UNGCNG-ის წარმომადგენელმა გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მე-13 ფორუმში მიიღო მონაწილეობა
2024 წლის 25-27 ნოემბერს, ჟენევაში, გაიმართა გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მე-13 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მენეჯერმა აკაკი კუხალეიშვილმა და ქსელის წევრის, ახალქალაქი ჰესის ESG მენეჯერმა ნინა თევდორაშვილმა.
აკაკი კუხალეიშვილმა ფორუმის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო გაეროს გლობალური შეთანხმების ღონისძიებებში და შეხვედრები გამართა ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან, სადაც საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროს განვითარებაზე იმსჯელეს.
ნინა თევდორაშვილი ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ სესიაზე. მან ხაზი გაუსვა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანების მნიშვნელობას, რაც ახალქალაქი ჰესისთვის ადამიანის უფლებების საკითხების უკეთ შესწავლისა და ბიზნესპრაქტიკაში ინტეგრირების გარდამტეხი ნაბიჯი გახდა. ნინა თევდორაშვილმა ასევე ისაუბრა გაეროს გლობალური შეთანხმების ბიზნესისა და ადამიანის უფლებების აქსელერატორის პროგრამაზე, რომელიც კომპანიას დაეხმარა სათანადო შეფასების პროცესის განვითარებაში.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, სხვადასხვა პროგრამებისა და პლატფორმების შეთავაზებით აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ქსელის წევრი კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის განვითარებას.