შვედური ფინანსური სექტორის კორპორაციული პასუხისმგებლობა

Danske Bank-ი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია დანიაში და ერთ-ერთი უდიდესი ბანკი სკანდინავიაში. ის 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწევს საზოგადოებას მომსახურებას კონსულტაციებით, ექსპერტიზითა თუ  ფინანსური გადაწყვეტილებებით. გრძელვადიანი მდგრადი განვითარება ბანკის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. Danske Bank-ის ხედვის ნაწილია,  შექმნას მდგრადი პროგრესი და მზად იყოს იმ გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი პლანეტა და საზოგადოება. ბანკში მიიჩნევენ, რომ მათი ბიზნესის თითოეულ ასპექტში მდგრადობის ჩართვა ფუნდამენტურია ყველა დაინტერესებული მხარისთვის მდგრადი ღირებულების შესაქმნელად. მდგრადობის სტრატეგიაში Danske Bank-ს  ფოკუსის ხუთი სფერო აქვს: მეწარმეობა, ფინანსური ნდობა, თანამშრომელთა კეთილდღეობა და მრავალფეროვნება, გარემოს დაცვა და მმართველობა და კეთილსინდისიერება.

ფინანსურ სექტორზე შვედეთში და ფინანსური დანაშაულის პრევენციის მნიშვნელობაზე Danske Bank-ის  ფინანსური დანაშაულის შესაბამისობის დეპარტამენტის, სანქციების მრჩეველთა ჯგუფის მენეჯერი სოფიო ტაბატაძე გვესაუბრება.

გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორ დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა შვედეთს და დანსკე ბანკს?

ჩემი განათლება და პროფესიული ცხოვრება ურთიერთმკვეთ დისციპლინებსა და სფეროებში ჩამოყალიბდა. პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლისა და საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის შემდეგ დავიწყე მაგისტრატურაზე სწავლა ბიზნესის მიმართულებით სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში შვედეთში. მას შემდეგ ვეხმარები სკანდინავიურ კომპანიებს შესაბამისობის პროგრამების შემუშავებაში, რათა უზრუნველყონ მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება, საერთაშორისო სტანდარტების შესრულება და საზოგადოების მოლოდინების გამართლება.

ამჟამად ვმუშაობ Danske Bank-ში, რომელიც უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია დანიაში და ერთ-ერთი უდიდესი ბანკია სკანდინავიაში. ფინანსური დანაშაულის სფეროში მუშაობამ უნიკალური შესაძლებლობა მომცა გამომეყენებინა პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროებში არსებული ინტერდისციპლინური ცოდნა და გამოცდილება. ფინანსურ სანქციებზე მუშაობისას აუცილებელია ინტერესი და საერთაშორისო პოლიტიკის სიღრმისეული ცოდნა. ამავე დროს, ამისათვის საჭიროა უნარები და ცოდნა ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის წესთან დაკავშირებით, რათა დანერგილი კონტროლები და პროცესები იყოს ადეკვატური და მართებული.

თქვენი საქმიანობის სფეროა ფინანსური დანაშაული და სანქციები, კორუფციასთან ბრძოლა და ბიზნეს ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები. ამ მიმართულებით როგორია სკანდინავიის ქვეყნებში ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკა?

ფინანსური სისტემა უნებლიეთ შეიძლება აღმოჩნდეს გამოყენებული დანაშაულებრივი სფეროს წარმომადგენლების მიერ ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ან სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, საზიანოდ საზოგადოებისათვის, რომელიც დამოკიდებულია გამართულ და სტაბილურ ფინანსურ სისტემაზე. დამნაშავეებმა შესაძლოა გამოიყენონ ფინანსური ინსტიტუტები, რათა დაიკანონონ დანაშაულებრივი საქმიანობით, მაგალითად კორუფციით ან გადასახადებისთვის თავის არიდებით მიღებული ფულადი სახსრები, დამალონ ფულადი სახსრების წყაროები და კომპანიების ბენეფიციარული მესაკუთრეობა, ფულადი სახსრები და რესურსები ხელმისაწვდომი გახადონ სანქცირებული პირებისთვის ან ჩაერთონ სანქცირებულ კომერციულ საქმიანობაში. შესაბამისად, სამართალდამცავ უწყებებთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად ბანკებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ფინანსური დანაშაულის თავიდან აცილების საკითხში. ევროკავშირს (EU) მტკიცე მარეგულირებელი ბაზა აქვს ფინანსური დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) დირექტივა და რეგულაციები სანქციებთან დაკავშირებით. ამასთან, არსებობს მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტი და არასავალდებულო სტანდარტები, როგორიცაა, მაგალითად, ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები.

2022 წელს ჩვენ მოვისმინეთ ბევრი რამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შესახებ. რა არის ფინანსური სანქციები და როგორ ნერგავენ მას ფინანსური ინსტიტუტები?

ფინანსური სანქციები არის უცხოური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო სუბიექტების ქცევის შესაჩერებლად ან შესაცვლელად და ისინი ხშირად მიიჩნევა ომის მშვიდობიან ალტერნატივად. მართალია სანქციები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მათი აღსრულება ხორციელდება სამართლებრივი და ფინანსური ღონისძიებების სახით, მაგალითად სანქციებით იკრძალება ან იზღუდება ფინანსურ ბაზარზე წვდომა და ხორციელდება სანქცირებული იურიდიული ან ფიზიკური პირების კუთვნილი ფულადი სახსრების გაყინვა. შესაბამისად, ბანკებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სანქციების განხორციელების საკითხში და აქვთ სამართლებრივი ვალდებულება, რათა დაემორჩილონ მათ. თუ ასე არ მოიქცევიან, დაეკისრებათ მნიშვნელოვანი ჯარიმები და საურავები. 2022 წელს სანქციებთან მიერთება ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დააკისრეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ჩემთვის ეს რთული წელი იყო პროფესიული და პირადი თვალსაზრისით. როგორც ქართველს, გამოვლილი მაქვს რუსეთის საქართველოში შემოჭრა 2008 წელს და ჩემი სამშობლოს 20% ჯერ ისევ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ამიტომ უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან პირადული საკითხია ჩემთვის. პროფესიული თვალსაზრისითაც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მრავალმხრივ გამორჩეული და რთული იყო. დღეისათვის რუსეთი ყველაზე მეტად სანქცირებული ქვეყანაა მსოფლიოში. პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან სუბიექტს ერთდროულად ამდენი სანქცია დაეკისრა. სანქციები კომპლექსურიც იყო და მოიცავდა მრავალ ახალ ღონისძიებას და შეზღუდვას, მაგალითად რუსული ბანკების გათიშვას swift-ის სისტემიდან. სირთულეების მიუხედავად, 2022 წლის სანქციებზე მუშაობა სასარგებლო გამოცდილებაც იყო, რადგან ვთვლი, რომ სანქციების სწორი განხორციელების უზრუნველყოფით წვლილი შემაქვს რუსეთის ეკონომიკურად დასუსტებაში, რათა კრემლმა ვეღარ შეძლოს უკრაინაში წარმოებული უკანონო და ამორალური საომარი მოქმედებების დაფინანსების გაგრძელება.

რამდენად განსხვავდება შვედური ფინანსური სექტორის კორპორაციული პასუხისმგებლობა ქართულისგან? ვინაიდან თქვენი ძირითადი სფეროა ფინანსური დანაშაულის პრევენცია, რა რეკომენდაციას მისცემდით ქართულ ფინანსურ სექტორს ამ მიმართულებით?

საქართველოს ფინანსურ სექტორს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და ფინანსური დანაშაულის თავიდან აცილების საკითხებში ბევრი რამის სწავლა შეუძლია სკანდინავიური ფინანსური ინსტიტუტების გამოცდილებიდან. საქართველოში კერძო სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ქველმოქმედების სტილის კორპორაციული პასუხისმგებლობის ინიციატივებში მონაწილეობის გამოცდილება. მათ მხოლოდ ბოლო პერიოდში დაიწყეს მუშაობა კომპანიის ძირითად საქმიანობაში ინტეგრირებული მდგრადობის მიმართულებით. სკანდინავიური კერძო სექტორი კი წლებია მოწინავე ადგილს იკავებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის ძირითად საქმიანობაში ინტეგრირების თვალსაზრისით. მდგრადი ფინანსები და მდგრადი ინვესტიციები ფინანსური ინსტიტუტების დღის წესრიგის თავშია. შესაბამისობისა და ფინანსური დანაშაულის თავიდან აცილების მიმართულებით მეტი აქცენტის გაკეთებით სკანდინავიური ფინანსური ინსტიტუტები ასევე უწყობენ ხელს მდგრადი მშვიდობიანი საზოგადოებებისა და ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი ქართული კერძო სექტორის მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და მდგრადობის საკითხების ბიზნეს სტრატეგიებში ინტეგრირება?

საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და სულ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროკავშირში არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველოს კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ ევროკავშირში საქმიანობა, ევროკავშირის რეგულაციების დაკმაყოფილება გადაუდებელ აუცილებლობას და მოთხოვნას წარმოადგენს. ერთ-ერთი ახალი კანონი, რომელიც უნდა აინტერესებდეს ევროკავშირში საქმიანობის მსურველ ყველა კომპანიას, არის კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD), რომელიც ყველა დიდი კომპანიისგან მოითხოვს რეგულარული ანგარიშების გამოქვეყნებას ეკოლოგიური და სოციალური ზემოქმედების შესახებ. აღნიშნული სამართლებრივი მოთხოვნების გარდა არსებობს შიდა სტანდარტები და წესები, რომლებიც ევროპულმა კომპანიებმა განუსაზღვრეს საერთაშორისო პარტნიორებს; და კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ევროკავშირის ბაზარზე შესვლით, მზად უნდა იყვნენ აღნიშნული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. დაბოლოს, ევროკავშირის რეგულაციები და რეკომენდაციები წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას, რადგან ისინი ეფუძნება წლების გამოცდილებას და გაკვეთილებს და უბრალოდ კარგი პრაქტიკაა ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც სურს იყოს სიცოცხლისუნარიანი თანამედროვე სამყაროში.

*წინამდებარე სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს Danske Bank-ის მოსაზრებებსა და პოზიციას.

გააზიარე: