ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის ელჩი – ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
როგორ შეიძლება, ღირსეულ სამუშაოს და ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ საქართველოში?
მდგრადი განვითარების მე-8 მიზანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრმა კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა და ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. ეს მძიმე ტვირთად აისახა მოსახლეობაზე, რაც გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალურადაც. სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც ეს ვითარება ნორმალიზებისკენ მიდიოდა, რუსეთის უკრაინაში შეიჭრის გამო სიტუაცია კვლავ გამწვავდა. სიღარიბის, უმუშევრობის და უთანასწორობის ზრდა ასეთი განვითარებების თანმდევი სამწუხარო მოვლენაა და ამის შემდეგ უფრო მეტი მცდელობაა საჭირო, რომ, თუნდაც, ძველ მდგომარეობას დავუბრუნდეთ.
როდესაც ვსაუბრობთ ამ მნიშვნელოვანი მიზნის შესრულებაზე, ყურადღება უნდა მიექცეს ეკონომიკაში ისეთი სექტორების წახალისებას, რომელთაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლიათ.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა განათლება თითქმის ყველა დონეზე. სამწუხაროდ, საქართველოში პროფესიული განათლება საკმაოდ არაჯეროვნად აღიქმება მაშინ, როდესაც ახალგაზრდებში უმუშევრობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების მეტად გაზრდა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს არსებული გეპის აღმოფხვრას და ამ სეგმენტში უმუშევრობაც შემცირდებოდა.
რომელ გამოწვევას გამოყოფდით და რა როლს ასრულებს ფინანსური სექტორი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ გამოწვევასთან ბრძოლაში?
დავიწყებ ფინანსური სექტორიდან, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფინანსური სექტორის საშუალებით ხდება მობილიზებული რესურსების გადანაწილება და თუ რამდენად ეფექტურად არის ეს რესურსები გადანაწილებული, სწორედ ფინანსური სექტორის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული.
ფინანსური სტაბილურობა აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის და მაშინ, როდესაც დგება გამოწვევების პერიოდი, თუნდაც, პანდემია, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ უმკლავდება ეს სექტორი გამოწვევას.
ფინანსურ სექტორს ამ გამოწვევასთან გამკლავება რომ ვერ შეძლებოდა, კიდევ უფრო მეტი კომპანია გავიდოდა ბიზნესიდან და მეტი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს. ამიტომ, ამ მიმართულებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე, რაც დაკავშირებულია მდგრად განვითარებასთან, რისთვისაც მნიშვნელოვანია გვქონდეს მდგრადი დაფინანსების ჩარჩო. მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ცენტრალური ბანკების პოლიტიკაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მდგრადობის საკითხების ჩართვა. სწორედ ამიტომ 2017 წლიდან ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ეს ჩარჩო ფინანსური სექტორის მონაწილეების მიერ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გათვალისწინებას, ESG საკითხებთან დაკავშირებული რისკების მართვასა და ფინანსური ნაკადების მწვანე და მდგრადი პროექტებისკენ მიმართვას გულისხმობს.
2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი დაამტკიცა, რომელიც ძირითად მიმართულებებს და სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს. მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დღესაც აქტიურად აგრძელებს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას.
ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოში არის გენდერული უთანასწორობა, მათ შორის, დასაქმების ადგილას. “საქსტატის” 2021 წლის მონაცემებით, მამაკაცის საშუალო თვიური ანაზღაურება 1537 ლარია, როდესაც ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება 1055 ლარს შეადგენს. მდგრადი განვითარების მერვე მიზანი, ასევე, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და მიღწევას, ქალების ეკონომიკურ განვითარებას გულისხმობს. როგორ შეიძლება, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ საქართველოში და რას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით?
დიახ, ეს გამოწვევა ნამდვილად არსებობს. ეს, ასევე, გლობალური გამოწვევაა და აუცილებელია, რომ გოგონებისა და ქალების როლი ეკონომიკაში უფრო გაიზარდოს. მეცნიერულად, სხვადასხვა კვლევებით, არის დასაბუთებული, რომ ქალების მონაწილეობას ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით, უფრო კარგი შედეგები მოაქვს, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაგვედგა და როგორც ფინანსური სექტორის რეგულატორმა, კომერციულ ბანკებს მოვთხოვეთ, რომ კომერციული ბანკების საბჭოებში, მინიმუმ, 20% ქალები ყოფილიყვნენ და მოხდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ცოტა ხნის წინ ამ მიმართულებით უფრო წინ წავედით და ეს 20%-იანი კვოტა 40%-მდე გაიზარდა. ასე რომ, მნიშვნელოვანწილად, ეს არის ჩვენი კონტრიბუცია, რომ საფინანსო სქტორში გოგონების და ქალების უფრო გაძლიერება მოხდეს.
რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობა მდგრადი ტაქსონომიისა და მდგრადი განვითარების მე-8 მიზნის შესრულებისთვის? შეუძლია თუ არა, მხოლოდ ფინანსურ სექტორს, ამ მიზანს მიაღწიოს ან ვისი მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი ამ პროცესში?
მდგრადი განვითარება საკმაოდ მრავალმხრივია, მასში ბევრი რამ მონაწილეობს. ამიტომ, დროდადრო, როდესაც სხვადასხვა საკითხებს განვიხილავთ, უნდა შეგვეძლოს დანახვა, თუ როგორი იქნება უკუკავშირი სხვადასხვა ღონისძიებებს შორის. თუმცა, ეს შეიძლება, პროგნოზით ვერ დავინახოთ და ამისთვის, უნდა გაკეთდეს ღონისძიებების ანალიზი. სექტორებს შორის უკუკავშირი არსებობს და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთი მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებამ უარყოფითად იმოქმედოს სხვა მიმართულებით. ასეთი უკუკავშირის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს, ბანკებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დონორებს შორის თანამშრომლობას მე-8 მიზნის მისაღწევად?
თქვენ ახსენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები. რატომ არის მნიშვნელოვანი მათთან თანამშრომლობა? რადგან მათ აქვთ გლობალურად ინფორმაცია იმაზე, თუ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, როგორ გახდა შესაძლებელი პრობლემების გადაწყვეტა – უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაცვლა იმის მიხედვით, თუ სად როგორი საჭიროება არსებობს. ხოლო შემდეგ, შეუძლებელია ზომების განხორციელება მოხდეს საჯარო, ან კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის გარეშე. თუ როგორი იქნება უკუკავშირი – ვფიქრობ, ამაში თავად გაერომ უნდა შეასრულოს მაკოორდინირებელი როლი და როგორც მაქვს ინფორმაცია, არსებობს გარკვეული ინდიკატორები, რომელთა მიხედვით, ამის გაზომვა შეიძლება.
რას ურჩევდით კომპანიებს, საფინანსო ინსტიტუტებს, იმისთვის, რომ 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მე-8 მიზანს მივაღწიოთ? რა შეიძლება, ამ კუთხით ბიზნესმა გააკეთოს?
როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, ხშირად ისმის კითხვა, თუ როდის მოგვცემს მდგრადობა შედეგს. ვთქვათ, თუ პროექტი თუ მწვანეა, შეიძლება ის უფრო ძვირი იყოს და გვჭირდება კი ასეთი რამ? ზუსტად აქ არის მნიშვნელოვანი, ავხსნათ, რომ ეს მნიშვნელოვანია. მაგალითად, მწვანე პროექტზე რომ ვსაუბრობთ, შეიძლება, უფრო მეტი თანხა დაიხარჯოს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მაგრამ, სამაგიეროდ, მომავალში ამ შენობის გათბობას და გაგრილებას ნაკლები ენერგია დასჭირდება, ხოლო დამატებითი თანხა, რომელიც აუცილებელია შენობის ენერგოეფექტურობისთვის, აუცილებლად იქნება ამოღებული და შედეგს მოიტანს. როდესაც გათვალისწინებული იქნება გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულებები, ეს ყველაფერი საკუთარ როლს შეასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, საწყის ეტაპზე ან გარკვეულ დონეზე დამატებითი ხარჯის გაწევა გახდეს საჭირო, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს აუცილებლად შედეგიანი იქნება.