„თერმორუმის“ ეკომეგობრული სტრატეგია

Thermo room

„თერმორუმი“ გაეროს გლობალური შეთანხმების ხელმომწერი კომპანიაა, რომელიც  საქმიანობს გათბობა-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით. კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი გოგიჩაიშვილმა განათლება მენეჯმენტის კუთხით შვედეთში მიიღო, სწორედ იქ გაეცნო დეტალურად მდგრადობის მნიშვნელობას და შეძენილი ცოდნა კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად აქცია.

როგორია კომპანიის მდგრადობის ხედვა, „თერმორუმის“ დამფუძნებელი გიორგი გოგიჩაიშვილი გვესაუბრება.

როგორია კომპანიის მდგრადობის ხედვა, „თერმორუმის“ დამფუძნებელი გიორგი გოგიჩაიშვილი გვესაუბრება.

თუ შეიძლება, გვიამბეთ კომპანია „თერმორუმის“ საქმიანობისა და მიზნების შესახებ.

„თერმორუმი“ გათბობა-კონდიცირებისა და წყალმომარაგების სისტემების მიმართულებით საქმიანობს. მისი ფუნქციაა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ინდუსტრიის მოწინავე მწარმოებლებსა და მომხმარებელს შორის. ეკოინოვაციები და ეკომეგობრული პროდუქცია ამ სფეროს განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია, თითოეულმა კომპანიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს დედამიწის ეკოსისტემის გადარჩენაზე. არსებული ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს საჭიროა  მომდევნო თაობების წარმატებული და ჯანსაღი მომავლისთვისაც.

კომპანია 2016 წელს ხუთმა მეგობარმა დავაარსეთ, რომლებიც მრავალი წელია, გათბობა-კონდიცირების სფეროში ვსაქმიანობთ. „თერმორუმის“ ძირითადი მიმართულებებია: შენობა-ნაგებობების გათბობა-გაგრილება, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების იმპორტი, რეალიზაცია, პროექტირება, სამონტაჟო სამუშაოები და  მომსახურება. შესრულებული გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი, მათ შორის, „ორბი სითის“ 10 000-მდე აპარტამენტის აღჭურვა უმაღლესი ხარისხის კონდიციონერებით. ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზებით და სწორი კორპორაციული პასუხისმგებლობით კომპანიამ სწრაფად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა. ამჟამად დასაქმებული გვყავს 70 თანამშრომელი.

თქვენ სწავლობდით შვედეთში. რამდენად აისახა იქ შეძენილი ცოდნა „თერმორუმის“ მართვაზე? რამდენად შეიცვალა თქვენი წარმოდგენები და დამოკიდებულება მდგრადობის საკითხების მიმართ?

შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამაზე სასწავლად განაცხადი ბოლო ვადამდე ერთი დღით ადრე შევიტანე და მგონია, რომ ეს აღმოჩნდა საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილებამ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სწორედ შვედეთში სწავლამ მომცა ცოდნა და ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მდგრადობა ჩემი ბიზნესსაქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტად მექცია. გავიღრმავე ცოდნა მდგრადი განვითარების შესახებ და ვისწავლე ისიც, თუ როგორ გამეხადა მდგრადობა „თერმორუმის“ მიწოდების ქსელისა და შესყიდვების სისტემის საფუძველი. სწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ „თერმორუმს“ აქვს რესურსი, გახდეს მდგრადობის სტანდარტის ეფექტიანად გამტარებელი, ამისთვის კი შევცვალეთ არაერთი ასპექტი, რითიც ვაკეთებთ ბიზნესს.

საქართველოში ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების დანერგვით და სულ მეტი მომხმარებლის მოთხოვნით, რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტები ენერგოეფექტური იყოს, ჩემთვის ცხადი გახდა, რამდენად მნიშვნელოვანია „თერმორუმის“ მკაფიო ხედვა- გახდეს კიდევ უფრო მდგრადი კომპანია.

ამ ხედვის ნაწილია ის, რომ „თერმორუმი,“ რამდენიმე ქართულ სტარტაპ კომპანიასთან თანამშრომლობით, ემისიების შემცირების მიზნით, ახდენს მრავალრიცხოვანი დოკუმენტების დიგიტალიზაციას ელექტრონული ხელმოწერების დანერგვის გზით. კომპანია ასევე ამცირებს ნარჩენებს მათი უკეთესი გადამუშავების მეშვეობით.

სანამ შვედეთის ინსტიტუტის მენეჯმენტის პროგრამას დავასრულებდი, „თერმორუმის“ მომწოდებლების შერჩევისას გადაწყვეტილებებს ვიღებდით მარტივად, მხოლოდ ღირებულებისა და ხარისხის მიხედვით. ახლა მდგრადობა ჩვენი ხედვის იმდენად მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომ იმ კომპონენტების ჩამონათვალს, რომებსაც პროვაიდერების შერჩევისას ვაფასებთ, მდგრადობის კრიტერიუმები დავამატეთ – ეს აისახება ნედლეულის შერჩევიდან დაწყებული, მთელ  შემდგომ ჯაჭვზე.

„თერმორუმი“ ზრუნავს გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე. თქვენ საქმიანობას შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს CO2-ის გამოყოფა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს პარიზის შეთანხმებით დადგენილი მიზნების მიღწევაში. კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ თქვენი კომპანია რას საქმიანობს ამ კუთხით?

მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტური პროდუქტების შექმნა და დახვეწა, დაარსების დღიდან ბიზნესსტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. „თერმორუმი“ ზრუნავს გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე – ეს ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის  შემადგენელია. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერეთ, რომ ამ სექტორს (შენობების გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და წყალმომარაგება) შეუძლია, საგრძნობლად შეამციროს CO2-ის გამოყოფა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პარიზის შეთანხმებით დადგენილი მიზნების მიღწევაში, უარი ვთქვით დაბალეფექტური პროდუქციის იმპორტზე. აღნიშნული პროდუქტის ხელმისაწვდომობიდან და დიდი საბაზრო წილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება არ  იყო მარტივი, თუმცა არჩევანი ხარისხისა და ეკოლოგიის სასარგებლოდ  გაკეთდა.

 „თერმორუმი“ თანამშრომლობს ისეთი მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე მწარმოებლებთან,  როგორიცაა Danfoss (დანია), Aermec (იტალია), Caleffi (იტალია), Fonderie Sime (იტალია), Dab pumps (იტალია) და სხვა. ეს კომპანიები მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, მომხმარებელს სხვადასხვა ეკოინოვაციურ პროდუქტს სთავაზობენ. საერთო ჯამში, 50-მდე პარტნიორი გვყავს იტალიაში, ესპანეთში, თურქეთში, უკრაინაში, პოლონეთში, ნიდერლანდების სამეფოსა და ჩინეთში. ჩვენ მიერ იმპორტირებული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ რეგულაციას აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რაც „თერმორუმის“ კონკურენტულ უპირატესობასა და მომხმარებლებში პროდუქციის მიმართ ნდობას კიდევ უფრო აძლიერებს.

სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ. გეგმავთ თუ არა პროექტების განხორციელებას, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას ემსახურება?

„თერმორუმის“ ახალ სათაო ოფისში მზის ფოტოვოლტური პანელები დავამონტაჟეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, დავზოგოთ ელექტროენერგია, გავუფრთხილდეთ გარემოს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. მზის პანელების ინტეგრირებით წლიურად  საათში 139 მეგავატ  ელექტროენერგიას გამოვიმუშავებთ, რაც ტოქსიკური აირის გამოყოფას რამდენიმე ათასი კილოგრამით შეამცირებს. ეს არის პირველი დიდი ნაბიჯი იმ მიზნისკენ, რომელიც სათაო ოფისისა და ცენტრალური საწყობის სრულად განახლებული ენერგიით ოპერირებას გულისხმობს. შემდეგი ეტაპი სასმელი წყლის დაზოგვას უკავშირდება, რაც სანიტარული მიზნებისათვის წვიმის წყლის მოგროვება-ფილტრაციას ითვალისწინებს.

„თერმორუმი“ ახორციელებს მაღალსართულიანი შენობებისთვის წყალმომარაგების სატუმბო სადგურების სამწყობრო სამუშაოებს. ჩენი ინჟინრები თითოეულ პროექტზე მორგებულ ექსკლუზიურ, ენერგოეფექტურ სატუმბო სადგურებს აწყობენ, რაც დამკვეთს საშუალებას აძლევს, ევროპული ხარისხის ენერგოეფექტური პროდუქტი 25-30 პროცენტით დაბალ ფასად შეიძინოს, ამასთანავე, საგრძნობლად დაზოგოს ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარება.  „თერმორუმში“ მიგვაჩნია, რომ 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევას – დედამიწის ეკოლოგიური კატასტროფისგან გადარჩენას- მხოლოდ ეკოინოვაციების დახმარებით გავუმკლავდებით.  განვითარებასა და ხარისხზე აქცენტთან ერთად, მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა. ეს ჩვენი ვალდებულებაცაა და მოვალეობაც მომავალი თაობების წინაშე.

გააზიარე: