ტერაბანკის ციფრული განვითარების სტრატეგია 

ტერაბანკს, რომელიც 1999 წლიდან მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს ქართულ საფინანსო სექტორში, ტექნოლოგიური ინოვაციების გასაძლიერებლად და AI-ის უფრო ფართოდ დანერგვისთვის ციფრული განვითარების სტრატეგია აქვს, რაც როგორც ბანკის შიდა, ასევე გარე მიმართულებების უფრო მეტად გაციფრულებას ითვალისწინებს.  

რა როლი აქვს ფინანსურ სექტორს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში და რა გამოწვევებია ამ თვალსაზრისით – ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ SUSTAINABILITY SPOTLIGHT-სტერაბანკის ციფრული ტრანსფორმაციისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსი ქეთევან ყიფიანი ესაუბრა.  

რამდენად არის ხელოვნური ინტელექტი ინტეგრირებული საქართველოში ფინანსური სექტორის საქმიანობაში? 

საქართველოს საბანკო სექტორში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. ერთ-ერთია სესხების გაცემის პროცესი: 

  • საკრედიტო სკორინგის სისტემები, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის მონაცემებს; 
  • ავტომატიზებული გადაწყვეტილების მიღების სისტემები მცირე სესხებზე; 
  • რისკების შეფასების AI მოდელები. 

საქართველოში არსებული ბანკები AI-ს, უმეტესად, მომხმარებელთა მომსახურებაში შემდეგი მიმართულებით იყენებენ: ჭკვიანი ჩეთბოტები ონლაინ კონსულტაციისთვის; ხმის ამომცნობი სისტემები სატელეფონო მომსახურებაში და პერსონალიზებული შეთავაზებების გენერირება. 

თუმცა, ქართულ ბანკებში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, როგორიცაა AI სპეციალისტების ნაკლებობა, ძვირადღირებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა და რეგულაციების ადაპტირების საჭიროება. 

როგორ იყენებს ტერაბანკი ხელოვნურ ინტელექტს თავის საქმიანობაში? რომელი მიმართულებებია პრიორიტეტული – მომხმარებელთან ურთიერთობა, რისკების მონიტორინგი, ანგარიშგება თუ სხვა? 

ამ ეტაპისთვის ბანკი ბევრ საინტერესო ტექნოლოგიას იყენებს, რაც პროცესსაც აჩქარებს და მომხმარებელსაც მეტ კომფორტს უქმნის. AI მიმართულებით კი, ვიყენებთ ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიის – OPTIO AI-ის პროდუქტს, რომლის დახმარებითაც, მომხმარებელს მათზე მორგებულ პროდუქტს ვთავაზობთ.  

რა სახის ფინანსური პროდუქტები ან კონსულტაციები არსებობს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან AI-ის გამოყენებით? როგორ შეუძლია ფინანსურ სექტორს, მათ შორის ტერაბანკს, დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს AI ტექნოლოგიების დანერგვაში? 

საქმიანობის გაციფრულება მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, ამავდროულად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ტერაბანკმა, რომლის სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, საკუთარი კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში, პროექტი Saasargeblo წამოიწყო. Saasargeblo-ს მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს ციფრული გადაწყვეტილების დანერგვა გაუმარტივოს, ხელი შეუწყოს მათი ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას და ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებას. 

პროექტი უფასო და ღია ღონისძიებებს, შეხვედრებსა და კონსულტაციებს აერთიანებს, რომელთა მიზანიც SaaS კომპანიებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება და ურთიერთმხარდაჭერაა. 

გვჯერა, რომ ამ პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებასა და ეფექტიანად წარმართვაში ჩვენს წვლილს შევიტანთ და, ამავდროულად, ქვეყანაში SaaS ეკოსისტემის განვითარებასაც შევუწყობთ ხელს. 

რა სახის რეგულაციებისაჭირო, რომ AI-ის გამოყენება ფინანსურ სექტორში უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო იყოს? 

იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსურ სექტორში უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია, საჭიროა AI-ის რეგულირებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოვყოთ: 

მონაცემთა დაცვა და უსაფრთხოება: 

  • პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტები და რეგულაციები; 
  • მონაცემთა შენახვისა და გამოყენების სტანდარტები; 
  • მონაცემთა დაშიფვრის სავალდებულო სტანდარტები. 

რისკების მართვა: 

  • AI სისტემების სტრეს-ტესტირება; 
  • ბექაფ სისტემების სავალდებულო არსებობა; 
  • რეგულარული რისკების შეფასება; 
  • ინციდენტების მართვის პროცედურები. 

მომხმარებელთა უფლებები: 

  • ინფორმირებული თანხმობის აუცილებლობა; 
  • AI გამოყენების შესახებ გამჭვირვალე კომუნიკაცია; 
  • პერსონალური მონაცემების წვდომისა და წაშლის უფლება; 
  • ალტერნატიული მომსახურების შეთავაზების ვალდებულება. 

საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია: 

  • ეროვნული ბანკის როლის გაძლიერება AI რეგულირებაში; 
  • საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია; 
  • ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება; 
  • ეტაპობრივი მიდგომა რეგულაციების დანერგვისას; 
  • საბანკო სექტორის მზაობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხზე. 

რა ეთიკური გამოწვევები შეიძლება წარმოიშვას AI-ის გამოყენების პროცესში, განსაკუთრებით, საბანკო სექტორში? როგორ უზრუნველყოფს ტერაბანკი AI გადაწყვეტილებების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რომ დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და მარეგულირებელი სტანდარტები? 

ბანკის ფუნდამენტური იდეა მის გამჭირვალობასა და მომხმარებელთან ნდობის ჩამოყალიბებაშია. შესაბამისად, ეს საკითხი ბანკისთვის ძალიან ახლოა. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან და კონკრეტულად AI-სთან მიმართებას, აქაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ძირითადი გამოწვევები: 

  1. გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: AI გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დოკუმენტირება; მკაფიო კომუნიკაცია მომხმარებლებთან; გადაწყვეტილებების გასაჩივრების მექანიზმების არსებობა. 
  1. ანგარიშვალდებულების მექანიზმები: რეგულარული აუდიტი; შიდა კონტროლის სისტემები; თანამშრომელთა ტრენინგი AI ეთიკის საკითხებში. 
  1. მომხმარებელთა უფლებების დაცვა: ინფორმირებული თანხმობის მიღება; მონაცემთა წვდომისა და კონტროლის უფლება; ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება. 

 რას გეგმავთ ტექნოლოგიური ინოვაციების გასაძლიერებლად და ბანკის მომსახურებაში AI-ის უფრო ფართო გამოყენებისთვის? 

ტერაბანკს აქვს ციფრული განვითარების სტრატეგია, რაც მოიცავს როგორც ბანკის შიდა, ასევე გარე მიმართულებების უფრო მეტად გაციფრულებას. ეს არის უწყვეტი გზა, რომელსაც ტერაბანკი მიჰყვება და რომლის მიზანიც მხოლოდ ერთია – შევქმნათ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული საბანკო გამოცდილება და ამაში ტექნოლოგიებს, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს დიდი წვლილი ექნება.  

გააზიარე: