შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს კომპლექსური სტრატეგია კორუფციის დასაძლევად
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) კორუფციასთან ბრძოლას კომპლექსურ საკითხად მოიაზრებს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად, პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურად მუშაობს. სააგენტო ცდილობს, ინიციატივები მაქსიმალურად მოარგოს ამა თუ იმ ქვეყნის განსხვავებულ გამოწვევებს.თანამშრომლობის საკვანძო კომპონენტები, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მეშვეობით, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კეთილსინდისიერებას გაძლიერებაა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ საქართველოში სამუშაო ბევრია.
სააგენტოს ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ანტიკორუფციული პოლიტიკის უფროსი სპეციალისტი, კაროლინა იოზიჩი საუბრობს.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ანტიკორუფციული სტრატეგია ხაზს უსვამს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიზნობრივად მიმართულია საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე. შეგიძლიათ, განმარტოთ, თუ როგორ აერთიანებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო ანტიკორუფციულ ძალისხმევას თავისი განვითარების თანამშრომლობის პროგრამებსა და პარტნიორულ ურთიერთობებში?
ჩვენთვის კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომელიც ქვეყნის საჭიროებიდან და იქ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საზოგადოების ყველა ფენაში და სხვადასხვა დონეზე უნდა იყოს ინტეგრირებული. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კორუფციას ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის სფეროში და ა.შ. იმის მიხედვით, თუ სად არის კორუფციის მიზეზები. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმგვარი ანტიკორუფციული ასპექტების ინტეგრირებაში, როგორიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება ყველა იმ პროექტში, რომელსაც მხარს ვუჭერთ. თუმცა, ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, რომლის მიღწევიდან ჯერ შორს ვართ. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანაა, სადაც გაცილებით მეტი ძალისხმევა გვესაჭიროება ამ მიმართულებით.
ასევე, ყურადღებით ვაკვირდებით იმ კვლევებს, რომლებიც დაკავშირებულია შემდეგ საკითხთან: სოციალური ნორმები – რატომ სჩადიან ადამიანები კორუფციულ ქმედებებს მაშინაც კი, როდესაც მათ, სავარაუდოდ, სჯერათ, რომ კორუფცია არასწორია?; ასევე, ანტიკორუფციულ გზავნილებს, მათ შორის, როგორ შევცვალოთ კორუფციის მიმართ მოლოდინები, როგორ გავხადოთ მიღწეული პროგრესი თვალსაჩინო, როგორ დავარწმუნოთ ადამიანები, რომ არ აიღონ ქრთამი და ა.შ. ვცდილობთ, მუშაობის პროცესში ვიპოვოთ კვლევისა და მტკიცებულებების ერთობლივი გამოყენების გზები.
კორუფცია ხშირად შინაარსობრივად სპეციფიკურია და ის განსხვავდება ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით. როგორ ახერხებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, მოარგოს თავისი ანტიკორუფციული ინიციატივები იმ განსხვავებულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას მისი სხვადასხვა პარტნიორი ქვეყანა? შეგიძლიათ, დაგვისახელოთ წარმატებული ადაპტაციის მაგალითები?
ამ მიმართულებით, წარმატების გასაღებია კონკრეტულ გამოწვევებთან ადაპტაციის უნარი. ვცდილობთ, ჩავატაროთ პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მახასიათებლების საფუძვლიანი ანალიზი, რაც გვეხმარება შესაბამისი პროექტების შერჩევაში და მათ შემდგომ მხარდაჭერაში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამთავრობო და სხვა უწყებებთან (დამოკიდებულია კონტექსტზე), რომლებსაც ესმით კორუფციასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ძალისხმევის შესაბამისობასა და ეფექტიანობას. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საერთაშორისო და შვედ პარტნიორებს, რომ თავიანთი ინიციატივები მაქსიმალურად მოარგონ ამა თუ იმ ქვეყნისა და სექტორის განსხვავებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, ჩვენი მიდგომები საკმაოდ მოქნილია და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მათი მორგება.
იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებულნი, ანტიკორუფციულ ინიციატივებთან მიმართებით ჩვენ სულ უფრო ხშირად ვიყენებთ „სექტორზე“დაფუძნებულ მიდგომებს და ვცდილობთ, შევზღუდოთ მათი ზემოქმედების ფარგლები. იმის ნაცვლად, რომ შევცვალოთ რაიმე ეროვნულ დონეზე, ვმოქმედებთ სექტორულ დონეზე (მაგალითად, ენერგეტიკის სექტორში), გამოვყოფთ იქ არსებული კორუფციის ტიპებს და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით განვსაზღვრავთ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება შემდგომ გადავდგათ. მოლდოვაში წამოვიწყეთ კორუფციასთან ბრძოლა მცირე და საშუალო ბიზნესის დონეზე, ხოლო ბანგლადეშში ძირითად ყურადღებას ჯანდაცვის სექტორზე ვამახვილებთ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო მუშაობს როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. კორუფციასთან ბრძოლისას რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომლებიც ინსტიტუციური შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში არსებობს და რა გზით არის შესაძლებელი ამ დაბრკოლებების გადალახვა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ?
ზოგიერთი ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ვხედავთ, არის პოლიტიკური ნებისა და ვალდებულების ნაკლებობა, ინსტიტუციური სისუსტე, სუსტი სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოები, დაუსჯელობის განცდა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დეფიციტი, დამოუკიდებლობის სიმწირე, კულტურული და სოციალური ნორმების ნაკლებობა. ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა გზით გადავჭრათ არსებული გამოწვევები. მაგალითად, სამართლებრივი რეფორმების, შესაძლებლობების განვითარების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების საშუალებით და ამ პროცესში ჩართული სხვა დონორებისა და მოქმედი სუბიექტების გაერთიანებით.
გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი პრინციპებია. როგორ უზრუნველყოფს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო ამ ღირებულებების დაცვას თავის პროექტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მუშაობა გიწევთ სუსტი მმართველობითი სტრუქტურების მქონე გარემოში?
სუსტი მმართველობითი სტრუქტურების მქონე გარემოში მუშაობა საკმაოდ რთულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ გარემოში ჩვენი მიდგომა სხვა მოქმედ სუბიექტებთან იყოს გაერთიანებული. ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში და მათი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. სადაც შესაძლებელია, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო მუშაობს ადგილობრივი ინსტიტუტებისა და სამთავრობო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და მათი მმართველობის სტრუქტურების გაუმჯობესებაზე.
როგორ უჭერს მხარს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო კერძო სექტორს ანტიკორუფციული ზომების მიღებაში და, თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს ის უფრო ფართო ანტიკორუფციულ დღის წესრიგში? რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც ბიზნესი აწყდება ანტიკორუფციული პრაქტიკის დანერგვაში და მის შემდგომ შენარჩუნებაში, განსაკუთრებით, დღევანდელ არსებულ გარემოში?
ჩვენი მხარდაჭერა ამ სფეროში ფოკუსირებულია ბიზნეს საზოგადოებაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კულტურის ხელშეწყობაზე. ამ კუთხით, სხვადასხვა ორგანიზაცია, სავაჭრო და ბიზნეს ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ა.შ. გამოხატავს და ახორციელებს თავის მხარდაჭერას. ეწყობა სემინარები და ტრენინგები ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით და ა.შ. არსებული კანონებისა და რეგულაციების დაცვის საფუძველზე, ბიზნესი გადამწყვეტ როლს ასრულებს უფრო ფართო ანტიკორუფციული დღის წესრიგის შემუშავების პროცესში. მათ წინაშე არსებული გამოწვევები, ძირითადად, დაკავშირებულია როგორც მათი მხრიდან ვალდებულების არსებობის ნაკლებობასთან და ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივაციებთან, ასევე, სუსტ ინსტიტუტებთან და რთულ ბიზნეს გარემოსთან.
სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა კორუფციასთან ბრძოლის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენს. როგორ მუშაობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო ადგილობრივ ორგანიზაციებთან ანტიკორუფციული ადვოკატირების ხელშეწყობისა და კორუფციული რისკების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით?
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო, ძირითადად, ეყრდნობა ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებსა და ცოდნას ადგილობრივ თემებში არსებული კორუფციის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის და ა.შ. გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში. მათ შეუძლიათ, დახმარება გაუწიონ ადგილობრივ ინსტიტუტებსა და სამთავრობო უწყებებს შესაძლებლობების ამაღლებასა და მმართველობითი სტრუქტურების მუშაობის გაუმჯობესებაში, დაეხმარონ ანტიკორუფციული პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებასა და განხორციელებაში, მხარი დაუჭირონ კანონმდებლობის გადახედვაში, უსაფრთხო მამხილებელი მექანიზმების ჩამოყალიბებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში და სხვა.