EY-პროექტი EU4DIGITAL / EDTECH HUB
„EY საქართველო“, ევროკავშირის EU4Digital პროექტის ფარგლებში, მუშაობს EdTech Hub კონცეფციაზე, რომელიც ხარისხიანი განათლების გაციფრულებას გულისხმობს. პროგრამის მიზანია ტექნიკური/ ციფრული ცოდნის ამაღლება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდა. EdTech Hub განიხილება, როგორც რეგიონალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს ციფრული უნარების გასაუმჯობესებლად ონლაინ სწავლების პლატფორმის საშუალებით. EdTech Hub-ის ფარგლებში, შეიქმნება ონლაინ პლატფორმა, სადაც განთავსდება ციფრულ განვითარებაზე ორიენტირებული კურსები და „ბეიჯების“ კატეგორიები დაიყოფა 3 დონედ: ბრონზის ბეიჯი, ვერცხლის ბეიჯი და ოქროს ბეიჯი. პროგრამა მოიცავს სამ ძირითად სამიზნე ჯგუფს: მცირე და საშუალო ბიზნესები, ინოვაციების მხარდამჭერი ორგანიზაციები და საჯარო მოხელეები.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს ექნებათ პერსონალური და მოდულარული სწავლის შესაძლებლობა, განავითარონ ციფრული უნარები და კომპეტენციები სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მონაცემები და ღრუბელი, ვებ და მობილური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, ბიზნესისა და ინოვაციების მენეჯმენტი, მარკეტინგი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით და სხვა. კურსების გავლის შემდეგ, მოსწავლეს გადაეცემა ევროკავშირის მიერ აკრედიტირებული ბეიჯი. პროგრამის გავლის შედეგად, გადამზადდებიან თანამშრომლები და გაიზრდება მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ციფრული მიმართულებით, გაიზრდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი. პროგრამა დაეხმარება ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტაციასა და გაზრდაში. ამასთან, უფრო ფართო ხედვით, ICT სექტორის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისათვის. პროგრამა კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში სფეროს განვითარებას.
SDG 4 ხარისხიანი განათლება
პროექტის მეშვეობით, EY ხელს უწყობს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით კი ICT სფეროში წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას. ამდენად, კომპანიას წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის განხორციელებაში.