ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და ქართული პერსპექტივა

ავტორი: მეგი შუბალიძე, გარემოს დაცვის მენეჯერი
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ჩვენი მომავალი დამოკიდებულია მდგრად და ჯანსაღ გარემოზე, ამიტომაც, ევროკავშირის ქვეყნები მტკიცედ არიან მოწოდებულნი, შეასრულონ პარიზის შეთანხმების შესაბამისი მიზნები და მიაღწიონ კლიმატ ნეიტრალურობას 2050 წლისთვის. ამ ვალდებულების წინა პლანზეა ევროპის მწვანე შეთანხმება (EGD), ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომლის განხორციელებაც ევროკომისიამ 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო. ეს ამბიციური წამოწყება წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გზამკვლევს მწვანე გარდამავალ გზაზე, რაც გულისხმობს სამართლიანი და განვითარებული საზოგადოების ფორმირებას თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ფონზე.

EGD ხელს უწყობს ყოვლისმომცველ და სექტორთაშორის მიდგომას და აღიარებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკის მიმართულებამ ერთობლივად ხელი უნდა შეუწყოს კლიმატთან დაკავშირებულ მთავარ მიზანს. კლიმატის, გარემოს, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და მდგრადი დაფინანსების გათვალისწინებით, პაკეტი ხაზს უსვამს ამ მიმართულებების ურთიერთკავშირს.

EGD-ის წარმატების ქვაკუთხედი მისი სამმხრივი დღის წესრიგია. პირველ რიგში, EGD ისწრაფვის წმინდა ნულოვანი ემისიების უზრუნველყოფისკენ ყველა სექტორში, სათბურის გაზების შემცირების სპეციფიკური სტრატეგიების შეთავაზებით. ძირითადი აქცენტი მიმართულია ენერგეტიკულ სექტორზე, რადგან სწორედ ამ სექტორში წარმოქმნილი სათბურის აირების პროცენტული წილი შეადგენს EU-27-ის საერთო მაჩვენებლის 75%-ზე მეტს. შესაბამისად, მთავარ მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის ენერგეტიკულ სფეროში განახლებადი ენერგიის წილის ზრდა. მეორეს მხრივ, EGD მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის გამიჯვნას რესურსების ექსპლუატაციისგან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ემისიების შემცირების მიუხედავად, გლობალური რესურსების მოხმარების კუთხით ევროპა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ეს ამბიციური მიზანი მოითხოვს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ წინსვლას, არამედ ფუნდამენტურ ცვლილებებს თემებისა და საზოგადოების ცხოვრების წესში. EGD-ის მესამე მიზანია უზრუნველყოს ინკლუზიური, მწვანე ტრანზიცია ყველა დაინტერესებული პირის გათვალისწინებით. აღნიშნულს მხარს უჭერს სამართლიანი ტრანზიციის მექანიზმი (Just Transition Mechanism), რომლის საფუძველზეც, 2021-2027 წლებში გამოიყოფა 65-75 მილიარდ ევრომდე ოდენობის თანხა ტრანზიციის სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების აღმოსაფხვრელად.

მწვანე დღის წესრიგი, EGD-ის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, სტრუქტურირებულია ხუთი ძირითადი მიმართულების გარშემო:
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება/დეკარბონიზაცია, რომელიც მოიცავს კლიმატს, ენერგიას და მობილურობას.
ცირკულარული ეკონომიკა, რომელიც მოიცავს ნარჩენების მართვას, მათ გადამუშავებას, მდგრად წარმოებას და რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას.
ბიომრავალფეროვნება, რომლის მიზანია ბუნებრივი სიმდიდრის დაცვა და აღდგენა.
დაბინძურების აღმოფხვრა, რომელიც მიზნად ისახავს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების პრევენციას.
მდგრადი კვების სისტემები და სოფლად დასახლებები.

გაციფრულება ხელს უწყობს ზემოაღნიშნული მიმართულებების განვითარებას და აძლიერებს როგორც მწვანე, ისე ციფრული ტრანზიციის კონცეფციას. გარდა ამისა, შესაბამისი ქმედებები, მექანიზმები და ფინანსური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს ამ პრინციპების ფარგლებში განსაზღვრული მიზნების შესრულებას.

EGD-ის განხორციელება გულისხმობს 50-ზე მეტი ევროპული კანონის და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის განახლებას რვა სხვადასხვა სფეროში: ბიომრავალფეროვნება, მდგრადი კვების სისტემები, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგია, მდგრადი მრეწველობა, მშენებლობა და რემონტი, მდგრადი ტრანსპორტი, დაბინძურების პრევენცია და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება.

ევროპული კლიმატის კანონი, რომელიც 2020 წლის 4 მარტს იქნა მიღებული, წარმოადგენს მწვანე შეთანხმების მნიშვნელოვან ელემენტს. ის ევროკავშირის 2030 და 2050 წლის კლიმატის მიმართულებით დასახულ მიზნებს კანონებად აქცევს. გარდა ამისა, ევროპული კლიმატის პაქტი უზრუნველყოფს მოქალაქეების და საზოგადოების ჩარულობას კლიმატის შერბილების აქტივობებში, ხოლო 2030 წლის კლიმატის სამიზნე გეგმა, რომელიც ‘Fit for 55’ პაკეტის ნაწილია, მიზნად ისახავს 2030 წლისთვის სათბურის აირების წმინდა ემისიების შემცირებას მინიმუმ 55%-ით, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით.

2021 წლის 14 ივლისს წარდგენილი ‘Fit for 55’ პაკეტში ასახულია პოლიტიკის ძირითადი რეფორმები, მათ შორის ძალისხმევათა გაერთიანების რეგულაცია, ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმი, ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემა, განახლებადი ენერგიის დირექტივა, ენერგოეფექტურობის დირექტივა და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ დირექტივა.

ევროპული მწვანე შეთანხმება შესაბამისობაშია 2020 წელს მიღებულ ახალ ინდუსტრიულ სტრატეგიასთან, რომელიც ფოკუსირებულია ევროკავშირის გლობალურ ლიდერად ქცევაზე ცირკულარულ ეკონომიკასა და სუფთა ტექნოლოგიებში, ამასთან, მიზნად ისახავს იმ ინდუსტრიათა დეკარბონიზაციას, რომლებიც ენერგიას ინტენსიურად მოიხმარენ. გარდა ამისა, ევროპის მწვანე შეთანხმება მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმისა და 2030 წლის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიის კომპონენტებს, ასევე სამშენებლო სექტორის “აღდგენის ტალღას”. ევროკავშირის ნულოვანი დაბინძურების ამბიცია, რომლის მიზანია მოქალაქეთა ჯანდაცვა, ამ შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.

კომპლექსური მიდგომის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებაში თავს იყრის სხვადასხვა აქტივობა, როგორებიცაა ემისიებით ვაჭრობის სისტემის გაფართოება საზღვაო სექტორზე, ავიაკომპანიებისთვის გამოყოფილი გაფრქვევების დაშვებების რაოდენობის შემცირება და შემდგომი რეგულირების სფეროს გაფართოება საგზაო და სამშენებლო სექტორის დაფარვის მიზნით. აქვე, ხაზგასმულია ნახშირბადის ემისიების შეფასება, რათა განისაზღვროს თითოეული ადამიანისა და სექტორის კონტრიბუცია.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესახებ ევროკავშირის სტრატეგია, რომელიც მიღებულ იქნა 2021 წლის თებერვალში, ხაზს უსვამს კლიმატის საკითხების ინტეგრირებას სხვადასხვა სტრატეგიებში და რისკების მართვის პრაქტიკაში. საქართველოსთვის ეს სტრატეგია ქმნის საფუძველს უფრო ძლიერი და მდგრადი მომავლისთვის, რომელიც შესაბამისობაში მოვა ევროპის მწვანე შეთანხმების ფართო ხედვასთან.

ევროპული მწვანე შეთანხმება სცილდება ეროვნულ საზღვრებს და განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის, პროდუქტებისა და სტანდარტების განახლების კლიმატ-ნეიტრალურ მოდელს. ევროკავშირი გეგმავს დამატებით ფინანსური რესურსების გამოყოფას საქართველოს გარემოს დაცვისა და კლიმატის სექტორების განვითარებისთვის. ეს ფინანსური მხარდაჭერა მიზნად ისახავს რეფორმების დაჩქარებას და ინვესტირების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას მდგრად ინფრასტრუქტურაში, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს როგორც გარემოზე ზიანის შემცირებას, ისე საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას.

EGD ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობას, ამასთან, მხარს უჭერს ეკონომიკისა და ვაჭრობის სტანდარტების გაუმჯობესებას ნახშირბადის გაჟონვის რისკის შესამცირებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეკონომიკური ინტეგრაციის ზრდისა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილების გათვალისწინებით, როგორც ევროკავშირში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

ეფუძნება რა „EaP Policy Beyond 2020“-ს, ევროკავშირი იღებს ვალდებულებას პარტნიორი ქვეყნები დააკავშიროს კომპლექსური და მაღალი ეკონომიკური ღირებულების ჯაჭვებთან. ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, შეასრულონ პარიზის შეთანხმების ფარგლებში ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებები, ასევე ხელი შეუწყონ ეკონომიკის ტრანსფორმაციას და კლიმატის ნეიტრალიტეტისკენ სვლას. აქცენტი კეთდება რეგიონის სამართლიან, განვითარებულ საზოგადოებად გარდაქმნაზე, რესურსების ეფექტურ მოპოვებასა და გამოყენებაზე, ცირკულარული და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის განვითარებაზე, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს გარემოს და გახდის მას კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგს.

რეგიონში მაცხოვრებელი საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაუმჯობესდეს ჰაერისა და წყლის ხარისხი, დაინერგოს ნარჩენების ეფექტური მართვის მექანიზმი და მოხდეს ექსტრემალური კლიმატური მოვლენებზე რეაგირების პრაქტიკის გაუმჯობესება, ხაზს უსვამს გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობას. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს, გააღრმავონ ძალისხმევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ამასთან, შექმნან მწვანე სამუშაო ადგილები და დანერგონ ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკა. ევროკავშირი ხაზს უსვამს გარემოსდაცვითი გამოწვევების მასშტაბურობას პარტნიორი ქვეყნების რეალობის გათვალისწინებით და იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს მათ ამ გარდაქმნაში.

ევროპის მწვანე შეთანხმებასთან საქართველოს შესაბამისობის საკითხი გარკვეულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ეროვნული განვითარების სტრატეგიისა და სავალდებულო ძალის მქონე კლიმატის კანონის არარსებობის პირობებში. კლიმატთან დაკავშირებული არსებული კანონები მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც ხაზს უსვამს უფრო კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას. საქართველოს მონაწილეობა Global Methane Pledge-ში და არსებული მეთანის სტრატეგიის გეგმები ეხმიანება ემისიების საკითხის მოგვარების კუთხით აღებულ ვალდებულებას, თუმცა, რჩება ხარვეზები სტრატეგიებში მონიტორინგისა და ადაპტირების მიმართულებით.

ენერგეტიკის სექტორში, საქართველო ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევის პროცესშია, მაგრამ გამოწვევას წარმოადგენს ყოვლისმომცველ სტრატეგიებში არსებული ხარვეზები ენერგეტიკის წყაროების მოდიფიცირების, ბატარეებისა და ოფშორული განახლებადი ენერგიის განვითარების ხედვის და ენერგეტიკის ინტეგრირებული დაგეგმარების სისტემატური მიდგომის მიმართულებით.

საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის მდგრადობის მიღწევისთვის გაღებული ძალისხმევა ვრცელდება ცირკულარულ ეკონომიკაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყლისა და ნიადაგის მართვაზე, ნარჩენების მართვასა და სამრეწველო ემისიებზე. განახლებული სტრატეგიული დოკუმენტების ნაკლებობა, როგორიც არის ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და ხარვეზები კანონმდებლობის აღსრულებაში, მიუთითებს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე. სატყეო, წყლისა და ნიადაგის სანიტარული ნორმების კუთხით არსებული გამოწვევები კი, ხაზს უსვამს უფრო სისტემატური და ყოვლისმომცველი მიდგომის საჭიროებას.

საქართველოს ძალისხმევა, რომ შეიმუშაოს ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგია, კლიმატის კანონი, განაახლოს ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგია და ნარჩენების მართვის კოდექსი, ასევე გააძლიეროს წყლისა და ნიადაგის სანიტარიული ნორმების დაცვა, წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებებს. თუმცა, საჭიროა ლურჯი ეკონომიკის პრინციპების უფრო ძლიერი ინტეგრაცია და წყალბადის განვითარების პოტენციალის ყოვლისმომცველი გამოკვლევა.

სოფლის მეურნეობის სფეროში საქართველოს ეროვნული სტრატეგიები არ მოიცავს კონკრეტულ ხედვას ბიომეურნეობის, აგროეკოლოგიისა და აკვაკულტურის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში ენერგეტიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, საჭიროა ჰოლისტური მიდგომა, რომელიც ფოკუსირებული იქნება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და ალტერნატიულ წყაროებზე გადართვის ხელშეწყობაზე.

საბოლოოდ, ევროკავშირის მწვანე შეთანხმება ერთმნიშვნელოვნად წარმოქმნის საქართველოსთვის პოზიტიური გარდაქმნისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს. კანონმდებლობის, სტრატეგიული დაგეგმვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიმართულებით ხარვეზების აღმოფხვრა, გადამწყვეტია იმისთვის, რომ საქართველომ სრულად ისარგებლოს ევროპული მწვანე შეთანხმების ფარგლებში წარმოდგენილი შესაძლებლობებით, რაც შესაბამისად, ხელს შეუწყობს უფრო მედეგ და მდგრად მომავალს.

https://www.eceee.org/policy-areas/test/
https://www.consilium.europa.eu/en/policies/green-deal/
https://eu4georgia.eu/green-deal/

გააზიარე: