მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1997 წელს დაფუძნდა. ფონდი საქართველოში მოქმედ  მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციონალურ და ფინანსურ შესაძლებლობათა გაძლიერებას, ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაში სახსრების ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: ქალაქების ურბანული განახლება, ტურისტული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მყარი ეკონომიკური  ბაზის შექმნა, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მიუსაფარი ცხოველებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, საბაგირო გზების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციების  მხარდამჭერი კომპონენტის გაძლიერება. 

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე პროექტებს შორისაა საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება „სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის საშუალებით, საქართველოს მთიან რეგიონებში სრულად რეაბილიტირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. პროექტი 2023-2025 წლებში განხორციელდება თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის, ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ფონდის მიმდინარე პროექტებსა და მდგრადობის სტრატეგიაზე გვესაუბრება მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას ახორციელებს. გვიამბეთ პროექტის შესახებ. რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მოხდება? ვინ არიან პარტნიორები?

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას “სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 15 სკოლის რაბილიტაციას და მათი ენერგოეფექტურობის გაზრდას. საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება დაგეგმილია თიანეთის, გორის, წალკის, ასპინძის, ახალციხის ამბროლაურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი 2023 წელს დაიწყება. ამ აღნიშნული პროექტის დონორია NEFCO (სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია) გახლავთ,  რომელიც  პროექტირებას განახორციელებს და მშენებლობას დააფინანსებს. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 1990 წელს სკანდინავიის ხუთი ქვეყნის (დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვედეთი) მიერ.

პროგრამის საშუალებით, საქართველოს მთიან რეგიონებში სრულად რეაბილიტირდება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ხელს შეუწყობს სწავლებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი. უფრო კონკრეტულად მოგვიყევით მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით, რომელი მიზნების შესრულებას ემსახურება ეს პროექტი? რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, საზოგადოებისა და პლანეტისთვის მდგრადი განვითარება?

პირველ რიგში, მივიღებთ რეაბილიტირებულ (კეთილმოწყობილ) სკოლებს, რომელთა გათბობის (საწვავის) ხარჯი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.  პროექტის ზოგადი მიზანია საქართველოს შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის სოციალური განვითარების პლატფორმისა და კონკრეტულად სწავლის პირობების გაუმჯობესება, რაც გულისხმობს სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და/ან რეკონსტრუქციას. 

სკოლების სრული რეაბილიტაცია და/ან რეკონსტრუქცია შედგება ორი კომპონენტისგან – სტრუქტურული კომპონენტი და ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რომელიც განხორციელდება ყველა შერჩეული სკოლის შენობაში, თითოეული კონკრეტული შენობის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე. სტრუქტურული კომპონენტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გამწვანება და მსგავსი ღონისძიებები მიმდებარე ტერიტორიებზე, თუ ეს კეთდება შენობის გრძელვადიანი სტრუქტურული მთლიანობის გაუმჯობესების მიზნით.

პროექტის დასაფინანსებლად გამოიყოფა დაახლოებით 6.5 მილიონი ევრო, საიდანაც  NEFCO-ს  დაფინანსება შეადგენს 3.9 მილიონ ევროს სესხის სახით და, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გრანტის სახით 2.6 მილიონ ევროს.

გვიამბეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის სამომავლო გეგმებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას ემსახურება.

ფონდის აქტივობა გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ინფრასტუქტურულ პროექტს მოიცავს. ისტორიულ მაქსიმუმზეა მიმდინარე პროექტების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო ზრდის ფონდის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: საგანმანათლებლო, ტურისტული, სპორტული, საგზაო, სატრანსპორტო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. აქტიურ ფაზაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. პროგრამის დასრულების შემდეგ ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად, განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.

გააზიარე: