საწარმო “ლიდერი” სამკერვალო ნარჩენს წარმოებაში ხელმეორედ იყენებს
სოციალური სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია, რომელმაც 2019 წლის ბოლოდან სამკერვალო ნარჩენის ხელმეორედ გამოყენება დაიწყო. ეს გულისხმობს სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის დახარისხებას და გადამუშავებას ნულოვან ნარჩენებამდე, ასევე, პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირების მიზნით, ნაჭრის ტომრების შეკერვას. ერთი წელია, რაც კომპანიამ დაიწყო ახალი საწარმოო ხაზი – საბავშვო სამოსის წარმოება, სადაც ნარჩენების გამოყენება ეფექტიანად ხდება. გარდა ამისა, კომპანიამ დაიწყო კამპანია „გავუფრთხილდეთ დედამიწას“ და საბავშვო სამოსზე დაიტანა შესაბამისი გამოსახულება ნაქარგის სახით.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
სამკერვალო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მდგრად მოხმარებასა და წარმოებას. ამ მიზნით, “ლიდერმა” შეიმუშავა გადამუშავებული ნარჩენის წარმოების სტრატეგია, შეიძინა ქსოვილის დასაქუცმაცებელი დანადგარი, რითაც შეესაბამება ნულოვანი ნარჩენის პოლიტიკას. გარდა ამისა, 2020 წლიდან საწარმო გამოცდილებას უზიარებს საწარმოებს, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნარჩენების წარმოების და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. ამასთან, სუპერმარკეტში განთავსდა ურნები სპეციალური საინფორმაციო ბანერით, სადაც ხდება ტექსტილის შეგროვება. ამასთან, თანამშრომლობის მემორენდუმები გაფორმდა 6 დიდ სამკერვალო საწარმოსთან, რაც მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისა და მდგრადი წარმოების ხელშეწყობისთვის.
SDG 12 მდგრადი მოხმარება და წარმოება
გადამუშავებული ნარჩენების წარმოებით, ნარჩენების დახარისხებითა და სამუშაო პროცესში ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანით , “ლიდერი” ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეთორმეტე მიზნის მიღწევას .
SDG 13 კლიმატის მდგრადობის მიღწევა
ასევე, “ლიდერის” ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გარემოს დაცვის ღონისძიებებს და ამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს,უარყოფით ზეგავლენას გარემოზე. 2020 წლის ბოლოსთვის სამკერვალო საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გადამუშავდა 10 ტონა სამკერვალო ნარჩენი, რაც მნიშვნელოვანია გარემოსათვის უარყოფითი ზეგავლენის შემცირების პროცესში. ამასთან, კომპანიის პროდუქციაზე დატანილი შესაბამისი ნიშანი და პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვა აქტივობები ხელს უწყობს გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.