ალდაგი – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

ალდაგი ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში. ის დღემდე სადაზღვევო სფეროს  ლიდერად რჩება, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში დაზღვევის კულტურის განვითარებას. 2023 წლისთვის კომპანიის პორტფელში 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია. 2020 წელს ალდაგს მიღებული აქვს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 

ალდაგში 600-მდე თანამშრომელია დასაქმებული. თანამშრომლებზე ორიენტირებულობა, მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა კომპანიის უმთავრესი პრიორიტეტია. 

ალდაგში მიიჩნევენ, რომ ბიზნესს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მდგრადი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებაში; ამასთან, მდგრადი პოლიტიკის დანერგვით კომპანია განვითარების მეტ შესაძლებლობას იძენს ეფექტიანობისა და ინოვაციების დანერგვის თვალსაზრისით. 

ალდაგის მდგრადობის სტრატეგიაზე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან მაღალაშვილი საუბრობს. 

რა დატვირთვა აქვს კორპორაციულ მდგრადობას ალდაგის საქმიანობაში და  არის თუ არა კომპანიის ბიზნეს სტრატეგიაში გათვალისწინებული კორპორაციული მდგრადობა? 

უკვე რამდენიმე წელია ჩვენს საქმიანობაში კორპორაციული მდგრადობის გათვალისწინება დავიწყეთ და დღემდე ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. შეფასებული გვაქვს არსებული მდგომარეობა ESG მოთხოვნებთან მიმართებით და ასევე გვაქვს გარკვეული მიზნები, თუ როგორ წავიწიოთ წინ 10-დან 25 წლამდე პერსპექტივაში. 2022 წლის თებერვალში ალდაგი  გაეროს გლობალურ შეთანხმების მონაწილე გახდა და ოფიციალურად გამოთქვა მზაობა, გაიზიაროს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და პასუხისმგებლობა აიღოს ამ მიზნებთან შესაბამისი პოლიტიკისა და მიდგომების დანერგვაში. 

თქვენ მუშაობთ მდგრადი განვითარების მერვე მიზნის- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდის – მიმართულებით. მოგვიყევით განხორციელებული პროექტების შესახებ. 

ალდაგის 32-წლიანი წარმატება, ჩვენი ხედვით, ჯანსაღი და სამართლიანი კორპორაციული გარემოს შექმნამ განაპირობა. დღეს საქართველოს სადაზღვევო ბიზნესში ალდაგის ადამიანური კაპიტალი ერთ-ერთი საუკეთესოა. გვჯერა, რომ ეს ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფის შედეგია. გასულ წლებში ჩატარებულ კვლევებში ჩანს, რომ ალდაგში კორპორაციული ურთიერთობების თვალსაზრისით, ჯანსაღი გარემოა. ჩვენი მიზანია,  ასეთი გარემოს შენარჩუნებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. 

ალდაგში არსებული სტანდარტით, რეკრუტინგის პროცესში პრიორიტეტი თანამშრომლების კარიერულ წინსვლას ენიჭება. კომპანიაში თანამშრომელთა განვითარებისა და ტოპ მენეჯმენტამდე დაწინაურების მაგალითი არაერთია. გარდა ამისა, შემუშავებული გვაქვს სისტემები, რომლებსაც თანამშრომელთა ფინანსური და არაფინანსური მოტივაციიისთვის ვიყენებთ.

ალდაგში არსებული გამჭვირვალობის პოლიტიკის შესაბამისად, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციისთვის არაერთი პლატფორმა არსებობს. მაგალითად, ალდაგის აკადემია უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მათ პროფესიულ განვითარებას. წლებია, დავნერგეთ პიროვნული და პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც გვეხმარება ვიზრუნოთ თანამშრომელთა ემოციურ მდგრადობაზე და ორიენტირებული ვიყოთ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე. საგანმანათლებლო პროგრამებიდან გამოვყოფდი CPD (continuous professional development- უწყვეტი პროფესიული განვითარების) პროგრამას, რომლის დახმარებითაც თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებასა და სადაზღვევო საქმიანობის სრულფასოვნად შესწავლაში ვეხმარებით. 

ალდაგისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრაქტიკის დანერგვაა. კომპანიის შიგნით გვაქვს რეგულარული შეხვედრები დირექტორთა საბჭოს წევრებთან. არსებობს არაერთი სხვა ფორმატი არაფორმალური ურთიერთობებისთვისაც, მათ შორის, გასვლითი ტურები, გუნდური თამაშები, თემატური აქტივობები, ღონისძიებები თანამშრომელთა შვილებისთვის, წვეულებები, სპორტული და კულინარიული ღონისძიებები, წვდომა სხვადასხვა სივრცეზე და ა.შ. გარდა ამისა, ალდაგის გუნდის შიგნით წელიწადში დაახლოებით 50-მდე ადამიანი ჯილდოვდება სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი ინდიკატორის გათვალიწინებით. გვაქვს ფინანსური და არაფინანსური მოტივაციის სისტემები 10 წელზე მეტი  გამოცდილების მქონე თანამშრომლებისთვის. 

გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ ჩვენი ბრენდის სტრატეგიისა და კორპორაციული ღირებულებების იდენტიფიცირების კუთხით. ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაო სესიებისა და კვლევების შემდეგ შეიქმნა კორპორაციული ღირებულებების სახელმძღვანელო და უკვე წელიწადია ვმუშაობთ ამ ღირებულებების განმტკიცებაზე.  

ალდაგის კორპორაციული კულტურის ნაწილია სოციალურად მნიშვნელოვან წამოწყებებში თანამშრომლების ჩართვა. მაგალითად, მხარს ვუჭერთ თანამშრომლების მოხალისეობას ანაზღაურებადი დროის შეთავაზებით, რათა ისინი თავიანთი კომპეტენციით დაეხმარონ სოციალურ საწარმოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სოციალური კეთილდღეობის შექმნაში. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ პროფესიულ ინსტიტუციებთან, რათა მეტად ვფოკუსირდეთ ქალთა გაძლიერებაზე. ცნობისთვის, ჩვენი დირექტორთა საბჭოს 50%  ქალია და თანამშრომლების 60%-ს ასევე ქალები წარმოადგენენ. 

რაც შეეხება თანამშრომლების კეთილდღეობას და მათთვის სოციალური დაცვის მექანიზმების შეთავაზებას, გუნდის ყველა წევრს ვთავაზობთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების უფასო დაზღვევას, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს, რომელიც ასევე დაფინანსებულია ორგანიზაციის მიერ. გარდა ამისა, ფუნქციონირებს თანამშრომელთა ფონდი, რომელიც საჭიროების მქონე თანამშრომლებს ფულადი სახსრებით ეხმარება. მეორე მხრივ, ვცდილობთ თანამშრომლები წავახალისოთ, რომ თავადაც ჩაერთონ სოციალური გავლენის მქონე კომპანიების აქტივობებში. ამ მიზნით, მათ ამ კომპანიების სერვისებსა და პროდუქტებს უფასოდ ვთავაზობთ. კომპანიაში ასევე გვაქვს გუნდური ქველმოქმედების მაგალითები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად.  

ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს, რომ კომპანიაში შევინარჩუნოთ ჯანსაღი გარემო, სადაც ადამიანები თავს მნიშვნელოვნად, რეალიზებულად და დაფასებულად იგრძნობენ.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე და რამდენად მნიშვნელოვანია კერძო სექტორის გაერთიანება უკეთესი მსოფლიოს შესაქმნელად? რას ეტყოდით ბიზნესს, რატომ უნდა გაწევრიანდნენ კომპანიები ამ ინიციატივაში?

გაეროს გლობალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ ჩვენს საქმიანობაში გავითვალისწინოთ და დავნერგოთ მიდგომები, რომლებიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. ეს პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ დამატებითი ცოდნა, გავიზიაროთ მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა, ხელი შევუწყოთ მულტისექტორულ თანამშრომლობას და, ზოგადად, ვიმოქმედოთ გლობალურ მიზნებთან შესაბამისობაში. 

ჩვენი ხედვით, კომპანიები უნდა გაწევრიანდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში, გამოიყენონ ეს პლატფორმა პასუხისმგებლიანი მიდგომების დასანერგად და, ზოგადად, გავლენა მოახდინონ მდგრადი და ინკლუზიური მომავლის უზრუნველყოფაზე. გვჯერა, რომ ბიზნესის ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია გადავლახოთ ისეთი გლობალური გამოწვევები, როგორიცაა სიღარიბე, კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა და ა.შ. 

რა როლი აქვს კერძო სექტორს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში და რამდენად მნიშვნელოვანია მულტისექტორული პარტნიორობა ამ კუთხით? 

ბიზნესს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მდგრადი, ინკლუზიური და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებაში. მას შეუძლია შეამციროს გარემოსდაცვითი ზიანი რესურსების მდგრადი გამოყენებით, განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციით, ნარჩენების ეფექტიანი მართვით და ა.შ.  რაც შეეხება კოლაბორაციასა და კოლექტიურ ქმედებას, გლობალური შეთანხმება ამ პარტნიორობების გასაღრმავებლად იდეალური პლატფორმაა, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზაციების დაკავშირებას საერთო შედეგის მისაღწევად. 

მდგრადი განვითარების კუთხით რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოსთვის/თქვენი საქმიანობისთვის და რა მიმართულებით გესაჭიროებათ მხარდაჭერა?

საქართველოში მდგრადი განვითარების კუთხით არაერთი გამოწვევაა, საჭიროა, პირველ რიგში, ცნობადობის გაზრდა ამ საკითხებზე, მეტი ინფორმაცია სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე, ასევე ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა და რაც შეიძლება მეტი პარტნიორობის ჩამოყალიბება საერთო მიზნის მისაღწევად. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ მომავალში?

მდგრადობის კუთხით, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის, მდგრადი მიდგომები გავითვალისწინეთ ანდერაიტინგის პოლიტიკაში; შევქმენით პოლიტიკა, რომელიც წაახალისებს პასუხისმგებლიან ქცევას, მათ შორის შევიმუშავეთ ელექტრომანქანების დაზღვევის სპეციალური პოლისები, კარგი მძღოლებისათვის სპეციალური შეთავაზებები და ა.შ. გარდა ამისა, 2020 წლიდან დღემდე დავნერგეთ blockchain ტექნოლოგიები მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მაქსიმალურად შევამცირეთ ფიზიკური სივრცეები და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გავხადეთ სრულად ციფრული. ეს დაგვეხმარა მოგვეპოვებინა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის ჯილდო. გარდა ამისა, აქტიური ნაბიჯები გადავდგით ქართული სოციალური საწარმოებისა და სტარტაპების მხარდასაჭერად და ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ მათი გაყიდვების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. 

მომავალში მეტ აქცენტს გავაკეთებთ სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხზე, კვლავ ფოკუსში დარჩება თანამშრომლებისთვის ღირსეული, თანასწორი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და ეკონომიკური ზრდა. გვიხარია, რომ თქვენი პლატფორმა დაგვეხმარება, მეტი კომპეტენციითა და გაცნობიერებით შევამციროთ ზიანი გარემოზე და უკეთესი გავხადოთ მომავალი.

გააზიარე: