ვეისთლესის ხედვა ნარჩენების მართვის გამოწვევების დასაძლევად
ვეისთლესი სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციაა (საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია), რომლის მიზანია დაეხმაროს კომპანიებს მათი ბიზნესის უნარჩენო, სუფთა და მდგრადი მიმართულებით გარდაქმნაში და ხელი შეუწყოს ნარჩენების მართვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას საქართველოში.
ასოციაცია აერთიანებს სპეციფიკური პროდუქტების (საბურავი, ძრავის ზეთი, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები) 12 000-მდე იმპორტიორ და მწარმოებელ კომპანიას და წარმოადგენს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას საქართველოში. ასოციაცია ასრულებს მისი წევრების კოლექტიურ ვალდებულებას, მათი სახელით აგროვებს სპეციფიკურ ნარჩენებს და პასუხისმგებელია მათ გარმოსდაცვითი სტანდარტებით მართვაზე. ვეისთლესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობს სპეციფიკური ნარჩენების შეგროვების პუნქტებს, სადაც მოსახლეობას საშუალება ეძლევა განათავსოს მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები შემდგომი გადამუშავების მიზნით. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს როგორც მოსახლეობასთან, ასევე ბიზნეს სექტორთან, რომელთაც წარმოექმნებათ სპეციფიკური ნარჩენები და მათი პასუხისმგებლიანად მოცილება სურთ. ვეისთლესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლებაა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ მიზნით, ასოციაცია ასევე გეგმავს სკოლებთან და უნივერსიტეტებთან აქტიური საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებას.
ასოციაციის საქმიანობაზე, მდგრადობის პრიორიტეტებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების ჩამოყალიბებისს მნიშვნელობაზე ვეისთლესის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი საუბრობს.
რომელი სახის ნარჩენებს იბარებთ და სად შეუძლია მოსახლეობას ამ ნარჩენების ჩაბარება? რა რაოდენობის ნარჩენი ჩაიბარეთ და როგორია სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?
ვეისთლესი აგროვებს შემდეგი სახის ნარჩენებს: მწყობრიდან გამოსულ ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობებს, ბატარეებსა და აკუმულატორებს, საავტომობილო ზეთებს, საბურავებს. აღსანიშნავია, რომ ელექტრო მოწყობილობებისა და ბატარეების მიმართულებით ვეისთლესი არის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული ერთადერთი ორგანიზაცია. ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით აწყობს ელექტრო მოწყობილობებისა და ბატარეების შეგროვების პუნქტებს. ბრენდირებული ყუთები განთავსებულია პარტნიორი კომპანიების სავაჭრო ქსელებში. შეგროვების პუნქტები დაემატება ეტაპობრივად. ვეისთლესის მიზანია ელექტრო მოწყობილობებისა და ბატარეების ჩაბარება ხელმისაწვდომი გახადოს მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამბარებელი პუნქტების მოწყობის გზით. ზესტაფონსა და ფოთში ფუნქციონირებს ასოციაციის მიერ მოწყობილი ნარჩენების შეგროვების ცენტრები, სადაც თავს იყრის დასავლეთ საქართველოში შეგროვებული სპეციფიკური ნარჩენები. საბურავის, სამანქანე ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება ხდება მათი შეცვლის პუნქტებში. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სერვის ცენტრებთან, სადაც აღნიშნული ნარჩენები გროვდება.
2023 წელს ვეისთლესმა შეაგროვა და აღდგენა-რეციკლირების მიზნით შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადასცა 1700 ტონა საბურავი, 800 ტონა სამანქანე ზეთი, 1100 ტონა ტყვიაშემცველი აკუმულატორები, 700 ტონა ელექტრო მოწყობილობები და 8 ტონა საყოფაცხოვრებო ბატარეები. შესაგროვებელი ნარჩენების სამიზნე მაჩვენებლები ყოველ წელს იზრდება 5-10%-ით, შესაბამისად, ასოციაციის მიერ შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება.
რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით? რატომ არის მნიშვნელოვანი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სისტემების ქონა და რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით?
საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არაერთი ვალდებულების შესრულება უწევს. ჯერ კიდევ 2014 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ერთი დიდი თავი მიეძღვნა გარემოსდაცვით საკითხებს და, კერძოდ, ნარჩენების მართვას. სწორედ ამ შეთანხმების შედეგი გახლავთ 2015 წელს ძალაში შესული ნარჩენების მართვის კოდექსი, შემუშავებული ნარჩენების მართვის სტრატეგია 2015 -2030 და სამოქმედო გეგმა 2015-2020. 2021 წლიდან საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტები სპეციფიკური ნარჩენების (ელექტრო და ელექტრონულ მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების) მართვის თაობაზე და 2022 წლის ივნისიდან ძალაში შევიდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ამ ოთხ ნაკადზე. ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით საკითხებს, მათ შორის, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შერბილების პოლიტიკას, რისი ნათელი დასტურიც გახლავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დადებული მწვანე შეთანხმება. მწვანე შეთანხმება ამბიციურ გეგმებს სახავს ევროკავშირის სივრცეში და მის სამეზობლოში ემისიების შემცირების კუთხით, განახლებადი ენერგიების ათვისებისა და ნარჩენების შემცირების კუთხით, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ევროკავშირში ცირკულარულობის საშუალო მაჩვენებელი 9 %-ია, ხოლო საქართველოში 1.5 %-ს შეადგენს. ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვა მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ეკონომიკური კუთხით. ნარჩენების არასათანადო მართვა იწვევს ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებას, რაც სავალალოდ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე. მძიმე მეტალებისა და ქიმიური ნივთიერებების საკვებ ჯაჭვში მოხვედრამ უამრავი დაავადება და პათოლოგია შეიძლება გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და გადამუშავების მხრივ შესაშური მდგომარეობა არ გვაქვს და ამ სექტორის განსავითარებლად ბევრია სამუშაო. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვამ ხელი შეუწყო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებას, მაგრამ, სამწუხაროდ, გადამამუშავებელი სიმძლავრეები ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკმარისი.
როგორ სრულდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება? რა გამოწვევებია ნარჩენების მართვისა და გადამუშავების სექტორში? რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფომ გამოწვევების დასაძლევად და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით?
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება 2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და შეეხო საბურავების, სამანქანე ზეთების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორებსა და მწარმოებლებს. მათ დაევალათ გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეესტრში რეგისტრაცია და ინდივიდუალური მგვ ორგანიზაციის შექმნა ან კოლექტიურ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანება. დღეისათვის ნარჩენების ოთხივე ნაკადზე 13 000-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. ფუნქციონირებს 3 კოლექტიური და 1 ინდივიდუალური მგვ ორგანიზაცია. 2023 წელს 3 მგვ ორგანიზაციის მიერ შეგროვებულ იქნა 5000 ტონამდე საბურავი, 3000 ტონამდე ზეთი, 2500 ტონამდე აკუმულატორი, 700 ტონამდე ელექტრო მოწყობილობები და 8 ტონამდე საყოფაცხოვრებო ბატარეა.
სამწუხაროდ, საქართველოში მძლავრად არის განვითარებული არაფორმალური სექტორი. გარკვეული ტიპის ნარჩენების აღრიცხვა არ ხდება, ხოლო შეგროვება, ტრანსპორტირება, გამოყენება და დამუშავება ხდება არაკანონიერად. მაგალითად, სამანქანე ზეთები განეკუთვნება სახიფათო ნარჩენების კატეგორიას. ზეთის გამოყენება აქტიურად ხდება სოფლის მეურნეობაში ალტერნატიულ საწვავად და გათბობის მიზნით. ასევე სხვადასხვა ინდუსტრიაში ხდება მათი ალტერნატიულ საწვავად გამოყენება, თუმცა ეს სანებართვე საქმიანობაა და როცა საწარმო ან მეურნეობა მეორეული ზეთის გამოყენებას გადაწყვეტს, მათ შესაბამისი ტექნოლოგია და გარემოსდაცვითი ნებართვები უნდა ჰქონდეთ. იგივე შეიძლება ითქვას აკუმულატორებისა და ელექტრო მოწყობილობების შეგროვებაზე. ამ ტიპის მოწყობილობებიც განეკუთვნება სპეციფიკურ ნარჩენს, რომელიც სახიფათო კომპონენტებისგან შედგება, ამიტომ წარმოადგენს სანებართვე საქმიანობას, თუმცა მათი შეგროვება და დამუშავება ხშირად ხდება უნებართვოდ, კუსტარული გზით. ამ მოწყობილობების არაფორმალური დაშლის შედეგად მიღებული სახიფათო კომპონენტები კვლავაც ხვდება საერთო ნარჩენების ურნებში ან უკონტროლო ნაგავსაყრელებზე, რაც დიდ საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ზედამხედველობის გამკაცრება და ასეთი არაფორმალური მომხმარებლების გამოვლენა. ნარჩენების მართვის კოდექსი საკმაოდ დიდ ჯარიმებს აწესებს უნებართვო საქმიანობისთვის. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სიტემები და ნარჩენების შეგროვების მუნიციპალური ცენტრები.
ნარჩენების გადამუშავების კუთხითაც გამოწვევები დიდია. ქვეყანაში არ არის საკმარისი სპეციფიკური ნარჩენების გადამამუშავებელი სიმძლავრეები. საჭიროა ახალი ინვესტიციები გადამამუშავებელი საწარმოების შესაქმნელად. კერძო სექტორმა იმ ნარჩენების გადასამუშავებლად, რომელთა გადამუშავება ეკონომიკურადაც დასაბუთებულია, უნდა მოახდინოს თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვა, ხოლო სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამას როგორც საკანონმდებლო, ასევე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების გზით.
რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე, სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის – როგორ შეგვიძლია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და რა როლის შესრულება შეუძლიათ მათ ამ პროცესში?
ჩემი რეკომენდაცია ბიზნესისთვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა. სხვაგვარად ევროკავშირის ბაზრებზე მოხვედრა შეუძლებელი იქნება. ეს ეხება ნარჩენების მართვასაც. ნარჩენების მართვა უნდა მოახდინონ პასუხისმგებლიანად. ამ კუთხით მათ მხოლოდ შესაბამისი ნებართვებისა და სტანდარტების მქონე კომპანიებთან უნდა ითანამშრომლონ და ხელი არ უნდა შეუწყონ არაფორმალური სექტორის განვითარებას. ზოგადად ნარჩენების წარმომქმნელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ვურჩევ ისარგებლონ იმ სერვისებით, რასაც მგვ ორგანიზაციები სთავაზობენ ნარჩენების ჩაბარებისა და გადამუშავების კუთხით. ამით ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების ჩამოყალიბებას და, მეორე მხრივ, გავუფრთხილდებით გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რამდენადაც ევროკავშირს ყველაზე მაღალი სტანდარტები აქვს გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების შერბილების, დაბინძურების აღმოფხვრისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით. ასევე ევროკავშირი მოწინავეა ცირკულარული ეკონომიკის განითარების კუთხითაც და თუ ჩვენ გვსურს, რომ ევროპულ სივრცეში ვინტეგრირდეთ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აქტიური სვლა განვაგრძოთ.