GE

“საქართველოს ბანკი” საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს

„საქართველოს ბანკი“ განათლების სფეროს აქტიური მხარდამჭერია. 2020 წლიდან დღემდე, „საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს 26 000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. 

2020 წელს, „საქართველოს ბანკმა“ ქართული წიგნის ინსტიტუტთან ერთად, დაიწყო მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების – „იდეათეკების პროექტი“, რომელიც გულისხმობს საზღვრისპირა სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობით და ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ქალაქებში არსებულ საჯარო სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების გახსნას. სივრცე სკოლის ყველა მოსწავლეს შესაძლებლობას უქმნის, ჰქონდეს წვდომა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსებთან – ინტერნეტი, კომპიუტერული ტექნიკა, წიგნები, საგანმანათლებლო თამაშები, კომფორტული სამუშაო სივრცე.  2020-2021 წლებში საქართველოს 6 სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში გახსნილია მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა „იდეათეკა“. აღნიშნული სივრცეებით და ინვენტარით 4 548 მოსწავლე სარგებლობს.

გარდა ამისა, “საქართველოს ბანკი” აფინანსებს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას: Chevening დიდ ბრიტანეთში, Fulbright აშშ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებისთვის და ასევე, Miami ad School EU–ში პორტფოლიო პროგრამას -„ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით“.

პანდემიის პერიოდში, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ბანკმა“ განახორციელა შემდეგი პროექტები:

  • Charte.ge-სთან ერთად, 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ჩაურთო ინტერნეტი და დაუფარა მთელი წლის ინტერნეტის საფასური;
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შეიძინა და გადასცა  Zoom Education-ის ლიცენზია (შედეგად, ჩატარდა 68,912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორქშოპი);
  • „წიგნების თაროს“ ონლაინ სკოლის პროექტის ფარგლებში პანდემიის პერიოდში I-IV კლასის 1 136 მოსწავლე დაესწრო წიგნების თაროს ონლაინ გაკვეთილებს. ასევე,  დიცის და ხურვალეთის, ფოთის 1 და თბილისის 146-ე საჯარო სკოლის (სადაც ბანკმა 2020 წელს იდეათეკები მოაწყო) I-IV კლასის 760 მოსწავლეს მიეცა შესაძლებლობა, დასწრებოდა “წიგნის თაროს” 2021 წლის გაზაფხულის ონლაინ გაკვეთილებს.

SDG4

აღნიშნული პროექტებით, “საქართველოს ბანკი” ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას.

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია