WOLT

გლობალური პანდემიის დაწყებისთანავე, საკვების მიწოდება პირველადი საჭიროების მომსახურებად იქცა. საქართველოში მკაცრი კარანტინის პერიოდში, მიტანის სერვისი „ვოლტი“ იმ ერთეულ კომპანიებს შორის აღმოჩნდა, რომელსაც ოპერირების უფლება შეუნარჩუნდა. არსებულმა კრიზისმა კომპანიას დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა და ორი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დააყენა – კომპანიას შეძლებოდა უსწრაფესად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება ისე, რომ შეენარჩუნებინა მომსახურების მაღალი ხარისხი, და, ამავდროულად, შეენარჩუნებინა პროცესში ჩართული თითოეული რგოლის – გუნდის, პარტნიორების, მერჩანტებისა და, რაც მთავარია, მომხმარებლების უსაფრთხოება.

მკაცრი კარანტინის პერიოდში, „ვოლტის“ მთელი გუნდი გაერთიანდა. „როდესაც ევროპის ქვეყნებში ქალაქები ერთი მეორის მიყოლებით იკეტებოდა, ჩვენ საშუალება გვქონდა ერთმანეთისთვის გამოცდილებები გაგვეზიარებინა, ამოცანები გაგვენაწილებინა და, შედეგად, ცვლილებებს უფრო მომზადებულები შევხვედროდით“, – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნატალია ხიზანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა გაიზარდა არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ რესტორნების მხრიდანაც – თუკი ადრე ზოგი რესტორანი თავს არიდებდა მიტანის სერვისის კომპანიებთან თანამშრომლობას, პანდემიის დროს ეს პრაქტიკულად მათი შემოსავლების ერთადერთ წყაროდ იქცა. შესაბამისად, კომპანია იმატებდა რესტორნებს, კურიერებს, თანამშრომლებს. გუნდის წვრთნა და მომზადება კი ონლაინ რეჟიმში ხორციელდებოდა, რაც თითოეული წევრის სამუშაო პროცესში უწყვეტ ჩართულობას მოითხოვდა.

მიუხედავად არსებული სირთულეებისა, კომპანიამ საგანგებო რეჟიმში სუპერმარკეტებიდან მიტანის სერვისის დამატებაც შეძლო, რადგან ეს მომსახურება მომხმარებელს იმ პერიოდში განსაკუთრებულად სჭირდებოდა.

„ვოლტი“ ითვალისწინებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ მოთხოვნასა და რეგულაციას. თუმცა, დამატებითი ზომების საჭიროებაც გამოიკვეთა, რადგან პარტნიორი კურიერები ყოველდღიურად ასობით ადამიანს ხვდებოდნენ და კომპანიის ამოცანა ამ კონტაქტების მინიმუმამდე დაყვანა იყო. შესაბამისად, შემუშავდა რეკომენდაციები პარტნიორი რესტორნებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, კურიერიებისთვის საკვების უკონტაქტო გადაცემის კუთხის მოწყობა.

მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის „ვოლტმა“ უკონტაქტო მიტანის სერვისი დანერგა, რომელიც დღემდე გრძელდება და ყველა შეკვეთის მიტანა ავტომატურად ამ რეჟიმში ხორციელდება, თუ არ არსებობს კონტაქტური მიწოდების განსაკუთრებული საჭიროება ან მოთხოვნა მომხმარებლის მხრიდან.  

დაძლეული სიძნელეებისა და გამოჩენილი პასუხისმგებლობის ფონზე, „ვოლტი “ აგრძელებს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმის კეთებაში აქტიურ ჩართულობას. „ვოლტის “ დადებით ზეგავლენას გარემოზე, კომპანიის ბიზნეს მოდელი უზრუნველყოფს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მცირე, საოჯახო რესტორნების განვითარებაში.

კომპანია აღიარებს, რომ მიუხედავად არაერთი პოზიტიური ზეგავლენისა საზოგადოებასა თუ ეკონომიკაზე, „ვოლტის “ საქმიანობა ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოზე. სწორედ ამიტომ, 2019 წელს კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო კლიმატის ინდუსტრიის ლიდერ ორგანიზაცია, South Poleთან, რომლის დახმარებითაც „ვოლტი“ 100%-ით აკომპენსირებს შეკვეთების მიტანისას გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვით გარემოსთვის მიყენებულ ზიანს.

პასუხისმგებლობა „ვოლტის “ კორპორაციულ ფილოსოფიაში ნათლად იკითხება. კომპანიას სწამს, რომ ბიზნეს-პრაქტიკა გარკვეულწილად ფილოსოფიაა, რომელსაც ბიზნესი ან იზიარებს, ან არა. ბიზნესის მდგრადობა კი დღეს გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენას გულისხმობს იმისათვის, რომ საქმიანობის გაგრძელება შეძლოს ხვალ.

გააზიარე: