GE

მიზანი 3: ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა

ბიზნესის როლი 

ჯანმრთელობა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლება და მდგრადი განვითარების საკვანძო მიზანია. ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლების ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური შესაძლებლობების და ადგილობრივ მოსახლეობაში სიღარიბის დონის კუთხით, შესაბამისად, ის უშუალო კავშირშია მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან. 

ჯანდაცვის  ხელმისაწვდომობის მხრივ პროგრესის მისაღწევად და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორს შორის და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში.  

კომპანიებს შეუძლიათ, შეიმუშაონ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული პროდუქტები და სერვისები, განახორციელონ ერთობლივი ინიციატივები და პროექტები, უზრუნველყონ უსაფრთხო შრომის პირობები თანამშრომლებისათვის. საქართველოში  ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია კერძო სექტორის ერთ-ერთი აქტუალური მიმართულებაა და ამ მიზნით ხშირად იმართება სპორტული შეჯიბრებები და მარათონები (განსაკუთრებით პოპულარულია Wings for Life), თუმცა, კომპანიების ნაწილისთვის ჯანდაცვის სექტორში აქტივობა, ხშირ შემთხვევაში,  მხოლოდ თანამშრომელთა დაზღვევით შემოიფარგლება. ამდენად, მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და თანმიმდევრული ინიციატივების განხორციელება.  

საკვანძო თემები 

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა; 
  • ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა; 
  • მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა; 
  • გარემოს დაცვა; 
  • საკვების ხარისხი 

ბიზნეს აქტივობების და გადაჭრის გზები 

  • კომპანიის / ორგანიზაციის ადამიანური რესურსების პოლიტიკის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტები); 
  • თანამშრომლობა ჯანდაცვის სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კლინიკებთან, თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის; 
  • დაბალი შემოსავლის მქონე ადგილობრივი მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; 

ბიზნეს ინდიკატორები: 

  • მედიცინაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი (Access to Medicine Index) C.III.1; 
  • GRI G4 მდგრადი ანგარიშგების საელმძღვანელო G4-LA6; 
  • Oxfam Poverty Footprint, PF – 14.4 (B) 

ბიზნეს ინსტრუმენტები: 

  • UN Global Compact-Oxfam Poverty Footprint Tool; 
  • ადამიანის უფლებათა კორპორაციული ნიშნული (CHRB) 

Საქართველოსთვის მისადაგებული ამოცანები: 

3.1 2030 წლისათვის საქართველოში დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება სულ მცირე 12 შემთხვევამდე, 100,000 ცოცხალშობილ ბავშვზე 

3.2 2030 წლისათვის ახალშობილთა და 5 წლამდე ბავშვთა პრევენცირებადი სიკვდილიანობის აღმოფხვრა; საქართველომ მიზნად უნდა დაისახოს ნეონატალური სიკვდილიანობის შემცირება სულ მცირე 5-მდე,1000 ცოცხალშობილ ბავშვზე და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება სულ მცირე 6-მდე,1000 ცოცხალშობილ ბავშვზე 

3.3 2030 წლისათვის შიდს-ის ეპიდემიის და ტუბერკულოზის აღმოფხვრა და ჰეპატიტთან, წყლით გადამდებ და სხვა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა 

3.4  2030 წლისთვის, პრევენციისა და მკურნალობის მეშვეობით, არაგადამდები დაავადებების შედეგად ნაადრევი სიკვდილიანობის ერთი მესამედით შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა 

3.5  აკრძალული ნივთიერებების მოხმარების, მათ შორის ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მოხმარების პრევენციისა და მკურნალობის გაძლიერება 

3.6  2020 წლისთვის საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და დაზიანებების რაოდენობის შემცირება 

3.7  2030 წლისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების, მათ შორის ოჯახის დაგეგმვის, ინფორმაციისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ინტეგრირება ეროვნულ სტრატეგიებსა და პროგრამებში 

3.8  2030 წლისთვის ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო დაფარვის მიღწევა, მათ შორის ფინანსური რისკებისგან დაცვა, ჯანდაცვის ხარისხიანი ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა, ასევე უსაფრთხო, ეფექტიანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ძირითადი მედიკამენტებისა და ვაქცინების ხელმისაწვდომობ 

3.9 2030 წლისთვის სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა და ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების შედეგად სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის შემთხვევათა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება 

3.ა ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის განხორციელების გაძლიერება საქართველოში, შესაბამისობის ფარგლებში 

3.ბ 2030 წლისათვის იმ ინფექციური და არაინფექციური დაავადებებისთვის ვაქცინების და მედიკამენტების კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებს უქმნის საფრთხეს, აუცილებელი მედიკამენტების და ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, TRIPS  შეთანხმების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ დოჰას დეკლარაციის შესაბამისად; აღნიშნული დეკლარაცია ადასტურებს განვითარებადი ქვეყნების უფლებას, სრულად გამოიყენონ ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული შეთანხმების დებულებები, რომლებიც ეხება    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მოქნილ სისტემას, განსაკუთრებით კი ყველა ადამიანისთვის მედიკამენტების მისაწვდომობის უზრუნველყოფას 

3.გ საქართველოში ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის დაქირავების, განვითარების, ტრენინგისა და შენარჩუნების გაუმჯობესება 

3.დ საქართველოში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეროვნული და გლობალური რისკების ადრეული გაფრთხილების, რისკების შემცირების და მათი მართვის შესაძლებლობების გაძლიერება 

თქვენ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია