სტუმარმასპინძლობისა და სარესტორნო სექტორი უკრაინისთვის

თებერვლის ბოლოს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარმასპინძლობის და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციის ცხელ ხაზზე რეკავდნენ და საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის თავშესაფარს და საკვებს სთავაზობდნენ. მსგავს ვითარებაში კერძო სექტორის ეს ინიციატივა ქვეყნის დადებითი იმიჯისათვისაც მნიშვნელოვანი იყო და  სწორ სამოქალაქო პოზიციასთან ერთად, ამ კომპანიების მაღალ კორპორაციულ პასუხისმგებლობაზეც მეტყველებდა. საბედნიეროდ, მათი რიცხვი არცთუ მცირე აღმოჩნდა. თითოეული შეძლებისდაგვარად ცდილობდა და დღესაც აგრძელებს გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებას.

ასე, მაგალითად, საქართველოში მოქმედი სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Iveria Inn Tbilisi, Sairme Hotels Resorts, Orbeliani Residence Hotel, Folk Boutique Hotel და Hotel Tbilisi Central –  უსასყიდლოდ სთავაზობდნენ  აქ  მყოფ უკრაინელებს მათთან დარჩენას. რესტორნები: „ჩვენი,“ „ქვევრი,“  „ქუქი ბეიქერი“  თავიანთი პროდუქციით უმასპინძლდებოდნენ; „მადარტმა,“  „ბროტპლატცმა“  და  „ბაზარმა ორბელიანზე“ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები საკვები პროდუქტებით  მოამარაგეს, „დანქინ დონატსმა“ და „ვენდისმა“  კი საკუთარი ვაუჩერები გადასცეს მათ.

სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში  არსებულ კომპანიათა ნაწილი  ფინანსურად დაუდგა მხარში  საბრძოლო მოქმედებებით დაზარალებულ უკრაინას: კაფე-სანაყინეთა ქსელმა, „ლუკა პოლარემ“ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 10 ათასი ლარი გამოყო, კლუბმა  „ბასიანმა“ უკრაინელ ხალხს მათი ღონისძიებიდან შემოსული  თანხა სრულად გადაურიცხა; „მაკდონალდსი“ და „კოკა-კოლა“ ერთ-ერთ ტელეარხზე გამართულ მარათონს შეუერთდნენ: თითოეულმა საქველმოქმედო ანგარიშზე 15 ათასი ლარი გადარიცხა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ჩამონათვალიდან, რაც საქართველოში მოქმედმა  სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა  უკრაინისთვის გააკეთეს და დღესაც აგრძელებენ დახმარებას. „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო კვერნაძე გვიზიარებს დამოკიდებულებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და ამ პროცესებში „აჭარა ჯგუფის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით.

Processed with VSCO with al3 preset

ნინო კვერნაძე,  „აჭარა ჯგუფის“  სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი  

– ქართული სასტუმრო და სარესტორნო  ბიზესის წარმომადგენლები ომის პირველივე დღეებიდან აქტიურად  ჩაერთნენ უკრაინის  მხარდამჭერ ღონისძიებებში სხვადასხვა ფორმითა და მიმართულებითროგორი იყო თქვენი კომპანიის წვლილი ამ  მნიშვნელოვან საქმეში?

„აჭარა ჯგუფი“ გლობალური მასშტაბის გამოწვევების გადაწყვეტის პროცესში ყოველთვის აქტიურად არის ჩართული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კი ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე თემაა.

რუსული აგრესიისა და არაპროვოცირებული ომის დაწყებისთანავე „აჭარა ჯგუფი“ სრული შემართებით ჩაერთო უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ პროცესებში.  

ჩვენი აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, საბრძოლო მოქმედებების პირველივე დღეებიდან საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის  Holiday Inn Tbilisi-ში  უსასყიდლოდ გამოიყო სასტუმროს ნომრები. მოთხოვნის მიხედვით, მათ ასევე ვუმასპინძლეთ სასტუმროებში Rooms Hotel Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi და Fabrika Hotel.

ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ სოციალური მედიის საშუალებით. ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა საქართველოში უკრაინის საელჩოსთან.  უშუალოდ მათგან ვიღებდით ინფორმაციას აქ მყოფი უკრაინელების საჭიროებათა შესახებ და შეძლებისდაგვარად ვცდილობდით  მათ დავხმარებოდით. ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის კორპორაციული კულტურის ნაწილიც არის, რასაც ვავითარებთ წლების განმავლობაში.

– უფრო კონკრეტულად, რა  გაკეთდა  უკრაინელების დასახმარებლად ქვეყნის გარეთ და მის შიგნით? როგორი  იყო კომპანიის  მენეჯმენტისა და პერსონალის დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ?

– უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებში უშუალოდ  ჩვენი თანამშრომლებიც ჩაერთნენ. მათ  თავად გამოთქვეს სურვილი, სხვადასხვა ფორმით დახმარებოდნენ მეგობარ ქვეყანას. ამ მიზნით,  ჩვენს სასტუმროებში გამოიყო სპეციალური სივრცეები, სადაც  „აჭარა ჯგუფის“ გუნდის წევრების მიერ შემოწირული პირველადი მოთხოვნილების  ნივთები და პროდუქტი შევაგროვეთ. ტვირთის ნაწილი  უკრაინაში გაიგზავნა, ნაწილი კი საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გადაეცათ. როგორც აღვნიშნე, კომპანიის ადმინისტრაციას  მჭიდრო კავშირი ჰქონდა  უკრაინის საელჩოსთან, საიდანაც  ვიღებდით იმ ნივთებისა და მედიკამენტების სიას, რომელიც ომით დაზარალებულ მოქალაქეებს სჭირდებოდათ.  

გარდა ამისა,  „აჭარა ჯგუფის“ ინიციატივით დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან (UNHCR). მათგან მიღებული ინფორმაციისა და მოთხოვნის საფუძველზე დამატებით ვათავსებდით ჩვენს სასტუმროებში საქართველოში ჩამოსულ ლტოლვილვებს. რასაკვირველია, მჭიდრო კავშირი გვქონდა საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციასთანაც (GNTA).  მათთან ერთად „აჭარა ჯგუფის“ გუნდი აქტიურად მუშაობდა, რათა  ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს  ქვეყანაში ახალი  და დროებითი საცხოვრებელი სივრცეები ჰქონოდათ.  საერთო ჯამში, 168 ზრდასრულსა და 24 მოზარდს/ბავშვს ვუმასპინძლეთ 1.5 თვის განმავლობაში.

„აჭარა ჯგუფი“ ჩართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებაში  უკრაინელთა დასახმარებლად და ცდილობდა საკუთარი მხარდაჭერა როგორც მატერიალური, ასევე მორალური ფორმით  გამოეხატა. სასტუმროში არსებული სივრცეები უსასყიდლოდ გამოვყავით ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისა თუ ასოციაციების მიერ ორგანიზებულ არაერთი თემატური საქველმოქმედო ღონისძიებისთვის.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჩვენს  ყველა დაწესებულებაში განთავსდა უკრაინის დროშები,  თანამშრომლები კი  საკუთარ  პოზიციას ჩვენი მეგობარი ქვეყნის დროშის სიმბოლიკის სამკერდე ნიშნებით გამოხატავდნენ.  ის ფაქტი, რომ კომპანია ომის დაწყების პირველივე დღეებიდან დადგა სწორ მხარეს და  გამოხატა თავისი პოზიცია რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მის ღირებულებით მდგრადობასა და დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებაზე მიუთითებს. „აჭარა ჯგუფი“ არის პროგრესული კომპანია, რომელიც მხარს უჭერს სიმართლეს, დემოკრატიას და უკრაინელი ხალხის თავისუფალ, სუვერენულ ქვეყანაში ცხოვრების არჩევანს პატივს სცემს.

 როგორ გაგრძელდება  ჰუმანიტარული აქციები, რას აპირებს თქვენი კომპანია ამ კუთხით უახლოეს მომავალში?

–  ჩვენი სურვილია, ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და უკრაინის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, სამშობლოში დაბრუნდნენ და იქ  გააგრძელონ თავიანთი ქვეყნის  განვითარება. „აჭარა ჯგუფი“ მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და დაეხმარება  იმ ფორმით, რაც შექმნილ ვითარებაში ყველაზე  მეტად სჭირდებათ.

გააზიარე: