქმიანობის დასაწყისში, მოდის მდგრადობასთან დაკავშირებულ საკითხებს საზოგადოება და თავად ამ ინდუსტრიის შემოქმედებიც ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა დროსთან ერთად ბევრი რამ იცვლება და დღესდღეობით ეს პრობლება მთელ მსოფლიოში აქტუალურია. პასუხისმგებლიანი ბრენდები სულ უფრო მეტად ფიქრობენ ეკომეგობრული პროდუქციის შექმნაზე, რათა ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს და ეკოლოგიას.  ეს საკითხი არ არის იოლად მოსაგვარებელი და დიდი ძალისხმევა სჭირდება, თუმცა ყველას, მომხმარებელსაც და მწარმოებელსაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მის დაჩქარებაში: ბრენდები რაც შეიძლება მეტად უნდა დაფიქრდნენ ეკომეგობრული ბიზნეს-მოდელის შექმნაზე, მომხმარებელმა კი თავისი ქცევითა და არჩევანით აიძულოს მწარმოებლები მოდის გაჯანსაღებასა და პასუხისმგებლიანი კამპანიების დაგეგმვაზე.

– რა იყო მიზეზი, რის გამოც  „ფაბერისმდგრადი განვითარების ელჩობაზე დათანხმდით? რით არის  თქვენთვის მნიშვნელოვანი ეს საქმიანობა?

– მდგრადი მოდის და ზოგადად, მდგრადი განვითარების საკითხები ჩემს ცხოვრებაში იტალიაში, უნივერსიტეტში სწავლისას შემოვიდა, სადაც დიდ დროს ვუთმობდით ამ თემატიკას, ვაკეთებდით უამრავ პროექტს მდგრადი მოდის მიმართულებით. სწორედ მაშინ მივხვდი, რამდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხია. გადავწყვიტე, საქართველოში უფრო მეტად ჩავრთულიყავი ამ პროცესში და შეძლებისდაგვარად ამემაღლებინა ამ კუთხით ადამიანების ცნობიერება. „ფაბერის“  მიზნები დაემთხვა ჩემს ინტერესებს –  ამ პლატფორმის ბიზნესმოდელიც მდგრადი და ბრუნვადია და ეკოლოგიაზე მოდის მავნე გავლენის შემცირებას ითვალისწინებს. ამიტომაც გადავწყვიტე მათთან თანამშრომლობა.

 რას ნიშნავს თქვენთვის მდგრადი მოდის ელჩობა და როგორ აპირებთ ამ  მისიის განხორციელებას?

– მდგრადი მოდის ელჩობა მნიშვნელოვანი მისიაა და პირველ რიგში, ნიშნავს უკეთესი მომავლის შექმნას, საკუთარი წვლილის შეტანას მდგრადი მოდის პოპულარიზაციასა და უფრო პასუხისმგებლიანი, გამჭვირვალე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. „ფაბერთან“ ერთად ბევრი საინტერესო აქტივობა ჩავატარეთ: ფოტო და ვიდეოკამპანიები, საგანმანათლებლო სახის ვიდეოები,  რუბრიკა green talks, სადაც საინტერესო ადამიანებთან ერთად  მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ. ერთობლივად გამოვუშვით მრავალჯერადი ჩანთები პოლიეთილენის პარკების გამოყენების ჩასანაცვლებლად და შესამცირებლად. სამომავლოდ ამ საკითხის პოპულარიზაციისთვის კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ.

როგორ შეიძლება შეცვალოს მოდის ინდუსტრიის მომავალი მდგრადი მოდის განვითარებამ ?

–  დიდი ხანია, მოდა ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი უდიდესი კონტრიბუტორია – ძირითადად, მისი არამდგრადი და არაეკოლოგიური წარმოების მეთოდების გამო. მაგრამ მოდა იცვლება და ბრენდები უფრო მდგრადი ქსოვილებისა და წარმოების მეთოდებზე გადადიან. კვლევების მიხედვით, მომხმარებლის 88 პროცენტს სურს, ბრენდები ეკომეგობრულად ცხოვრებაში დაეხმარონ. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ მოდის მომავალი არის და იქნება ეკომეგობრული და მდგრადი.

ბრენდები ცვლიან თავიანთ ბიზნესს, სტილს, ხდებიან უფრო გამჭირვალე. მომავალში გამჭვირვალობა სავალდებულო იქნება, რათა მიწოდების ჯაჭვის ყველა პროცესი კარგად ჩანდეს და მომხმარებელი დარწმუნდეს კომპანიის  მდგრადობაში.  ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთვის.

გააზიარე: