„მწვანეთა მოძრაობის“ მწვანე პროექტები

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო“ ერთ-ერთი პირველი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც 1989 წელს დაარსდა. 30 წელზე მეტია ორგანიზაცია არაერთი პროექტის ავტორია, რომლებიც გარემოს დაცვასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მათ შორისაა ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნება, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზება, ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 
/ დედამიწის მეგობრები - საქართველო

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ ერთ-ერთი პირველი გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც 1989 წელს დაარსდა. 30 წელზე მეტია ორგანიზაცია არაერთი პროექტის ავტორია, რომლებიც გარემოს დაცვასა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მათ შორისაა ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნება, დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიების ორგანიზება, ბავშვებისა და ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდა გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

ორგანიზაციის ინიციტივით, 2015 წელს დაარსდა “სუფთა რეგიონის“ კონკურსი, რომელიც  ყოველწლიურად ტარდება ქვეყნის მასშტაბით. კონკურსის შედეგად, გაიზარდა საზოგადოების ინტერესი, პრიორიტეტული გახდა ნარჩენების მართვაში საზოგადოების მონაწილეობა, მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს შორის გაიზარდა კონკურენცია ნარჩენების შემცირების მიმართულებით.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს შვედეთის მთავრობასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავესთან“ ერთად, ახორციელებს ამავე სახელწოდების პროექტს. კლიმატის  გლობალური ცვლილებით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშეწყობა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა- ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

მწვანეთა მოძრაობა, ნინო ჩხობაძე

ნინო ჩხობაძე, “მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე

თუ შეიძლება, მოგვიყევით შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც გარემოს დაცვას ემსახურება.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო „დავასუფთაოთ საქართველო,” რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2010 წელს დაიწყო. მისი მიზანი იყო ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის მრავალსაფეხურიანი სისტემის დანერგვა   და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ამ მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში აღირიცხა სტიქიური ნაგავსაყრელები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და შეიქმნა მათი ინტერაქტიური რუკები. ჩატარდა დასუფთავების აქციები,  შეხვედრები როგორც მოსახლეობასთან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება ნარჩენების მართვის კუთხით. ორგანიზაცია   ლობირებდა ახალი ნარჩენების  მართვის კანონდებლობის   მიღებას. 2015  წელს მიღებულ იქნა ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია ევროპის დირექტივებთან.

პროექტის  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში თქვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდით სხვადასხვა აქტივობას. რამდენად ემსახურება ეს პროექტი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებას?

 როგორც ზემოთ აღვნიშნე, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს შვედეთის მთავრობასთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს პროექტს, ამჯერად სახლწოდებით „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე,“ რომელიც წარმოადგენს 2010-2018 წწ. მიმდინარე პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ერთგვარ გაგრძელებას.

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ხელს უწყობს  მდგარდი განვითარების მიზნების განხორციელებას. პროექტის კომპონენტებით   ხორციელდება სრული მონიტორინგი მუნიციპალური ნარჩენების ხუთწლიანი გეგმების განხორციელებაზე, მიმდინარეობს ოთხი  კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ (Clean Up the Georgia) დავასუფთაოთ მსოფლიო( Clean Up the World)“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, „ლურჯი ნაკადული“, „სუფთა რეგიონის კონკურსი.“

პროექტის განხორციელების პერიოდში  ხელი შეეწყო საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას, მათ ჩართულობას დასუფთავების აქციებში; ასევე სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას. თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გაკეთდა დეტალური ანალიზი იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ნარჩენების მართვა.  გამოიცა ინტერნეტჟურნალების კრებული, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვის სრულ კანონმდებლობას.

გაიზარდა ბიზნეს სექტორისა და საქართველოს მთავრობის როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე  ჩართულობა ნარჩენების მართვის სისტემის  გაუმჯობესების პროცესში. ჩვენს ორგანიზაციას  მიეცა  საშუალება, გაუწიოს კონსულტაციები მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმების შემუშავებასა და ტექნიკის შეძენაში. ეს კი უზრუნველყოფს  სუფთა და ჯანსაღ  გარემოს, რაც ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ  პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს კლიმატის  გლობალური ცვლილებით გამოწვეული სათბურის გაზების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშეწყობა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა.

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საანგარიშო პერიოდია 2019-2023 წლები  და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს 10 რეგიონის 63 მუნიციპალიტეტში, 4 თვითმმართველ ქალაქსა და თბილისში.

რამდენიმე წელია, თქვენ ატარებთ სუფთა რეგიონების დაჯილდოებას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებს გადასცემთ მუნიციპალიტეტებს, ქალაქებს, სოფლებს და კერძო პირებს, რაც მნიშვნელოვანი წვლილია  გარემოს დაცვის მიმართულებით. რა შედეგებია მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რა გამოწვევები აქვთ მუნიციპალიტეტებს?

ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი ღონისძიება, რაც პროექტმა შეძლო, აღმოჩნდა ჩვენი ინიციტივით დაწესებული “სუფთა რეგიონის“ კონკურსი, რომელიც  უფრო და უფრო საინტერესო შინაარსს და დატვირთვას იძენს. იზრდება კონკურსის ნომინაციებისა და მონაწილეების რაოდენობა. კონკურსი პირველად  2015 წელს გამოცხადდა  და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება ქვეყნის მასშტაბით.

კონკურსის შედეგად, გააქტიურდა საზოგადოების ინტერესი, გაიზარდა გარემოსდაცვითი ცნობიერება და პრიორიტეტული გახდა ნარჩენების მართვაში საზოგადოების ჩართულობა. მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებს შორის გაიზარდა კონკურენცია ნარჩენების შემცირების კუთხით. სუფთა რეგიონის გამარჯვებულის სტატუსი მნიშვნელოვანი ტიტული აღმოჩნდა როგორც რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისათვის, ისე კერძო პირებისთვის.

თუმცა  უნდა აღინიშნოს, რომ  ნარჩენების მართვის სრულყოფილი სისტემის დასანერგად, რასაც  ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. შეთანხმების მიხედვით ქვეყანაში მომდევნო წლიდან უნდა დაიწყოს  ნარჩენების სეპარირება/დახარისხება და ნარჩენების მართვის სისტემის მომდევნო საფეხურებისთვის მზადება. სეპარირების პარალელურად კი აუცილებელია ქაღალდის, პლასტმასისა და მინის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და ხელშეწყობა.

აღვნიშნავ, რომ ქალაქებში ნარჩენების შეგროვება-გატანა მოწესრიგებულია, მაგრამ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემები გვაქვს.  ერთ-ერთი პრობლემაა კონტეინერებისა და ნაგავმზიდების ნაკლებობა.

რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების გარემოსდაცვითი  ცნობიერების ამაღლებას,   ბავშვებისა და ახალგაზრდების გარემოსდაცვით განათლებას  და  ეკომეგობრული პროექტებისა და აქტივობების ინიცირებას?

ზოგადად, საზოგადოებას უდიდესი როლი აქვს როგორც გარემოს დაცვაში, ისე  სახელმწიფოს განვითარების ხელშეწყობაში. თითოეული მოქალაქის ჩართულობა ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მომავალი კეთილდღეობის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისა და უკეთესი მომავალის გარანტია. რაც უფრო მალე  გავითავისებთ ამას და მომავალ თაობაში  ადრეული ასაკიდან  დავნერგავთ ქვეყნისა და გარემოს სიყვარულს, მით უფრო ნაკლებ პრობლემებს შევიქმნით სამომავლოდ. 

გარემოსდაცვით საქმიანობაში მოქალაქეებისა და მომავალი თაობების პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს შვედეთის გამოცდილება, რასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა. ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ სწორად წარმართულმა ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს ის მიღწევები, რის გამოც შვედეთი დღეისათვის ერთ-ერთი აღიარებული ქვეყანაა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით. დღეს შვედეთის თითოეულ მოქალაქეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ აუცილებელია ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება. მათ ასეთ მიდგომაში  მკაფიოდ იკვეთება თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და გარემოს წინაშე.  ასეთი ქმედებები ჩვენი მოსახლეობისთვის მისაბაძი და წამახალისებელი უნდა გახდეს. შეუძლებელი არაფერია, მჯერა, რომ საქართველოც გაიზიარებს ამ მიდგომას, უახლოეს წლებში შეასრულებს ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას და გადავა ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებზე.

მწვანეთა მოძრაობა, ნარჩენების შემცირება

რა როლი ენიჭება მულტისექტორულ პარტნიორობას (სახელმიწფოს, კერძო და არასამთავრობო სექტორს შორის)  2030 წელს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში? რა როლი აქვს კერძო სექტორს და მათ კორპორაციულ პასუხისმგებლობას ამ კუთხით?

მდგარდი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია სახელმწიფოსა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევა და თანამშრომლობა, იქნება ეს კერძო სექტორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები.  თითოეულ მათგანს დასახული გლობალური მიზნების შესასრულებლად  სხვადასხვა მექანიზმი და გზა აქვთ, რომლებიც, საერთო ჯამში, ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან.

მულტისექტორული თანამშრომლობის პირობებში კი შესაძლებელია ერთობლივად, აზრთა და გამოცდილებათა გაზიარებით მოკლევადიან პირობებში მივიღოთ სასურველი შედეგები. ერთმანეთთან თანამშრომლობით შეიძლება „ვიფიქროთ გლობალურად“ და სახელმწოფოსთან და ბიზნესსექტორთან ერთად გავაკეთოთ გაცილებით მეტი, ვიდრე ცალ-ცალკე.

არასამთავრობო სექტორის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინტეგრაციის განვითარება, სინერგიის პოლიტიკის  განხორციელება და ხელშეწყობა ბიზნესსექტორის, მთავრობისა  და საზოგადოების (მოსახლეობის) ჩართულობით.

ჩვენს ორგანიზაციას კარგად აქვს გააზრებული საკუთარი უფლება-მოვალეობები და შესაძლებლობები, რის საფუძველზეც მუდამ იღებს პასუხიმგებლობას და აქტიურად უწყობს ხელს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.

რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესარბილებლად და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად?

დღეს კლიმატის ცვლილება ყველაზე სერიოზული გლობალური გამოწვევაა, რომელიც თითოეული ქვეყნის მთავრობისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს. მათ შორისაა საქართველოს მთავრობაც. ჩვენი ქვეყანა, სხვა ქვეყნების მსგავსად,  მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულების, მათ შორის ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის „პარიზის შეთანხმების“ ხელმომწერია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ზრდა, ინდუსტრიულ დონესთან შედარებით, 2 გრადუსით შეიზღუდებოდა და არ გადააჭარბებდა 1.5 გრადუს ცელსიუსს.

ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით საქართველომაც აიღო ვალდებულება და მიზნად დაისახა, ხელი შეუწყოს ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, მდინარეების კალაპოტებისა თუ შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების რისკის შემცირებას, აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლას და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის დაცვას.

ჩვენი, როგორც არასამთავრობო სექტორის, მიზანია, ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს ამ მიზნების შესრულებაში, რათა შევამციროთ კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევები  დაბალემისიიანი  განვითარების გზით. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება მიმართულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციისკენ- COP-27-სკენ,   რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამაც.  გამოვთქვამთ იმედს,  რომ  ეს კონფერენცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კლიმატის ცვლილების შერბილება/ადაპტაციასა და აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

გააზიარე: