აკადემიური ინსტიტუტების კრიტიკული როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში
საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია (IACA) დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობებს სთავაზობს, მათ შორის, მოკლე კურსებს და სამაგისტრო პროგრამას, რომლებიც თანამედროვე, დინამიური ბიზნეს გარემოს მუდმივად ცვალებად მოთხოვნებზეა მორგებული. საგანმანათლებლო პროგრამები შექმნილია იმისთვის, რომ მონაწილეებმა ბიზნეს სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად საჭირო უნარები შეიძინონ. აკადემია, ასევე, კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობაზე ხაზგასმით, ხელს უწყობს სხვადასხვა კომპანიებსა და სექტორებს შორის თანამშრომლობას. მარტინ ზაპატა, საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აკადემიური პროგრამების უფროსი ოფიცერი, საუბრობს აკადემიური ინსტიტუტების როლზე გლობალური ანტიკორუფციული დღის წესრიგის ფორმირებაში, სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და კორუფციასთან ბრძოლის სხვა აქტუალურ საკითხებზე.
რა როლს ასრულებენ აკადემიური ინსტიტუტები, როგორიცაა საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია, გლობალური ანტიკორუფციული დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით კი, კერძო სექტორში?
ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია, გადამწყვეტ როლს ასრულებენ გლობალური ანტიკორუფციული დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რადგან განათლება ქმნის ისეთ მყარ საფუძველს, რომელზედაც შესაძლებელია კორუფციის წინააღმდეგ ბევრად უფრო ეფექტიანი ბრძოლის წარმართვა. ამ კონტექსტში, სულ უფრო იზრდება სპეციალიზებული, ანტიკორუფციული ტრენინგის ჩატარების მნიშვნელობა. კორუფციის პრევენცია, მისი გამოვლენა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვს გარკვეულ ცოდნასა და ტექნიკური უნარების ჩამოყალიბებას, რომელიც უნდა პასუხობდეს იმ გლობალიზებული სამყაროს მოთხოვნებს, რომელშიც ვცხოვრობთ, სადაც ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ვითარდება და კორუფციული სქემები სულ უფრო რთულდება და იხვეწება. სწორედ ამიტომაა, რომ არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის სამართალდამცველებს და შესაბამისობის სპეციალისტებს მზაობა მოეთხოვებათ.
უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კორუფციასთან ბრძოლის არეალი სწრაფად ფართოვდება, აუცილებელია უწყვეტი ტრენინგების ჩატარება, რათა პროფესიონალები ინფორმირებულნი იყვნენ კორუფციასთან ბრძოლის ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების თაობაზე. კერძოდ, კომპანიები უნდა ფლობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების საფუძვლიან ცოდნას. ეს კი მოითხოვს ყოვლისმომცველი და მუდმივი ტრენინგების პროცესში ჩაბმას, რასაც შეუძლია, გააძლიეროს პროფესიონალების შესაძლებლობები არამხოლოდ არსებული მოთხოვნების მიმართ ადაპტაციაში, არამედ გაუთვალისწინებელი გამოწვევების ეფექტიანად მართვის მიმართულებითაც.
მაშინ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გაეროს გლობალური შეთანხმების კორუფციასთან ბრძოლის მე-10 პრინციპის 20 წლისთავს, როგორ ხედავთ ანტიკორუფციული ინიციატივების ევოლუციას, განსაკუთრებით კი, ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევის განხორციელების თვალსაზრისით?
კორუფციასთან ბრძოლის არეალი საკმაოდ სწრაფად გაიზარდა, განსაკუთრებით კი, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონული და საერთაშორისო კონვენციები, ეროვნულ დონეზე სპეციალიზებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები და მრავალი გლობალური ინიციატივა, რომლებიც ეხება კორუფციასთან ბრძოლას ისეთ ცალკეულ სექტორებთან მიმართებით, როგორიცაა სამთო მოპოვებითი მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, შესყიდვები, მეთევზეობა, საზღვაო ინდუსტრია და სხვა. ამ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ცხადყოფს, რომ მხოლოდ კორუფციული მიდგომის კრიმინალიზაცია საკმარისი არაა, ერთობლივი ძალისხმევა კი სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ერთიანდება იმ პრობლემების გადასაჭრელად, რაც ბიზნესის წარმართვის ღირებულებაზე და მისი განვითარებაზე ახდენს გავლენას. ამ მხრივ, ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან პოტენციურ შესაძლებლობას გვთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამგვარი ქმედების ზუსტი განმარტება, ის ზოგადად ეხება ნებაყოფლობით ინიციატივას, რომელშიც მრავალი დაინტერესებული მხარე ვალდებულებას იღებს ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებაზე. შესაბამისობის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც ფოკუსირებულია კორუფციის შიდა პრევენციაზე, მის გამოვლენასა და გამოსწორებაზე, ერთობლივი ძალისხმევა მიზნად ისახავს კორუფციის აღმოფხვრის მასშტაბების გაფართოებას.
საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში, ჩვენი აკადემიური პროგრამების მეშვეობით, მხარს ვუჭერთ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას და ბოლო სამი წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული ერთობლივი ძალისხმევის სერტიფიკატის[1] დახმარებით, ამ სფეროში მნიშვნელოვნად შევუწყვეთ ხელი არსებული შესაძლებლობების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში, ჩვენი დახმარებითა და ხელმძღვანელობით, სტუდენტები შეიმუშავებენ და ახორციელებენ ერთობლივი ძალისხმევის ინიციატივებს. ამ ძალისხმევის შედეგად დავინახეთ თანამშრომლობის მოდელების დიდი პოტენციალი, რომელიც მოიცავს არამხოლოდ კერძო სექტორს, არამედ საჯარო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასაც. მიგვაჩნია, რომ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივმა ძალისხმევამ დამატებით უნდა გააძლიეროს და არა – ჩაანაცვლოს კრიმინალიზება და კანონის აღსრულება. ეს მოდელები არსებითად რჩება, თუმცა ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია მათი გავლენის გაძლიერება და განმტკიცება, რათა შეცვალოს კორუფციისთვის ხელსაყრელი გარემო. რამდენად მნიშვნელოვანია სექტორთაშორისი თანამშრომლობა (მაგ. მთავრობას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს შორის) ანტიკორუფციული ძალისხმევის წინსვლაში და რა როლს ასრულებს აკადემიური პროგრამები ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობაში?
თანამშრომლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქვაკუთხედია. სექტორთაშორისი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენცია[2] ხაზს უსვამს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მდგრადი განვითარების მიზნები[3] და კერძოდ მე-17 მიზანი, ასევე ხაზს უსვამს პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას სხვა მიზნების მიღწევის საქმეში.
სექტორთაშორისი თანამშრომლობა იძლევა სხვადასხვა გამოცდილების, რესურსისა და იდეის გაერთიანების საშუალებას. ეს მასშტაბური პოტენციალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცვლილებებისთვის. საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში დავინახეთ, რომ განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობაში. ერთის მხრივ, სექტორთაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია, შეიძლება, იყოს რთული, რადგან დაინტერესებული მხარეების გაერთიანება და სექტორული საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს სპეციფიკური ინსტრუმენტების გამოყენებას და უნარების განვითარებას. ამ მიზეზით, ჩვენი აკადემიური პროგრამები ამზადებენ პროფესიონალებს ანალიტიკური ჩარჩოების, ფასილიტაციის მექანიზმებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებაში დარგობრივი წახალისების გამოსავლენად და სხვა.
მეორე მხრივ, საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია, საერთაშორისო მასშტაბის წყალობით, მთელი მსოფლიოდან მოწვეული მონაწილეებისთვის ქმნის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების პლატფორმას. კორუფციასთან ბრძოლა მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის პრაქტიკოსებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი რისკების გავლენის ქვეშ არიან. ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს თანამოაზრე ადამიანებს ერთმანეთთან დაამყარონ ისეთი ურთიერთობები, რომლებიც სცდება საკლასო ოთახის ფარგლებსა და პარტნიორული ურთიერთობების არეალს და ემსახურება არამხოლოდ ერთმანეთისთვის აზრებისა და ცოდნის გაზიარებას, არამედ მათ შორის მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის განმტკიცებას. ვამაყობთ, რომ გვაქვს კურსდამთავრებულთა ძლიერი ქსელი, რომლის წევრები, განურჩევლად არსებული მანძილისა და საზღვრებისა, თანამშრომლობენ და დახმარებას უწევენ ერთმანეთს.
რადგან, რომ კორუფციასთან ბრძოლა მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორ წარმოგიდგენიათ განათლებისა და ტრენინგის როლი, რათა ბიზნეს ლიდერებმა და პროფესიონალებმა ანტიკორუფციული ღონისძიებები მდგრადობის სტრატეგიებში ჩართონ? ბიზნეს სექტორში კორუფციული რისკები შეიძლება გამოვლინდეს ღირებულების ჯაჭვის მრავალ პროცესსა და რგოლში, რაც, თავის მხრივ, იწვევს სანქციების დაწესების რისკებს, პოტენციურ ფინანსურ ხარჯებსა და რეპუტაციულ ზიანს. ეს ზეგავლენა ხშირად სცდება მხოლოდ კომპანიის დონეს და გავლენას ახდენს გლობალურ მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე. ამ მიზეზით, კორუფციის პრევენცია უნდა გახდეს კომპანიის ბიზნეს მოდელის განუყოფელი ნაწილი.
ეს რეალობა ხაზს უსვამს განათლების, როგორც ფუნდამენტური საყრდენის მნიშვნელობას ნებისმიერ ბიზნეს სტრატეგიაში, რომელიც მდგრადობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ბიზნეს სექტორში უნარების გასაუმჯობესებლად არსებობს ტრენინგების ფართო სპექტრი და ამ მხრივ, საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიაში ჩვენ ვთავაზობთ მსგავსი ტრენინგების მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის მოკლევადიან კურსებსა და სამაგისტრო პროგრამას. ბიზნეს გარემოს განვითარების დინამიური ბუნების გათვალისწინებით, ჩვენი საგანმანათლებლო პროგრამები მიზნად ისახავს, მონაწილეებმა შეიძინოს ის უნარები, რომლებიც აუცილებელია ბიზნეს სექტორისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მათი კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით.
თუმცა, მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ, მხოლოდ შესაბამისობის მყარი საფუძველი არ არის საკმარისი. ჩვენ, ასევე, ხაზს ვუსვამთ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, ხელს ვუწყობთ მონაწილეებს ითანამშრომლონ სხვა კომპანიებთან და სექტორებთან, რათა გააძლიერონ ძალისხმევა. კორუფციის სწრაფი ევოლუციის გათვალისწინებით, მასთან ბრძოლაში ჩართულმა პროფესიონალებმა უნდა გაითვალისწინონ ის ცოდნა და გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც სცილდება იურიდიულ და ინსტიტუციურ ჩარჩოებს. პრაქტიკოსებმა უნდა დააკავშირონ ეს ცოდნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ისეთი ალტერნატიული მიდგომების მიგნების სტრატეგიასთან, როგორიცაა პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის წარმართვა, ნდობის ფაქტორის ხელშეწყობა და ა.შ. ჩვენი აზრით, ჰოლისტიკური მიდგომა აუცილებელია კორუფციის კომპლექსური პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად.
[1] Anti-Corruption Collective Action Certificate https://collective-action.iaca.int/certificate/
[2] The United Nations Convention against Corruption
[3] Sustainable Development Goals (SDGs)