საქართველოს საექსპორტო პოტენციალი

აწარმოე საქართველოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის  მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა.

ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტიანი ოპერირება სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.  სწორედ  ამ მიზნით, ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად, აწარმოე საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს ექსპორტის სტიმულირების პროგრამას- ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს. პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესებისა და ექსპორტის სტიმულირების მიზნით.

სასერტიფიკატო პროგრამა ქართული ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს აიმაღლონ ცოდნა, განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები,  მნიშვნელოვანი კავშირები დაამყარონ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან და ღირსეულად შეძლონ  ქართული ბიზნესებით უცხო ბაზრებზე პოზიციონირება.

პროგრამის მიზნებისა და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის შესახებ სააგენტო აწარმოე საქართველოში ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა მამუკელაშვილი საუბრობს.

მოგვიყევით ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შესახებ, რა მიზანს ისახავს კურსი? რომელ მოდულებს მოიცავს ის? როგორ ხდება კანდიდატების შერჩევა და ვინ არიან თქვენი პარტნიორები?

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას. ტრენინგი აერთიანებს ექსპორტის ოპერაციებთან დაკავშირებულ ყველა საკვანძო მოდულს, მათ შორის: საქონლის წარმოშობის, ინკოტერმსის (INCOTERMS), ხარისხის ინფრასტრუქტურისა და DCFTA-ს ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით.

კურსი ძალიან მაღალი პოპულარობითა და რეპუტაციით სარგებლობს ბიზნეს საზოგადოებაში. მკვეთრად გაზრდილია ტრენინგში მონაწილეობის  მიმართ ინტერესი, რასაც ადასტურებს შემოსული განაცხადების სიმრავლე და გეოგრაფიული მასშტაბის ზრდა. მაღალი მოთხოვნის გამო, თბილისში ორ კურსს ვუწევთ ორგანიზებას (გაზაფხული-შემოდგომა). ტრენინგი თბილისის გარდა ასევე ტარდება თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. რაც შეეხება კურსის განხორციელებას, ჩვენ ვთანამშრომლობთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან და, ასევე, საერთაშორისო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა და შვედეთის ფინანსური დახმარებით, წინა წელს ზუგდიდში განხორციელდა, წელს კი ბათუმში ტარდება ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა.

კანდიდატების შერჩევის პროცესი იწყება ექსპორტიორთა პლატფორმაზე – www.tradewithgeorgia.com, სადაც რეგისტრირებულია 900-ზე მეტი კომპანია. ამავე პლატფორმაზე ცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც კომპანიები ახდენენ იმ პირის ნომინირებას, ვინც უნდა გაიაროს კურსი. ამის შემდეგ, კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სააგენტოს აწარმოე საქართველოში, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და პარტნიორი/დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებით, ატარებს ინტერვიუს კანდიდატებთან.

ექსპორტის მენეჯერთა კურსის დახმარებით, რამდენად გაიზარდა კომპანიებში საექსპორტო ოპერაციები, ექსპორტი ან მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია?

სააგენტოში დანერგილია პროგრამების ზეგავლენის ჩარჩო დოკუმენტი, ე.წ. Impact Assessment Framework, რომელიც ზომავს თითოეული პროგრამის ეფექტიანობას ფინანსური თუ არაფინანსური კომპონენტების კუთხით. ანალიზის, კვლევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შესაბამის დეპარტამენტებთან კონსულტაციითა და კოორდინაციით, მუშავდება სპეციალური კითხვარი, რომელიც ეგზავნება სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარ კომპანიებს.

გამოკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის მონაწილეთა 87% ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს ტრენინგის განმავლობაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენს ბენეფიცარებში წლების განმავლობაში საერთაშორისო გაყიდვები საშუალოდ 30%-ითაა გაზრდილი.

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ხსენებული კურსის დამსახურება არ არის და კომპლექსური პროცესია, რომელიც შედგება როგორც საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობით, ისე სააგენტოს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენებსა და შოურუმებში მონაწილეობით, ასევე, ექსპორტის სტიმულირების პროგრამით სარგებლობით (სერტიფიცირება, ბრენდინგი, საქონლის შეფუთვა, საერთაშორისო ქსელში შესვლა და სხვა).

2023 წლის დეკემბერში, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ქართული კომპანიებისთვის?

კანდიდატის სტატუსი ხმამაღალი და მკაფიო გზავნილია საქართველოსთვის, გავხდეთ ამ დიდი ოჯახის და ძლიერი ეკონომიკური ერთობის სრულფასოვანი წევრი. მოგეხსენებათ, რომ სააგენტოს ერთ-ერთი მიზანი საექპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევამციროთ ქვეყნის დამოკიდებულება არასტაბილურ ბაზრებზე და სრულად აქცენტირებული ვიყოთ მაღალკონკურენტულ, მაღალი სტანდარტების ქვეყნებზე. განსაკუთრებით, ევროკავშირის ბაზარზე.

რეპუტაციული თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსი ქართული კომპანიების მიმართ აჩენს მეტ სანდოობას, ზრდის ცნობადობას და ეს ყველაფერი კომპლექსურად და ეტაპობრივად ბევრი სხვადასხვა ტიპის სარგებელში გადაითარგმნება. კანდიდატის სტატუსი გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს კომპანიების უკეთეს წვდომას ფინანსებზე, მატერიალურ და არამატერიალურ ბენეფიტებზე, დაახლოებას მაღალ სტანდარტებთან, უკეთეს ბიზნეს კულტურასთან, თანამედროვე ტენდენციებთან (კორპორაციული მდგრადობის კომპონენტები; ეთიკური სტანდარტი, გენდერული თანასწორობა, მიკვლევადობის საკითხები, მწვანე პოლიტიკა და ა.შ.).

კერძო სექტორისთვის ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად გამოწვევად რჩება სტანდარტების დაკმაყოფილება. რა არის მთავარი გამოწვევა და აწარმოე საქართველოში როგორ ეხმარება კერძო სექტორს ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის?  

ნამდვილად, ევროკავშირის ბაზარზე შესვლა და ადგილის დამკვიდრება მარტივი არ არის მაღალი სტანდარტებისა და კონკურენციის გამო. ევროპელი მომხმარებლისთვის ხარისხთან ერთად მნიშვნელობას იძენს საწარმოებში ეთიკური სტანდარტები, წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობის საკითხი, მწვანე პოლიტიკა, გენდერული საკითხები და  კორპორაციული მდგრადობის სხვა ელემენტები.

გამოწვევად რჩება ხარისხის სტანდარტი, საექსპორტო ბრენდინგი და შეფუთვა, ინფორმირებულობა, პოტენციურ შემსყიდველთან ეფექტიანი კომუნიკაცია და ა.შ. ყველა ძირითად გამოწვევაზე სააგენტომ შეიმუშავა და ახორციელებს ექსპორტის მხარდამჭერ პროგრამებს, მათ შორის აღსანიშნავია ახალი, ინოვაციური – უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს პოტენციური შემსყიდველის იდენტიფიცირებას და ქართველ მწარმოებლებთან დაკავშირებას.

ეს პროგრამა ხორციელდება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობით. მოსამზადებელი პროცესი  გულისხმობს შერჩეული კომპანიებისთვის მარკეტინგული გეგმის მომზადებას, საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირებასა და ანალიზს, პოტენციური და რელევანტური შემსყიდველების სიის ფორმირებას და შეხვედრების დაგეგმვას. ასევე, თითოეული კომპანიისთვის რეკომენდაციების შემუშავებას. ხშირ შემთხვევაში პროცესს თან ახლავს სავაჭრო მისია საქართველოში, რაც ითვალისწინებს ბაიერების ვიზიტს საწარმოებში. ერთობლიობაში, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობის მომდევნო, დამამთავრებელ ფაზაში გადაყვანას.

ამ პროგრამის გარდა, სააგენტო ზრუნავს ბიზნეს განათლებაზე, ქართული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში წარმატებით და მაღალ დონეზე მონაწილეობასა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის ზრდაზე. ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში სააგენტო ადგილობრივ კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასა და ლიცენზირებაში, ბრენდინგში, საექსპორტო შეფუთვასა და საერთაშორისო ქსელში შესვლაში.

რაც შეეხება საერთაშორისო ღონისძიებებში ქართული კომპანიების მონაწილეობას, მათ შორის ევროკავშირის მასშტაბით, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სამიზნე სექტორების ჭრილში, მონაწილეობას ვიღებთ თითქმის ყველა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ გამოფენასა თუ შოურუმში.

ასევე, ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის უფრო დიდი არჩევანის შესათავაზებლად, გეოგრაფიული არეალის ზრდისა და ფართო სექტორული დაფარვის მიზნით, სააგენტომ ახლახანს ჩაუშვა ახალი პროგრამა – ინდივიდუალური ექსპო გრანტი, რაც მიზნად ისახავს კომპანიების ინდივიდუალურ მონაწილეობას გამოფენებში. კომპანიას ეძლევა შესაძლებლობა, თვითონ შეარჩიოს სამიზნე საერთაშორისო ღონისძიება და სააგენტოს თანადაფინანსებით მონაწილეობა მიიღოს  მასში.

განათლების კუთხით კი, შეგვიძლია გადაჭარბების გარეშე ვთქვათ, რომ ზემოთ აღნიშნული ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამა ექსპორტის მიმართულებით ქვეყანაში, ალბათ, ერთადერთი პროგრამაა, რომელიც სრულფასოვნად აერთიანებს ყველა საკვანძო საკითხს და ქმნის ე.წ. ნეთვორქინგის უნიკალურ სივრცეს ექსპორტიორთა საზოგადოებაში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ პროგრამით, სააგენტომ აწარმოე საქართველოში მოიპოვა საერთაშორისო აღიარება (WTPO Award 2020) და გახდა ექსპორტის მხარდამჭერი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაცია.

რა უნდა გააკეთოს კომპანიამ იმისთვის, რომ მისმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს საექსპორტო მოთხოვნები? და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორის მიერ კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვით საქმიანობა?

მნიშვნელოვანია კომპანიამ გაიაროს ექსპორტის დიაგნოსტიკის, ე.წ. ექსპორტის მზაობის ტესტი და შეაფასოს მისი საექსპორტო პოტენციალი. დამოუკიდებლად ამის სრულფასოვნად განხორციელება, შესაძლოა ვერ მოხერხდეს, მაგრამ არსებობს მარტივი მექანიზმები, რომლებიც იძლევა კარგ სიგნალებს, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. შესამუშავებელია ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია, შესასწავლია სამიზნე ბაზრები, გასაკეთებელია კონკურენტების ანალიზი, საჭიროა პროდუქტის შესაბამისი ბრენდინგი და შეფუთვა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ წარმოებული პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია.

მნიშვნელოვანია, კომპანიამ გამოყოს შესაბამისი ბიუჯეტი და ადამიანური რესურსი ექსპორტზე სამუშაოდ, სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის დასაფინანსებლად და ა.შ. უაღრესად მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების არსებობა ეფექტიანი კომუნიკაციის საწარმოებლად, აუცილებელია მუდმივი განვითარება. რა თქმა უნდა, აქტუალური ხდება კორპორაციული მდგრადობის პრინციპების დაცვა. დროთა განმავლობაში, ეს საკითხები უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს სავაჭრო პარტნიორებს შორის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რაც უფრო მეტად იქნება დაკმაყოფილებული კორპორაციული მდგრადობის პრინციპები, უფრო მაღალი შანსი ექნება მწარმოებელს თავისი პროდუქცია გაყიდოს საერთაშორისო ბაზრებზე და, პირველ რიგში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ხსენებულს დიდი ყურადღება ექცევა.

აწარმოე საქართველოში სამომავლო პროექტებზე მოგვიყევით, რა გეგმები გაქვთ  ევროპასთან ინტეგრაციის მიზნით კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის?

გარდა იმისა, რომ სააგენტოს ძალისხმევა, ძირითადად, მიმართულია და ჩვენ მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო ღონისძიებების უმრავლესობა კონცენტრირებულია ევროკავშირის ბაზრებზე, ყველა სხვა პროგრამა პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობს საერთაშორისო გაყიდვების მატებას და საქართველოში წარმოებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობას ზრდას ხსენებულ სივრცეში. მათ შორის, ექსპორტის სტიმულირების პროგრამა, რომელიც ეხმარება ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს ხარისხის სტანდარტის დანერგვაში, პროდუქციის ბრენდინგში, საქონლის შეფუთვასა და საერთაშორისო ქსელში შესვლაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირზე კონცენტრაციით, სააგენტო პარტნიორობს გაეროს განვითარების ოთხწლიან პროგრამასთან „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ (INCLUSIVE ACCESS TO MARKETS (IA2M), რომლის ფარგლებში მოხდება ქართული კომპანიებისთვის სრულიად ახალი სერვისების შეთავაზება, რაც, მაგალითისთვის, გულისხმობს ე.წ. მენტორშიპის პროგრამას. ხსენებული ითვალისწინებს კომპანიების მომზადებას საერთაშორისო გამოფენებისთვის.

ასევე, მოხდება უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამის რეპლიკაცია, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებული იქნება ევროკავშირის ბაზარზე. კვლევა ჩატარდება ლოგისტიკის მიმართულებით, რაც გამოავლენს შესაძლებლობებს და მოამზადებს რელევანტურ რეკომენდაციებს კარგი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით თუ სად, რომელი გადაზიდვის მეთოდი, რა კონკრეტული ინტერვენციით იქნება ყველაზე მეტად ეფექტიანი.

სააგენტო დამატებით მოახდენს ბენეფიციარების მხარდაჭერას საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობითა და ტექნიკური დახმარებით, რაც არსებითად გაზრდის ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე. მუშაობას ვიწყებთ ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგიის დოკუმენტზე, სადაც საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავდება/განახლდება სამოქმედო გეგმა, თუ რა მეთოდებით, როგორი ინტერვენციითა და ჩართულობით გაგრძელდება სააგენტოს მხარდაჭერა ექსპორტიორი კომპანიების შედეგიანობის გასაზრდელად.

გააზიარე: