კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის მიღწევაში

ავტორი:

თამარ ღუნაშვილი

სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

მაშინ, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ გაეროს გლობალური შეთანხმების მე-10 პრინციპის (კორუფციასთან ბრძოლა) 20 წლის იუბილეს, აუცილებელია დავფიქრდეთ განვლილ  გზაზე, რომელიც  ორი ათეული წლის წინ დაიწყო-გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს 2030 წლის დღის  წესრიგი – ტრანსფორმაციული ჩარჩო, რომელიც 17 მდგრადი განვითარების მიზნის (SDGs) მეშვეობით,  სიღარიბის, უთანასწორობისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების დასაძლევად შეიქმნა. .

მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი( SDG 16) ქვაკუთხედია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოებების განვითარების  ხელშესაწყობად. ის უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და ანგარიშვალდებული, ეფექტური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

იმ ეპოქაში, როდესაც კორუფცია კვლავ ძირს უთხრის  მმართველობას და სოციალურ სტაბილურობას, მოქმედებისკენ მოწოდება აქტუალურია როგორც არასდროს. გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების  დანერგვა, განსაკუთრებით კერძო სექტორში, გადამწყვეტია SDG 16-ის მისაღწევად და ყველასთვის სამართლიანი და თანაბარუფლებიანი მომავლის შესაქმნელად.

SDG 16 პირდაპირ ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები და გამჭვირვალობის ნაკლებობა, რაც ხელს უშლის განვითარებას და აბრკოლებს ყველა სხვა SDG-ის მიღწევას. კორუფცია იწვევს  რესურსების  გადინებას, ამძაფრებს უთანასწორობას, ანგრევს ბაზრებს და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას. 2016 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადგინა რომ  ქრთამის თანხა  წლიურად, დაახლოებით 1,5 ტრილიონი დოლარიდან 2 ტრილიონ დოლარამდეა . მექრთამეობა და კორუფცია აფერხებს ბიზნესის განვითარებას, ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს და ქმნის უთანასწორო  პირობებს. საბოლოო ჯამში, ეს  იწვევს სოციალურ არასტაბილურობას, აძლიერებს უნდობლობას ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების მიმართ და ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.  დადგენილია, რომ მსოფლიოში 4 მილიარდი ადამიანი აგრძელებს არსებობას სამართლებრივი დაცვის გარეშე. გლობალურად, ჯერ კიდევ არსებობს უფსკრული მმართველობის,(მთავრობის ეფექტურობის ჩათვლით), რეგულირებისა  და რაც განსაკუთრებით აქტუალურია კერძო სექტორისთვის, კორუფციის კონტროლს შორის. კორუფციამ და  კორუფციულმა სკანდალებმა შესაძლოა,  საზოგადოებაში  სერიოზული არასტაბილურობა გამოიწვიოს. მდგრადი განვითარების მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ  არის დაკავშირებული. SDG 16-ის პროგრესი ხელს უწყობს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების წინსვლას უთანასწორობის შემცირებით, პარტნიორობის ხელშეწყობით და ეკონომიკური ზრდისთვის სტაბილური გარემოს შექმნით.

მაგალითად:

მდგრადი განვითარების  მიზანი 1 (არა სიღარიბეს): მშვიდობიანი საზოგადოებების არსებობა ძლიერი ინსტიტუტებით ამცირებს კონფლიქტის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სიღარიბის შემცირებაზე.

მდგრადი განვითარების  მიზანი 3 ( ჯანმრთელობა და კეთილდღეობა): გამჭვირვალე მმართველობა უზრუნველყოფს ჯანდაცვის რესურსების ეფექტურ განაწილებას და ამცირებს კორუფციას სამედიცინო მომსახურეობის სფეროში.

მდგრადი განვითარების  მიზანი 5 (გენდერული თანასწორობა): ინკლუზიური ინსტიტუტები ხელს უწყობენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და ქალთა უფლებების დაცვას.

მდგრადი განვითარების მიზანი 8 (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა): სტაბილური საკანონმდებლო ბაზა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და  ბიზნეს გარემოს მდგრადობას.

კერძო სექტორს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოს SDG 16-ის მიღწევაში ინიციატივების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია ბიზნეს ტრანზაქციებში ნდობის, გამჭვირვალობისა და ეთიკური ქცევის განმტკიცებაზე.

გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი: მშვიდობა, სამართლიანობა და მძლავრი ინსტიტუციები

 რატომ არის მნიშვნელოვანი SDG 16 ბიზნესისთვის

გაეროს გლობალური შეთანხმება განსაზღვრავს სამ კრიტიკულ გამოწვევას ბიზნესისთვის SDG 16-თან დაკავშირებით: კორუფცია, ძალადობრივი კონფლიქტები და სუსტი კანონის უზენაესობა. ამ გამოწვევების მოგვარება გადამწყვეტია იმისთვის, რომ ბიზნესები ოპერირებდნენ    სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოში, რაც ხელს შეუწყობს მათ წარმატებას.

ბიზნესს შეუძლია, კონფლიქტისადმი მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებით, რისკების შეფასების ჩატარებით და  პარტნიორობით, წვლილი შეიტანოს მშვიდობის შენებასა  და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.  .

როგორ შეუძლია ბიზნესს SDG 16-ის მხარდაჭერა

ეთიკური ბიზნეს პრაქტიკის ხელშეწყობა: კომპანიებმა უნდა ჩამოაყალიბონ მმართველობის ჩარჩოები, რომელიც ხელს შეუწყობს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და შესაბამისობის პროგრამების ჩათვლით.

ეთიკური მიწოდების ჯაჭვების შექმნა: შესყიდვების სათანადო შეფასების  პროცესების და გამჭვირვალობის მეშვეობით, ბიზნესებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი მიწოდების ჯაჭვები  იყოს კორუფციისგან თავისუფალი.

ძლიერი ინსტიტუტების მხარდაჭერა: კომპანიებს შეუძლიათ სამართლებრივი რეფორმების ადვოკატირება, რომელიც  აძლიერებს ანტიკორუფციულ მექანიზმებს, ასევე, იმუშაონ მთავრობებთან წარმატებული მაგალითები:

Siemens: Siemens-მა დანერგა მძლავრი შესაბამისობის სისტემები და გახდა ლიდერი კორპორაციულ მმართველობაში.

Shell: მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) მხარდაჭერით Shell ხელს უწყობს გამჭვირვალობას რესურსებით მდიდარ, მაღალი რისკის ქვეყნებში.

Unilever: კომპანიას აქვს მკაცრი ანტიკორუფციული პროტოკოლები და რეგულარულად ახორციელებს აუდიტს საკუთარი გლობალური ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

გამჭვირვალობის, ეთიკური პრაქტიკის და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ჩამოყალიბების გზით კერძო სექტორის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია SDG 16-ის მისაღწევად . ანტიკორუფციული პოლიტიკის პროაქტიული განხორციელებით და ერთობლივი ძალისხმევის ინიციატივებში მონაწილეობით, ბიზნესი ამცირებს რისკებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს მშვიდობიანი, სამართლიანი და მდგრადი საზოგადოებების შენების ხელშეწყობაში. გაეროს გლობალური შეთანხმება მნიშვნელოვან პლატფორმას უქმნის კომპანიებს, რათა თავიანთი საქმიანობა უნივერსალურ პრინციპებს შეუსაბამონ, ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და ითანამშრომლონ ყველა მიმართულებით  კორუფციის დასაძლევად  და მმართველობის გასაძლიერებლად. გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების დაცვით, კომპანიებს შეუძლიათ მიაღწიონ მეტ განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ SDG 16-ის მიღწევაში, რაც, საბოლოოდ, დაგვეხმარება ყველასთვის უფრო მდგრადი და სამართლიანი სამყაროს აშენებაში.

გააზიარე: