ქართული მცირე და საშუალო კომპანიები გლობალური ხედვით
თანამედროვე სამყაროში, სადაც კონკურენცია ძალიან მაღალია, ბრენდის ფილოსოფია ბევრ რამეს განსაზღვრავს. თუ ბოლო დრომდე ეს ძირითადად, მსხვილ კორპორაციებს ეხებოდა, დღესდღეობით ღირებულებითი სისტემა პატარა კომპანიებისთვისაც მნიშვნელოვანია და ხშირად ხელს უწყობს მათ წინსვლას. ბრენდები, რომელთაც დღეს წარმოგიდგენთ, საერთო ღირებულებებმა გააერთიანა: ზრუნვა ბავშვებზე, გარემოსა და ეკოლოგიაზე – სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაის“ და
ბავშვთა ტანისამოსის კომპანია „სპილოუს“ მთავარი მესიჯია, რაც კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან ერთად, მდგრადი განვითარების მიზნებსაც ეხმიანება.
რას საქმიანობენ და რა განაპირობებს არცთუ დიდი ხნის წინ დაარსებული კომპანიების წარმატებას, რა გეგმები აქვთ და როგორ შეუძლია სხვადასხვა სექტორს, თავისი წვლილი შეიტანოს მცირე ბიზნესის განვითარებაში, „ჩიკატაის“ დამფუძნებელი, თამარ ბუიღლიშვილი და „სპილოუს“ თანადამფუძნებელი, სოფო ჩხაიძე გვესაუბრებიან.
თქვენი ბრენდის შესახებ გვიამბეთ: როგორ შეიქმნა და რა ღირებულებები გაქვთ?
თამარ ბუიღლიშვილი: „ჩიკატაი“ 2017 წელს დაარსდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მუსიკალური სათამაშო ქართული მელოდიით. ეს იყო პირველი პრეცენდენტი ქართულ ბაზარზე და სწრაფადაც მოიპოვა პოპულარობა. პროდუქციის ხარისხთან ერთად, ძალიან დაგვეხმარა გია ყანჩელის მელოდია, რომლის გამოყენების უფლება უსასყიდლოდ მივიღეთ კომპოზიტორისგან. ამან ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზარდა.
„ჩიკატაის“ ყველა სათამაშო – ცხოველი, ფრინველი ან წყლის ბინადარია და ეს შემთხვევითი არაა: ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და ჩვენი ღირებულებითი სისტემაც ამან განსაზღვრა. სოციალურ პასუხისმგებლობაზე თავიდანვე დავიწყეთ ფიქრი. გვინდოდა, „ჩიკატაი“ ყოფილიყო მეტი, ვიდრე სათამაშოების მწარმოებელი კომპანია და ჩვენი მომხმარებელი უფრო დიდი იდეის გარშემო გაგვეერთიანებინა. დღეს ბევრი მეგობარი და თანამოაზრე გვყავს. ამას თან ერთვის ხარისხიც, რასაც მუდმივად ვაუმჯობესებთ: გვინდა, ისეთი პროდუქცია შევქმნათ, რომელიც გარემოს ნაკლებად დააზიანებს.
სოფო ჩხაიძე: გარემოზე ზრუნვა „სპილოუსთვისაც“ მნიშვნელოვანია, რაც უნარჩენო წარმოებაში გამოიხატება. 2016 წელს ტასო ჯაფარიძესა და მარინკა ღარიბაშვილთან ერთად დავაარსეთ საბავშვო სამოსის კომპანია.
მიზანი: შეგვექმნა ხარისხიანი და კრეატიული ტანსაცმელი ცელქი ბავშვებისთვის, რომელიც ხელს
არ შეუშლიდა თამაშში და არ შეზღუდავდა მათ თავისუფლებას. სწორედ ასეთი აღმოჩნდა ე.წ. „დინოჟაკეტი“ – „სპილოუს“ ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი, რომელიც ბავშვებს გარდასახვასა და როლურ თამაშში ეხმარება. ამ ჟაკეტის ფერადი „ეკლებისთვის“ დავიწყეთ პირველად ნარჩენების გამოყენება, თუმცა ქსოვილის გარკვეული რაოდენობა მაინც გვრჩებოდა. „ჩიკატაისთან“ კოლაბორაციამ ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა.
როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა და რა სიკეთეები მოგიტანათ ამან?
თამარ ბუიღლიშვილი: ზოგადად, ტექსტილის წარმოებაში ნულოვანი დანაკარგით მუშაობა წარმოუდგენელია, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ეს მაჩვენებელი მინიმუმამდე დაგვეყვანა და გაგვეკეთებინა ერთობლივი ხაზი, რაც სხვა პასუხისმგებლიან
ბრენდებს კარგ მაგალითს მისცემდა. კოლაბორაციას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. სხვათა შორის, მუსიკალური საკიდები, რომლებიც „სპილოუს“ კაბების ნარჩენებისგან იქმნება, მომხმარებელში ყველაზე პოპულარულია. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცნობიერების ამაღლების კუთხითაც – ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ბევრს გაუჩნდა. ვგეგმავთ, გავაფართოვოთ არეალი, რათა უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს ამ პროცესში.
სოფო ჩხაიძე: თანამშრომლობის იდეა თითქმის ერთდროულად დაიბადა. ჩვენ გვქონდა მაღალი ხარისხის ქსოვილი, რაც „ჩიკატაისთვის“ დამატებითი შესაძლებლობა იყო სათამაშოების შესაქმნელად. ამასთან, ნარჩენების გამოყენებით გარემოზე მავნე ზემოქმედებაც მცირდებოდა. ყოველთვის გვჯეროდა მსავსი ღირებულებების მქონე კომპანიების წარმატებული პარტნიორობის. „სპილოუსა“ და „ჩიკატაის“ მაგალითმა ეს კარგად გვიჩვენა.
2020 მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორივე თქვენგანისთვის: პანდემიის მიუხედავად, მოახერხეთ პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანა. „ჩიკატაი“ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის „გაეროს გლობალური შეთანხმების“ წევრი გახდა, „სპილოუს“ პირბადეები კი ბრიტანულ „ამაზონზე“ გავიდა და ერთ-ერთი პოპულარული ადგილობრივი გამოცემის მიერ 5 საუკეთესო დიზაინერულ პირბადეს შორის დასახელდა. რას ნიშნავს მსგავსი ფაქტები თქვენთვის და რა ვალდებულებას აკისრებს კომპანიებს?
თამარ ბუიღლიშვილი:
„ჩიკატაისთვის“ ეს დიდი პატივია და მეტ სტიმულს გვაძლევს განვითარებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ეხმიანება გაეროს მე-12 (მდგრადი წარმოება და მოხმარება) და მე-17 მიზანს (პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის), რაც „სპილოუსთან“ კოლაბორაციის საფუძველია. ერთი შეხედვით, ჩვენნაირი პატარა კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა თითქოს ბევრს არაფერს ცვლის გლობალური თვალსაზრისით, მაგრამ სინამდვილეში, დიდ შედეგებამდე სწორედ ასეთი პატარა ნაბიჯებით მივდივართ.
სოფო ჩხაიძე: პანდემიამ ჩვენს კომპანიას ახალი შესაძლებლობები მოუტანა. 2020- ში, როცა მთელ მსოფლიოში გაჩნდა პირბადეების დეფიციტი, გადავწყვიტეთ, ამ მიმართულებით გვემუშავა. ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტი დავამზადეთ, რომელიც, ამავდროულად, ლამაზიც იყო და საქართველოში მალევე გახდა პოპულარული. მომდევნო ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ინგლისში მცხოვრებ ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს გავუგზავნეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტეთ, პირბადეები ბრიტანულ „ამაზონზე“ გაგვეტანა. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც, ხარისხთან ერთად, ხელი შეუწყო გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით კომპანიის პასუხისმგებლობამაც. ერთჯერადმა პირბადეებმა ეკოლოგიას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, ამიტომაც, მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტი ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს საქართველოშიც გაჩნდა ინტერესი მსგავსი თემების მიმართ და ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა ბევრი კომპანიისა თუ ორგანიზაციის პრიორიტეტი გახდა.
ქართულ რეალობაში კორპორაციულ პასუხისმგებლობას დიდი ბრენდების „მოვალეობად“ მიიჩნევენ, თუმცა მცირე კომპანიების როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ერთობლივი ძალისხმევით ისინი უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ქვეყანაში მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას. რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?
თამარ ბუიღლიშვილი: ამ საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება, რასაც კარგად ახერხებენ ჩვენნაირი ბრენდები. დიდი კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა დიდ ხარჯებს უკავშირდება, ჩვენთვის კი უფრო კრეატივია წარმმართველი. ყოველთვის შეიძლება იდეის საინტერესოდ შეფუთვა და გავრცელება, რისი კარგი მაგალითია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან – WWF Georgia-სთან გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმი: ერთი-ერთი პირველი პროექტი გადაშენების პირას მყოფ ზუთხისებრთა კონსერვაციას ეხებოდა, რაც ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს;
მეორე – ასევე გადაშენების პირას მყოფი ქურციკების რეინტროდუქციისკენ იყო მიმართული. ორივე შემთხვევაში, შევკერეთ სათამაშო ზუთხი და ქურციკი, რომელთა გაყიდვით შემოსულ თანხას მათი დაცვის საჭიროებისთვის მივმართავდით. პარალელურად, ვეწეოდით საინფორმაციო კამპანიას: ვლაპარაკობდით ყველგან, სადაც შესაძლებლობა გვქონდა და ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა კონკრეტულ თემაზე. ყველაფერთან ერთად, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლობის კარგი მაგალითი შევქმენით და მომავალშიც ვაპირებთ პარტნიორობას ამ მიმართულებით.
ეს მართლაც საყურადღებო თემაა. არანაკლებ აქტუალურია თანამშრომლობა სახელმწიფოსთან. რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით?
სოფო ჩხაიძე: სახელმწიფოს გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის. კარგი იქნება, თუ მიზნობრივ გრანტებს გამოყოფენ, რადგან „იაფი კრედიტი“ და მსგავსი პროგრამები ჩვენ შემთხვევაში არ არის დიდად შედეგიანი. კარგად მუშაობს „აწარმოე საქართველოში,“ რომლის დახმარებითაც 2019 წლიდან საერთაშორისო საბავშვო ტანსაცმლის სავაჭრო გამოფენებზე გავდივართ. ამან გარკვეულწილად, გაზარდა ჩვენი ცნობადობა უცხოეთში.
ექსპორტის კიდევ ერთი მექანიზმია ონლაინ მაღაზია, სადაც მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩვენი პროდუქციის ყიდვა, თუმცა იმის გამო, რომ საზღვარგარეთ გაგზავნა ძალიან ძვირია, ეს რესურსი ჯერჯერობით, აუთვისებელია.
თამარ ბუიღლიშვილი: სახელმწიფოს ჩართულობა ამ საკითხში ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მცირე ბიზნესს არა აქვს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების, მათ შორის, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის საშუალება. რეალურად, ქართული ბაზარი ძალიან პატარაა ჩვენნაირი ბრენდებისთვის. ექსპორტის პოტენციალი უმთავრესია. „აწარმოე საქართველოში“ მაქსიმალურად გვეხმარება, თუმცა, მხოლოდ ეს არ კმარა. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა ჩაერთოს მცირე ბიზნესის განვითარებაში, გააცნობიეროს მისი შესაძლებლობები. შესაძლოა, პატარა კომპანიების წვლილი ცალ- ცალკე დიდი არ არის პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა, სულ სხვა სურათი იკვეთება მათი რაოდენობის გათვალისწინებით.
არასამთავრობო სექტორი თუ გიდგათ მხარში? როგორია მათი ჩართულობა მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად?
თამარ ბუიღლიშვილი: აუცილებლად უნდა აღვნიშნო „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“
(EPRC) თანადგომა: მათი ერთ-ერთი პროექტის GeClosetoEU-ს გრანტის დახმარებით შარშან, პანდემიისას, სერტიფიცირებული ქსოვილი შევიძინეთ და ჩვენი სათამაშოები გავაგზავნეთ უსაფრთხოების შესამოწმებლად თურქეთის ლაბორატორიაში. მსგავსი გრანტები ძალზე საჭიროა მცირე ბიზნესისთვის და საბოლოოდ, კარგ შედეგს იძლევა. სამწუხაროდ, პატარა კომპანიებს დიდ გრანტებზე ხელი ნაკლებად მიგვიწვდება. ყველა ერთბაშად დიდ შედეგს ელის, რაც ერთი ხელის მოსმით არ ხდება.
სოფო ჩხაიძე: გრანტი ძალიან დიდი დახმარებაა ჩვენნაირი კომპანიებისთვის – ჟანგბადი, რომელიც სიცოცხლისთვის გვჭირდება. ყველამ, ვინც EPRC-ის დაფინანსება მიიღო, ზუსტად იცოდა ამ თანხის დანიშნულება: ჩვენ „ამაზონზე“ დავრეგისტრირდით, რაც ძვირადღირებული მომსახურებაა, „ჩიკატაიმ“ ხარისხიანი ქსოვილი შეიძინა და სათამაშოების სერტიფიცირება შეძლო, სხვებმა – დანადგარები იყიდეს. ეს ყველაფერი საბოლოოდ ისევ სახელმწიფოს წაადგება. ამ შემთხვევაში, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია: მცირე ბიზნესს თავისი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ცდილობს, შეასრულოს საკუთარი მისია, თუმცა, არსებულ ვითარებაში, როცა უამრავი სირთულის გადალახვა გვიწევს, ხელშეწყობა და თანადგომა სახელმწიფოსგანაც გვჭირდება.