მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის ელჩი – ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი

GREDA აქტიურად მუშაობს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების პოპულარიზაციის და მოპოვების მიმართულებით. რა არის თქვენთვის განახლებადი და უსაფრთხო ენერგია და როგორ შეგვიძლია მე-7 მიზნის მიღწევა საქართველოში? 

ვფიქრობ, რომ მე-7 მიზანი სწორედ ის არის, სადაც საქართველოს სერიოზული წვლილი შეუძლია, შეიტანოს. განახლებადი და მწვანე არის ის ენერგია, რომელსაც მინიმალური ეკოლოგიური ზიანი მოაქვს.  ენერგიის გენერირება ხდება ისეთი წყაროებიდან, რომელსაც ბუნებისთვის მინიმალური ეკოლოგიური ზიანი მოაქვს. პირველ რიგში, განახლებადი ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ამოწურვადი და საბედნიეროდ, ჩვენ ქვეყანას განახლებადი ენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს პირველ რიგში, არის ჰიდრორესურსი, ქარი ან მზე. ასევე, განახლებადი ენერგიის უპირატესობა არის ის, რომ საკმაოდ ხელმისაწვდომია, იმიტომ, რომ რესურსია, რომელსაც ბუნება გვაძლევს უფასოდ და ამის სწორი და გონივრული გამოყენების შედეგად, შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ. 

რა მიმართულებით არსებობს პოტენციალი საქართველოში? ახლა აქტუალური საკითხია მზის პანელების დამონტაჟება და მზისგან მიღებული ენერგიის გამოყენება. ასევე, ვიცით, რომ გორთან ახლოს არის ქარის სადგურები, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებს. 

ყველაზე დიდი პოტენციალია ჰიდრორესურსი. ახლახან მოხდა ჩვენი პოტენციალის კვლევის განახლება, რომელიც გააკეთა ნორვეგიის ენერგეტიკისა და კლიმატის დირექტორატმა, რის მიხედვითაც, ჩვენ, დაახლოებით, 30 ტერავატი სიმძლავრის პოტენციალი გაგვაჩნია მცირე და საშუალო ჰესების მეშვეობით.  დაახლოებით, 10 ტერავატი მსხვილი ჰესების მეშვეობით და დაახლოებით, კიდევ 10 ტერავატი არის მზის და ქარის ენერგია. მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყანა იმითაც გამოირჩევა, რომ ჩვენი გენერაციის, დაახლოებით,  75% არის განახლებადი ენერგია, თუმცა, პოტენციალის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული.  ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ ყოველმხრივ შეუწყოს ხელი ამ პოტენციალის ათვისებას, რათა ერთის მხრივ, დავაკმაყოფილოთ საკუთარი მოხმარება და მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.

ექსპორტისთვის კი მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირი ევროპასთან. ევროპას ისედაც ყოველთვის ჰქონდა სერიოზული მოთხოვნა განახლებადი ენერგიის წყაროებზე, განსაკუთრებით, ახლა, ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ასოცირების შეთანხმებაშიც არის ასახული, თუმცა, ჩვენთვის ერთ-ერთი პრობლემა იყო ფიზიკური კავშირის არარსებობა ევროპასთან.  ასოცირების შეთანხმების მიხედვით,  ჩვენ ვხდებით მათი საკანონმდებლო სივრცის ნაწილი და ჰარმონიზაციაში მოგვყავს ქართული საკანონმდებლო სივრცე და  ბაზრის წესები, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება პრობლემად ევროპასთან ფიზიკური კავშირის არარსებობა.  ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყალქვეშა კაბელის პროექტი. ახლა დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც საქართველო რუმინეთთან, ანუ ზოგადად, ევროკავშირის ქსელთან უნდა დააკავშიროს. 

აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოებასაც. თქვენ ისაუბრეთ საქართველოს პოტენციალზე – რა წინაღობები არსებობს იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის პრობლემა, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ არსებობდა სახელმწიფოს მხრიდან აპრობირებული ხელშეწყობის ინსტრუმენტი ინვესტორებისთვის, ვინაიდან, ჩვენი სექტორი ფინანსურად საკმაოდ ტევადია და გრძელვადიანი უკუგებით. 

მნიშვნელოვანია გრძელვადიანი განჭვრეტადობა. რამდენიმე ხნის წინ მთავრობამ შემოიღო ხელშეწყობის ახალი ინსტრუმენტი ე.წ. CFD (Contract for Difference) ანუ კონტრაქტი განსხვავებებზე, რომლის ფარგლებშიც პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა, გამოცხადებულ 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე 900 მეგავატის განაცხადი შევიდა, რაც ნიშნავს, რომ კერძო სექტორი გასამმაგებული მზაობით შეხვდა ამ ინსტრუმენტს. ასევე, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საზოგადოების დაბალი ცნობიერება და შესაბამისად, ამაზე არის ბევრი, თანმიმდევრული სამუშაო გასაწევი, რათა საზოგადოებამ მეტი იცოდეს განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების მნიშვნელობისა  და მისი უპირატესობების შესახებ. 

ამასთან ერთად, განახლებადი ენერგიის გამოყენება ხელს უწყობს კლიმატის მდგრადობას. საქართველო პარიზის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანაა და ვალდებულება აქვს აღებული, შეამციროს სათბური აირების ემისიები, რასაც სწორედ განახლებადი ენერგიების მოხმარების წარმოება შეუწყობს ხელს. რა როლს ასრულებს ბიზნეს სექტორი ამ პროცესში? 

ბიზნესი სექტორი ცდილობს, რომ მაქსიმალურად აითვისოს და გამოიყენოს განახლებადი ენერგიის წყაროები, იქნება ეს მზის პანელი თუ ასე შემდეგ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, ჯამში, განახლებადი ენერგიის ყველა ახალი ობიექტი სერიოზულად უწყობს ხელს სათბური აირების გამოყოფის შემცირებას. 

ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო ბახვის პროექტი, სადაც ვნახეთ საკმაოდ საინტერესო ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ეკოლოგიური კუთხით, საკმაოდ დიდი განსხვავება იყო. სათბური აირების ჰაერში გაფრქვევის კალკულაციით, ბახვი ჰესების (1,2) შემთხვევაში, ჯამში, 73 ათასი ტონა სათბური აირების გაფრქვევის აცილება ხდება წელიწადში, ეს კი 32 ათასი ტონა ბენზინის მოხმარებისას გამოყოფილი ემისიების რაოდენობას უტოლდება. 

ეს ყველაფერი ციფრებში რომ გადავიყვანოთ, ხარჯი იყო, დაახლოებით 4 მილიონი დოლარი, ხოლო 80 მილიონი დოლარი იყო სარგებელი, რომელსაც ქვეყანა და მთლიანად, ჩვენი პლანეტა  მიიღებს თუნდაც ამ ერთი პატარა ჰიდროელექტროსადგურის მეშვეობით.

რა მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობას მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მიღწევისთვის და რას აკეთებს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია აღნიშნული მიზნის განხორციელების ხელშესაწყობად? 

ეს კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია.  ყველა მხარე აქტიურად უნდა იყოს ჩართული და მონაწილეობდეს მე-7 მიზნის და ჩვენი რესურსების გონივრულად ათვისების მიღწევაში.  რესურსების ათვისებაში მნიშვნელოვანია, რომ არ გადავაჭარბოთ და ბალანსი დავიცვათ. სწორედ აქაა მნიშვნელოვანი  ჯანსაღი და კონსტრუქციული არასამთავრობოები, რომლებიც, ბიზნესს არ მისცემენ საშუალებას განახლებადი ენერგიის ათვისების მხოლოდ ეკონომიკურ მიმართულებაზე გააკეთონ აქცენტი. 

მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია ხელშეწყობა მთავრობის და სახელმწიფოს მხრიდან. 

სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია  ხელშეწყობის ახალი ინსტრუმენტის დამტკიცება.  იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა მოხდება.  ასევე, გამოვყოფდი მედიის მხრიდან ხელშეწყობას – მნიშვნელოვანია, რომ მედიამ საზოგადოებას სწორად მიაწოდოს  ინფორმაცია. რაც შეეხება ჩვენი ასოციაციის წვლილს, ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულებაა ცნობიერების ამაღლება. ჩვენ  სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმას ვიყენებთ, რათა განახლებადი ენერგიის ათვისების შესახებ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ.  ასევე, ვმუშაობთ განათლების მიმართულებითაც. სკოლებში უკვე ჩავატარეთ კურსები განახლებადი ენერგიის, ეკოლოგიის და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ჭიათურის პროფესიულ სასწავლებელში მოვამზადეთ პირველი კურსი, რომელიც მზის სადგურების ელექტრომემონტაჟეებს გამოზრდის. მოგეხსენებათ, სერიოზული დეფიციტია ადამიანური რესურსის მიმართულებითაც და ფაქტობრივად, ყველაფრის იმპორტირება გვიწევს, გარდა მასალებისა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სარგებლის გადანაწილებას ეხება. ანუ,  იმ გადასახადების ნაწილი, რომელსაც კომპანიები პროექტების განხორციელების დროს განახორციელებენ, ადგილობრივად, იმ ზეგავლენის არეალში დარჩეს და მოხმარდეს მათ სტრუქტურულ პროექტებს. 

რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია საზოგადოების სხვადასხვა წევრისთვის, რათა მივაღწიოთ ხელმისაწვდომ და სუფთა ენერგიას საქართველოში?

პირველ რიგში, ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ  რომ განახლებადი ენერგია საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე სერიოზული პოტენციალი და ყველაზე დიდი რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსი სწორად, გონივრულად და სრულად ავითვისოთ. 

მეორეს მხრივ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,  მნიშვნელოვანია, რუსეთზე დამოკიდებულების შედეგები გავითვალისწინოთ.  დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციას რომ შევხედოთ, რუსეთზე დამოკიდებულებამ გვაჩვენა, თუ რა მძიმე შედეგები შეიძლება ამან გამოიწვიოს და რომ რუსეთმა ეს  პოლიტიკურ ბერკეტად შეიძლება  გამოიყენოს. შესაბამისად, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლები გავხდეთ, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ შევასრულოთ სატრანზიტო როლი, რომელზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი უკვე ფართო მასშტაბით. ჩვენ უკვე ბევრი წელია ვსაუბრობთ, რომ ეს პოტენციალი გამოსაყენებელია იმისთვის, რომ ევროპას ჰქონდეს ალტერნატიული ენერგომატარებლების საშუალებები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სხვადასხვა სექტორი აქტიურად ჩაერთოს, რომ  ეს რესურსი სწორედ ავითვისოთ. მესამეს მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მთავრობის და სახელმწიფოს ჩართულობა და აქტიურობა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს რესურსი ბოლომდე და სწორად აითვისოს.

გააზიარე: