მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მდგრადი მართვა

7 წელი, 14 ფილიალი და 200-მდე თანამშრომელი – ეს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის მონაცემებია. როცა კომპანია ბაზარზე პირველად გამოჩნდა და ფუნქციონირება დაიწყო, ქვეყანაში ასამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. ახლა ეს რიცხვი განახევრებულია. როგორ შეძლო MBC-იმ ბაზრის წამყვან მოთამაშედ პოზიციონირება და როგორი ღირებულებითი ჩარჩო აქვს კომპანიას დღეს? კომპანიის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი და ოპერაციების დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია, განმარტავს კორპორაციული პასუხისმგებლობის გავლენას MBC-ის ბიზნეს-სტრატეგიებსა და მოქმედების ძირითად მიმართულებებზე.

რა ფუნდამენტზე დგას MBC-ის წარმატება? რა არის ის სტრატეგიული მიმართულებები, რამაც განაპირობა კომპანიის მდგრადი გაძლიერება?

მთავარი მიღწევა – კომპანიის ორგანიზაციული კულტურა, კორპორაციული მართვის სტილი, ფასეულობები და ღირებულებებია, რომელიც არამხოლოდ თანამშრომლებს, არამედ კომპანიის დამფუძნებლებსაც გათავისებული აქვთ. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის წარმატება ასევე

განპირობებულია კომპანიაში არსებული დასაქმების თანაბარი პირობებით, ჯანსაღი კონკურენციით, გამჭვირვალობითა და გენდერული თანასწორობით. კომპანიაში დასაქმებულთა 52% ქალია. მენეჯერულ პოზიციებზე კი 5 დირექტორიდან 3 ქალია. გამორჩეულ მიღწევად მივიჩნევთ სანდო და გამჭვირვალე რეპუტაციას, რაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი კომპანია ფინანსურ რესურსებს საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც იზიდავს და აღნიშნული გარემოება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ნდობის მკაფიო გამოხატულებაზე მიუთითებს. გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “Scope Ratings-მა” საკრედიტო რეტინგი B+(სტაბილური) მოგვანიჭა, რაც ჩვენთვის დიდი წარმატებაა. პანდემიის მიუხედავად, ჩვენი კომპანია რეიტინგში წამყვან პოზიციას და მიკროსაფინანსო ბაზარზე ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს ინარჩუნებს.

რას ნიშნავს და რა მნიშვნელობას ატარებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ კომპანიებში?

მიკროსაფინანსო ბაზარი, სექტორისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ სტანდარტებზე დგას. ჩვენი კომპანიის საქმიანობაში, საერთაშორისო სტანდარტების არსებობა პირველ რიგში ფინანსურ ანგარიშგებაში გამოიხატება, რომელსაც აღნიშნული სტანდარტების აბსოლუტური დაცვით ვაწარმოებთ. ამ სტანდარტების დაცვის გარეშე შეუძლებელია საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. საერთაშორისო სტანდარტებით, პრინციპებითა და პრაქტიკით ვხელმძღვანელობთ ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენს თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და პარტნიორებთან ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება ზოგად სიტუაციას, ვფიქრობ ქვეყნის შიგნითაც იცვლება ტენდენციები – თავად მომხმარებელი უფრო გათვითცნობიერებული, დაკვირვებული და მომთხოვნი ხდება. იზრდება მოთხოვნა ხარისხზე და, შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების პოზიტიური გავლენა შიდა ბაზარზე.

რა ფაქტორების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა MBC-ის კორპორაციული ფილოსოფია? რამდენად თვალსაჩინოა არსებული ბიზნეს-ფასეულობები?

ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისი ღირებულებითი ჩარჩოები, აბსოლუტურ თანხვედრაშია ჩვენს ბიზნეს-ფილოსოფიასთან. ეს ღირებულებები არის გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ეთიკური კორპორაციული მართვა, პარტნიორობა და ინოვაცია. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გამოვყავით რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება – გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ფინანსური განათლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, და შრომითი უფლებები.

აღვნიშნავ მომხმარებლებთან ურთიერთობას და თანამშრომელთა მხრიდან მათდამი დამოკიდებულებას. ემბისი ზედმიწევნით მიჰყვება მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კამპანიის „Smart Campaign“ პრინციპებს და შესაბამისად, გამჭვირვალე, სამართლიან, პასუხისმგებლიან და გონივრულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს.

ქალთა გაძლიერების საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან. მათი დახმარებით მდგრადი ცვლილების უზრუნველყოფისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით, შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. გარემოს დაცვის საკითხებზე სიდასთან/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან ვთანამშრომლობთ. აქტიურად მიმდინარეობს ჩვენი შიდა პოლიტიკის გადახედვა. მენეჯმენტი დიდ ბიძგს აძლევს კორპორაციულ მოხალისეობრივ პასუხისმგებლობას, რაც მათ შორის საერთაშორისო დღეების აღნიშვნაში გამოიხატება. მაგალითად, ჩავატარეთ ყველაზე ეკომეგობრული ფილიალის კონკურსი, რაც ენერგიის ყველაზე ეფექტურად მოხმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამოვლინებას ემსახურებოდა. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება – ახალგაზრდების მხარდაჭერაა. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სოფლად მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელების საშუალება. ამის საპასუხოდ მათ ინტერნეტთან რამდენიმეთვიანი წვდომა დავუფინანსეთ. შრომითი უფლებების მხრივ განხორციელებულ ინიციატივებში, პრეტენზიებისა და იდეების მართვისთვის შემუშავებულ მექანიზმს გამოვყოფდი.

მსოფლიო უპრეცენდენტო კრიზისშია. კომპანიები მრავალშრიანი ფინანსური კრიზისისა და ფუნქციური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდენ. თუმცა, გაჩნდა უამრავი ახალი შესაძლებლობა და ბიზნეს-რესტრუქტურიზაციის გზა. ამ მოცემულობების გათვალისწინებით, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ MBC-ზე?

პირველი გამოწვევა ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო. მარტში, მანამ სანამ რეგულაციები ოფიციალურად შევიდოდა ძალაში, თითოეული ფილიალი უსაფრთხოებისთვის საჭირო ინვენტარით იყო უზრუნველყოფილი. იმ პერიოდში, კორონავირუსზე ბევრი არაფერი ვიცოდით, შესაბამისად, ერთერთი მთავარი გამოწვევა ვირუსთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იყო. ყველა საკომუნიკაციო არხი კორონავირუსთან დაკავშირებული მასალების გასავრცელებლად გამოვიყენეთ – როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების ინფორმირებისთვის.

საფინანსო სექტორისთვის გარდამტეხი პერიოდი დადგა. ბუნებრივია, პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩვენს მომხმარებლებზე. კრიზისმა მათ შემოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შესაბამისად გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ საბანკო სექტორი სრულიად აჰყვა სახელმწიფოს ინიციატივას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით, მიკროსაფინანსო ბაზარზე იგივე სულ რამდენიმე ორგანიზაციამ გაიმეორა. გადახდების გადავადების თხოვნით ჩვენ მომხმარებლების 70%-მა მოგვმართა. უკლებლივ ყველა განაცხადი დავაკმაყოფილეთ და ყველას საშეღავათო პერიოდი შევთავაზეთ. მიუხედავად რთული ვითარებისა, შევძელით კომპანიის თანამშრომლებისა და მათი ხელფასების შენარჩუნება.

პანდემიის პერიოდში გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენს პროექტზე – “ფინანსური მრჩეველი,” რომლის მეშვეობითაც ჩვენი მომხმარებლები და სხვა დაინტერესებული პირები, აბსოლუტურად უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებულ კონსულტაციებსა და ტრენინგებში. მეტი ფინანსური განათლება ნიშნავს მეტ სასარგებლო გადაწყვეტილებას. ეს პროექტი განსაკუთრებით გამოადგათ ქალ მეწარმეებს, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ბიზნესის გაგრძელებასთან და კრიზისთან ადაპტაციის პროცესთან დაკავშირებული რჩევები.

რა არის MBC-ის პოზიცია გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ბიზნეს-ფილოსოფიაში ინტეგრაციაზე? მაგალითად, მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი ბიზნესის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობაა. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პარტნიორობები სხვადასხვა სექტორში?

ბიზნეს-ფილოსოფიაში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაცია ზოგჯერ რთულად განსახორციელებლად ჟღერს, თუმცა პრაქტიკაში, ეს ასე არ არის. შესაბამისი მუშაობისა და მონდომების შემთხვევაში, კომპანიის საქმიანობის მოცემულ მიზნებთან ადაპტირება ნამდვილად არის შესაძლებელი. რაც შეეხება პარტნიორობას – ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ჩემი დაკვირვებით, როცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, პირველი ასოციაცია, ბიზნესის მიერ ფინანსური რესურსების სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიწოდებაზე ჩნდება. რეალურად პარტნიორობისთვის სხვა ალტერნატიული საშუალებებიც არსებობს, თუნდაც ადამიანური რესურსების, ცოდნის, ექსპერტიზისა და გამოცდილების გაზიარება. თანამშრომლობა, როგორც ბიზნესისთვის ისე სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის თანაბრად მომგებიანია, რადგან სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ პროექტებს მოაქვთ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები საზოგადოებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გრძელვადიანი ეფექტების გაზომვა ამ ეტაპზე შეუძლებელია, არსებული რეალობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბიზნესის კეთების კულტურა, მომხმარებლის ქცევა და საჭიროებები მკაფიოდ შეიცვლება. რა არის თქვენი მოლოდინები მიკროსაფინანსო სექტორში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით?

ბიზნესი უკვე შეიცვალა. შეიცვალა მომხმარებელიც, მისი ქცევაც და მყიდველუნარიანობაც, თუმცა ყველა კრიზისის დროს ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ვიმედოვნებ, რომ ქართული კომპანიების ნაწილი ამ პერიოდს თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ბაზარზე აუცილებლად შეიქმნება ახალი ბიზნესები და დაჩქარდება გაციფრულების პროცესები. ამ ეტაპზე, ჩვენ ბევრად სწრაფად გვიწევს დისტანციური პროდუქტების დანერგვა. ის, რისი აღსრულებაც ორი წლის ვადაში გვქონდა დაგეგმილი, მიმდინარე შესასრულებელ ამოცანებში გადმოვიტანეთ. აღნიშნული ცვლილებები კარგია ჩვენი მომხმარებლისთვის, რადგან სერვისები მათთვის უფრო კომფორტული გახდება. ვფიქრობ, ეტაპობრივად სიტუაცია დასტაბილურდება და ჩვენი სეგმენტიც სწრაფად მოერგება ცვლილებებს.

გააზიარე: