მონაცემთა ანალიზის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში
მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიაში მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც AI სფეროში მომუშავე კომპანიები საქართველოში დგანან, არის კერძო და სახელმწიფო სექტორის არასათანადო მზაობა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტების აქტიურად დანერგვისთვის.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ეს პროდუქტები ერთდროულად კონკურენტული უპირატესობის მოპოვების საშუალებასაც იძლევა და ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება.

როგორ შეცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ინდუსტრიას საქართველოში და როგორ შეიძლება AI და მონაცემთა ანალიზი კერძო სექტორმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გამოიყენოს- ამის შესახებ მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის დამფუძნებელი რატი სხირტლაძე საუბრობს.
რა არის მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიის მთავარი მისია და როგორია თქვენი როლი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საქართველოში?
ჩვენი მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ენობრივი ხელსაწყოების შექმნა და განვითარება ისეთი ენებისთვის, როგორებიცაა ქართული და სხვა ტექნოლოგიურად ნაკლებად განვითარებული ენები. მსოფლიოში დაახლოებით ოცი ენაა, რომლებზეც ხელოვნური ინტელექტით ეფექტიანად სარგებლობის შესაძლებლობაა უზრუნველყოფილი. დანარჩენ ენებს ტექნოლოგიური განვითარების პრობლემა აქვთ და ჩვენი მიზანია ამ პრობლემის გადაჭრაში მონაწილეობის მიღება.
გლობალური კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, გუგლი და მაიკროსოფტი, გაცილებით ნაკლებ რესურსს ხარჯავენ ქართულის მსგავსი ენების მხარდაჭერაზე, ვიდრე საერთაშორისო ენებზე (ინგლისური, ესპანური, ჩინური და ა. შ.), რადგან მათ სრულყოფილ მხარდაჭერას იგივე ძალისხმევა სჭირდება, რაც გლობალურ ენებს, ფინანსური უკუგება კი მნიშვნელოვნად ნაკლებია. ეს პრობლემა ჩვენთვის შესაძლებლობას ქმნის. საქართველოში არაერთმა გუნდმა დაიწყო ამ თვალსაზრისით ქართული ენის ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე მუშაობა, მაგრამ საბოლოოდ, ამ მიმართულებით საქმიანობა მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გავაგრძელეთ.
ჩვენ სხვადასხვა პროდუქტზე ვართ ფოკუსირებული, მათ შორისაა საუბარმწერი (Speech-to-Text-ი), ამლაპარაკებელი (Text-to-Speech-ი) და ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) სხვა პროდუქტები. ამ ინსტრუმენტებს ვქმნით არა მხოლოდ როგორც ცალკე მდგომ პროდუქტებს, არამედ მათი კომბინაციით, ჩვენს მომხმარებლებს რეალური, ცხოვრებისეული და ბიზნესპრობლემების გადაწყვეტას ვთავაზობთ. ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ხელოვნური ინტელექტის (კერძოდ, ტრანსფორმერის) გამოყენებით ნულიდან ვწვრთნით მოდელებს, რასაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე ბევრი კომპანია არ აკეთებს.
თქვენი შეფასებით, როგორია პროგრესი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით როგორც საქართველოში, ისე გლობალურად? რა გამოწვევებს აწყდება ეს სფერო ჩვენს ქვეყანაში?
არავინ ელოდა ისეთ ნახტომისებურ ცვლილებას, როგორიც ბოლო წლებში მოხდა ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით – ამას შეიძლება რევოლუციურიც დავარქვათ. ქართულ ენასთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო კომპანიების მიერ შექმნილი ზოგიერთი პროდუქტი, კერძოდ, მანქანური თარგმანი, მაღალი ტემპით ვითარდება.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ამ სფეროში მომუშავე კომპანიები საქართველოში ვაწყდებით, ის არის, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორში არ არის მზაობა აქტიურად დაინერგოს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური პროდუქტები.
ამ თვალსაზრისით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები არა მარტო კონკურენტული უპირატესების მოპოვების საშუალებას იძლევიან, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებენ ხარჯებს.
რა რეგულაციები და სტანდარტები უნდა არსებობდეს AI-ის ეთიკური გამოყენებისთვის? რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა ამ პროცესში?
ეთიკურ სტანდარტებზე მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ჩვენ უბრალოდ უნდა შევუერთდეთ. არ არის საჭირო სპეციფიკურად ქართული ეთიკური ნორმების შემუშავება. ხაზგასასმელია, რომ ხელოვნური ინტელექტის წვრთნის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო პერსონალური მონაცემებია. თუ არ დამუშავდება პერსონალური მონაცემები, ხელოვნური ინტელექტი ვერ შემოგვთავაზებს ეფექტიან გადაწყვეტებს. ანალოგია რომ მოვიშველიოთ, პერსონალური ინფორმაციის დამუშავების გარეშე ხელოვნური ინტელექტის გაწვრთნა იგივეა, რაც ხარისხიანი მობილური კავშირის არსებობა შესაბამისი ანძების უქონლობისას.
პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ცხადია, სჭირდება ზედამხედველობა, ზედამხედველობას კი – შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. სხვა საკითხია ფორმალურად განაცხადო, რომ პერსონალურ მონაცემებთან მიმართებით ყველაფერს ნორმების ფარგლებში ახორციელებ, მაგრამ, რეალურად, სხვაგვარად ამუშავებ. ამ ყველაფრის მონიტორინგი რთული საკითხია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან მიმართებით, ევროკავშირის შეფასებით, გამოიკვეთა რამდენიმე უმთავრესი პრობლემა, მათ შორის ის, რომ ქვეყანას არ აქვს ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია. გასაგებია, რომ ვუერთდებით ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, მაგრამ, როგორ ხედავს ქვეყანა საკუთარ როლს ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში, არ არის მკაფიო. ასევე, საყურადღებოა საერთაშორისო ექსპერტების კიდევ ერთი შენიშვნა – კერძოდ ის, რომ საქართველოში არ არის სახელმწიფო უწყება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. ასეთი უწყება რომ არსებობდეს, მისი ვალდებულება იქნებოდა სტრატეგიის შემუშავების კოორდინაციასა და შემდგომ მის აღსრულებაზე ზრუნვა.
როგორ შეიძლება AI და მონაცემთა ანალიზი კერძო სექტორმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გამოიყენოს? არსებობს თუ არა საქართველოში წარმატებული მაგალითები?
საქართველოში ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს კლიენტთა უკეთ მომსახურების მიზნით იყენებენ, თუმცა დეტალებზე საუბარი გამიჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში კერძო სექტორში ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად გამოყენების სხვა წარმატებული მაგალითები არ მახსენდება.
კომპანიებმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მომხმარებლების მონაცემები უნდა დაამუშაონ, რათა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მათზე უკეთ მორგებული შეთავაზებები შეიმუშაონ. ამ პროცესში, რასაკვირველია, დაცული უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი: არ უნდა გამოითხოვო და შეინახო იმაზე მეტი პერსონალური ინფორმაცია, ვიდრე ეს კონკრეტული მიზნის მისაღწევადაა საჭირო.
მაღალტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის აუცილებელი პირობაა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ორგანიზაციების მმართველი რგოლის მაღალი დაინტერესება და აქტიური ჩართულობა. აღნიშნული საკითხი, ალბათ, დროის გასვლასთან ერთად, თავისთავად მოგვარდება. ასევე პრობლემაა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი. ისედაც მცირე რესურსს კონკურენტული ხელფასით ქირაობენ დიდი კომპანიები, შემდეგ კი სხვა, არა ხელოვნური ინტელექტის ამოცანებზე ამუშავებენ. ჩვენ ასეთ არაერთ შემთხვევასთან გვქონია შეხება. დიდი (არაპროფილური) კომპანიები ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პატარა კომპანიებში დასაქმებულზე „ნადირობენ,“ რაც კიდევ ერთი გამოწვევაა ჩვენთვის.
როგორ აფასებთ ქართული ბიზნესის მზადყოფნას AI-ისა და მონაცემთა ანალიზის ტექნოლოგიების დასანერგად? რა არის მთავარი გამოწვევები და როგორ შეიძლება მათი გადალახვა?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართული ბიზნესის მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მით უმეტეს, პროაქტიულობას ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების დანერგვის თვალსაზრისით. ნაკლები კლიენტი ნიშნავს ნაკლებ ფინანსურ შესაძლებლობას მაღალი ხარისხის პროდუქტების შესაქმნელად. ჯერჯერობით შეკრული წრეა, მაგრამ აუცილებლად გაიხსნება. ხელოვნური ინტელექტის დანერგვას ალტერნატივა არ აქვს.
როგორ ხედავთ AI-ის როლს მომავალში? როგორ შეცვლის ეს ტექნოლოგია სხვადასხვა ინდუსტრიას საქართველოში და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყნის AI ეკოსისტემა?
ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოში რევოლუციურად ვითარდება და ინერგება. ისევე, როგორც მობილური ტელეფონი და ინტერნეტი გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ხელოვნური ინტელექტიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ჭკვიანი მოწყობილობებისა და ჭკვიანი ქალაქების განვითარება. ასევე, ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ცხოვრებაზე. მისი დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველდღიურობა ხელშესახებად შეიცვლება უკეთესობისკენ, რადგან მათ კომუნიკაციასა და საქმიანობაში სერიოზული მხარდაჭერა ექნებათ. სახელმწიფოს როლი ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო მხრიდან არასწორი იქნებოდა დაელოდოს, თუ როდის დაიწყებს კერძო სექტორი ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების დანერგვას და ამ პროცესში შემდეგ ჩაერთოს.
სახელმწიფოს შეუძლია, მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი ქართულ ენაზე მორგებული, მაღალი ხარისხის AI პროდუქტების განვითარებას. ხელოვნური ინტელექტის მიღწევები აქტიურად უნდა დაინერგოს სახელმწიფო სექტორში, რაც, ერთი მხრივ, სახელმწიფო სექტორის ეფექტიანობას გაზრდის და, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს AI ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.
თუ სახელმწიფო ინვესტიციებს განახორციელებს AI-ის კვლევასა და განვითარებაში, ასევე, მისი დანერგვის მიმართულებით, ეს არსებითად გააძლიერებს იმ კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნიან. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შექმნან კიდევ უფრო ხარისხიანი პროდუქტები.
ყველა, ვინც საქართველოში ამ სფეროში მოღვაწეობს, ფიქრობს არამხოლოდ ქართულენოვანი პროდუქტების შექმნაზე, არამედ ამ გამოცდილების გამოყენებით, სხვადასხვა ენისთვის AI სერვისების შემუშავებასა და ექსპორტირებაზე. სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა ამ პროცესებში ძალზე მნიშვნელოვანია, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს ხელოვნური ინტელექტის არამხოლოდ მომხმარებელ, არამედ ექსპორტიორ ქვეყანად, რისი პოტენციალიც გვაქვს და ეს არის ამ სფეროში მომუშავე ქართული AI კომპანიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი.