შვეიცარია-საქართველო: მდგრადი განვითარების პერსპექტივები

შვეიცარია მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის აქტიური მხარდამჭერია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. საგარეო პოლიტიკისა და განვითარების საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით ბევრს აკეთებს მდგარდი განვითარების მიზნების წარმატებული განხორციელებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. 25-წლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის მანძილზე შვეიცარიის ჩართულობითა და მხარდაჭერით არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება – ამჯერად, მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით.

როგორია მათი გამოცდილება მდგრადი განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე და როგორ აისახება ეს ყველაფერი შვეიცარია-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი, დანიელ მევლი გვესაუბრება.

როგორ უწყობს ხელს შვეიცარიის მთავრობა მდგრად განვითარებას ქვეყანაში და მის გარეთ და რა როლი აქვს ამ პროცესში მრავალსექტორულ თანამშრომლობას?

მდგრადი განვითარება და მისი ხელშეწყობა შვეიცარიის ფედერალური კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ქვეყანა მტკიცედ იცავს მდგრადობის პრინციპებს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული 2030 წლის დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შემუშავებაში, რომლებიც მყარ საფუძველს ქმნის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კოორდინაციისთვის. შვეიცარიის 2021-24 წლების საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგია 2030 წლის დღის წესრიგს ეხმიანება, რაც ნათლად ადასტურებს ქვეყნის სურვილს, საკუთარი ქმედებები საერთაშორისო თანამშრომლობით განსაზღვრულ პრინციპებს შეუსაბამოს.

მრავალსექტორული და მრავალმხრივი პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყნებთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპებია. პარტნიორების მიერ მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებისას, ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ მათ და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად პროცესების კოორდინაციასა და ფაქტებზე დაფუძნებული პოლიტიკის განსაზღვრაში დავეხმაროთ; ასევე, უზრუნველვყოთ ამ პროცესების გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. როდესაც თავად განვსაზღვრავთ და ვახორციელებთ თანამშრომლობის სტრატეგიებს, ვცდილობთ, ისინი პარტნიორი ქვეყნების მდგრადი განვითარების სტრატეგიებს და მიზნებს შევუსაბამოთ. რაც შეეხება პროექტებს, მათი შერჩევისას ყურადღება ექცევა პოტენციურ ზეგავლენას და წვლილს მდგრადი განვითარების მიზნებზე, სექტორთა ურთიერთქმედებასა და კავშირს შესაბამის SDG მიზნებთან; აგრეთვე, ახალი პარტნიორობისა და ფინანსური მოდელების სტიმულირებას და ამ პროცესში კერძო დაფინანსების გამოყენება.

შვეიცარიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მდგრად განვითარებას. რა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამიზნე ჯგუფებს მოიცავს ეს თანამშრომლობა?

შვეიცარია და საქართველო დიდი ხნის პარტნიორები არიან. მალე კარგი მმართველობის, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის თანამშრომლობის 25 წლისთავს აღვნიშნავთ და 2022-25 წლების ახალი რეგიონული თანამშრომლობის პროგრამასაც დავამტკიცებთ. ეს პროგრამა დღემდე არსებულ გამოცდილებას გააერთიანებს და საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა მდგრადი განვითარების სამი: ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით.

შვეიცარია მხარს უჭერს ინკლუზიურ ზრდას საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობის სექტორს და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ჩვენი ერთ-ერთი სამომავლო ინიციატივა სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტ პანდემიურ პერიოდში და შემავსებელია იმ საქმიანობის, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით ვახორციელებთ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორატიული მართვის სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით. უფრო ფართო ჭრილში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისადმი მსგავსი მიდგომა შერწყმულია ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობის ღონისძიებებთან და იმ ქმედებებთან, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას უკავშირდება. შვეიცარია, საქართველოს მთავრობასა და განვითარების სფეროში ჩართულ სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს სატყეო სექტორის რეფორმას: ამ შემთხვევაში ეკოლოგიური ასპექტი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა – სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს უკავშირდება: ტყის მახლობლად მცხოვრები ადამიანები გადამზადდებიან და მიიღებენ ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების შესაძლებლობას. დავამატებდი, რომ ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქალებისთვის. ზოგადად, ქალთა გაძლიერებას ხელს ვუწყობთ ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში – იქნება ეს მათი ეკონომიკური გაძლიერება, მეტი ჩართულობა, თუ მათი, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთა როლის გაზრდა რომ შევაჯამო, გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შვეიცარია გააგრძელებს სიღარიბის დაძლევისა და ინკლუზიური განვითარების მიმართულებით მუშაობას. სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით ქალები და ახალგაზრდები, საჭიროებენ ცოდნის გაღრმავებასა და უნარების განვითარებას, ასევე, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას.

თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს მრავალსექტორული პარტნიორობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდაში და როგორ უწყობთ ხელს საქართველოში ამ პროცესის გაძლიერებას?

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია – პარტნიორობაზე საუბრისას ადამიანები ავტომატურად ფიქრობენ დიალოგზე, მოსაზრებათა გაცვლაზე, კომპრომისსა და კონსენსუსზე. ეს ყველაფერი ღრმადაა ფესვგადგმული შვეიცარიის კულტურაში და კარგად ასახავს ჩვენი ცხოვრების წესსა და მსოფლმხედველობას. კომპრომისი და კონსენსუსი ცალმხრივად არ მიიღწევა – მდგრადი განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომლის სიკეთეები ორივე მხარისთვის ხელმისაწვდომია. ეს არის საკვანძო საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში მონაწილეობას, მათ ინკლუზიურობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფართო ჩართულობას. შვეიცარია ხელს უწყობს მრავალსექტორულ პარტნიორობას გლობალურად და, რასაკვირველია, საქართველოშიც. ამისათვის სხვადასხვა რგოლთან ვთანამშრომლობთ. მათ შორის: სახელმწიფო სექტორის ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან,
კერძო სექტორთან და ბიზნეს ასოციაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ცენტრებთან. რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან.

დაგვისახელეთ მრავალსექტორული პარტნიორობის წარმატებული მაგალითები – მდგრადი განვითარების მიზნებისა და Covid-19 კრიზისის მოგვარების პროცესში?

– თუ გავითვალისწინებთ, რომ პარტნიორობა და მდგრადი განვითარების მიზნები ჩვენი პროექტების ძირითადი მამოძრავებელია, ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. აღსანიშნავია შვეიცარიის მიერ დაფინანსებული ზემოთხსენებული IFC ESG პროექტი, რომელიც ემყარება გამოცდილებას, რომ ESG–ის სტანდარტების დანერგვა დადებითად აისახება საწარმოს საქმიანობაზე, კაპიტალის ხელმისაწვდომობასა და განვითარების შედეგებზე. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაცია და მდგრადი ინვესტიციების ხელშეწყობა ESG სტანდარტების დანერგვით ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფირმებთან, სამთავრობო უწყებებთან და კერძო საკონსულტაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. რაც შეეხება COVID-19-ს, პანდემიამ ხაზი გაუსვა პარტნიორობის მნიშვნელობას. კრიზისი მართლაც მრავალსექტორულია: ჯანდაცვის სფეროდან დაწყებული პრობლემა სწრაფად გავრცელდა ცხოვრების სხვა ასპექტებზეც; პარტნიორობის ხარისხი მნიშვნელოვანი იყო COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე არა მხოლოდ სწრაფი, არამედ ადეკვატური რეაგირებისთვის. შვეიცარიას ამ მხრივ სანდო პარტნიორების იმედი აქვს. შემიძლია მოვიყვანო მიზნობრივი ქმედებების რამდენიმე კარგი მაგალითი, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დახმარება სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში. ასევე, გამოიკვეთა დეცენტრალიზებულ დონეზე ჩვენი მუშაობის მნიშვნელობა და ადგილობრივი თვითმმართველობების როლის ზრდის საჭიროება – სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობები იდგნენ წინა ხაზზე პანდემიასთან ბრძოლაში.

გააზიარე: