THE Crossroads – ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის განვითარებისთვის 

THE Crossroads სტარტაპერებისა და ინვესტორებისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომლის მიზანი სხვადასხვა ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების დაკავშირება, მხარდაჭერა, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ინოვაციური ბიზნესებისა და სამუშაო ადგილების შექმნაა. 

ბოლო წლებში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტარტაპების საპასუხოდ, ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების პროცესი ახალ საფეხურზე ავიდა. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესში ყველაზე სწრაფ და აქტუალურ გადაწყვეტად იქცა. 

THE Crossroads  აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და დანერგვის მიმართულებით. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ბიზნესი დღეს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების  გარეშე ვერ იარსებებს.  აღნიშნული ტექნოლოგიებისა და, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში კი, მთავარ როლს  სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას ანიჭებენ.  

როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი საქართველოს კერძო სექტორში და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში – THE Crossroads დამფუძნებელი ნიკოლოზ კობახიძე საუბრობს. 

რა იყო კომპანია THE Crossroads-ის შექმნის მიზანი და როგორ ხედავთ მის როლს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების თვალსაზრისით? 

THE Crossroads გლობალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოში 2021 წელს შეიქმნა. ის სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში სხვადასხვა მხარის ჩართვას გულისხმობს. THE Crossroads-ის სამი მთავარი საფუძველია: საჯაროობა, განათლება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 

წარმოიდგინეთ, გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა ან სტარტაპი, გყავთ გუნდი და განვითარების გზებს ეძებთ. THE Crossroads ის გზაჯვარედინია, სადაც საჭირო პარტნიორების, ფინანსური რესურსისა და ცოდნის მოძიებას შეძლებთ – ასეთია პლატფორმის დამფუძნებლების მიზანი, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სტარტაპერები და ინვესტორები. 

ბოლო წლებში, განსაკუთრებით, პანდემიის დროს, საქართველოსა და მსოფლიოში არაერთი ტექნოლოგიური ინოვაცია თუ სტარტაპი გაჩნდა. შეიქმნა  მონაცემთა ბაზები, გაციფრულდა ბიზნესები, სერვისები და სხვა მიმართულებები. ამ პროცესებმა გამოიწვია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება. ხელოვნური ინტელექტი დღეს ყველაზე სწრაფი, მოთხოვნადი და აქტუალური გადაწყვეტაა.  

დღეს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება თითქმის ყველა დარგში თუ ინდუსტრიაში, იქნება ეს მედიცინა, განათლება, საბანკო სისტემა, წარმოება თუ სხვა. შესაბამისად, გააქტიურდა უამრავი მხარე: აქსელერატორები, ინკუბატორები, ინვესტორები, რომლებსაც აინტერესებთ სტარტაპები, ახალი იდეები და მზად არიან, მათთან ერთად რისკი გაწიონ. 

დავიწყეთ საქართველოთი, მაგრამ უფრო დიდ მასშტაბს მოვიაზრებთ. კავშირები უკვე გვაქვს როგორც კავკასიაში, ასევე ცენტრალურ აზიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პორტუგალიაში, ისრაელში და ა.შ. 

რა სახის მხარდაჭერასა და ინოვაციებს სთავაზობს THE Crossroads ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს და როგორ ხდება მათი დაკავშირება ინვესტორებთან? 

THE Crossroads-ს შეუძლია, ბიზნესებს მისცეს განვითარების საშუალება, ასპარეზი და დააკავშიროს სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ კულტურული კავშირების გზაჯვარედინი, არამედ ქვეყანა, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი, შექმნას და მსოფლიოს შესთავაზოს უნიკალური და ინოვაციური პროდუქტები.  ასევე, ერთმანეთთან დააკავშიროს ევროპული და აზიური ქვეყნები ბიზნესის გასაკეთებლად, დაეხმაროს მათ გამოცდილების გაზიარებაში, აპოვნინოს მხარეებს ურთიერთმომგებიანი წინადადებები – საქართველოს შეუძლია გახდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჰაბი. 

ჩვენ ვმუშაობთ არაერთი მიმართულებებით, მაგალითად: ხელოვნური ინტელექტი, ბლოქჩეინ ტექნოლოგიები, რობოტიკა, IoT, განახლებადი ენერგია, ელექტრონული ტრანსპორტი (EV), SpaceTech, AgriTech და ა.შ. 

THE Crossroads-ს გუნდის წევრები არიან საერთაშორისო მასშტაბის გამოცდილი ლიდერები. თითოეული მათგანი კოორდინაციას უწევს საკუთარ სფეროს. მაგალითად, იქნება ეს AI ტექნოლოგიები თუ ბლოქჩეინი, ჩვენი მიზანია სტარტაპების დაკავშირება შესაბამის ფონდებთან, ვენჩერ ინვესტორებთან, საერთაშორისო ინიციატივებში ჩართულობა თუ სხვა. 

იყენებთ თუ არა ხელოვნურ ინტელექტს კომპანიის საქმიანობასა და აქტივობებში? რა სახის პროექტებს ახორციელებთ ამ კუთხით? 

დღეს ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და დანერგვაზე რამდენიმე განხრით, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტშიც – იქნება ეს ინფორმაციის გადამოწმება, ანალიტიკური საქმიანობა თუ სხვა. თუმცა, პროექტების პრეზენტაციამდე მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან დროებით თავს შევიკავებთ. 

როგორ ხედავთ ხელოვნური ინტელექტის როლს საქართველოს კერძო სექტორში და როგორ შეიძლება მისი გამოყენება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის? 

ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლი სწორედ კერძო სექტორს აქვს, ხოლო თანამედროვე ბიზნესი დღეს ვერ იარსებებს ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გარეშე.  

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ AI ტექნოლოგიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს როლი და მისი ხელშეწყობა. პირველ რიგში, აუცილებელია ეროვნული სტრატეგიის შექმნა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. შემდგომ კი, მისი ასახვა საკანონმდებლო ინიციატივებში.  

ამ პროცესის შედეგად ქვეყანა მიიღებს, ერთი მხრივ, დარგის განვითარებას, საზოგადოება – უსაფრთხოების გარანტიებს და ბიზნესი – შესაბამის რეგულაციებს. 

რა გამოწვევები არსებობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საქართველოში, როგორც კერძო სექტორის განვითარების, ასევე, ინვესტორებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით?  როგორ შეიძლება მათი დაძლევა? 

როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, სახელმწიფო და მსხვილი ბიზნესი უნდა უწყობდეს ხელს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას. 

მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება, AI სტარტაპების მხარდაჭერა, მათთვის დაფინანსების წყაროს მოძიება, საერთაშორისო ბაზარზე მათი გაყვანა და სხვა მსგავსი ინიციატივები. 

რაც მთავარია, საჭიროა ახალი ტექნოლოგიების განვითარების და დანერგვის სურვილი და შესაბამისად მოქმედება. ამ კუთხით ბიზნესი უნდა იყოს ძალიან აქტიური, რაც, სამწუხაროდ, ასე არაა. 

თანამედროვე მსოფლიო ძალიან სწრაფად ადაპტირდება და ჩვენ ჩამოვრჩებით – ასე გაგვიჭირდება ფეხი ავუწყოთ საერთაშორისო გამოწვევებს.  

მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საერთაშორისო კომპანიები, მსხვილი ინვესტორები უკვე იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და ამისთვის ჩვენი მოსახლეობა არ არის მზად. 

ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით როგორია საქართველოს პოტენციალი, როგორ შეიძლება გახდეს საქართველო რეგიონის და ევროპის დამაკავშირებელი ჰაბი ინოვაციური ბიზნესების დასახმარებლად და რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სტიმულირებისთვის? 

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. პირველ რიგში, ვგულისხმობ ტექნოლოგიებს, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკვე აქვთ უდიდესი წარმატებები მსოფლიოს მასშტაბით. სწორედ ამ რესურსის კაპიტალიზაციას უწყობს ხელს ჩვენი კომპანია – აძლევს მათ ფართო ასპარეზს, აკავშირებს საერთაშორისო კომპანიებთან და, რაც მთავარია, სტარტაპებს აძლევს საშუალებას წარადგინონ თავიანთი პროექტები მსხვილ ფონდებთან.  

საქართველოს როგორც გეოგრაფიული ლოკაციის, ასევე, ინტელექტუალური კაპიტალის კუთხით, დიდი პოტენციალი აქვს. მას აქვს შესაძლებლობა, ისეთი გარემო შეუქმნას ვიზიტორებს, რომ ქვეყანა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის გრძელვადიანი ვიზიტების კუთხითაც  მიმზიდველი გახდეს. აღნიშნული ხელს შეუწყობს როგორც ინვესტიციების სტიმულირებას, ასევე, სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ეკონომიკურ განვითარებაზე შესაბამისად აისახება. 

გააზიარე: