ადამიანის უფლებებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის ინტეგრირება: მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის გაძლიერება

ავტორი: აკაკი კუხალეიშვილი

ბიზნესისა და ადამიანის უფლების მენეჯერი

გაეროს გლობალური შეთანხმების  საქართველოს ქსელი

დღევანდელ გლობალურ ლანდშაფტში, იმას თუ როგორ ფუნქციონირებს ბიზნესი აქვს დიდი გავლენა როგორც კორუფციაზე ასევე ადამიანის უფლებებზე, რაც ქმნის როგორც გამოწვევებს ასევე შესაძლებლობებს მდგრადი განვითარებისთვის.  რთული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების  წინაშე მდგარ მსოფლიოში,  კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული[1]. ორივე საკითხს აქვს მსგავსი გამომწვევი მიზეზები და ორივე ერთნაირად ახდენს გავლენას საზოგადოებაზე, რაც ხაზს უსვამს ამ კავშირების უფრო ღრმად შესწავლის აუცილებლობას. წინამდებარე  სტატია განიხილავს ბიზნეს პრაქტიკებს, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციას შორის კავშირებს და გვთავაზობს ამ პრობლემების ერთიანად მოგვარების პრაქტიკულ გზას. ამ გამოწვევების დაძლევით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ მართვის პროცესი და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ სტაბილურობას, სამართლიანობას და ჯანსაღი გარემოს შექმნას. ადამიანის უფლებების შერწყმა ანტიკორუფციულ ძალისხმევასთან ეხმარება ბიზნესს  ოპერაციების გაძლიერებაში, დაინტერესებული მხარეების ნდობის მოპოვებაში და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მხარდაჭერაში.

კორუფციასა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირი  სულ უფრო მეტ აღიარებას ჰპოვებს   ბიზნესისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფი ხაზს უსვამს ბიზნეს პრაქტიკაში  ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირების აუცილებლობას. ბიზნესში ადამიანის უფლებებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის ინტეგრირების მნიშვნელობაზე საუბრობს გაეროს სამუშაო ჯგუფი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. სამუშაო ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს  ურთიერთკავშირზე  ბიზნესსა და ადამიანის უფლებათა დღის წესრიგს შორის, რაც, თავის მხრივ ხაზს უსვამს თანმიმდევრული პოლიტიკის აუცილებლობას, რომელიც მიმართული იქნება  ორივე საკითხის  ერთდროულად მოგვარებაზე[2].  ადამიანის უნივერსალურ უფლებათა ჯგუფის (URG) პოლიტიკის ანგარიშში კი მოცემულია ემპირიული მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ კორუფცია მნიშვნელოვნად აფერხებს ადამიანის უფლებებით სარგებლობას. ეს ურთიერთკავშირი მიანიშნებს, რომ კორუფციის პრევენცია მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გზით, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა ადამიანის უფლებების პატივისცემის გასაძლიერებლად[3].

კორუფცია, როგორიცაა მექრთამეობა და ფავორიტიზმი, ზიანს აყენებს ინსტიტუტებისადმი ნდობას და ქმნის არათანაბარ ხელმისაწვდომობას რესურსებზე, რაც ხშირად იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევას, განსაკუთრებით მარგინალიზებულ ჯგუფებში[4]. ამ ვითარებაში კორუფცია ასუსტებს სამთავრობო ინსტიტუტებს და აკნინებს კანონის უზენაესობას. ბიზნესში კორუფცია ზიანს აყენებს დასაქმებულთა უფლებებს და გავლენას ახდენს კორუფციული პრაქტიკით დაზარალებულ თემებზე, რითაც მყისიერად  აზიანებს  პროდუქტებისა და სერვისების  ხარისხს და მათ ხელმისაწვდომობას, რომელთა მიწოდება სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად[5]. ანგარიშვალდებულების მოთხოვნის საპასუხოდ, ბევრმა კომპანიამ დანერგა  ანტიკორუფციული პროგრამები, რომლებიც შესაბამისობაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან  და ხელს უწყობს ეთიკურ ქცევას მათ საქმიანობაში [6]. ამავდროულად, კომპანიებს სულ უფრო მეტად მოეთხოვებათ პატივი სცენ ადამიანის უფლებებს, სათანადო შეფასების  განხორციელებით, ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით[7]. გაერო, ასევე, მოწოდებულია ებრძოლოს კორუფციას მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs)- განსაკუთრებით, SDG 16-ის ფარგლებში, , რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი, მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შექმნას[8]. კორუფციასთან ბრძოლის გზით, საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია,  ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა  დაცვას. ამგვარი ყურადღება კორუფციასთან ბრძოლის და ადამიანის უფლებების მიმართ ხაზს უსვამს  პროაქტიულობის მნიშვნელობას ორივე სფეროში, რადგან ერთ სფეროში გაუმჯობესებამ,   შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს მეორეს. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა უზრუნველყოფს კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვას [9].

კორუფციისა და ადამიანის უფლებების ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერება გადამწყვეტია კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის. ამ ურთიერთკავშირების აღიარებით, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ, შეიმუშაონ უფრო ჰოლისტიკური მიდგომები სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც განამტკიცებს  მმართველობას და მოიტანს უკეთეს  შედეგებს მოწყვლადი მოსახლეობისთვის.

გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფი აღნიშნავს, რომ კორუფცია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევას იწვევს. მათ შორისაა შესუსტებული სახელმწიფო შესყიდვების სერვისები, დაუცველი თემების ექსპლუატაცია მიწის შესყიდვისას და სამედიცინო მომსახურებაზე  შეზღუდული წვდომა ჯანდაცვისა და მოპოვებითი მრეწველობის  სექტორებში.[10] მაგალითად, ფალსიფიცირებული ან ვადაგასული მედიკამენტების გაყიდვამ შესაძლოა,  ზიანი მიაყენოს ადამიანების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ისედაც მიეკუთვნება ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა ბავშვები ან მოხუცები. გარდა ამისა, როდესაც კომპანიებს ესაჭიროებათ  მიწა ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, სამთო მრეწველობა ან გზების მშენებლობა, კორუფციამ, შესაძლოა,  დააკარგინოს ადამიანებს საცხოვრებელი სახლები და საარსებო წყაროები, მაგალითად, ფერმერს  იძულებით დაატოვებინონ მიწა, რათა მომპოვებელმა კომპანიამ შეძლოს წიაღისეულის მოპოვება. ამ ვითარებამ, შესაძლოა,  აიძულოს ოჯახები საცხოვრებლად გადავიდნენ ხალხმრავალ ქალაქებში, სადაც მოუწევთ ბრძოლა ახალი სამუშაოს  საპოვნელად და თავის რჩენისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ კორუფციასთან ბრძოლა აუცილებელია ადამიანის უფლებების დასაცავად და სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად. კორუფციასთან ბრძოლა იცავს მოწყვლად  მოსახლეობას და აძლიერებს საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, ექსპლუატაციისა და დეპრივაციის ციკლი გრძელდება, რაც აღრმავებს უთანასწორობას და ძირს უთხრის განვითარებას. გარდა ამისა, რეფორმებმა, რომლებიც პრიორიტეტს  ანიჭებს დაზარალებული თემების უფლებებსა და ხმას, შეიძლება  უფრო მდგრადი შედეგები მოიტანოს. ეთიკური მმართველობის გარემოს შექმნით და რესურსებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფით, საზოგადოებას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს გრძელვადიან ცვლილებებს და სამომავლოდ გააძლიეროს მდგრადობა ძალადობის მიმართ.

ადამიანის უფლებებსა და კორუფციას შორის კავშირის საკითხის გადასაჭრელად, მთავრობებმა და ბიზნეს სექტორმა შეთანხმებულად უნდა იმოქმედონ. ეს გულისხმობს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებების  სამოქმედო გეგმების ინტეგრირებას ანტიკორუფციულ სტრატეგიებში. ამან შეიძლება გაზარდოს ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყოს პასუხისმგებელ პრაქტიკას. ასევე, კომპანიებმა უნდა ჩართონ  ანტიკორუფციული ზომები ადამიანის უფლებების  სათანადო შეფასების პროცესებში რისკების უკეთ იდენტიფიცირებისა და მართვის მიზნით[11].

მნიშვნელოვანია ისეთი ჩარჩო დოკუმენტების  გამოყენება, როგორიცაა გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ და OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპები, რადგან აღნიშნული დოკუმენტები დაეხმარება კომპანიებს  ეფექტიანი ანტიკორუფციული ზომების შემუშავებასა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის დანერგვაში. ასევე, საჭიროა საკანონმდებლო ზომების მიღება: ევროპელ კანონმდებლებს ეძლევათ რეკომენდაცია მოახდინონ  ანტიკორუფციული  საკითხების ინტეგრირება ადამიანის უფლებებისა  და გარემოსდაცვით სათანადო შეფასების კანონებში ( due diligence laws)  რისკების უკეთ იდენტიფიცირების და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

თითოეული ინდუსტრია სხვადასხვა გამოწვევების წინაშე დგას, რაც   სტრატეგიების ადაპტირებას მოითხოვს. მაგალითად, სამთავრობო კონტრაქტებზე ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა დაიცვან ანტიკორუფციული და ადამიანის უფლებების სტანდარტები. ეს მიდგომა ხელს უწყობს კონკრეტული რისკების აღმოფხვრას   სხვადასხვა სექტორში.

კავშირი ბიზნესის, ადამიანის უფლებებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შორის ქმნის  როგორც გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს მდგრადი განვითარებისთვის .  შესაბამისი გადაწყვეტილებების მოსაძებნად ყველა დაინტერესებულმა მხარემ – მთავრობამ, ბიზნესმა და სამოქალაქო საზოგადოებამ – ერთად უნდა იმუშაონ .


[1] Anne Peters, Human rights and corruption: Problems and potential of individualizing a systemic problem, International Journal of Constitutional Law, Volume 22, Issue 2, April 2024, Pages 538–561, https://doi.org/10.1093/icon/moae038

[2] United Nations Human Rights Council. (2020). Connecting the business and human rights and the anticorruption agendas (A/HRC/44/43). United Nations. Available at: https://documents.un.org/doc/undoc/gen/g20/150/03/pdf/g2015003.pdf

[3] https://www.universal-rights.org/focus-areas/beyond-the-council/business-and-corruption/ 

[4] Bullock, J., & Jenkins, M. (2020). Corruption and marginalisation. Transparency International Anti-Corruption Helpdesk. https://knowledgehub.transparency.org/assets/uploads/helpdesk/Corruption-and-marginalisation.pdf

[5] United Nations Office on Drugs and Crime. (n.d.). Anti-corruption module 7: Corruption and human rights. https://grace.unodc.org/grace/uploads/documents/academics/Anti-Corruption_Module_7_Corruption_and_Human_Rights.pdf

[6]Linking Human Rights and Anti-Corruption Compliance. (2016). Retrieved from https://d306pr3pise04h.cloudfront.net/docs/issues_doc%2Fhuman_rights%2FHuman_Rights_and_Anti_Corruption_Compliance+.pdf

[7]Id 6.

[8] Office of the United Nations High Commissioner for Human Rights. (n.d.). Corruption and human rights. https://www.ohchr.org/en/good-governance/corruption-and-human-rights

[9] Connecting the anti-corruption and human rights agendas: A guide for business and employers’ organisations. (2020). Retrieved from https://25159535.fs1.hubspotusercontent-eu1.net/hubfs/25159535/website/documents/pdf/Anti-Corruption/Connecting%20the%20anti-corruption%20and%20human%20rights%20agendas%20-%20Guide%20for%20business%20and%20employers%E2%80%99%20organizations%20-%20September%202020.pdf

[10] United Nations Office on Drugs and Crime. (2019). United Nations anti-corruption toolkit (2nd ed.). https://www.unodc.org/documents/corruption/Toolkit_ed2.pdf

[11] Mayer Brown. (2021, May). Business and human rights: The corruption dimension. Retrieved from https://www.mayerbrown.com/pt/insights/blogs/2021/05/business-and-human-rights-the-corruption-dimension

გააზიარე: