ქართული ბიზნესი უკრაინისთვის

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ქართულმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა საჯაროდ დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია და მხარი დაუჭირიეს უკრაინის სუვერენიტეტს. 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში ქართული კომპანიები პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ. კერძო და სამოქალაქო სექტორი ეხმარებოდა, როგორც საქართველოში ომის გამო დარჩენილ/ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს, ასევე უკრაინაში იგზავნებოდა ჰუმანიტარული ტვირთი და ხდებოდა თანხის გადარიცხვა საქველმოქმედო ანგარიშებზე.

გთავაზობთ კომპანიებისა და ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინის დახმარების პროცესში იყვნენ ჩართულები (ინფორმაცია მოწოდებულია კომპანიების მიერ). მნიშვნელოვანია, რომ ძირითადად წარმოდგენილია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრები კომპანიები. ასევე ვრცლად ინტერვიუებს სხვა კომპანიების შესახებ შეხვდებით ჟურნალის ამავე ნომრის სტატიებში.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აქტიურად ჩაერთო უკრაინელების მხარდაჭერისა და დახმარების პროცესში. კომპანიამ ომის დაწყებისთანავე გამოხატა სოლიდარობა ყველა სოციალურ არხში. 

ჯიპიაი ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია რომელშიც სამი უკრაინული სადაზღვევო კომპანია შედის. პირველივე დღეებიდან გენერალურ დირექტორს ჰქონდა კოლეგებთან  კომუნიკაცია და მზაობა გამოითქვა დახმარებასთან დაკავშირებით. ვენის სადაზღევო ჯგუფმა უკრაინელი კოლეგების მხარდასაჭერად შექმნა ფონდი – VIG Family fund, სადაც 5 მილიონი ევრო გადარიცხა. ჯიპიაიმ კი ამ ფონდში უკრაინელების მხარდასაჭერად 25 000 ევრო  ჩარიცხა.

კომპანიამ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ასევე სპეციალური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ონლაინ გაყიდული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისებიდან  10%-ი უკრაინის დახმარების ფონდში ირიცხება. ჯიპიაის და კლინიკა კურაციოს ოჯახის ექიმები, შეუერთდნენ საერთაშორისო პლატფორმა finddoctor-ს, რომელიც ომში ან დევნილობაში მყოფი უკრაინელებისთვის მუშაობს. ექიმები ონლაინ ვიდეოზარის დახმარებით უტარებენ უფასო კონსლტაციებს უკრაინელებს და ეხმარებიან ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG)

კორპორაციული პასუხისმგებლობის საინფორმაციო ბლოგზე www.csrblog.ge შეიქმნა ახალი რუბრიკა “ქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად”, რომელზეც მუდმივად ზიარდება განახლებული ინფორმაცია ბიზნესკომპანიების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივის შესახებ.

საქართველოს პრო ბონო ქსელი CSRDG-ის ინიციატივით დაფუძნებული კომპანიების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. პრო ბონო ქსელმა უკრაინის ომში დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად მომუშავე ორგანიზაციების საჭიროებათა კვლევა დაიწყო, რათა პრო ბონო (სრულიად უფასო) დახმარება შესთავაზოს მათ. CSRDG ჩართულია გლობალური პრო ბონო ქსელის სამუშაო ჯგუფში “Pro Bono for Peace”, რომლის მიზანია უკრაინის მხარდასაჭერად გლობალური ქსელის საქმიანობათა კოორდინირება.

ომის დაწყებისთანავე CSRDG-იმ და ორგანიზაციის თანამშრომლებმა შეაგროვეს თანხა, რომელიც გადაერიცხა უკრაინის საელჩოს და ომით დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდა.

ორგანიზაცია ყოველთვიულად იკვლევს როგორც უკრაინაში მყოფი მოსახლეობის სხვადასხვა საჭიროებებს, ასევე საქართველოში უკრაინიდან მყოფი დევნილების საჭიროებებს. ამასთანავე, ორგანიზაციის თანამშრომლები ყოველთვიულად აგროვენ სხვადასხვა რესურსს, რათა მოახდინონ ამ მოკვლეული საჭიროებების დაკმაყოფილება.

ეისითი

უკრაინის მხარდაჭერის მიზნით  ჩაერთო საყოველთაო ჰუმანიტარულ აქციაში, ამასთან, გამოიყენა მისი გამოცდილება და ანალიტიკური ცოდნა და უკრაინისა და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩაატარა ქართველი ხალხის გამოკითხვა, რომლის შედეგებიც იქცა ერთგვარ მესიჯად უკრაინელი ხალხის და მსოფლიოს მიმართ.

რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა – 84% ფიქრობს, რომ „რუსეთი მტერია“, ხოლო ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.

ეისითის კვლევის ეს მნიშვნელოვანი შედეგები ქართველების მესიჯად იქცა, რომელიც მისწვდა უკრაინას და მსოფლიოს. კვლევის შედეგები ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მონაცემები თავად უკრაინულ მედიაშიც გაშუქდა, უკრაინელი ხალხისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმის ცოდნა, რომ ქართველების უმეტესობა ამ ომს თავისადაც აღიქვამს და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის გამარჯვება სურს (88%).

კვლევისა და მენეჯმენტ კონსალტინგის კომპანიამ „ეისითი“ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობა მარტის დასაწყისში გამოკითხა. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 4.2% შეადგინა.

ჰუმანიტარული აქცია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

ეისითი უკრაინელი ხალხის საყოველთაო მხარდაჭერას შეუერთდა და კომპანიაში ჰუმანიტარული დახმარება დააორგანიზა.

აქციის ფარგლებში ეისითელებმა ომში დაზარალებულთათვის აუცილებელი ნივთები შეაგროვეს, მათ შორის ჩვილის საკვები და ჰიგიენური საშუალებები, მოზარდებისთვის და დიდებისთვის აუცილებელი თბილი ტანსაცმელი, საბნები და პლედები, არამალფუჭებადი პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები.

აღნიშნული ჰუმანიტარული ტვირთი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ (Women for Tomorrow) ინიციატივით სხვა ბიზნეს კომპანიებში ორგანიზებულ ტვირთს შეუერთდა და უკრაინის საელჩოსა და „IWA Georgia – International Women’s Association“-ის დახმარებით ქალაქ ლვოვში გაიგზავნა.

საჯარო ლექცია „თანაგრძნობის ძალა – უკრაინის ომი და ჩვენ”

19 აპრილს საქართველოს უნივერსიტეტის მოწვევით ეისითის თანადამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა რუსუდან თელიამ საჯარო ლექცია გამართა. ლექციის თემა რუსეთ-უკრაინის ომის თემას შეეხო. რუსუდან თელიამ თანაგრძნობის ძალაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის ამ რთულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დაგი, ენერგონი, ფოლადის სახლი, ოლ-პი ჯგუფი, დიკა 2010,  პრაიმ ბეტონი, ჯი არ სი, ატლას კორპ ჯორჯია, ჯითისი რენთ, საფკო, საგა, ელიტ მოტორსი, სპეცჰიდრომშენი, NCC INSI Construction & Building Co, Engineering Monitoring Group, UG Invest, HydroDiagnostics, CIC Group, Domson’s Engineerinh, Auditescort, 83 550 ლარის მობილიზება შეძლეს. ასოციაციამ შემოწირულობების სახით შემოსული თანხით, ყველაზე მეტად საჭირო პროდუქცია – ბავშვთა კვება, მედიკამენტები და სხვა ნივთები შეიძინა და უზრუნველყო მათი გაგაზავნა უკრაინაში.

აღნიშნული ტვირთის გაგზავნა ასოციაციამ პარტნიორი ორგანიზაციის პროექტი ჩართეს ინიციატივა ForUkraine.ge-ს მხარდაჭერით უზრუნველყო.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/ პლატფორმა „ერთიანობა“

საქართველოს ფერმერთა  ასოციაციას, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციას  კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ უკრაინის მიმართ მარტო სიტყვიები სოლიდარობა არ იქნებოდა საკმარისი.

ორგანიზაციისა და მისი გუნდის სოლიდარობა,  სხვადასხვა ფორმით, უკრაინელი ხალხის  საკეთილდღეოდ მისამართდებოდა. ასოციაციის ლოგო ომის დაწყების პირველივე დღეს უკრაინის ფერებში გადაეწყო და ყველა სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდასაჭერი სოლირადობა გამოხატა.  შემდეგ უფრო მაშტაბური სახე მიიღო და  ფერმერთა ასოციაციამ  პლატფორმა „ერთიანობის“ ფარგლებში უკრაინელი ბავშვებისთვის  10 000 ლარის ღირებულების ბავშვთა კვება და საფენები შეიძინა.

ცხადია აქ არ დასრულებულა ფინანსური მხარდაჭერა, ფერმერთა ასოციაციისა და პლატფორმა „ერთიანობის“ საშუალებით უკრაინაში,  არასამთავრობო ორგანიზაციაში 3000 დოლარი გადაირიცხა, რომელიც ქალაქ ლვოვის ბავშვთა სახლებს უზრუნველყობს პროდუქტით.

პლატფორმა „ერთიანობას“  აქვს ერთი მთავარი გზავნილი: არავინ დატოვოს ყურადღების მიღმა.  სწორედ ეს იყო ამ პლატფორმის შექმნის მიზანი,როდესაც  საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული ფაზის დაწყებისთანავე, ციფრულ სამყაროში პლატფორმა „ერთიანობა“ გამოჩნდა. პლატფორმამ, რომელმაც მოხალისეებს, კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ აქტორებს 7000 ოჯახის დახმარების უნიკალური შესაძლებლობა მისცა, პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად საჭირო რესურსების მობილიზება, უპრეცედენტოდ სწრაფად შეძლო.  პლატფორმა – www.1anoba.ge საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ მეგობრებთან ვალერი ჩეხერიასთან და სანდრო კანდელაკთან ერთად დააფუძნა.

სპილოუ

კომპანია „სპილოუმ“ უკრაინაში დახმარება აწარმოე საქართველოს კამპანიის ფარგლებში “აწარმოე უკრაინისთვის” გაგზავნა. კომპანიამ სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადა  უკრაინელ ხალხს და მათთვის თბილი ტანსაცმელი, ქუდები და პირბადეები, როგორც ბავშვებისთვის ასევე მშობლებისთვის გაგზავნა.

ჩიკატაი

ჩიკატაის უკრაინისადმი სოლიდარობასა და დახმარებაზე მისი დამფუძნებელი თამარა ბუიღლიშვილი გვესაუბრა –  „საფიქრალი დრო ბევრი არ გვქონდა თუ რა გაგვეკეთებინა იმ სიტუაციაში, სადაც თითქოს ყველანი უძლურები ვიყავით. როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით ჩვენ, მცირე საწარმო იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. 

იმედი გვაქვს მალე მოვა ის როც, როცა უკრაინელ ბავშვებს ჩვენ სათამაშოებს გავუგზავნით, მაგრამ დღეს მათთვის სათამაშოების გაგზავნის სწორი დრო არ არის, მათ ჰუმანიტარული დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ – პირველადი საჭიროების ნივთებით და პროდუქტებით, ამიტომ შევქმენით ახალი ხაზი, რომლის გაყიდვიდან 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში. სათამაშოების ეს ხაზი იარსებებს, მანამ სანამ ყველა ბავშვი უკრაინაში არ იქნება სრულ უსაფრთხოებაში და აღარ იქნება დამატებითი საჭიროება მათი დახმარების. 

ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სათქმელი, ის რისიც გვჯერა,  საქმეში ავსახოთ და გავუზიაროთ ჩვენს აუდიტორიას, რომელთანაც უკვე თითქმის 5 წელია ვმეგობრობთ. ჩიკატაი აერთიანებს ყველას, ვისაც სჯერა რომ ზრუნვა მნიშვნელოვანია, პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია,  მეგობრობა მნიშვნელოვანია,  მდგრადობა მნიშვნელოვანია,  ხარისხი მნიშვნელოვანია, ბიომრავალფეროვნება მნიშვნელოვანია,  მაგრამ ყველაფერი ეს  დაკარგავს თავის მნიშვნელობას თუ  არ იქნება მშვიდობა და უსაფრთხო გარემო ჩვენი შვილებისთვის”.

პევატონი

პევანტონი არის B2B პლატფორმა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ ევროპულ მწარმოებლებს/ბრენდებს (makers) ევროპულ მცირე ზომის მაღაზიებთან და აზღვევს მათ შორის არსებულ რისკებს. კომპანიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უზრუნველყო ჰუმანიტარული   ტვირთის გაგზავნა უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად.  ასევე, ჰუმანიტარული დახმარება გაუწია პოლონეთში მყოფ ლტოლიველებს, რომელიც დაორგანიზებული იყო ვარშავული უნივერსიტეტის მიერ (Lazarski university), ამ აქციის მიზანი იყო პოლონეთში ჩასული ლტოლვილების დაბინავება / სახლების ქირაობა.  კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს ადგილობრივად უკრაინელი ლტოლვილის დასაქმებასთან დაკავშირებით.

ტერმინალი

ტერმინალი უკრაინაში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით მტკინვეული იყო საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ისთვის, რომლის კომუნაშიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან ერთად ბევრი  უკრაინელი ექსპატიც ერთიანდება. რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყების დღიდან Terminal-მა კარი გაუღო საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს. Terminal-ის სერვისებით უფასოდ დღემდე 34 უკრაინელი სარგებლობს.  Omofox -ისა და Terminal-ის ორგანიზებით Terminal -ის წევრებმა უკრაინელი ხალხისთვის შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება. სხვადასხვა საჭირო ნივთებითა და პროდუქტებით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა კიევში მარტის ბოლოს ჩავიდა.

KPMG

ამერიკის სავაჭრო პალატამ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლიდან მიღებული შემოწირულობაც მთლიანად უკრაინის მთავრობას გადაურიცხა. ამ ინიციატივას KPMG Georgia-ც შეუერთდა და ღონისძიებისთვის სპონსორობის გაწევით, თავისი წილი მხარდაჭერა და პატივისცემა გამოხატა.

ბიდიო საქართველო

BDO-ს ძალისხმევა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საკმაოდ მრავალფეროვანია. BDO საქართველო საერთაშორისო გაერთიანების ნაწილია და უკრაინელი კოლეგების დასახმარებლად პირველივე დღიდან ჩაერთვნენ როგორც ფულადი კონტრიბუციის ისე მორალური მხარდაჭერის ნაწილში. დამატებითი ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა ბიდიო საქართველოს ინდივიდუალური ნაბიჯიც იყო.

ასევე, მათი საქმიანობიდან გამომდინარე კომპლექსურად ითვალისწინებენ გარკვეულ მხადაჭერას უკრაინული ბიზნესისთვის, უკრაინელი კოლეგების ჩართულობის მხრივ პროექტებში, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის კომპანია მზად არის დაგეგმოს საკუთარი რესურსების და ექსპერტიზის შესაბამისი მხარდაჭერა – ცოდნის გაზიარების, კონსულტაციების კუთხით და სხვა.

თეგეტა ჰოლდინგი

თეგეტა ჰოლდინგმა უკრაინის მხარდაჭერად CSR პლატფორმაზე tegeta.care ახალი სექცია შექმნა – იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

პირველი დონაცია თავისუფლებისთვის თეგეტამ უკვე განახორციელა. ჰოლდინგმა ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო.

საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე სასურველი თანხის ჩარიცხვა კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლის გარდა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დონაციის მოცულობა შეზღუდული არ არის, თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე.

2 მარტს, ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ უკრაინელების მხარდასაჭერად მარათონი გაიმართა. ,,ნანუკას ფონდში უკრაინისთვის“ „თეგეტა ჰოლდინგმა“ 20 000 ლარი გადარიცხა.

თეგეტა უკრაინელ მექანიკოსებს დაასაქმებს

„თეგეტა ჰოლდინგი“  უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დასაქმებას სთავაზობს. ჰოლდინგის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ჩამოსული ყველა მოქალაქე, ვისაც ავტო მექანიკოსობის გამოცდილება აქვს, რეგიონის ლიდერ კომპანიაში შეძლებს მუშაობის დაწყებას.

„თეგეტა ჰოლდინგის“ საქმიანობა, სხვა ბიზნეს მიმართულებებთან ერთად, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, სამგზავრო, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას მოიცავს. შესაბამისად, „თეგეტა მოტორსს“ აქვს შესაძლებლობა,  უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მექანიკოსებს დასაქმება ნებისმიერი განხრით შესთავაზოს.

უფასო სერვისები უკრაინელებისთვის

„თეგეტა მოტორსი“ 1 მაისიდან უკრაინელებს უფასო სერვისებს სთავაზობს. უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ავტომობილის სავალი ნაწილის შემოწმებასა და ელექტრო დიაგნოსტიკის ჩატარებას. დამატებით, 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს სხვადასხვა პროდუქტსა და სერვისზე.

დამატებითი აქტივობები

თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის თეგეტას ყველა ფილიალში უკრაინის ეროვნული დროშა განთავსდა. მხარდამჭერი სტიკერები და ინფორმაცია უკრაინის თავისუფლებისთვის შექმნილი ფონდის შესახებ სერვისცენტრებში მისულ ყველა მომხმარებელს ურიგდება.

ელემენტ კონსტრაქშენი

,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ უკრაინის მხარდასაჭერად  როგორც დამოუკიდებელი, ასევე პარტნიორული აქტივობები განახორციელა. კომპანია იზიარებს ბიზნეს ასოციაციების ინიციატივებსაც. ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ იყო ,,ამერიკის სავაჭრო პალატის“ ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი. მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, კომპეტენციის შესაბამისად, დაესაქმებინა უკრაინის მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ,,ელემენტ კონსტრაქშენში“  ტოპ-მენეჯერის პოზიცია დაიკავა.

სილქნეტი

სილქნეტმა ფიქსირებული და მობილური ქსელის აბონენტებისთვის უკრაინაში დაკავშირება, გარკვეული პერიოდით, უფასო გახადა.

ჰაი-ტექ სოლუშენს  

ჰაი-ტექ სოლუშენს  IT კონსალტინგ კომპანიაა, რომელიც 2008 წლიდან არსებობს ქართულ შრომით ბაზარზე. კომპანია ოთხ ძირითად მიმართულებას ავითარებს ესენია: IT ინფრასტრუქტურა; კიბერ უსაფრთხოება, ციფრული ტრანსფორმაცია (DevOps) და  BIG Data. 

,,ამ წუთებში ჩვენი მთელი გული და გონება ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისა და მეგობრების გვერდითაა’’ -ამ სიტყვებით დაიწყო ჰაი-ტექ სოლუშენსმა უკრაინელი ხალხის უპირობო მხარდაჭერა 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დღეს და ეს მხარდაჭერა დღემდე უწყვეტად გრძელდება.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნინო გვაზავამ 11 მარტს სოციალურ მედიაში არსებულ ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფში ,,Spend 4 Seasons in Georgia’’ პოტენციური პარტნიორობის მიზნით გამოაქვეყნა სამსახურის შეთავაზების განცხადება უკრაინელებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან IT სფეროში მუშაობით. შესაძლებლობა დღემდე ღიაა უკრაინელი მოქალაქეებისთვის და კომპანია მზად არის განიხილოს მათთან თანამშრომლობის საკითხი.

გარდა ამისა, ჰაი-ტექ სოლუშენსი მრავალი წელია უკრაინული კომპანიების საიმედო პარტნიორია. მათთან არსებული და სამომავლო პროექტები კომპანიისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული გახდა რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი ომის დაწყების შემდგომ, რათა მოცემულ ვითარებაში ხელი შეუწყონ მათ ფინანსურად გაძლიერებას.

ფონდი ბილივი

ფონდმა ბილივმა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე, კიევში მცხოვრებ ქართველებთან მჭიდრო თანამშრომლობით წამოიწყო უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი კამპანია.

ბილივი ერთგვარად წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს, ერთის მხრივ დახმარების მსურველ ადამიანებსა და უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში მყოფ მოხალისეებს შორის. კამპანიის ფარგლებში გროვდება როგორც ფინანსური რესურსი, ასევე სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ნივთები. მეგობარი ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერით ამ დრომდე შეგროვდა 38 444 ლარი, რომელიც სრულად ხმარდება ჰუმანიტარულ მიზნებს, კერძოდ კი, საკვებით, ჰიგიენური საშუალებებით და მედიკამენტებით დახმარებას.

წამოწყების დღიდან კამპანია ყოველდღიურად 200-მდე ადამიანს ეხმარება. შშმ პირები და მოხუცები, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებულად დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ, კამპანიის ფარგლებში ყოველდღიურად იღებენ ცხელ კერძებს. პირველადი საჭიროების ნივთებით მარგადებიან ადამიანები როგორც უშუალოდ კიევში, ასევე ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება უკრაინის იმ ქალაქებში, რომლებიც ცხელ წერტილებს წარმოადგენენ.

კამპანიის ფარგლებში, ბილივმა ადგილობრივადაც დაიწყო უკრანიდან ევაკუირებული და ქ. ფოთში მყოფი ადამიანების დახმარება, სააღდგომოდ რამდენიმე ოჯახს უკვე ესტუმრა და მსგავს საქველმოქმედო ინიციატივებს სამომავლოდაც გეგმავს. ბილივში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიღოს ფინანსური შემოწირულობა ან მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.

გააზიარე: